ქუთაისის მერიამ საახალწლო ნობათების დარიგება დაიწყო

ქუთაისის მერიამ საახალწლო ნობათების დარიგება დაიწყო

ქუთაისის მერიამ ტრადიციული საახალწლო ნობათების დარიგება დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ქუთაისის მერიის პრესსამსახურიდან აცნობეს, ახალი წლის დამდეგს სასურსათო ამანათს მიიღებს 2370 სოციალურად დაუცველი მოქალაქე, რომელთა სარეიტინგო ქულა 65000-ზე ქვემოთაა. მათივე ინფორმაციით, საჩუქარს მიიღებენ ის ოჯახებიც, რომელთა ქულები 65000-დან 100000-მდეა და ჰყავთ 16 წლამდე შვილები.

ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა საახალწლო ნობათი რამდენიმე ოჯახში მიიტანა და მათ დამდეგი დღესასწაულები მიულოცა.

„საახალწლო ნობათების დარიგება დავიწყეთ. 3000- მდე ჩვენი თანამოქალაქე, რომლებიც სოციალურად დაუცველთა ბაზაში არიან დარეგისტრირებულები, ამ დღეებში მიიღებენ ამანათებს. ამასთანავე, ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფებს გადავცეთ საახალწლო ნობათები. გვინდა, რაც შეიძლება ბევრ ადამიანს დავეხმაროთ“, - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

საახალწლო ნობათების დარიგება რამდენიმე დღის მანძილზე გაგრძელდება.