„საქნახშირის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე - ჩვენ ყველა გამოწვევას გავუმკლავდით!

მას შემდეგ, რაც „საქნახშირში“ ახალი მენეჯმენტი მოვიდა, 1 წელი გავიდა და ამ პერიოდში ბევრი რამ შეიცვალა - გაჩერებული საწარმო ამუშავდა, განახლდა მოპოვებითი სამუშაოები, განსაკუთრებული რესურსი დაიხარჯა უსაფრთხოების მიმართულებით და რაც მთავარია, შეიცვალა ანაზღაურების სისტემა, - ამის შესახებ "საქნახშირის" განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანიიდან აცნობეს, მნიშვნელოვანია ისიც, რომ კომპანიის ადმინისტრაცია ყოველთვის მზად არის მოუსმინოს თითოეულ თანამშრომელს და შეიძლება ითქვას, რომ კავშირი დასაქმებულებსა და დამსაქმებლებს შორის სრულად აღდგა.

მათივე ცნობით, სწორედ მეშახტეების უშუალო ჩართულობით და მათი აზრის გათვალისწინებით განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება.

„საქნახშირის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ მიხაილ სოცკიმ 2020 წელი პოზიტიურად შეაფასა.

“2019 წლის ოქტომბერში, როდესაც „საქნახშირის“ მმართველობა ჩვენმა კომპანიამ ჩაიბარა, ყველა მომპოვებელი უბანი გაჩერებული იყო, საწარმოში მოპოვებითი სამუშაოები არ მიმდინარეობდა თუმცა, თანამშრომლები სრულად იღებდნენ ხელფასს. ეს მდგომარეობა ჩვენს მოსვლამდე 1 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. არ არსებობდა სამუშაო დისციპლინა, რაიმე პერსპექტივა ან გეგმები. არ იყო მუშაობის, მეტი ნახშირის მოპოვების და მეტი ანაზღაურების მიღების სურვილი. ინფრასტრუქტურა დაძველებული, აღჭურვილობის ტექნიკური მდგომარეობა კი სავალალო გახლდათ. ასეთი მემკვიდრეობა გვერგო 2019 წლის ოქტომბერში. ჩვენ 4 თვის განმავლობაში ვიკლევდით შახტების ტექნიკურ მდგომარეობას, საშტატო განაკვეთს და სახელფასო ფონდს. შედგა კრიზისული გეგმა, რომელიც წარვუდგინეთ სახელმწიფოს. ამის შემდეგ შევედით შახტაში და დავიწყეთ ნახშირის მოპოვება.

ჩვენ საწარმოს კრიზისურლი მდგომარეობიდან გამოყვანის კონკრეტული გეგმით მოვედით. შახტის ამუშავებასთან ერთად ჩვენმა სპეციალისტებმა მისი კორექტირება ადგილზე არსებული საჭიროებებიდან გამომდინარე დაიწყეს. 4 თვის განმავლობაში გეგმა მთლიანად დამტკიცდა, განვსაზღვრეთ შახტის განვითარების გზები, აუცილებელი ინვესტიციების განხორციელების თანმიმდევრობა და რაც მთავარია, აუცილებელი მიზნებიდან, ამოცანებიდან გამომდინარე შევქმენით ანაზღაურების ახალი სისტემა და ახალი საშტატო განაკვეთი. თავიდან, ჩვენს თანამშრომლებს არ უნდოდათ აღნიშნული ცვლილებების განხორციელება, იყო გაფიცვებიც, თუმცა ეს რთული პერიოდი გავიარეთ. მეშახტეებმა შეძლეს კონცენტრირება და გააზრება, რომ ამ რთულ ეკონომიკურ პირობებში საჭიროა მუშაობა, საკუთარი ძალების მობილიზება, ოჯახებზე და ახლობლებზე ზრუნვა. ისინი მთელი ძალით შეუდგნენ მუშაობას. ზაფხულში 20 სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მეშახტეები აქტიურად იყვნენ ჩართულები. განვიხილეთ საშტატო განაკვეთისა და ანაზღაურების ახალი სისტემის ინვესტიციის საკითხები, ერთად შევიტანეთ კორექტივები. შედეგად, შახტების განვითარების საერთო გეგმა დამტკიცდა და დაიწყო მისი რეალიზება. ანაზღაურების ახალ სისტემაზე გადასვლის შედეგად გაიზარდა მეშახტეების ხელფასები, შეიცვალა საშტატო განაკვეთი. ახლა კადრების დეფიციტის პრობლემის წინაშე ვდგავართ და ვმუშაობთ მათ შევსებაზე. 2021 წლის გაზაფხულისთვის ამ დეფიციტს აუცილებლად შევავსებთ.

მინდა ხაზი გავუსვა, რომ დიდ ყურადღებას ვამახვილებთ სოციალურ საკითხებზე. აღვნიშნავთ დღესასწაულებს, ვატარებთ სპორტულ-გასართობ ღონისძიებებს (ვირუსის გამო დროებით შევაჩერეთ ღონისძიებები). რეგულარულად გამოდის კორპორატიული გაზეთი, რაც ძალიან კარგი საშუალებაა შახტაში არსებული პრობლემებისა თუ სიახლეების, ასევე ქალაქში მიმდინარე პროცესების განსახილველად", - განაცხადა მიხაილ სოცკიმ.

კომპანიის ცნობით, "საქნახშირი“ დიდ ყურადღებას უთმობს შრომის უსაფრთხოებას.

ადმინისტრაციის წარმომადგენლების განცხადებით, ამ მიმართულებით დიდი ძალისხმევა იხარჯება.

მათივე ინფორმაციით, სამუშაო ადგილზე დაუშვებელია ნებისმიერი მცირე დარღვევაც კი, უსაფრთხოების ზომები ყველა თანამშრომლის მიერ 1000 %-ით უნდა იყოს დაცული და კომპანიის ხელმძღვანელობა ამას განსაკუთრებულად აკონტროლებს.

“თავიდანვე, გერმანელ სპეციალისტებთან ერთად შევისწავლეთ არსებული სიტუაცია, ჩვენს მოსვლამდე მომხდარი უბედური შემთხვევები, გამოვავლინეთ სუსტი ადგილები, რომლებიც გაორმაგებულ ყურადღებას ან კარდინალურ ცვლილებებს საჭიროებდა. ამ ღონისძიებების შედეგად შევცვალეთ შრომის უსაფრთხოების მაკონტროლებლების შტატი. შრომის უსაფრთხოების ტექნიკის მიმართლებით განსაკუთრებული გადამზადება გაიარეს როგორც მაკონტროლებლებმა, ისე შახტის მთელმა პერსონალმა. ინსტრუქტაჟის გავლის შემდეგ ჩააბარეს გამოცდები. ასევე, გავამკაცრეთ კონტროლი ფეთქით სამუშაოების ჩატარებაზე. შემუშავდა შრომის ანაზღაურების ახალი სისტემა, რომლის საშუალებითაც ხდება ქვა-ნახშირის მოპოვების გაზრდის სტიმულირება. საწარმოს მუშაობაზე ამან ყველანაირი თვალსაზრისით არსებითი გავლენა იქონია. ეს სისტემა დიფერენცირებულად ესადაგება ყველა პროფესიას. მისი საშუალებით მეშახტეების ანაზღაურება 20-35%-ით გაიზარდა. ასევე, მოხდა აღჭურვილობის მოდერნიზაცია, ახალი აღჭურვილობის შემოტანა, გაკეთდა კაპიტალური რემონტი. ჩვენმა სპეციალისტებმა მოპოვების ახალი სტანდარტი შეიმუშავეს. ორმაგი ძალებით შევუდექით მოპოვების გაძლიერებას და ველოდებით დადებით შედეგებს მოპოვების რაოდენობისა და შრომის უსაფრთხოების მიმართულებით.

გასული წელი ჩვენთვის დიდი გამოწვევების წელი იყო - ახალ საწარმოში მოვედით, არაერთი პრობლემა და გაურკვევლობა დაგვხვდა, ბევრი საკითხი იყო გადასაწყვეტი. გარდა ამისა, მსოფლიოს მსგავსად, ისეთ პრობლემას შევეჯახეთ, როგორიც არის პანდემია. ორკვირიანი გაჩერების შემდეგ კვლავ ავმუშავდით. ამ პერიოდში თანამშრომლები სრულად იღებდნენ ანაზღაურებას. პერმანენტულად საწარმოში ტარდება კოვიდ ტესტები და მიმდინარეობს თანამშრომლების ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი. შეიძლება ითქვას, რომ ამ პრობლემას გავუმკლავდით, თუმცა მიუხედავად ამისა, განვითარებულმა მოვლენებმა გარკვეული გავლენა იქონია ჩვენი გეგმების განხორციელებაზე. ამ ბარიერების და რთული გამოწვევების მიუხედავად, საერთო ჯამში, წელმა პოზიტიურად ჩაიარა. ფაქტობრივად ყველა გეგმა და დავალება განვახორციელეთ, რომელიც „საქნახშირში“ მოსვლისას დავსახეთ. გარდა ამისა, პატარ-პატარა ნაბიჯებით მივიწევთ წინ და აღვადგინეთ კონტაქტი ადმინისტრაციასა და შახტის კოლექტივს შორის. ამან დადებითი გავლენა იქონია მოპოვებაზეც და წლის დასაწყისთან შედარებით ნახშირის მოპოვება ორჯერ გაიზარდა. პროდუქციის ხარისხი, რომელსაც ჩვენი გამამდიდრებელი ფაბრიკა გამოიმუშავებს, გადავიდა ახალ საფეხურზე. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, პირველ რიგში, ჩვენი მთავარი გეგმა არის ის, რომ დავასრულოთ სრული მოდერნიზაციის პროცესი, ბოლომდე მივიყვანოთ ტექნიკური პარკის კაპიტალური სარემონტო სამუშაოები (საშახტო ტრანსპორტის, ამწე მექანიზმების, მომპოვებელი ველების ჩათვლით). ასევე, გვინდა ავამუშაოთ პირველი უბანი, გავიყვანოთ ახალი ველები, განვაახლოთ საველე გვირაბების გაყვანითი სამუშაოები. ახალი წლიდან კი, ჩვენ მიერ გატარებული ღონისძიებების მიზანი მშვიდ მუშაობასა და 30 000 ტონის გარანტირებულ მოპოვებაზე გადასვლაა. ნებისმიერ საქმეში სტაბილურობა ყველაზე მნიშვნელოვანია. იმისათვის რომ შახტა განვითარდეს, ჩვენი ყველა გეგმა და ინვესტიცია წარმატებით განხორციელდეს, პირველ რიგში საჭიროა, რომ ქვეყანაში სტაბილური პოლიტიკურ-ეკონომიკური მდგომარეობა იყოს და რა თქმა უნდა, დასრულდეს პანდემია", - განაცხადა სოცკიმ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს