2020 წლის შედეგები და 2021 წლის პერსპექტივები

2020 წლის საშინაო და საგარეო პოლიტიკის შედეგებსა და 2021 წლის პერსპექტივებზე „ინტერპრესნიუსი“ პრეზიდენტის ყოფილ მრჩეველს საერთაშორისო საკითხებში, ჯიპა-ს ასოცირებულ პროფესორ, თენგიზ ფხალაძეს, პოლიტოლოგ ვაჟა ბერიძეს და ფილოსოფოს ზაზა ფირალიშვილს ესაუბრა.

როგორ შეაფასებდით 2020 წლის არჩევნების შემდეგ ქვეყანაში შექმნილ ვითარებას, რომლის უმთავრესი მახასიათებელი ერთპარტიული პარლამენტი და მრავალპარტიული ოპოზიციაა, რომელიც პარლამენტში შესვლას არ აპირებს?

თენგიზ ფხალაძე - არჩევნების შემდეგ ერთმნიშვნელოვნად საქმე გვაქვს პოლიტიკურ კრიზისთან, რომელსაც გაღრმავების ტენდენცია უფრო აქვს, ვიდრე სწრაფად მოგვარების

ვაჟა ბერიძე - ნუ მოვახდენთ ვითარების დრამატიზებას, ერთპარტიული პარლამენტი ოპიზიციისა და მისი მოკავშირე მედიის აღქმაა და არა უდაო ფაქტი

ზაზა ფირალიშვილი - საპარლამენტო არჩევნების შემედეგ ქვეყანაში საკმაოდ რთული სიტუაციაა. აშკარაა, რომ ამ ეტაპზე ოპოზიციისა და ხელისუფლების მოლაპარაკებები ჩიხშია შესული

თენგიზ ფხალაძის აზრით, „არჩევნების შემდეგ ერთმნიშვნელოვნად საქმე გვაქვს პოლიტიკურ კრიზისთან, რომელსაც გაღრმავების ტენდენცია უფრო აქვს, ვიდრე სწრაფად მოგვარების.“

მისივე თქმით, პოლარიზაცია აშკარაა, რადგან ხელისუფლება არჩევნების შედეგების გადახედვას არ აპირებს და არ განიხილავს ვადამდელი არჩევნების შესაძლებლობას, ხოლო ოპოზიცია არ აღიარებს არჩევნების შედეგებს და ხელახალი არჩევნების გარეშე პარლამენტში შესვლას არ აპირებს. შედეგად ისევ ორპოლუსიანი, ანტაგონისტური პარადიგმა გვაქვს, რომელსაც ჩიხამდე მივყავართ.

„დღეს მხარეები მათ მიერვე შექმნილი პოლიტიკური კონიუქტურის მძევლები არიან და ამ ვითარებიდან გამოსვლის რესურსი არ გააჩნიათ.“ - აცხადებს თენგიზ ფხალაძე.

მისივე აზრით, მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს ის, რომ ქართულ პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ სპექტრში არ აღმოჩნდა ინსტიტუტი, რომელიც ამ ვითარებაში მედიატორობას და ვითარების განმუხტვას შეძლებდა, რის გამოც დავრჩით ისევ უცხოელი პარტნიორების იმედად.

ვაჟა ბერიძე გვირჩევს ნუ მოვახდენთ ვითარების დრამატიზებას, რადგან, რეალობა, რომელიც ჩვენ არჩევნების შემდეგ მივიღეთ, არახალია. იგი, მისივე თქმით, სხვა ასპექტში იმეორებს ჩვენი ოკეანისგაღმელი პარტნიორების შეფასებას რომ „ეს კინო უკვე ნანახი გვაქვს და არაერთხელ.“

„ერთპარტიული პარლამენტი ოპიზიციისა და მისი მოკავშირე მედიის აღქმაა და არა უდაო ფაქტი. არჩევნების შედეგად პარლამენტში ცხრა პოლიტიკური პარტია და გაერთიანება შევიდა. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, გაყალბდა თუ არა ეს არჩევნები და რა დოზით, ჩვენ მრავალპარტიული პარლამენტი მივიღეთ. უარი მანდატებზე და სიების ჩახსნა, ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, ოპოზიციის ნაბიჯია, რომელიც რეალობის არასწორი აღქმის საფუძველი ხდება.“ - აღნიშნავს ვაჟა ბერიძე.

მისივე თქმით, მმართველობის საპარლამენტო მოდელის ამრჩევი ქვეყანა და მისი პოლიტიკური სპექტრი რომ საპარლამენტო ტრიბუნაზე უარს ამბობს, ეს ისეთი ფანტასმაგორიაა, რომლის გაგება ევროპაშიც უჭირთ და ამერიკაშიც.

„ოპოზიციაში, როგორც მიღებული ხმების რაოდენობით, ისე საერთო ოპოზიციური პლატფორმის თვალსაზრისით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დომინირებს და იქ „ლელოსა“ და კიდევ რამდენიმე თავისთავადი პოლიტიკური ძალის არსებობის მიუხედავად, ეს მრავალპარტიული ოპოზიცია, ფაქტობრივად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა“.- დასძენს ვაჟა ბერიძე.

ზაზა ფირალიშვილი მიიჩნევს, რომ „საპარლამენტო არჩევნების შემედეგ ქვეყანაში საკმაოდ რთული სიტუაციაა. აშკარაა, რომ ამ ეტაპზე ოპოზიციისა და ხელისუფლების მოლაპარაკებები ჩიხშია შესული.“ ამ ბატალიებმა უკანა პლანზე გადაიტანა ისეთი უმნიშვნელოვანესი რეგიონალური მოვლენა, როგორიცაა ყარაბახის მეორე ომი და მისი შედეგები. ორასწლიანი რუსული დომინაციის შემდეგ თურქები კვლავ აღმოჩნდნენ ჩვენს რეგიონში, რაც საგრძნობლად საეჭვოს ხდის რუსების წარმატებას.

„ჯერ კიდევ უნდა ველოდეთ ყარაბაღში განვითარებული მოვლენების გამოძახილს ჩრდილო კავკასიაში. რუსული მასმედია უკვე აღნიშნავს თურქების ეკონომიკური გააქტიურების ნიშნებს ამ რეგიონში. ამ სიტუაციაში ჩვენი თანამშრომლობა ევროატლანტიკურ სივრცესთან განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.“ - აღნიშნავს ზაზა ფირალიშვილი.

მისივე თქმით, ოპოზიციი პასუხისმგებლიან ნაწილს ბეწვის ხიდზე უწევს გავლა, რადგან სწორედ დღეს წყდება, თუ როგორ დალაგდება სამხრეთ კავკასიის გეოპოლიტიკური რუქა და დასავლეთის წარმომადგენელთა მოწოდებები, არჩევნების გაყალბებით უკმაყოფილო ოპოზიცია პარლამენტში შესულიყო, სწორედ ამასთან იყო დაკავშირებული.

იგი დარწმუნებულია, რომ სამწუხაროდ, ოპოზიციის რიტორიკაში რადიკალურმა განწყობებმა იძალა. არ არის გამორიცხული, ოპოზიციის ბევრ წარმომადგენელს იმდენად არაადექვატური წარმოდგენა ჰქონდა თავის საარჩევნო პერსპექტივაზე, რომ მიღებული შედეგი დიდი ტყუილი ან ცუდი სიზმარი ჰგონია.

„არც წინასაარჩევნო გამოკითხვები და არც ეგზიტპოლები არ მეტყველებენ იმაზე, რომ სამართლიანი არჩევნების შემთხვევაში რადიკალურად განსხვავებულ სურათს მივიღებდით.“ - აღნიშნავს ზაზა ფირალიშვილი, ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ საარჩევნო დარღვევებს შევეგუოთ, მაგრამ ერთობლივი კომისიის შექმნა და დამნაშავეთა დასჯა ნამდვილად შექმნიდა წინაპირობას, რათა ჩვენი საარჩევნო სისტემა მეთოდურად და თანამიმდევრულად დახვეწილიყო და არც რეგიონალური პროცესებიდან ამოვარდნილიყავით.

ოპოზიის ნაწილს აშკარად ატყუებს ივანიშვილის გარეგნული უბრალოება და რიტორიკის ხალხურობა. ის გაცილებით უფრო სერიოზული მოთამაშეა, ვიდრე ეს სურთ წარმოიდგინონ.“ - დასძენს ზაზა ფირალიშვილი, რომლის თქმითაც ოპოზიციამ მიიჩნია, რომ ერთი „კარგი მიწოლა“ საკმარისი იქნება ივანიშვილის თავიდან მოსაშორებლად. ივანიშვილიც ხანგამოშვებით უქმნის უმწეობის შთაბეჭდილებას და კიდევ და კიდევ აშვებინებს შეცდომებს. არადა, ყველაზე ცუდი ხდება მაშინ, როდესაც არ აფასებ პოლიტიკურ მეტოქეს.

„შედეგად კი ის მივიღეთ, რომ დასავლელი პარტნიორებისათვის ხელისუფლების პოზიცია უფრო გასაგებია, ვიდრე ოპოზიციისა. არც ისაა გამორიცხული, რომ ვიღაცეებს იმედი გაუჩნდათ, საქართველოში ბელორუსის არჩევნების შემდგომ სცენარი განმეორდებოდა. არაფერი ასეთი ბრძოლისათვის ჩვენი საზოგადოების მზაობაზე არ მიუთითებდა.“ - აცხადებს ზაზა ფირალიშვილი, რომელიც თან დასძენს, რომ საქართველოში მოვლენების ბელორუსული სცენარით განვითარების ალბათობა ნაკლებადსავარაუდოა.

იგი ეჭვს გამოთქვამს, რომ „ნაცმოძრაობაში“ ესმით, რომ საპარლამენტო არჩევნების გზით მათ ხელისუფლებაში დაბრუნება კიდევ დიდხანს გაუჭირდებათ. ხოლო „ოცნების“ ლიდერები, ცხადია, დაინტერესებულები არიან, რომ „ნაციონალებმა“ პოლიტიკური ცხოვრების ის კვაზირევოლუციური რეჟიმი შეინარჩუნონ, მოსახლეობაში პოპულარული რომ არ არის - განსაკუთრებით, პანდემიის მეორე ტალღის პირობებში.

„ლელოს,“ „სტრატეგია აღმაშენებელს“ და ორიოდე სხვა ჯგუფს თუ სუბიექტს ნამდვილად აქვთ იმის პოტენცია, რომ განსხვავებული პოლიტიკური დისკურსი შეექმნათ. სამწუხაროდ, გამოცდილება არ ეყოთ, თავადაც კვაზირევოლუციური დაპირისპირების ტალღაში აღმოჩნდნენ. თუმცა, ოდნავ დაგვიანებული რამდენიმე განხადება მოვისმინეთ პროცესების რევოლუციური გზით განვითარების დაუშვებლობის შესახებ.“ - დასძენს ზაზა ფირალიშვილი.

რა პრობლემების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს ხელისუფლება და ქვეყანა იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია პარლამენტში არ შევა და იგი იმ გარე თუ შიგა გამოწვევების წინაშე, რომელიც ქვეყნის წინაშე არსებობს, ოპონენტების გარეშე მარტო აღმოჩნდება?

თენგიზ ფხალაძე - მმართველი გუნდი დღეს ვერ გრძნობს, რომ თუკი ერთპატიული პარლამენტი საბოლოოდ გაფორმდა, ეს ტვირთი „ქართულ ოცნებას“ და ქვეყანას ძალზე ძვირად დაუჯდება

ვაჟა ბერიძე - ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რა რეაქცია ექნება ჩვენში ერთპარტიულ პარლამენტზე შტატებს და ევროკავშირს, მიმაჩნია, რომ ვადამდელი არჩევნების ჩატარება არის გარდაუვალი და იქნება გამოსავალიც

ზაზა ფირალიშვილი - ის გარემოება, რომ ოპოზიციას დღეს არ ჰქონდა საზოგადოებრივი მხარდაჭერა, სრულიადაც არ ნიშნავს, რომ ასეთი მხარდაჭერა არ ექნება ხვალ

თენგიზ ფხალაძის აზრით, - „მმართველი გუნდი დღეს ვერ გრძნობს, რომ თუკი ერთპატიული პარლამენტი საბოლოოდ გაფორმდა, ეს ტვირთი „ქართულ ოცნებას“ და ქვეყანას ძალზე ძვირად დაუჯდება. საპარლამენტო რესპუბლიკაში ერთპარტიული პარლამენტი ისეთივე ნონსენსია, როგორც ერთი გუნდის მიერ ჩატარებული ჩემპიონატი.“

მისივე თქმით, ერთპარტიული პარლამენტი დიდი პრობლემაა როგორც შიდაპოლიტიკაში, ისე საგარეო პოლიტიკისთვის. ჩვენ ახლა გვჭირდება კვლავაც მოვიწონოთ თავი ლიდერობით აღმოსავლეთ პარტნიორობაში ან ნატოს ასპირანტ სახელმწიფოებში და „მეტი მეტისათვის“ მოვითხოვოთ. პარლამენტის ერთპარტიულობის პირობებში საქართველოსადმი სკეპტიკურად განწყობილი ოპონენტებს ჩვენს მიმართ დამატებითი კითხვები გაუჩნდებათ.

„ხელისუფლებაში ყოფნა პრივილეგიასთან ერთად უდიდესი პასუხისმგებლობაა და ეს პასუხისმგებლობა რამდენადმე იზრდება, თუკი მის გაზიარებას სხვასთან ვერ ახერხებ.“ - აღნიშნავს თენგიზ ფხალაძე, რომლის აზრითაც ერთპარტიული პარლამენტი ნიშნავს პოლიტიკური პროცესის ქუჩაში გადატანას, რადგან ხელისუფლების ოპონენტებს სხვა სივრცე აღარ რჩებათ. ეს კი მხოლოდ გაზრდის პოლარიზაციას და აზიანებს ეროვნულ ინტერესებს, ეროვნულ უსაფრთხოებას, რადგან ეროვნულ ინტერესების განხორციელება საჭიროებს ეროვნულ თანხმობას.

ვაჟა ბერიძე დარწმუნებულია, რომ ერთპარტიული პარლამენტი პოლიტიკურ პროცესზე რაიმე არსებით და განსაკუთრებულ ზეგავლენას ვერ მოახდენს. იგი მთლიანად ოპოზიციური გაერთიანების მიერ შექმნილი პროდუქტია, ის მიზანსცენაა, რომელსაც ძირითადად საგარეო მოხმარების ფუნქცია აქვს.

„ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რა რეაქცია ექნება ჩვენში ერთპარტიულ პარლამენტზე შტატებს და ევროკავშირს. აქამდე, ისინი ძირითადად გაგებით ეკიდებიან შექმნილ ვითარებას და ოპოზიციას მოუწოდებენ გადახედონ თავიანთ გადაწყვეტილებას.“ - აღნიშნავს ვაჟა ბერიძე, რომლის აზრითაც საბოლოო ჯამში, „გორდიას კვანძი“ უნდა გაიხსნას. ასეთი ვითარება ქვეყნისთვის, როგორც საერთაშორისო არენაზე, ისე ქვეყნის შიგნით მიუღებელი და დამაზიანებელია.

„მე როგორც ამ ქვეყნის ერთ მოქალაქეს და ანალიტიკოსს მიმაჩნია, რომ ვადამდელი არჩევნების ჩატარება არის გარდაუვალი და იქნება გამოსავალიც. ოღონდ ეს არჩევნები უეჭველად უნდა ჩატარდეს არაუადრეს 2022 წლის შემოდგომისა.“ - დასძენს ვაჟა ბერიძე, რომლის აზრითაც, ამას წინ უნდა უძღოდეს სათანადო ცვლილებები საარჩევნო კოდექსში და ცესკოს ხელახალი დაკომპლექტება. ამ ყველაფერს, ბუნებრივია, დრო უნდა, დაახლოებით ორი წელი. ამის მიღწევა და რეალიზება, თუ ამ იდეის, ხელისუფლებაც დათანხმდება და ოპოზიციაც, რა თქმა უნდა, ოპოზიციის ქუჩაში ყოფნით უფრო ძნელი მისაღწევი იქნება.

ზაზა ფირალიშვილი თვლის, რომ ხელისუფლებისათვის შექმნილი ვითარება მხოლოდ იმ შემთხვევაშია ხელსაყრელი, თუ თავის საგარეო პარტნიორებად მხოლოდ რუსეთი ან ირანი ეგულება.

„ჩვენ ყოველდღიურად ვუსმენთ და ვუცქერთ ხელისუფლების ორიოდე წარმომადგენელს, ვისაც ოპოზიციის სრული განადგურება პოლიტიკური წარმატება ჰგონია. უმწეო ოპოზიციასთან ერთად სწორედ ასეთები უდებენ საფუძველს კოლექტიური ლუკაშენკოს ქართული ვარიანტს.“ - აღნიშნავს ზაზა ფირალიშვილი, რომელიც იმედს გამოთქვამს, რომ ხელისუფლებაში მოიძებნებიან ადამიანები, ვისაც კარგად ესმის, სახელმწიფოებრივადაც და საერთაშორისო ურთიერთობების თვალსაზრისითაც როგორი საშიშია საპარლამენტო ოპოზიციის არარსებობა და რომ აქედან ორი გზაა - ან უნდა დათანხმდნენ პოლიტიკურ დიალოგს იმათთან, ვისთანაც ეს შესაძლებელია და ჩიხიდან გამოსავლის პოვნაზე იზრუნონ, ან შეეგუონ იმ აზრს, რომ რეალურ საერთაშორისო პარტნიორებად მხოლოდ რუსეთი და ირანი ეყოლებათ და რომ არც მათი საშინაო მდგომარეობა იქნება მყარი.

„ერთპარტიული პარლამენტი იმას ნიშნავს, რომ „ოცნებას“ ტოტალური პასუხისმგებლობა დაეკისრება ყველაფრის გამო, რაც ხდება ან მოხდება და ისეთივე უარყოფით პოლიტიკურ სიმბოლოდ შეიძლება იქცეს, როგორადაც თავის დროზე „მოქალაქეთა კავშირი,“ შემდგომში კი „ნაცმოძრაობა იქცა.“ - დასძენს ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი, რომლის აზრითაც, ასე ხდება როდესაც ზომიერების გრძნობა გღალატობს და აზარტით ეუფლები ძალაუფლების ყველა ბერკეტს, ისიც უნდა იცოდე, რომ ერთ დღესაც ამის გამო პასუხის გაცემა მოგიწევს.

„ის გარემოება, რომ ოპოზიციას დღეს არ ჰქონდა საზოგადოებრივი მხარდაჭერა, სრულიადაც არ ნიშნავს, რომ ასეთი მხარდაჭერა არ ექნება ხვალ, როდესაც „ქართული ოცნება“ მარტო აღმოჩნდება პარლამენტში და საპარლამენტო ბატალიები ვეღარ განმუხტავს მოსახლეობაში არსებულ საპროტესტო განწყობებს. ამ სიტუაციაში მას სრულიად განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება.“ - აცხადებს ზაზა ფირალიშვილი.

რა პრობლემების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს ქუჩაში დარჩენილი ოპოზიცია ვითარებაში, როცა მათ ბოიკოტს დასავლეთი მხარს არ უჭერს?

თენგიზ ფხალაძე - „ქუჩაში დარჩენილ“ ოპოზიციას მოუწევს ზრუნვა იმ განსხვავებულ დღის წესრიგსა და შეთავაზებაზე, რომელიც გაანეიტრალებს დასავლეთს და ოპოზიციას საზოგადოების მეტ მხარდაჭერას მოუტანს

ვაჟა ბერიძე - სადღეისოდ დასავლეთი ბოიკოტს მხარს არ უჭერს, რადგან კარგად აცნობიერებს დესტაბილიზაციის საფრთხეს

ზაზა ფირალიშვილი - „თუ უახლოეს ხანებში ოპოზიციაში მნიშვნელოვანი ძვრები არ მოხდა, უახლოესი წლების განმავლობაში შეიძლება რეალური ოპოზიციის გარეშე აღმოვჩნდეთ

თენგიზ ფხალაძის აზრით, „დასავლეთი რომ ბოიკოტს მხარს არ დაუჭერდა, ეს ოპოზიციისთვის სიურპრიზი არ უნდა ყოფილიყო. ჩვენი პარტნიორებს სურთ საქართველო იმ სახელმწიფოდ იხილონ, რომელმაც „ქუჩის პოლიტიკის“ ეტაპი გაიარა და ფუნქციურ დემოკრატიად გარდაიქმნა.“

მისივე თქმით, ამ სურვილის ხორცშესხმისათვის დასავლეთმა საკმაოდ დიდი რესურსი გაიღო და შესაბამის შედეგსაც ელოდება. სამწუხაროა, რომ არსებული რეალობა განსხვავებულია და ჩვენ ისევ განვლილ წრეზე გვიწევს ტრიალი.

თენგიზ ფხალაძის აზრით, - „ოპოზიციას, მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშეა. არსებული ვითარება მხოლოდ პოლარიზაციას და რადიკალიზაციას ემსახურება. მთელი ოპოზიცია რჩება საპარლამენტო ტრიბუნის გარეშე და ოპოზიციურ ძალებს ერთადერთ სამოქმედო არეალად არასაპარლამენტო ფორმატი, ანუ ქუჩა რჩებათ. ეს კი მართლაც ძალიან საშიშია.“

მისივე დაკვირვებით, ოპოზიციას შორის რომ გარკვეული რყევებია, ფაქტია და მათ შორის აზრთა სხვადასხვაობა მომავალში კიდევ გაიზრდება. „ოპოზიციის დღევანდელი ერთიანობა „ქართული ოცნების“ დამსახურება უფროა, ვიდრე ოპოზიციური პარტიების ღირებულებითი ერთობის.“

თენგიზ ფხალაძის შეფასებით, ოპოზიციისთვის ახლა მთავარი კითხვაა - რამდენად მზადაა ოპოზიცია გრძელვადიანი ბრძოლისათვის? რადგან, დღევანდელი კრიზისის სწრაფი განმუხტვა ნაკლებად სავარაუდოა.

მისივე თქმით, ისიც გასათვალისწინებელია, რომ საზოგადოების უმრავლესობას არ სურს რევოლუციური სცენარი. ამასაც მრავალი მიზეზი აქვს, მაგრამ მთავარი მაინც ორია - დესტაბილიზაციის შიში და უნდობლობა თავად ოპოზიციური ლიდერებისადმი.

„ქუჩაში დარჩენილ“ ოპოზიციას მოუწევს ზრუნვა იმ განსხვავებულ დღის წესრიგსა და შეთავაზებაზე, რომელიც ამ ფაქტორებს გაანეიტრალებს და ოპოზიციას საზოგადოების მეტ მხარდაჭერას მოუტანს. - დასძენს ვაჟა ბერიძე, რომლის აზრითაც, ეს ადვილი ამოცანა ნამდვილად არ გახლავთ და მისი განხორციელება ყველა პოლიტიკურმა გაერთიანებამ შეიძლება ვერც მოახერხოს.

„დღეს, ქართულ პოლიტიკაში აშკარად შეიმჩნევა ელიტის კრიზისი, რომელსაც არსებული ბიპოლარული პარადიგმა კიდევ უფრო გააღრმავებს. ოპოზიციას წინ გადაჯგუფებისა და კრისტალიზაციის მეტად რთული პერიოდი ელოდება, რომლის შედეგადაც შესაძლოა ზოგიერთი პარტია საერთოდ გაქრეს, ან ახალ გაერთიანებაში აღმოჩნდეს.“ - დასძენს თენგიზ ფხალაძე, რომლის თქმითაც თუკი ოპოზიციაში კრისტალიზაციის შედეგად მხოლოდ დღეს არსებული ორი პოლუსი დარჩა, პოლიტკური დაპირისპირება უფრო საშიშ ფორმას მიიღებს, მაგრამ თუკი პროცესი ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნით დასრულდება, ეს შეარბილებს პოლარიზაციას და საუკეთესო შედეგი იქნება მრავალპარტიული დემოკრატიის სამომავლო ფუნქციონირებისათვის.

ვაჟა ბერიძის აზრით, - „სადღეისოდ დასავლეთი ბოიკოტს მხარს არ უჭერს, რადგან კარგად აცნობიერებს დესტაბილიზაციის საფრთხეს.“ მისივე თქმით, თვით მედასავლეთეების შემწე დევით კრამერიც კი ცალსახად მიუთითებს, რომ ამ აურზაურით მოსკოვი იხეირებს. თუმცა,“ოპოზიციას მაინც იმედი აქვს, რომ თუ იგი შეძლებს მასშტაბური საპროტესტო ტალღის აგორებას და გაამწვავებს სიტუაციას, დასავლეთი როგორც „უაღრესად პროდასავლურებს“ მხარს მათ დაუჭერს.“

ვაჟა ბერიძე წუხილს გამოთქვამს იმის გამო, რომ მას არ უნდა „პოლიტიკური პროცესი ჩიხში შევიდეს და იქ ისე გაიხიროს, რომ გამოსავალი მხოლოდ მართლა რევოლუცია, გადატრიალება და ნგრევა არ აღმოჩნდეს. აგრეთვე, ვწუხვარ იმის გამოც, რომ შუა მართლაც ფაქტობრივად გაიკრიფა და ერთმანეთის პირისპირ ისევ მიშა და ბიძინა დგანან.“

იგი სინანულს გამოთქვამს იმის გამოც, რომ პერსპექტიულმა პოლიტიკურმა ძალამ „ლელომ“, რომელსაც სათანადო ინტელექტუალური რესურსიც აქვს და ფინანსურიც, ვერ გაბედა მესამე რეალურ ძალად და ოპოზიციის რეალურ ალტერნატივად დაეფიქსირებინა თავი.

„ყველაფრის გათვალისწინებით, გამოსავალი ოპოზიციისთვის და ხელისუფლებისთვის, ქვეყნისთვისაც, რასაკვირველია, ვადამდელი არჩევნებია.“ - დასძენს ვაჟა ბერიძე.

ზაზა ფირალიშვილის აზრით, - „თუ უახლოეს ხანებში ოპოზიციაში მნიშვნელოვანი ძვრები არ მოხდა, უახლოესი წლების განმავლობაში შეიძლება რეალური ოპოზიციის გარეშე აღმოვჩნდეთ. თქვენთვის მომინდვია იმის განსჯა, თუ რას შეიძლება ეს ნიშნავდეს.“

მისივე თქმით, ჩვენ შეიძლება ოპოზიციის გარეშე დავრჩეთ არა იმიტომ, რომ ისინი პარლამენტში არ შევლენ, არამედ იმიტომ, რომ ამ არშესულების იმედის და ნდობის ხარისხი იქნება დაბალი.

ზაზა ფირალიშვილი დარწმუნებულია, რომ „პარლამენტიც სრულიად იქნება მოკლებული ფსიქოლოგიურ ლეგიტიმაციას და მხოლოდ იმ კატეგორიის ადამიანების პარლამენტი იქნება, ვისაც პოლიტიკური კონკურენტების თანამშრომლობა დაუშვებელი ჰგონია.“

ზაზ ფირალიშვილი დარწმუნებულია, რომ „ოპოზიციას აქვს გამოსავალი. არსებობს ერთი ჯგუფი პარტიებისა, ვისაც ძალუძს, უარი თქვას „ოცნებისა“ და „ნაციონალების“ მიერ შექმნილ პოლიტიკური ცხოვრების წესსა და რეჟიმზე და ერთიანი პოლიტიკური პლატფორმის შექმნას შეეცადონ.“

იგი ასევე გამოთქვამს სინანულს იმის გამო, რომ საქართველოში პოლიტიკურ პროცესს აკლია ლოგიკურობა და რაციონალურობა, რადგან პოლიტიკურ ცხოვრებას წარმართავს არა ანგარიში, რაციო და სამართლიანობა, არამედ - ცალკეულთა პოლიტიკური ბონაპარტიზმი.

„მაინც იმედს ვიტოვებ, რომ ეს მოხდება, რადგან კარგად ვიცნობ რამდენიმე ოპოზიციურ ლიდერს და ვიცი, რომ მათაც აწუხებს შექმნილი ვითარება. ამის ინტელექტუალური პოტენციალი არსებობს. საჭიროა პოლიტიკური ნება.“ - დასძენს ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი.

მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შედეგების თვალსაზრისით როგორი იყო 2020 წელი?

თენგიზ ფხალაძე - მსოფლიოსა და რეგიონში მოსალოდნელ ცვლილებებს საქართველო მოუმზადებელი ხვდება და თუ ამაზე დროზე არ ვიფიქრეთ, ჩვენი გულგრილობა ძვირად დაგვიჯდება

ვაჟა ბერიძე - 2020 მაინც ახალი ერის დასაწყისად შეიძლება მოვიაზროდ მიუხედავად იმისა, რომ ტრამპიზმი დამარცხდა

ზაზა ფირალიშვილი - პანდემიის წყალობით მსოფლიო ძალზე შეიცვლება. თვალდათვალ იცვლება ეკონომიკური ცხოვრება, უზომო ფინანსური ინექციების მიზეზით ირყევა მსოფლიო ფინანსური სისტემაც

თენგიზ ფხალაძის შეფასებით „2020 წელი ურთულესი წელი იყო და ამაში უმნიშვნელოვანესი როლი სწორედ კოვიდ პანდემიამ ითამაშა. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ COVID-19 ვირუსმა მართლაც შეცვალა მსოფლიო. განსხვავებულად წარმოჩინდა ისეთი საკითხები, როგორციაა საერთაშორისო თანამშრომლობა, გლობალიზაცია, ეკონომიკის ფუნქციონირები პრიორიტეტები, ეროვნული უსაფრთხოება, კიბერ უსაფრთხოება და ჰიბრიდული ომები.“

მისივე აზრით, 2020-ის შედეგები ჯერ კიდევ წინ გველოდება, რა თქმა უნდა, ის აისახება გლობალურ ეკონომიკაზე, მეტად გამწვავდება გეოპოლიტიკური წინააღმდეგობა.

მისივე თქმით, მსოფლიო ახალი წონასწორობის ძიებაშია და 2020-მა ეს პროცესი მხოლოდ დააჩქარა. ჩვენ ვხედავთ მეტად მნიშვნელოვან ცვლილებებს ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, აზიაში, რასაც დიდი ზეგავლენა ექნება მსოფლიო პოლიტიკაზე.

თენგიზ ფხალაძის აზრით, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ცვლილებებია ჩვენს უახლოეს სამეზობლოში, მხედველობაში მაქვს ყარაბაღის კონფლიქტი, რომლის კიდევ ერთი ცხელი ეტაპი დასრულდა, რომლის შედეგადაც რეგიონში ახალი გეოპოლიტიკური მოცემულობა მივიღეთ, რაც განპირობებულია ამ პროცესში თურქეთის ოფიციალური და აქტიური შემოსვლით და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე რუსეთის სამშვიდობოების განთავსებით.

„ცალკე განსახილველია აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები, რომლის შედეგადაც მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდება აშშ-ს საგარეო პოლიტიკაშიც“- აღნიშნავს თენგიზ ფხალაძე, რომელიც სინანულს გამოთქვამს იმის გამო რომ „მსოფლიოსა და რეგიონში მოსალოდნელ ცვლილებებს საქართველო მოუმზადებელი ხვდება და თუ ამაზე დროზე არ ვიფიქრეთ, ჩვენი გულგრილობა ძვირად დაგვიჯდება.“

ვაჟა ბერიძე თვლის, რომ „2020 მაინც ახალი ერის დასაწყისად შეიძლება მოვიაზროთ მიუხედავად იმისა, რომ ტრამპიზმი დამარცხდა, ტრამპის ექსპერიმენტი დასრულდა, მაგრამ ცდება, ვინც ფიქრობს, რომ ეს წელი და ბოლო ოთხი წელიც, რასაკვირველია, უკვალოდ გაქრება. გლობალიზაციის პროცესი, რომელიც ტრამპმა ვერ შეაჩერა, მაგრამ შეაფერხა, ისევ გაგრძელდება.“

მისივე თმით, მსოფლიოს ნაწილი და მნიშვნელოვანი ნაწილიც, არ იღებს გლობალიზაციის შედეგებს. ამერიკული საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს ასევე არ მოსწონს ის რეალობა, რაც გლობალიზმს მოაქვს.

იგი ასევე თვლის - მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი, ტრამპიზმი არ გულისხმობდა და არ გულისხმობს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გლობალურ დომინირებაზე უარის თქმას, იგი გულისხმობს ამის მიღწევას შეერთებული შტატების შემდგომი გაძლიერებით. მთავარი დევიზიც - „გავხადოთ ამერიკა ისევ დიადი“ - სწორედ ამას გულისხმობს.

„პანდემია და ანტირასისტული მასობრივი გამოსვლები გახდა ის საყრდენი, რომელზე დაყრდნობითაც დემოკრატებმა ტრამპი დაამარცხეს. 2020 წელს ეს ექსპერიმენტი დამარცხდა. ჩემი აზრით, დროებით. ვერც ამერიკა და ვერც მსოფლიო უკვე ვეღარ იქნება ის, რაც ამ საუკუნის დასაწყისში იყო. 2020 დარჩება როგორც ტრამპის ხელისუფლებიდან ჩამოცილების, პანდემიის და ანტირასისტული გამოსვლების წელი.“- დასძენს ვაჟა ბერიძე.

ზაზა ფირალიშვილის დაკვირვებით, ამ ეტაპზე მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ პანდემიის წყალობით მსოფლიო ძალზე შეიცვლება. თვალდათვალ იცვლება ეკონომიკური ცხოვრება, უზომო ფინანსური ინექციების მიზეზით ირყევა მსოფლიო ფინანსური სისტემაც.

მისივე თქმით, იცვლება ადამიანთა ყოველდღიური თანაცხოვრების წესი. ყველაფერი ეს, ცხადია, უახლოეს მომავალში პოლიტიკურ ცხოვრებაზეც აისახება. მიგრაციული პროცესების შეჩერება პანდემიის ერთ-ერთი პირველი და მნიშვნელოვანი შედეგია.

რა კორექტივებს შეიტანს აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება აშშ-ევროპის, აშშ-ნატოს, აშშ-რუსეთის ურთიერთობებში?

თენგიზ ფხალაძე - „ამერიკა ბრუნდება“ - ეს არის დევიზი, რომლითაც მოდის ჯოზეფ ბაიდენი შეერთებული შტატების სათავეში

ვაჟა ბერიძე - ბაიდენს და ახალ ადმინისტრაციას გაუჭირდება აშშ-ევროპის, აშშ-ნატოს და აშშ-რუსეთის ურთიერთობების სწრაფად დაბრუნება ტრამპამდელი მოვლენათა განვითარების კალაპოტში

ზაზა ფირალიშვილი - ბაიდენის დამოკიდებულება რუსეთის მიმართ მკვეთრად უარყოფითია და ეს ჩვენთვის ხელსაყრელია

თენგიზ ფხალაძის აზრით, - „ამერიკა ბრუნდება“ - ეს არის დევიზი, რომლითაც მოდის ჯოზეფ ბაიდენი შეერთებული შტატების სათავეში. ზოგადად დემოკრატებისთვის დამახასიათებელია ინტერნაციონალიზმი და აქტიურობა საერთაშორისო ორგანიზაციებში. შესაბამისად უნდა ველოდოთ შეერთებული შტატების როლის ზრდას ნატოში, აშშ-ევროკავშირის თანამშრომლობის გაუმჯობესებას და ამერიკის აქტიურობას გლობალური პრობლემების გადაწყვეტაში.“

მისივე თმით, აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის უმთავრესი პრიორიტეტი იქნება დემოკრატია და ამ ღირებულებებზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკა. მეტი ყურადღება დაეთმობა უნივერსალურ ღირებულებებს და დემოკრატიის გაძლიერებას.

„ბაიდენმა და მისმა გუნდმა ასევე კარგად იცის ჩვენი რეგიონი, უშუალოდ საქართველო, რუსეთიც და ის გამოწვევებიც რომელთა წინაშეც ჩვენ ვდგავართ. ასე რომ, ახალი ადმინისტრაციის პირობებში ახალი შესაძლებლობები გვიჩნდება, თუკი, რა თქმა უნდა, მოვახერხებთ ეროვნულ ინტერესებზე კონცენტრირებას და საკუთარი სტრატეგიის სწორად დაგეგმვას.“ - დასძენს თენგიზ ფხალაძე.

ვაჟა ბერიძის აზრით, „ბაიდენს და ახალ ადმინისტრაციას გაუჭირდება აშშ-ევროპის, აშშ-ნატოს და აშშ-რუსეთის ურთიერთობების სწრაფად დაბრუნება ტრამპამდელი მოვლენათა განვითარების კალაპოტში.“

ასე იქნება იმის გამო, რომ ევროპა ის ევროპა აღარაა, ბრექსიტმა სერიოზულად შეარყია ამ პროექტის მიმართ ქვეყნებისა და სახელმწიფოების ნდობა. ნატოს, საერთოდ ბევრი რამ აქვს გასარკვევი და დასადგენი, არამარტო საერთო ფინანსების ფორმირების თვალსაზრისით, არამედ სამომავლო საქმიანობის ხასიათი და მიმართულება.

„რუსეთთან ურთიერთობაში ახალი ადმინისტრაცია თავიდანვე ხისტ პოზიციას დაიკავებს, თუმცა, რაიმე შეთანხმების მიღწევა ცალკეულ საკითხებზე უფრო რეალური გახდება, რადგან ახალ ადმინისტრაციას და მის ხელმძღვანელს რუსეთის მხრიდან მხარდაჭერას ვერავინ დასწამებს.“ - აღნიშნავს ვაჟა ბერიძე, რომელიც დარწმუნებულია, რომ ბაიდენის ადმინისტრაციას ახალი მიდგომების ჩამოყალიბებისათვის დრო დასჭირდება და სადღაც მომავალი წლის ბოლოსთვის გახდება საცნაური, ახერხებს თუ ვერა შტატები ძველი სტატუსის დაბრუნებასა და „ახალი მსოფლიო წესრიგის“ გადარჩენას. იგი მაინც ფიქრობს, რომ „ჯო ბაიდენს ბევრი რამის შეცვლა და გადახედვა მოუწევს.“

ზაზა ფირალიშვილი თვლის, რომ „ბაიდენის დამოკიდებულება რუსეთის მიმართ მკვეთრად უარყოფითია და ეს ჩვენთვის ხელსაყრელია. ამასთან, პანდემიამ უკვე მოიტანა მძიმე ეკონომიკურ შედეგები, რაც, ალბათ, საერთაშორისო პოლიტიკის მიმართ მის დამოკიდებულებაზეც აისახება.“

მისივე თქმით, ეჭვს არ იწვევს, რომ ბაიდენი დაალაგებს ნატოსთან და ევროკავშირთან ურთიერთობებს და ტრამპის ანტიგლობალიზმს უარყოფს. ამასთან, პანდემიის შემდგომი სამყარო მაინც ვეღარ იქნება ისეთი გლობალისტური, როგორიც ადრე იყო.

სავარაუდოდ როგორი პოლიტიკის გატარების გზას აირჩევს ვაშინგტონი მოსკოვთან ურთიერთობაში?

თენგიზ ფხალაძე - ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ახალი „გადატვირთვა“ ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ბაიდენი პუტინისდმი ტოლერეანტული ვერ იქნება

ვაჟა ბერიძე - ვაშინგტონი მოსკოვთან მიმართებით იქნება პრინციპული და რადიკალური, მაგრამ 2021, ვფიქრობ, ორივე მხრიდან ერთმანეთის ძალების მოსინჯვისა და პოზიციების შეჯერების წელი იქნება

ზაზა ფირალიშვილი - გარეგნულად ისეთი შთაბეჭდილებაა, რომ თურქეთი და რუსეთი შეთანხმდნენ ჩვენი რეგიონის ერთობლივ პატრონაჟზე. ცხადია, აშშ ამას არ დაუშვებს

თენგიზ ფხალაძე დარწმუნებულია, რომ ჯოზეფ ბაიდენი ის პოლიტიკოსია, რომელიც რუსეთს ვარდისფერ ფერებში არ ხედავს. მან და მისმა გუნდმა კარგად იციან რას წარმოადგენს კრემლის რეჟიმი და რა საფრთხეებს ქმნის ის თანამედროვე მსოფლიოსათვის.

„ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ახალი „გადატვირთვა“ ნაკლებად სავარაუდოა და უფრო მეტად პრაგმატულ პოლიტიკას უნდა ველოდოთ. ამასთანავე, როგორც მოგახსენეთ, ბაიდენი ღირებულებების ერთგულია და პუტინის ანტიდემოკრატიული პოლიტიკისადმი ის ტოლერეანტული ვერ იქნება.“ - აცხადებს თენგიზ ფხალაძე.

ვაჟა ბერიძის დაკვირვებით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი თანმიმდევრულად ახორციელებს იმპერიის რეანიმირების პოლიტიკას, ორპოლუსიანი მსოფლიო, ვფიქრობ, აღარასდროს იქნება. „რუსეთის ეკონომიკის მდგომარეობა და პერსპექტივები კრემლის ამბიციებს უნიადაგოს ხდის. თუმცა, რუსეთი ახერხებს თავისი სამხედრო ძლიერების განმტკიცებას და შესაბამისად, არასდროს იტყვის უარს „ატომურ შანტაჟზე“.

მისივე თქმით, დუგინები, სალავიოვები და სატანოვსკები, სხვები, ხშირად იმეორებენ, რომ დასავლეთი ვერ გაბედავს მათ წინააღმდეგ მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებას, თავად ისინი კი, თუ რუსეთის ეროვნულ ინტერესებს საფრთხე დაემუქრება, ამას უყოყმანოდ გააკეთებენ.

„ვაშინგტონი მოსკოვთან მიმართებით იქნება პრინციპული და რადიკალური, მაგრამ 2021, ვფიქრობ, ორივე მხრიდან ერთმანეთის ძალების მოსინჯვისა და პოზიციების შეჯერების წელი იქნება. მთავარი მოვლენები 2022-დან განვითარდება. დღეის გადასახედიდან არც ერთი მხარე უკან დახევას არ დააპირებს.“- შენიშნავს პოლიტოლოგი ვაჟა ბერიძე.

ზაზა ფირალიშვილის თვლის, რომ „ყარაბახის მეორე ომის შემდეგ რუსეთის საერთაშორისო როლი გარკვეული ხარისხით მაინც გადაისინჯება, ვფიქრობ, ეჭვს არ იწვევს. დამარცხდა არა იმდენად სომხური არმია, არამედ რუსული იარაღი, რომლითაც ის იყო აღჭურვილი, დამარცხდა სამხედრო აღმშენებლობისა და ომის წარმოების ის წესი, რომელი რუსებს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უნივერსალურად მიაჩნდათ.“

მისივე აზრით, ყარაბაღის ომმა ისიც გამოაჩინა, თუ როგორი უკეთური და უპატივცემულო დამოკიდებულება აქვს რუსულ პოლიტიკას, პირველ რიგში, თავისი სტრატეგიული მოკავშირეების მიმართ. მათ შორის პრემიერ ფაშიანინის მიმართ, რომელიც საერთაშორისო ასპარეზზე ნებისმიერ საერთაშორისო ტრიბუნაზე ზედმეტი გულმოდგინებითაც ცდილობდა დაემტკიცებინა თავისი ერთგულება რუსული ინტერესების მიმართ.

„გარეგნულად ისეთი შთაბეჭდილებაა, რომ თურქეთი და რუსეთი შეთანხმდნენ ჩვენი რეგიონის ერთობლივ პატრონაჟზე. ცხადია, აშშ ამას არ დაუშვებს, მაგრამ საიმისოდ, რომ არ დაუშვას, ვიმეორებ, მას სჭირდება პარტნიორი ამ რეგიონში. ამ დროს ჩვენ, როგორც პარტნიორები, ისე გავერთეთ ძალაუფლებისათვის ბრძოლაში, თითქმის აღარც გვაინტერესებს, რა ხდება ჩვენს გარეთ.“ - აღნიშნავს ზაზა ფირალიშვილი, რომლის აზრითაც, ვაშინგტონის მოსკოვური პოლიტიკა, თუ დემოკრატების რიტორიკას ვენდობით, უფრო მკაცრი იქნება, ვიდრე აქამდე იყო. პუტინმა მოახერხა, რომ მისი ქვეყანა დასავლური სამყაროს მტრად აღქმულიყო. ასეთი რამ უშედეგოდ არ რჩება. თუკი რაიმე იციან ამერიკელებმა კარგად, ერთ-ერთია გაჭიანურებული „ცივი ომი.“

„პუტინმა იმდენად გადააჭარბა თავის ანტიდასავლურ თამაშებში, რომ რუსულ მასმედიაში სულ უფრო და უფრო ხშირად შეხვდებით დასავლეთისათვის უფრო მისაღები ფიგურით მისი ჩანაცვლებისა და ძალაუფლების ტრანზიტის შესახებ საუბარს.“ -დასძენს ზაზა ფირალიშვილი.

სამხრეთ კავკასიის რეგიონში დომინირების თურქული ამბიციების ფონზე სავარაუდოდ როგორი პოლიტიკის გადატების გზას აირჩევს ბრიუსელი და ვაშინგტონი?

თენგიზ ფხალაძე - თურქეთს ისევე ესაჭიროება ბრიუსელიც და ვაშინგტონიც, როგორც დასავლეთს ესაჭიროება თურქეთი

ვაჟა ბერიძე - ბრიუსელის პოლიტიკა ზოგადად ბუნდოვანი და ლაბილურია. ვაშინგტონის ახალი ხედვა, სავარაუდოდ, მალე არ გვექნება. ამიტომაც არის, რომ ჩვენი დიდი მეზობლები - რუსეთი და თურქეთი, ჩქარობენ

ზაზა ფირალიშვილი - ერდოღანის პლატფორმის პერსპექტივაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი ლაპარაკი, თუ ჩვენი ხელისუფლება უარს იტყვის ყველაფერ იმაზე, რაც ათწლეულების განმავლობაში დასავლეთთან ურთიერთობაში იქნა მიღწეული

თენგიზ ფხალაძის თვლის, რომ „თურქეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და მისი გააქტიურება რეგიონში უდავოდ მნიშვნელოვანია. სამხრთ კავკასიაში თურქეთის გააქტიურებამ ჩვენთვისაც შეიძლება საინტერესო მოცემულობა შექმნას. თუმცა ყველა მოცემულობას სწორად შეფასება და გამოყენება უნდა.“

მისივე დაკვირვებით, რაც შეეხება პრეზიდენტ ერდოღანის ინიციატივას, სამწუხაროა, რომ ჩვენ იმდენად ვართ შიდაპოლიტიკური კონიუნქტურის ტყვეობაში, რომ უშუალოდ ჩვენს საზღვრებთან განვითარებულ მოვლენებსაც სათანადო ყურადღებას ვერ ვაქცევთ.

„თურქეთისა და დასავლეთის ურთიერთობა წინააღმდეგობრივი და სურთულეებით აღსავსეა. მიუხედავად ამისა, „თურქეთს ისევე ესაჭიროება ბრიუსელიც და ვაშინგტონიც, როგორც დასავლეთს ესაჭიროება თურქეთი. ამიტომაც მხარეებს შორის სამომავლო ურთიერთობებიც ვფიქრობ ამ გრძელვადიანი ინტერესების გათვალისწინებით განვითარდება.“ - აცხადებს თენგიზ ფხალაძე.

ვაჟა ბერიძის დაკვირვებით, ბრიუსელის პოლიტიკა ზოგადად ბუნდოვანი და ლაბილურია. ვაშინგტონის ხედვა, ახალი ადმინისტრაციის გათვალისწინებით, სავარაუდოდ, მალე არ გვექნება. ამიტომაც არის, რომ ჩვენი დიდი მეზობლები - რუსეთი და თურქეთი, ჩქარობენ. ორივეს აქვს თავისი კოზირები და ამბიციები რეგიონთან მიმართებაში. სადღეისოდ არის გარკვეული სტატუს-კვო და გაურკვეველი პერსპექტივა.“

მისივე თქმით, საუბარი სხვადასხვა პლატფორმაზე ჯერჯერობით ნაადრევია. ის, რაც ხელს აძლევს პუტინს და ერდოღანს, შესაძლოა კატეგორიულად მიუღებელი იყოს შეერთებული შტატებისთვის, რომელიც საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორია და მასთან მოთათბირების გარეშე უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებებს არ მიიღებს.

„რუსებს აქვთ ახალი, ძლევამოსილი რუსული იმპერიის შექმნის მიზანი. თურქებს სურთ თავიანთი ქვეყნის მომავალი ოსმალეთის იმპერიის პერიოდის ძლევამოსილებას შეუსაბამონ. ორივე ქვეყანაში სერიოზული მხარდაჭერა აქვს საზოგადოების გარკვეული ფენებისგან ამ მისწრაფებებს. სამხრეთ კავკასიური ქვეყნების ამოცანა გონივრული მხოლოდ მაშინ იქნება, თუ ამ ორი დიდი ქვეყნის ვასალობაზე არ დააფუძნებენ თავიანთი ქვეყნების უკეთეს მომავალს.“ - ასკვნის ვაჟა ბერიძე.

ზაზა ფირალიშვილის აზრით, „პლატფორმა, რომელშიც წამყვანი აქტორები თურქები და რუსები იქნებიან, ხის რკინას ჰგავს. ისინი ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ სირიასა და ლიბიაში. თურქეთმა და უკრაინამ სამხედრო თანამშრომლობაზე მოაწერეს ხელი. ამიტომაც ვფიქრობ, რომ მომავალში ხან ერთის, ხან მეორის მხრიდან ლოკალური კონფლიქტების პროვოცირებას ვნახავთ.

მისივე თქმით, ასეთი პლატფორმის შესაძლებლობა არც თურქეთის პრეზიდენტს უნდა სწამდეს და საქმე ომისშემდგომ სავალდებულო სამშვიდობი განცხადებასთან გვაქვს.

„ის გარემოება, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ამა თუ იმ სახით მხარდაჭერა გამოუცხადა ერდოღანის პლატფორმის შექმნის იდეას, ან იმას ნიშნავს, რომ ჩვენმა პრეზიდენტმა ჯერაც ვერ გაითავისა ის პოლიტიკური კონტექსტი, რომელშიც ქვეყანა იმყოფება, ან ისიც არ არის გამორიცხული, რომ მისი მეშვეობით გარკვეული საშინაო თუ საგარეო ძალები ცდილობენ ამ იდეის მოსინჯვას.“ -აღნიშნავს ზაზა ფირალიშვილი, რომელიც დარწმუნებულია, რომ რუსეთი მუდმივად დაემუქრება სამხრეთ კავკასიაში სატრანზიტო გზების განვითარებას. არც თურქეთია დიდად დაინტერესებული, რომ, ვთქვათ, ჩვენი სატრანზიტო პოტენციალის განვითარებამ ის აზარალოს. „ერდოღანის პლატფორმის პერსპექტივაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი ლაპარაკი, თუ ჩვენი ხელისუფლება უარს იტყვის ყველაფერ იმაზე, რაც ათწლეულების განმავლობაში დასავლეთთან ურთიერთობაში იქნა მიღწეული.“ - დასძენს ზაზა ფირალიშვილი.

იმავდროულლად ზაზა ფირალიშვილი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ თურქეთი დასავლეთის მოკავშირეა, მაგრამ აშკარაა, რომ ის არ არის დასავლური კონტექსტის ნაწილი. „აქედანაც ჩანს, თუ რამდენად საშუროა ჩვენი საშინაო პრობლემების სწრაფი მოგვარება და დასავლეთის პარტნიორებთან მუშაობა. ძალზე ძვირფას დროს ვკარგავთ.“ - დასძენს ზაზა ფირალიშვილი.

რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ დასავლეთმა და ვაშინგტონმა საქართველოში პოზიციების გასაძლერებლად უფრო აგრესიულად და სწრაფად იმოქმედოს?

თენგიზ ფხალაძე - ჩვენ უნდა ვიყოთ გაცილებით აქტიურნი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან მიმართებაში

ვაჟა ბერიძე - საქართველოსთან მიმართებაში დასავლეთისა და ვაშინგტონის სწრაფი მოქმედება სასურველი და აუცილებელია, თუმცა, მათ ამ მიმართულებით რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილების შემოთავაზება, თან სწრაფად, ვაშინგტონს გაუჭირდება

ზაზა ფირალიშვილი - შიდა პოლიტიკაში გამოსავალი უახლოეს დროში უნდა მოიძებნოს. წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთისა და თურქეთის ფარულ თუ აშკარა დაპირისპირებაში აღმოვჩნდებით ჩართულნი

თენგიზ ფხალაძე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ჩვენ გვიყვარს საუბარი თუ რა უნდა გააკეთოს დასავლეთმა, მაგრამ ნაკლებად ვლაპარაკობთ, თუ რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ პარტნიორთა მეტად დაინტერესებისათვის.

„მიმაჩნია, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ გაცილებით აქტიურნი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან მიმართებაში. არ უნდა შეგვეშინდეს ახალი ინიციატივების, თამამი ნაბიჯების და რუსეთთან „სტრატეგიული მოთმინების“ პოლიტიკა სწორედ დასავლეთთან ძალიან აქტიური, გნებავთ „აგრესიული“ ინტეგრაციის პოლიტიკით უნდა დავაბალანსოთ.“ - აცხადებს თენგიზ ფხალაძე.

მისივე აზრით, მას „არ მესმის რას გულისხმობენ ექსპერტები ე.წ. „ანკარის პლატფორმაში“, რადგან თურქეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და წარმატებული საქართველო მის გრძელვადიან ინტერესებშია. მეტიც, სწორედ თურქეთი წარმოადგენს საქართველოს ნატოში გაწევრიანების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მხარდამჭერს და იმ სახელმწიფოს, რომელიც თანადგომითაც ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისათვის არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება.“

თენგიზ ფხალაძე „ანკარის პლატფორმაში“ საფრთხეს ნაკლებად ხედავს, მაგრამ „რაც ნამდვილად აფიქრებს, რუსეთის მზარდი აგრესიულობაა. საქართველოში დასავლეთის პოზიციები შესუსტება, აპრიორი ნიშნავს რუსეთის გაძლიერებას და მოსკოვი ამისათვის ყველაფერს აკეთებს.“

ვაჟა ბერიძის აზრით, „საქართველოსთან მიმართებაში დასავლეთისა და ვაშინგტონის სწრაფი მოქმედება სასურველი და აუცილებელია და არც გამოვრიცხავ, თუმცა, მათ ამ მიმართულებით რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილების შემოთავაზება, თან სწრაფად, ვაშინგტონს გაუჭირდება. ჩვენი მთავრობები, წინაც და დღევანდელიც მზადაა ამ თვალსაზრისით გამოწვევებისთვის.“

მისივე თქმით, ჩვენ უკვე გვაქვს ნატოსთან ერთობლივი სასწავლო ცენტრი ვაზიანში, მაგრამ „ერთია თანამშრომლობა ნატოსთან, ვაშინგტონთან, ერთობლივი წვრთნები, საწვრთნელი ცენტრი და მეორეა ამერიკული ან ნატოს სამხედრო ბაზა საქართველოს ტერიტორიაზე. ამაზე, ბუნებრივია, რუსეთს ექნება უმწვავესი რეაქცია და ჯერჯერობით პირადად ჩემთვის არაპროგნოზირებადი კონკრეტული ქმედებები.“

მისივე აზრით, დავუშვათ და ჩვენ მივიღეთ პარტნიორებისგან სათანადო გარანტიები და დასავლეთმა გადაწყვიტა ნატო-საქართველოს ურთიერთობების მიმართულებით რეალური ნაბიჯების გადადგმა, ყველა შესაძლო შედეგის გათვალისწინებით. ამ დროს ჩვენი პოლიტიკური სპექტრი პოლარიზებულია, პარლამენტში მხოლოდ ერთი პარტიაა წარმოდგენილი, ხოლო ასე ვთქვათ, პროდასავლური ოპოზიცია 24 საათია ქუჩაშია.

„როგორი წინაპირობებია კონკრეტული გადაწყვეტილებების მისაღებად? დესტაბილიზაციის საფრთხის წინაშე მდგომ ქვეყანასთან ასეთ სერიოზულ თემებზე საუბარი ძნელია.“ - დასძენს ვაჟა ბერიძე.

ზაზა ფირალიშვილი თვლის, რომ - „არის შანსი, რომ დასავლეთმა და ვაშინგტონმა საქართველოსთან მიმართებაში უფრო სწრაფად და ეფექტურად იმოქმედოს, რისთვისაც ყველა შემთხვევაში აუცილებელია, დასავლეთს აქ ამა თუ იმ ხარისხით სრულფასოვანი პარტნიორი ჰყავდეს. ასეთი პარტნიორი ვერ იქნება ერთპარტიული პარლამენტი მის მიერ დამტკიცებული მთავრობით ან არასაპარლამენტო ოპოზიცია.

იგი თვლის, რომ „შიდა პოლიტიკაში გამოსავალი უახლოეს დროში უნდა მოიძებნოს. წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთისა და თურქეთის მხრიდან სამხრეთ კავკასიის გადანაწილების პროცესი გაგრძელდება და ჩვენ მათ ფარულ თუ აშკარა დაპირისპირებაში აღმოვჩნდებით ჩართულნი.“

თუ ჩვენს ირგვლივ ვითარება გართულდა დასავლეთი და ვაშინგტონი საქართველოს ხელისუფლებასთან და ოპოზიციასთან თანამშომლობისა და კოორდინაციის რა ფორმას აირჩევს?

თენგიზ ფხალაძე - დასავლეთისათვის საქართველო მნიშვნელოვანია, მაგრამ იგი ჩვენთან თანასწორუფლებიან პარტნიორობას ესწრაფვის და მოელის, რომ საკუთარ ეროვნულ ინტერესებს ჩვენც სათანადო პასუხისმგებლობით მოვეკიდებით

ზაზა ფირალიშვილი - თუ ოპოზიციისა და ხელისუფლების რაციონალური ნაწილი უახლოეს ხანებში დიალოგისა და თანამშრომლობის პლატფორმას არ მოძებნიან. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ შეიძლება ისტორიის წინაშე მოუწიოთ პასუხისგება

თენგიზ ფხალაძე დარწმუნებულია, რომ „დასავლეთი დაეთანხმება ხელისუფლებასთან და ოპოზიციასთან ურთიერთობის იმ ფორმას, რომელსაც ჩვენ ავირჩევთ. ის დაგვეხმარება იმ დღის წესრიგის განხორციელებაში, რომელსაც თავად შევადგენთ და ინტეგრაციაც იმ ხარისხით განხორცილდება, რა ძალიხმევასაც ჩვენ გავიღებთ დასახული მიზნისათვის.

მისივე აზრით, „დასავლეთისათვის საქართველო მნიშვნელოვანია, მაგრამ იგი ჩვენთან თანასწორუფლებიან პარტნიორობას ესწრაფვის და მოელის, რომ საკუთარ ეროვნულ ინტერესებს ჩვენც სათანადო პასუხისმგებლობით მოვეკიდებით.“

ზაზა ფირალიშვილი თქმით, მას უჭირს იმის წარმოდგენა, სამხრეთ კავკასიაში ვითარების გამწვავების შემთხვევაში ურთიერთობის რა ფორმას არჩევს დასავლეთი საქართველოს ხელისუფლებასთან და ოპოზიციასთან.

„თუ ოპოზიციისა და ხელისუფლების რაციონალური ნაწილი უახლოეს ხანებში დიალოგისა და თანამშრომლობის პლატფორმას არ მოძებნიან. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ შეიძლება ისტორიის წინაშე მოუწიოთ პასუხისგება.“ - აცხადებს ზაზა ფირალიშვილი.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა