არჩილ მორჩილაძე - აუცილებელია ჯანმრთელობის დაზღვევის შესყიდვა კონსოლიდირებული ტენდერის მეშვეობით განხორციელდეს, ამის დადებითი გამოცდილება უკვე არსებობს

ინტერვიუ საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის დამფუძნებელ არჩილ მორჩილაძესთან:

- 2021 წელს თქვენი კომპანია 32 სახელმწიფო ორგანიზაციის ავტოპარკს დააზღვევს. როგორ ფიქრობთ, გაამართლა ავტოტრანსპორტის დაზღვევის შესყიდვამ კონსოლიდირებული ტენდერის გზით?

- ჩემი აზრით, გაამართლა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ კომპანიას შეუმცირდა სახელმწიფოს მიერ დაზღვეული ავტომობილების წილი, კონსოლიდირებული შესყიდვა იმ ფორმით, როგორც ეს განხორციელდა, ვგულისხმობ 12 ლოტს, სადაც სხვადასხვა პირობით და ტარიფებით იზღვევა სხვადასხვა რისკის მატარებელი ტრანსპორტი. არ არის საჩივრები და პროცესი ორ კვირაში სრულდება. 2021 წელს ჩვენი დაზღვევით მხოლოდ ავტოდაზღვევის კუთხით ისარგებლებს 32 სახელმწიფო ორგანიზაცია, ჯამში 1800 ავტოსატრანსპორტო საშუალება.

გაცილებით სავალალო მდგომარეობაა ჯანმრთელობის დაზღვევის შესყიდვის დროს, სადაც ტენდერები თვეობით ვერ სრულდება.

- თქვენი აზრით, რა იწვევს ჯანმრთელობის დაზღვევის ტენდერების გაჭიანურებას?

- პირველ რიგში ის, რომ შემსყიდველი ორგანიზაციების უმეტესობა ღრმად არ იცნობს დაზღვევის პრინციპებს და სატენდერო წინადადებების შედგენისას მრავალ შეცდომას უშვებს, რასაც პრეტენდენტები გასაჩივრების დროს „წარმატებით“ იყენებენ. ზოგი შემსყიდველი დაზღვევის პირობებში ითხოვს არაადექვატურ დაფარვებსაც. მაგალითად, საკვებ დანამატებს. ჩვენი აზრით, დაუშვებელია სახელმწიფო სახსრებით განხორციელებულ შესყიდვებში საბიუჯეტო ორგანიზაციებმა მოითხოვონ საკვები დანამატების ანაზღაურება, როდესაც ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო, პოლიფარმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, ასეთ დანიშნულებებს მონიტორინგს უქვემდებარებს.

კონსოლიდირებული ტენდერის შემთხვევაში შესაძლებელია რამდენიმე ტიპის პაკეტის მომზადება, იმ ბიუჯეტების გათვალისწინებით, რაც აქვს თითოეულ შემსყიდველს და ვფიქრობ, 20 ლოტის შედგენა წარმატებით შეიძლება. მომსახურებაც უფრო ხარისხიანი იქნება და უკმაყოფილებაც ნულამდე დავა.

- საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის პორტფელში ჯანმრთელობის დაზღვევას რა წილი უკავია?

- ჩვენთან, ისევე როგორც სხვა კომპანიებში, ყველაზე დიდი წილი ჯანმრთელობის დაზღვევას უკავია - დაახლოებით 60-70%. 2017 წლიდან დღემდე, ჯანმრთელობის დაზღვევაზე ანაზღაურებული ზარალები ყოველწლიურად 8-9 მილიონ ლარს შეადგენს.

ოპერირების დაწყებიდან დღემდე ჩვენ კომპანიას მხოლოდ ჯანმრთელობის დაზღვევის კუთხით 30 მილიონ ლარზე მეტი აქ ანაზღაურებული. ჯანმრთელობის დაზღვევის კუთხით ჩვენ 2020 წელს გვყავდა 38 000 მდე დაზღვეული და 2021 წლის იანვრის მონაცემებით, მათი რიცხვი 40 000 გადაცდება.

- როგორ დაასრულა თქვენმა კომპანიამ 2020 წელი და რა მოლოდინები გაქვთ 2021-ში ?

- მიუხედავად პანდემიისა, 2020 წელი ჩვენი კომპანიისთვის წარმატებულად შეიძლება ჩაითვალოს. მათ შორის აღსანიშნავია, რომ სს „საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი“ 2020 წლის 25 თებერვალს დარეგისტრირდა თეთრ სიაში. შესყიდვების სააგენტო თეთრ სიაში არეგისტრირებს იმ კომპანიებს, რომლებმაც ბოლო სამი წლის მანძილზე კეთილსინდისიერად და ჯეროვნად, ხელშეკრულების პირობების სრული დაცვით შეასრულეს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. 2018-2019 წლებში ჩვენმა კომპანიამ 30-ზე მეტ ორგანიზაციასთან ჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები - ჯანმრთელობის, ქონებისა და ავტოტრანსპორტის დაზღვევის სფეროში. ასევე სასიხარულოა, რომ საგზაო სატრანსპორტო დაზღვევის სახეობაში 2019 წლის No1 ოქროს ბრენდად ჩვენი კომპანია გამოვლინდა. ოქროს ბრენდი რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანია, ეს კონკურსი საქართველოში 2006 წლიდან ტარდება და ყველაზე პრესტიჟულ და გავლენიან ბიზნეს დაჯილდოებად არის აღიარებული. ქონების, ავტომობილებისა და ტვირთების დაზღვევის კომპონენტში ოპერირების დაწყების დღიდანვე ჩვენ ვსარგებლობდით რეიტინგული გადამზღვევლების მხარდაჭერით. 2020 წლის ოქტომბრიდან ჩვენი კომპანია სავალდებულო გადაზღვევის ხელშეკრულებით AA- რეიტინგის მქონე მსოფლიოში უმსხვილეს გადამზღვეველ კომპანია Scor-ის (www.scor.com), გადაზღვევით ისარგებლებს. მანამდე, ორი წლის მანძილზე ჩვენი კომპანიის გადამზღვეველი ასევე AA- რეიტინგის მქონე მსოფლიოში უმსხვილესი გერმანული კომპანია Hannover Re (www.hannover-re.com) იყო.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა