„საქნახშირი“- მე-10 და მე-19 ველების ექსპლუატაციაში გაშვება მნიშვნელოვნად გაზრდის ქვა-ნახშირის მოპოვებას და სამუშაო ადგილებს!

„საქნახშირის“ ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავენ რომ საწარმოს ხელმძღვანელობამ მომდევნო წლის სამთო სამუშაოების განვითარების პროგრამა შეიმუშავა, სადაც დეტალურადაა გაწერილი 2021 წელს განსახორციელებელი სამუშაოები.

„საქნახშირის“ ადმინისტრაციის განცხადებას „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:

„მალე „საქნახშირში“ ექსპლუატაციაში შევა ახალი მომპოვებელი ველები. მათი მზადება და აღჭურვილობის შეძენა უკვე დაწყებულია - ნაწილი შეძენილია და ნაწილის შეძენა კი ეტაპობრივად ხდება. „საქნახშირის“ ადმინისტრაციის განცხადებით, საწარმოს ხელმძღვანელობამ მომდევნო წლის სამთო სამუშაოების განვითარების პროგრამა შეიმუშავა, სადაც დეტალურადაა გაწერილი 2021 წელს განსახორციელებელი სამუშაოები, კონკრეტულად: პროგრამაში მოცემულია გვირაბების ჩამონათვალი, რომელთა გაყვანაც მომავალ წელს უნდა მოხდეს. ასევე მოცემულია ის საექსპლუატაციო ველები, სადაც უნდა მოხდეს ქვა-ნახშირის მოპოვება. ახალი ველების ამუშავება მნიშვნელოვნად გაზრდის ქვა-ნახშირის მოპოვებას, ეს კი ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას“, - აცხადებენ კომპანიაში.

მთავარი ინჟინერის ალექსანდრ ლოვინის განცხადებით, პროგრამით გათვალისწინებულია მე-6 უბნის N 19 ველში გადაყვანა, სადაც თვეში 7500 ტონა ქვა-ნახშირი მოპოვება იგეგმება.

„N 1 ველში, სადაც მე-6 უბანი მუშაობს (+240 და +270 ჰორიზონტზე) ქვა-ნახშირის მარაგები იწურება, მაგრამ მოპოვებითი სამუშაოები ჯერჯერობით ისევ გრძელდება, რადგან დაახლოებით 10 000 ტონამდე ქვა-ნახშირი არის დარჩენილი. პროგრამით გათვალისწინებულია მე-6 უბნის N 19 ველში გადაყვანა, სადაც თვეში 7500 ტონის მოპოვება იგეგმება. წლების განმავლობაში, ძველ უბანში მოპოვებული იყო დაახლოებით 160 605 ტონა ქვა-ნახშირი. ახალი ველი აპრილში გაიხსნება, თებერვალში კი N 10 ველი გაიხსნება, სადაც მოპოვება თვეში 8000 ტონა იქნება. ახალ ველში ამჟამად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს“,-განაცხადა ალექსანდრ ლოვინმა.

დირექტორის მოადგილე წარმოების დარგში ბადრი არაბიძე დასძენს, რომ 2021 წელს ნახშირის მოპოვება განხორციელებული იქნება N8, N17, N19 და N 10 ველებში.

„დაახლოებით 6 თვეა რაც N19 ველი მზადდება, მიმდინარეობს კვერშლაგების გაყვანა, მოხდება შტრეკების და გამკვეთების გაყვანა, რათა ქვა-ნახშირის მოსაპოვებლად მომზადდეს წმენდითი სანგრევი. სხვადასხვა ტექნიკური და ობიექტური მიზეზების გამო, N19 ველის ექსპლუატაციაში გაშვებამ შესაძლოა 2 თვით დაიგვიანოს, ვინაიდან N1 ველში, სადაც VI უბანი მოიპოვებს ქვა-ნახშირს, მარაგები იანვრის თვეში ამოიწურება. ხანმოკლე პერიოდით (დაახლოებით 1 თვით) VI უბანი შეიძლება დარჩეს ნახშირის მოპოვების გარეშე, მაგრამ ამ უბნის პერსონალი მაქსიმალურად იქნება გამოყენებული N 19 ველში მოსამზადებელი სამუშაოების ჩასატარებლად.

რაც შეეხება N10 ველს, ამჟამად იქ აღდგენითი სამუშაოების წარმოება დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს. ჩვენი პროგნოზით, მოპოვებითი სამუშოები აღნიშნულ ველში თებერვლიდან უნდა დაიწყოს, ნახშირმომპოვებელ სამუშაოებს I უბანი განახორციელებს. მე-4 მომპოვებელი უბნის შემატება მოგვცემს საშუალებას, რომ გავზარდოთ ნახშირის მოპოვების მოცულობა. ზემოთ აღნიშნული უბნებიდან 2021 წელს ნახშირის მოპოვებამ უნდა მიაღწიოს 300 000 ტონას. ეს კი ბონუსური სისტემის სრულყოფილად დასანერგად და საწარმოო ფრონტის გაფართოებისათვის მეტ შემოსავლებს გაუჩენს კომპანიას. ახალი უბნის გახსნა კომპანიას საშუალებას აძლევს, რომ დაახლოებით 40 ახალი სპეციალისტი მივიღოთ. მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული, რომ „საქნახშირში“ დავაბრუნოთ გამოცდილი პერსონალი, ვინც 2 წლის წინ, შახტის გაჩერების გამო დატოვა სამსახური.

N 10 და N 19 ველების ექსპლუატაციაში გასაშვებად საჭირო მანქანა-მექანიზმები -კონვეიერები, ჯალამბრები, ვენტილატორები, ხანძარსაწინააღმდეგო და პროფილაქტიკური ლამის მისაწოდებელი მილგაყვანილობები და სხვა უკვე შეძენილია კომპანიის მიერ და უახლოეს პერიოდში ველოდებით. მნიშვნელოვანი ინვესტიცია ჩაიდო საშახტო ტრანსპორტის გამართული მუშაობისთვის: უახლოეს პერიოდში შემოტანილი იქნება ელმავლების სათადარიგო ნაწილები, ელმავლის აკუმულატორული ბატარეები, რელსები სარკინიგზო მეურნეობის მოსაწესრიგებლად და მასთან დაკავშირებული დამხმარე მასალები ( შპალი, გვერდსაფენი, ქვეშსაფენი და ომბოხი შესაბამისი რაოდენობით)“,-აცხადებს ბადრი არაბიძე.

მთავარი ინჟინრის მოადგილე გიორგი ბაბუხადია განმარტავს, რომ ქვა-ნახშირის მარაგების ამოწურვამ საჭირო გახადა ახალი მომპოვებელი ველების გახსნა.

„N 10 და N 19 ველები საშუალებას მოგვცემს უფრო მეტი ნახშირი მოვიპოვოთ. ეს, რა თქმა უნდა, დადებით გავლენას იქონიებს თანამშრომლების ანაზღაურებაზე. გარდა ამისა, საგრძნობლად გაიზრდება სამუშაო ადგილების რაოდენობა. ყველაფერი ერთად უზრუნველყოფს საწარმოს გამართულ მუშაობას, გაძლიერებას და თანამშრომლების კმაყოფილებას“,-აცხადებს გიორგი ბაბუხადია.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა