ქართული პრესის მიმოხილვა 31.12.2020

სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ “არსენალის” იანვრის ნომრის N 01 (275) მიმოხილვა

* * *

სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ “არსენალის” იანვრის ნომრის N 01 (275) მიმოხილვა

2020 წლის სამხედრო მიმოხილვა / სომხეთის არმიის დამარცხების ზოგიერთი მიზეზი / ლაზერი, რომელიც ბრძოლისთვის გამზადებს / რა სიახლეები ელოდებათ ვეტერანებს / “ჰარვარდის პროექტის” ქართველი რესპონდენტები / კვალს კვლავ "მოსადისკენ" მივყავართ? / ყარაბაღისა და საქართველოს ისტორიული კავშირები - უძველესი დროიდან XIX საუკუნემდე (გაგრძელება) / ომის ვეტერანი და ჯარისკაცი ქალების ახალი წელი / ტამიშის ბრძოლას შეწირული კაპიტანი, რომელსაც უკან არასდროს დაუხევია...

“კორონავირუსის პანდემია ყველაზე საშიში სწორედ სხვადასხვა ქვეყნის არმიისთვის გახდა წლის დასაწყისისთანავე, რადგან საარმიო დანაყოფების პირადი შემადგენლობა ყაზარმებში კომპაქტურად ცხოვრობს და მწყობრით გადაადგილებისას მხარდამხარ მიაბიჯებს. განსაკუთრებული პრობლემები კი სწორედ იმ განვითარებულ ქვეყნებს შეექმნათ, ვის შეიარაღებაშიც მრავალრიცხოვანი ეკიპაჟების მქონე წყალზედა და წყალქვეშა სამხედრო ხომალდებია - ერთმანეთის მიყოლებით ბრძოლისუუნარო გახდა ამერიკული ატომური ავიამზიდი და რუსული სარაკეტო ატომურძრავინი წყალქვეშა ნავი, რომელთა ეკიპაჟები ელვის სისწრაფით დაინფიცირდნენ ახალი კორონავირუსით, რადგან ამ საზღვაო ხომალდების ვიწრო კუბრიკებსა და ტრიუმებში მეზღვაურები ერთმანეთს ვერ მოერიდებოდნენ. ამ მხრივ შეიძლება გაუმართლა ქართულ არმიას, რომლის შეიარაღებაში არსებულ ჯავშანტრანსპორტიორებსა და ქვეითთა საბრძოლო მანქანებში მხოლოდ ათიოდე სამხედრო თუ თავსდება. შესაბამისად, საბრძოლო ტექნიკის ეკიპაჟების მასობრივ დაინფიცირებას ქართული არმია ახალი კორონავირუსის პანდემიის დაწყების დროს გადაურჩა”, - წერს სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი “არსენალი” (N 01, იანვარი, 2021) სტატიაში, სათაურით 2020 წლის სამხედრო მიმოხილვა.

“პირიქით, ქართველი სამხედროები პოლიციელებთან ერთად ექიმების მეთაურობით დადგნენ კორონავირუსთან ბრძოლის ფრონტის წინა ხაზზე, რამაც 2020 წლის გაზაფხულზე საოცარი ნაყოფი გამოიღო (დღევანდელი გადმოსახედიდან) და საქართველო, ფაქტობრივად, გადაურჩა ახალი კორონავირუსის პანდემიის პირველ ფაზას. შემდეგ კი... ისეთ არასახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩნდა ქვეყანა, რომ თქმაც გვიჭირს... იმედად კი ისევ პირადი ჰიგიენის მკაცრად დაცვა, ერთმანეთის მორიდება და ვაქცინაციის დაწყება თუ რჩება. 44-დღიანმა ყარაბაღის მესამე ომმა, კორონავირუსის მიუხედავად, თითქმის მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო და წლის ერთ-ერთი მთავარი, გლობალური სამხედრო-პოლიტიკური მოვლენა გახდა. ყარაბაღის მესამე ომმა მსოფლიოს აჩვენა, რომ ომით დაკარგულის ომითვე დაბრუნება თურმე შესაძლებელი ყოფილა, რაც ასე აქტუალურია პოსტსაბჭოთა უკრაინისთვის, მოლდოვასა და, რა თქმა უნდა, საქართველოსთვის! მაგრამ აზერბაიჯანის გამარჯვება ყარაბაღის მესამე ომში თურქეთის აქტიური დახმარებითაც შეუძლებელი იქნებოდა, თუკი რუსეთი “თვალს დროებით არ დახუჭავდა” და აზერბაიჯანის არმიას მცირე ხნით მაინც არ შეუშლიდა ხელს შეტევით ოპერაციებში”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ასეც მოხდა, რაც ძალიან დიდი ალბათობით იმაზე მიანიშნებს, რომ 27 სექტემბრამდე, ანუ საბრძოლო მოქმედებების დაწყებამდე, აზერბაიჯანია პრეზიდენტმა ალიევმა რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან მიაღწია საიდუმლო გარიგებას, რაც აუცილებლად ეცოდინებოდა ერდოღანსაც. საიდუმლო გარიგება ითვალისწინებდა აზერბაიჯანისთვის მთიანი ყარაბაღის გარშემო არსებული შვიდი რაიონის დაბრუნებას, რომლებიც არასდროს შედიოდნენ ყარაბაღის ავტონომიური ოლქის შემადგენლობაში, მაგრამ სომხებს დაკავებული ჰქონდათ. სამაგიეროდ, პუტინი ალიევისგან პირობას იღებდა მთიან ყარაბაღში სამშვიდობო მისიის მოტივით რუსული სამხედრო კონტინგენტის ჩაყენებაზე, ანუ სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ბერკეტების გაძლიერებაზე. საიდუმლო გარიგება შესრულდა, ერთი შესწორებით - ზემოხსენებული შვიდი რაიონის გარდა, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის ნაწილი, მათ შორის ქალაქი შუშაც გაათავისუფლა, იმის გამო, რომ ოფიციალური ერევანი გაჯიუტდა და ოცი დღე არ თანხმდებოდა პუტინის და ალიევის გარიგებით შეთავაზებულ ვარიანტს, დაეთმო ოკუპირებული, ჯერ ხუთი და შემდეგ ორი აზერბაიჯანული რაიონი...” - განაგრძობს გამოცემა.

“აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის მესამე ომი გამარჯვებით დაასრულა. თუმცა ომამდე ერევანი აზერბაიჯანის არმიას ბრძოლისუუნაროდ თვლიდა, ხოლო ახალი ომის შემთხვევაში კიდევ მეტი ტერიტორიის დაკავებითა და ბაქოში აღლუმის ჩატარებითაც იმუქრებოდა. მარცხი სომეხი საზოგადოებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ ყარაბაღისკენ ამჯერადაც დაიძრნენ რეზერვისტები, სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული მოხალისეები, სომხური დიასპორები ფინანსურად ეხმარებოდნენ, მსოფლიოს ბევრ ქალაქში სომხეთის მხარდასაჭერი გამოსვლები გაიმართა და ა.შ. აზერბაიჯანმა 44-დღიან ბრძოლაში სომხების მიერ დაკავებული შვიდი რაიონიდან მხოლოდ ნაწილი გაათავისუფლა, უშუალოდ ყარაბაღში კი თალიშის რაიონის რამდენიმე სოფელი და ქალაქი შუშა დაიკავა. სამმხრივი 9 ნოემბრის შეთანხმებით აზერბაიჯანმა უბრძოლველად დაიბრუნა ლაჩინისა და ქალბაჯარის რაიონები, აგრეთვე აღდამის რაიონის ის ნაწილი, რომლის გათავისუფლებაც არმიამ ვერ მოასწრო”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში, სათაურით სომხეთის არმიის დამარცხების ზოგიერთი მიზეზი.

“ბოლო მონაცემებით, აზერბაიჯანის არმიამ 2 783 სამხედრო დაკარგა, ასზე მეტი კი უგზო-უკვლოდ დაკარგულია. აზერბაიჯანელთა უპირატესობის მიუხედავად, ცალკეულ შემთხვევებში სომეხმა ჯარისკაცებმა სიმტკიცე და მაღალი საბრძოლო მომზადება გამოამჟღავნეს, რაზეც აზერბაიჯანის არმიის დანაკარგი მეტყველებს. სომხეთის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მონაცემებით, დაღუპულია 2 996 სამხედრო, ხოლო რამდენიმე ასეული დაკარგულად ითვლება. მიზეზები, რამაც ომში სომხეთის დამარცხება გამოიწვია, სხვადასხვაა: არმიის მოუმზადებლობა განსხვავებული ხასიათის საბრძოლო მოქმედებისთვის, არსებული შეიარაღების არასათანადოდ გამოყენება, არმიაში გამეფებული არასწორი საკადრო პოლიტიკა, სამხედრო მდგომარეობისთვის სახელმწიფო აპარატის მოუმზადებლობა, კორუფცია სამხედროებში და სხვ. თითოეულმა მიზეზმა ომის მსვლელობაზე მეტ-ნაკლები გავლენა იქონია, თუმცა ზოგიერთმა გადამწყვეტი როლი ითამაშა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“სომხეთის არმია ყარაბაღში პოზიციური ომისთვის ემზადებოდა. ეშელონირებული თავდაცვითი ზღუდეები მართვის პუნქტებით, საცეცხლე წერტილებით, საარტილერიო და საზენიტო საშუალებებისთვის მომზადებული ძირითადი და სათადარიგო პოზიციებით, სანგრებით, ბლინდაჟებით, მავთულხლართებიანი ღობურების დაცვის სისტემებითა და ნაღმებით ემსახურებოდა ერთ მიზანს – შეუვალი და ხანგრძლივი წინააღმდეგობის გაწევის შენარჩუნებას. პოზიციებზე განლაგებულ სომხების საარტილერიო ბატარეებს წინასწარ ჰქონდათ შერჩეული მოწინააღმდეგის გასანადგურებელი მიზნები, ხოლო საჰაერო სივრცეს მრავალფეროვანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები იცავდნენ. ინჟინრულად კარგად გამაგრებულ პოზიციებზე აზერბაიჯანის არმიის შეტევები აუცილებლად დიდ დანაკარგს გამოიწვევდა, ხოლო სომხეთს რეზერვების გამოყენებით ძლიერი კონტრდარტყმების საშუალებას მისცემდა. ერთი შეხედვით სომხეთის არმიის საბრძოლო მომზადება ურიგო არ იყო, მაგრამ აზერბაიჯანელთა მანევრული ომის ტაქტიკა როგორც სომხების, ასევე დამრიგებელი რუსი სამხედროებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, წლობით ჩამოყალიბებულ მიდგომათა შეცვლა კი ომის დროს ვერ მოხერხდა...” - განაგრძობს გამოცემა.

“დეკემბრის დასაწყისში საქართველოს თავდაცვის ძალებს ამერიკულმა მხარემ კიდევ ერთი ტექნიკური დახმარება გაუწია, რაც ქართული ჯარის ქვედანაყოფების მრავალფეროვანი სიმულაციური სწავლებების შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად აამაღლებს. აშშ-საქართველოს სამხედრო პარტნიორობის მტკიცე მხარდაჭერის ეგიდით, საქართველომ ლაზერული ზემოქმედების მრავალჯერადი ინტეგრირებული სისტემა MILES-ი მიიღო. სისტემა ინტეგრირებული საწვრთნელი გარემოს ჩამოყალიბების აუცილებელი კომპონენტია და სამხედროები რეალური საბრძოლო მომზადების გაუმჯობესებისთვის გამოიყენებენ. 4,3 მილიონი დოლარის ღირებულების პროგრამა მოიცავს წვრთნის სრულ კომპლექტს, აღჭურვილობასა და ადმინისტრირების ხარჯებს”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში, სათაურით ლაზერი, რომელიც ბრძოლისთვის გამზადებს.

“თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ინტეგრირებული საწვრთნელი გარემოს ჩამოყალიბება ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის JTEC-ის განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ცენტრისთვის მიღებული MILES-ის სისტემები არსებული აღჭურვილობის დამატებითი გაძლიერების კომპონენტია. მომავალი წლისთვის დაგეგმილია ინტეგრირებული საწვრთნელი გარემოს სრულად დაკომპლექტება. აღჭურვილობა ინტეგრირებულ საწვრთნელ გარემოში სხვადასხვა სისტემის დაკავშირების საშუალებას იძლევა. ამ სისტემათა ურთიერთკავშირით შესაძლებელი იქნება სხვადასხვა საწვრთნელ არეალში არსებული ტექნიკისა და ცოცხალი ძალის ერთ მონიტორზე რეალურ დროში ერთდროულად დანახვა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ლაზერული დასხივებისა და დეტექციის საწვრთნელი სისტემა MILES-ი (Multiple Integrated Laser Engagement System) სამანევრო ქვედანაყოფების საბრძოლო სიტუაციასთან მაქსიმალურად მიახლოებულ საველე სწავლებებში გამოიყენება. თანამედროვე MILES-ის წინაპარ სისტემებს იმავე დასახელებით აშშ-ის არმია ჯერ კიდევ 1978 წლიდან იყენებდა, 1989 წლიდან კი დაიწყო თანამედროვე MILES-2000-ის პროექტი, რომელიც ტექნოლოგიურად ეტაპობრივად იხვეწებოდა. 1992 წლის შემოდგომაზე გერმანიაში მდებარე ჰოჰენფელსის საწვრთნელ ცენტრს MILES-2000-ის პირველი კომპლექტი გადაეცა. 2006 წელს კომპანია Lockheed Martin-მა MILES XXI, ხოლო 2008-2012 წლებში კი კომპანია Cubic Corporation-მა MILES IWS-ი და MILES IWS 2 შეიმუშავა. 2012 წელს Saab Defense and Security Training and Simulations-ის მიერ სპეციალურად საბრძოლო ტექნიკისთვის შემუშავებულ იქნა MILES CVTESS-ის ტიპის სისტემა, რომელიც მექანიზებული და სატანკო ქვედანაყოფების მასშტაბური სიმულაციური სწავლების საშუალებას იძლევა...” - განაგრძობს გამოცემა.

“ვეტერანებზე საუბარს ცოტა შორიდან დავიწყებ - სახელმწიფოს, რომელიც თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლ ადამიანებს პატივს არ მიაგებს, მომავალი არა აქვს. საქართველოს თანამედროვე ისტორიაში, მას შემდეგ, რაც დამოუკიდებლობა დავიბრუნეთ, ძალიან ხანმოკლე პერიოდი იყო, როცა ქვეყნის განვითარება მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა - ასეთია ბოლო 8 წელი, რაც ვეტერანებისთვისაც ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნას გულისხმობს. მანამდე კი მუდმივად მიმდინარეობდა ბრძოლა, რომ დამოუკიდებელ სახელმწიფოში გვეცხოვრა. მრავლად გამოჩნდნენ სამშობლოსთვის თავდადებული ადამიანები. სრულიად გამოუცდელ ახალგაზრებს უხდებოდათ სამშობლოს დაცვა, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლა და ამის საპირწონედ პირად მომავალზე უარის თქმა. არაერთი ღირსეული ადამიანი, როგორც ქალი, ასევე მამაკაცი, შეეწირა ამ ბრძოლას. თითოეულმა გმირობის მაგალითი დაგვიტოვა”, - აცხადებს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი გენერალი კობა კობალაძე ჟურნალ “არსენალისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სტატიაში, სათაურით რა სიახლეები ელოდებათ ვეტერანებს.

“ახალგაზრდა სახელმწიფო ამ გამოწვევას მომზადებული ვერ შეხვდა. ომის შემდგომ არ გვქონდა პოსტსაომარი ფსიქოზის სარეაბილიტაციო ცენტრები და ა.შ. შედეგად, მეომარი ადამიანები რთულ ვითარებაში აღმოჩნდნენ. დევნა დაუწყეს იმ ახალგაზრდებს, რომლებმაც უმაღლესი სასწავლებლები, სამსახურები, ოჯახები დატოვეს, ომში წავიდნენ და სამშობლოს ღირსეულად ემსახურნენ. არადა, ბევრი მათგანი ომში დაინვალიდდა. ამ ყველაფერმა მათ ტრავმა მიაყენა, თუმცა ის, რომ სამშობლოსთვის მებრძოლი ადამიანი პატივსაცემია, ყველას, რიტორიკის დონეზე მაინც, გაცნობიერებული ჰქონდა, მაგრამ ყოველდღიურობაში ეს არ იყო ასახული. შემდეგ რაღაცები დალაგდა, საქართველომ შეძლო დახურული ფარდის გარღვევა და დასავლეთთან, აშშ-თან კავშირზე გავიდა. მახსოვს, საქართველოში პირველად აშშ-ის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ჯონ-მალხაზ შალიკაშვილი რომ ჩამოვიდა, “შავნაბადას~ ბატალიონის მეთაური ვიყავი...”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კობა კობალაძე.

“ახალგაზრდები ვიყავით, მაგრამ ვცდილობდით სამხედროების მომზადებისა და განათლების ხარისხი სამაგალითო ყოფილიყო. გვჯეროდა, რომ აუცილებლად შევძლებდით ღირსეული შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებას. საომარ მოქმედებებში გამოცდილ კადრებს, ჩემი მონაწილეობით, პრაქტიკაში მიღებული ცოდნის თეორიულად გამყარება სჭირდებოდათ და ამისთვის დავიწყეთ მუშაობა. მეორე ეტაპი იყო განათლების მისაღებად ოფიცერთა კორპუსის დასავლეთში გაშვება. ამას სხვა ნაბიჯებიც მოჰყვა... “ვარდების რევოლუციის” შემდეგ კი ბევრი რამ არასწორად გაკეთდა. დაიწყო შერჩევითი მიდგომები, განათლებისა და გამოცდილების კი არა, პოლიტიკური შეხედულების მიხედვით. ამის შედეგი იყო 2008 წლის ომი, რომელსაც სრულიად მოუმზადებელი, მხოლოდ შიშველი რიტორიკის ამარა შეხვდნენ. გავიხსენოთ უმაღლესი ხელისუფლების ქმედება, დეზერტირობის ფაქტები და ყველაფრის სხვაზე გადაბრალება. ამას აკეთებდა ხელისუფლება, რომელსაც გამარჯვების აღლუმის გამართვა უნდოდა მაშინ, როცა საომარი მოქმედებების ზონიდან პირადი შემადგენლობა სრულად არ იყო გამოყვანილი, ცხედრები გადმოსვენებული და ამ დროს რუსთაველზე კონცერტი გამართეს. მსოფლიოსთან თავი ისე წარმოაჩინეს, თითქოს ჩვენ გავიმარჯვეთ და მთელ მსოფლიოს რუსეთის სახე დავანახვეთ. განა არ იცის მსოფლიომ, რას წარმოადგენს რუსეთი? ეს ჩვენს ხარჯზე უნდა დაენახათ?!” - განაგრძობს გენერალი.

“გვსურს მკითხველს საქართველოს უახლოესი წარსულის კიდევ ერთი, ჯერ კიდევ ბოლომდე შეუსწავლელი ისტორიის შესახებ მოვუთხროთ. საქმე ეხება “ჰარვარდის პროექტს” და მასში ცნობილი ქართველი ემიგრანტების: მიხეილ კედიას, მიხაკო წერეთლის, მიხეილ ალშიბაიას, ალექსანდრე ნიკურაძისა და სხვების მონაწილეობას. ჯერჯერობით ქართული პოლიტიკური ემიგრაციის მხოლოდ ცალკეული წარმომადგენლის არქივებია შესწავლილი და ხელმისაწვდომი, ხოლო უდიდესი ნაწილი კვლავ უცხოეთის სხვადასხვა ქალაქშია მიმოფანტული ან საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების “ცხრაკლიტულებშია” ჩაკეტილი. ამიტომ სხვადასხვა უცხოურ წყაროში მიკვლეულმა საარქივო დოკუმენტების შესწავლამაც უნდა მოგვცეს ობიექტური სურათი”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში, სათაურით “ჰარვარდის პროექტის” ქართველი რესპონდენტები.

“1917 წელს რუსეთის იმპერიაში დაწყებულ ქაოსს ასეულათასობით კაცი ემსხვერპლა, ათასობით ოჯახი კი გადარჩენას ევროპის ქვეყნებში ეძებდა. 1921 წლის მარტში ბოლშევიკების ოკუპაციის შემდეგ ევროპაში თავშესაფარი ჰპოვა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ. მომდევნო წლებშიც საბჭოთა კავშირის ბევრი მოქალაქე სხვადასხვა გზით თავს აღწევდა საბჭოთა იმპერიას და ევროპაში მკვიდრდებოდა. ისინი პირველი თაობის ემიგრაციას წარმოადგენდნენ. მეორე მსოფლიო ომის დროს რამდენიმე მილიონი საბჭოთა მოქალაქე აღმოჩნდა გერმანელების ტყვედ, ნაწილი კი ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობდა. ომის დასრულების შემდეგ უმრავლესობამ ევროპაში დარჩენა გადაწყვიტა. ასე წარმოიქმნა ემიგრაციის მეორე, გაცილებით დიდი ტალღა. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება საბჭოთა კავშირის შესახებ ინფორმაციულ ვაკუუმში იმყოფებოდნენ. აშშ-ის, როგორც სამთავრობო, ასევე სამეცნიერო წრეები დიდად იყვნენ დაინტერესებული, თუ რა პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური პროცესები მიმდინარეობდა საბჭოთა კავშირში”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ამ მიზნით 1920-30-იან წლებში ამერიკის დიდ უნივერსიტეტებში (ჰარვარდი, სტენფორდი, იელი, კოლუმბია და სხვ.) რუს ემიგრანტებს იწვევდნენ სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობისთვის. შეიქმნა საბჭოთა კავშირის შემსწავლელი ცენტრები: 1946 წელს “რუსული ინსტიტუტი” კოლუმბიის უნივერსიტეტში; 1948 წელს “საბჭოთა და აღმოსავლეთ ევროპის კვლევის ცენტრი” ჰარვარდის უნივერსიტეტში და “სლავური და აღმოსავლეთევროპული კვლევის ცენტრი” კალიფორნიის უნივერსიტეტში. საბჭოთა იმპერიაში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციის მოპოვების მთავარ წყაროდ შერჩეულ იქნა დასავლეთ ევროპაში მცხოვრები პირველი და მეორე თაობის საბჭოთა ემიგრაცია...” - განაგრძობს გამოცემა

“ირანელი მეცნიერი და ირანის ბირთვული პროგრამის ხელმძღვანელი მოჰსენ ფახრიზადე 27 ნოემბერს ჯერ კიდევ დაუდგენელ ვითარებაში მოკლეს. მოჰსენ ფახრიზადე 1958 წელს დაიბადა, კითხულობდა ფიზიკის კურსს იმამ ხომეინის სახელობის თეირანის უნივერსიტეტში. ამასთან, ხელმძღვანელობდა ირანის ფიზიკური კვლევების ცენტრს და მუშაობდა ბალისტიკური რაკეტების ბირთვული ქობინების შექმნაზე. იყო “ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის” ოფიცერიც”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში, სათაურით კვალს კვლავ "მოსადისკენ" მივყავართ?

“ირანსა და მის ფარგლებს გარეთ მოჰსენ ფახრიზადეზე თავდასხმის სხვადასხვა ვერსია გავრცელდა. ჯერ ამტკიცებდნენ, რომ მას თავს დაესხა 12 შეიარაღებული დივერსანტი, რომლებმაც კვალის არევისა და მოჰსენ ფახრიზადეს პირადი დაცვის ყურადღების გადატანის “გვერდითი” ოპერაცია ჩაატარეს, თანაც ირანის ოფიციალური პირები აღშფოთებას არ მალავდნენ, როგორ შეძლეს თავდამსხმელებმა შეუმჩნევლად და უდანაკარგოდ დანაშაულის ადგილიდან გაუჩინარებაო. რამდენიმე დღის შემდეგ ეს ვერსია რადიკალურად შეიცვალა. “ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის” ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს: “მკვლელობა დისტანციურად, სატელიტური კონტროლის, ხელოვნური ინტელექტისა და სახის ამოცნობის სისტემის საშუალებით მოხდა. თავდამსხმელები ადგილზე არ იმყოფებოდნენ, ავტომობილ “ნისანზე” დამონტაჟებულ თავდასხმის იარაღს სატელიტის საშუალებით მართავდნენ”. საკმაოდ ბუნდოვანი სურათია. რას უნდა უკავშირდებოდეს ირანის ხელისუფლების ეს ურთიერთგამომრიცხავი ვერსიები? ამის შესახებ ცოტა ქვემოთ გვექნება საუბარი”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ირანის ხელისუფლებამ მკვლელობაში პირველივე წუთებიდან, რაღა თქმა უნდა, ისრაელი დაადანაშაულა. თავდასხმის ზემოთ დასახელებული მეთოდი მართლაც უჩვეულოდ და ძნელად მისაღწევად ჩანს XXI საუკუნისთვისაც კი. თავდასხმის ორგანიზატორებს გარდა უმაღლესი ტექნოლოგიური მომზადებისა, მსხვერპლის გადაადგილების მარშრუტიც უნდა სცოდნოდათ, რაც მხოლოდ აგენტურული გზით შეიძლებოდა დაედგინათ. ვის შეიძლება ჰქონდეს უახლესი ტექნოლოგიები და ჰყავდეს უმძლავრესი აგენტურული ქსელი ირანში? უპირველესად ისრაელის სპეცსამსახურებს. ჩვენი აზრით, მათ მართლაც შეუძლიათ ამგვარი ურთულესი სპეცოპერაციების დაგეგმვა-ჩატარება, რაზეც ქვემოთ მოყვანილი ისტორიული მაგალითებიც მეტყველებს. ისრაელმა სპეცსამსახურების სახეობები და სტრუქტურა საბჭოთა კავშირის ანალოგიურად ააგო. საგარეო დაზვერვა (“მოსადი”), კონტრდაზვერვა (“შინ-ბეთი”) და სამხედრო დაზვერვა (“ამანი”) ახალშექმნილი სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველყოფის მთავარ ინსტრუმენტებად იქცნენ. მაშინაც და დღესაც ისრაელის სპეცსამსახურები სამი ნიშნით გამოირჩეოდნენ და გამოირჩევიან სხვა ქვეყნების სპეცსამსახურებისგან - ისინი არიან ყველაზე მცირერიცხოვანი, ფანატიკურები და დაუნდობლები...” - განაგრძობს გამოცემა.

“1752 წლის სექტემბერში თულქითაფასთან ბრძოლაში თეიმურაზ II-მ და ერეკლე II-მ სასტიკად დაამარცხეს შაქის ხანის ჰაჯი-ჩალაბის ლაშქარი. 1754 წლის 12 მარტს ქართლისა და კახეთის მეფეებმა სძლიეს ლაშქარს ყარაბაღის მფლობელი ფანაჰ ალი-ხანისა, რომელიც განჯის მიერთების ცდაზე ხელს არ იღებდა. ამით ქართლ-კახეთის სამეფოს ბატონობა განჯაზე უზრუნველყოფილ იქნა, ხოლო გვირგვინოსანმა მამა-შვილმა ამიერკავკასიაში თავიანთი პოზიცია უფრო განიმტკიცეს. უფლისწული დავით გიორგის ძე (1767-1819) მოგვითხრობს: “მეფე თეიმურაზ და მეფე ერეკლე წარვიდნენ მხედრობითა თვისითა ყარაბაღისა მოსატყვენად. მისრულთ განჯა მოარბივეს, ყარაბაღს მიუხდნენ, სრულებით მოაოხრეს. მუნ ყარაბაღისავე ხანი ფანა შემოება. სძლიეს ფანასა, დიდათ დაამარცხეს, თოფხანა სრულიად მოუღეს, დიდძალი იალაფეს და შემოიქცნენ გამარჯვებულნი. ხოლო ზარბაზანი მისნი არიან თელავის ციხესა შინა”. ქართველი მეფეების უზენაესობა ოფიციალურად აღიარეს: ერევნის, განჯის, შაქის, შამახიისა და ნახიჩევანის სახანოთა მფლობელებმა”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში, სათაურით ყარაბაღისა და საქართველოს ისტორიული კავშირები - უძველესი დროიდან XIX საუკუნემდე (გაგრძელება).

“ამან უფრო განამტკიცა ძალაუფლება ერეკლე II-ისა, რომელსაც სამხრეთ კავკასიაში ჰეგემონობის მოპოვება სურდა. ეს ცნობილი გახდა რუსეთის მთავრობისთვის. მას შემდეგ, რაც ერეკლე II-მ დაამარცხა ავღანი სარდალი აზატ-ხანი, რომელსაც შაჰობის პრეტენზია ჰქონდა და 1763 წელს დატყვევებული გაუგზავნა სპარსეთის ახალ მბრძანებელ ქერიმ-ხან ზენდს, მან ცნო ქართლ-კახეთი ერთ სამეფოდ და ერეკლეს უფლება განჯა-ერევნის სახანოებზე, ანუ ქართველი მეფის ჰეგემონობა სამხრეთ კავკასიის სახანოებზე. მანვე უბრძანა ხანებს, ერეკლეს დამორჩილებოდნენ. ამ ცვლილებებით პოლიტიკურმა საზღვარმა ქართლ-კახეთის სამეფოსა (მისი ქვეშევრდომი სახანოების ჩათვლით) და სპარსეთს შორის მდინარე არაქსზე გაიარა. ქართველი მეფის მიერ ქერიმ-ხანის ვასალობის აღიარება იმხანად მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებდა და ქართლ-კახეთის დამოუკიდებლობას არ ზღუდავდა. პროფესორ მამია დუმბაძის შეფასებით: “ქერიმ-ხანთან ერეკლეს შეთანხმება არსებითად ორი თანაბარი მხარის ზავს წარმოადგენდა და იმის დადასტურება იყო, რომ ირანის გამგებელი ქართლ-კახეთში ვერ გაბატონდებოდა. ერეკლეს სახელმწიფო კიდევ უფრო გაძლიერდა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“სპარსეთის მბრძანებელ ქერიმ-ხანის მიწვევით, ფანაჰ ალი-ხან ყარაბაღელი მასთან გაემგზავრა და სახანო თავის ვაჟს - მეჰრალი-ბეგს ჩააბარა. ქერიმ-ხანმა თავის მრჩევლად დანიშნა ფანაჰ ალი-ხანი, რომელიც 1763 წელს გარდაიცვალა. აღასი-ხან შირვანელის მიერ ყარაბაღის გამგებელ მეჰრალი-ბეგის მოკვლის (1759 წ.) შემდეგ, ყარაბაღის ახალი მმართველი გახდა ფანაჰ ალი-ხანის უმცროსი ვაჟი - იბრაჰიმ ჰალილ-ხანი (1732-1806). მან გამდგარი დიძაკის, ჯრაბერდისა და გულისტანის მელიქები ისევ ყარაბაღელი, კერძოდ, ვარანდისა და ხაჩენის მელიქების დახმარებით დაიმორჩილა. იბრაჰიმ ჰალილ-ხანმა მეფე ერეკლე II-სთან მტრობას მისი მოკავშირეობა ამჯობინა. ქართლ-კახეთის მეფეს მისი ვასალი ხანები ყოველწლიურად უხდიდნენ განსაზღვრულ თანხას, ხშირად კი მდიდრულ საჩუქრებსაც უგზავნიდნენ. მაგალითად, ერევნის ხანი 4 000 თავრიზულ თუმანს იხდიდა. ყოველივე ამის სანაცვლოდ, ხანები ერეკლე II-ს სთხოვდნენ ხანისა და სახანოს მთავარსარდლის თანამდებობებზე დამტკიცებას...”, - განაგრძობს გამოცემა.

“პანდემიით გამოწვეული დაძაბული ვითარების მიუხედავად, ახალი წელი მაინც სამხიარულო განწყობით შემობრძანდება და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაც სიხარულით გაუღებს კარს. უფრო მეტი ძნელბედობის ჟამი ადგა საქართველოს, ეს საყოველთაო ზეიმი კი თავისებურად, მაგრამ მაინც აღინიშნებოდა. ჩვენი სტატიის პერსონაჟებიც ის ადამიანები არიან, რომლებიც სხვადასხვა დროს ომსა და ჯართან იყვნენ დაკავშირებული და ახალ წელთან შეხვედრა უჩვეულო გარემოში უხდებოდათ. ვეტერანი ჟურნალისტი მარინე კუპრეიშვილი, აფხაზეთის ომის დროს ტელეკომპანია “აჭარაში” მუშაობდა. ქალბატონმა მარინემ აფხაზეთს ომის დაწყებისთანავე მიაშურა. მისმა კამერამ მრავალი ისტორიული კადრი აღბეჭდა, მათ შორის აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავას სიცოცხლის ბოლო წუთები; შუაზე გაწყვეტილი თვითმფრინავი, უკანასკნელი გემი, რომლითაც იქაურებმა აფხაზეთი სამუდამოდ დატოვეს. მის არქივში 48 ფირია, რომლებიც აფხაზეთის ომის მრავალ ფრაგმენტს ასახავს, მათ შორის 1993-ის დადგომას, რომელსაც ოჩამჩირის შტაბში მეომრებთან ერთად შეხვდა”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში, სათაურით ომის ვეტერანი და ჯარისკაცი ქალების ახალი წელი.

“ბათუმიდან ოჩამჩირეში 30 დეკემბერს გავემგზავრე ოჩამჩირელ ვახტანგ საჯაიასთან ერთად. რომ გაიგო, ოჩამჩირის ბატალიონის ბიჭებს ვიყავი შეპირებული, საახალწლოდ აუცილებლად ჩამოვალ და ახალ წელს თქვენთან ერთად შევხვდები-მეთქი, მარტო როგორ გაგიშვებო და წასვლის დრო დავთქვით. სააფთიაქო გაერთიანების ხელმძღვანელმა თემურ ფალავანდიშვილმა მეომრებისთვის სხვადასხვა დასახელების მედიკამენტი, გადასახვევი საშუალებები და საველე აფთიაქები გაგვიმზადა, ბათუმის თამბაქოს ფაბრიკამ კი სიგარეტები. საბაჟოს სამსახურმა ბათინკები, დათბილული ქურთუკები და მეზღვაურის მაისურები მოიტანა. ბათუმის სკოლის მოსწავლეებმა კონსერვები და ტკბილეული მოგვაწოდეს. მოკლედ, "გაზ-24" დავტვირთეთ და აფხაზეთში გავემგზავრეთ. მივედით ოჩამჩირის ბატალიონში, მოვიკითხეთ შტაბის ხელმძღვანელი ბუთხუზ თოხაძე. არასოდეს დამავიწყდება მისი გაოცებისგან ფართოდ გახელილი თვალები. კი ყოფილხარ სიტყვის პატრონი, მაგრამ ახლა მე მაცალეთ, ბიჭები უნდა გავახაროო. ჯერ მარტო შევიდა ოთახში, მერე გამოაღო კარი. შუა ოთახში იდგა ნაძვის ხე, “მოკაზმული” სხვადასხვა კალიბრის ვაზნებით, გულამოცლილი “ლიმონკებით” და ცარიელი კონსერვის ქილებით. მაშინვე ჩავრთე ვიდეოკამერა და გადავიღე ეს შთამბეჭდავი სანახაობა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მარინე კუპრეიშვილი.

“წარმოშობით გაგრელი ვარ. იქ დავიბადე და გავიზარდე. იქ ავიდგი ენა, იქ გავიგე და შევიგრძენი სამშობლოს სიყვარული... ომის დროს სოხუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ვმუშაობდი. მიუხედავად იმისა, რომ საავადმყოფოს სახურავზე გაკრული იყო თეთრი ტილო “წითელი ჯვრის” გამოსახულებით, ომის ყველა კანონის უხეში დარღვევით საავადმყოფოს ტერიტორია გამუდმებით იბომბებოდა”, - ამბობს აფხაზეთიდან დევნილი, აფხაზეთის ომის ვეტერანი თინათინ გაგილაძე. ექიმი საკუთარ სიცოცხლეს არ იშურებდა სხვების სიცოცხლის გადასარჩენად. ექიმიც იყო და ჯარისკაციც. სწორედ პროფესიული და მამულიშვილური ვალის პირნათლად მოხდისთვის დააჯილდოეს ღირსების ორდენითა და მედლით “საბრძოლო დამსახურებისათვის”... - განაგრძობს გამოცემა.

“მამაჩემის სიკვდილის შემდეგ, ჩემი დაბადების დღე არც მიყვარდა. ამას ისიც დაემატა, რომ 1992 წლის 23 ნოემბერს, აფხაზეთში, ტამიშში მას თანამებრძოლებთან ერთად ესროლეს, თავის ბე-ემ-პეში... კაპიტანი, რომელსაც მეგობრები “უკანდაუხეველს” ეძახდნენ, მეგობრებთან ერთად, იმ გასროლას შეეწირა. მისი დაკრძალვა 3 დეკემბერს დაემთხვა და მას შემდეგ სამუდამოდ დავივიწყე ეს დღე”, – ამბობს ასეულ “ღამურას” მეთაურის ვახტანგ (ხვიჩას) შანავას და ლიანა შანავა. მისმა ძმამ მანამდე საბჭოთა ჯარი გამოიარა, სადაც ტანკისტად იმსახურა და ინსტრუქტორს, რომელმაც საბრძოლო მანქანის ტარება ასწავლა, უთქვამს, ამ პატარა ქართველმა ყველა რეკორდი მოხსნა, ორ დღეში მძიმე ტექნიკას არავინ დაუფლებიაო. ვახტანგ შანავა მუსკომედიის მსახიობი იყო, ვერასდროს იფიქრებდა, რომ საბჭოთა ჯარში მიღებული გამოცდილება საკუთარ მიწაზე გამოადგებოდა, თუმცა სცენიდან პირდაპირ ფრონტის წინა ხაზზე აღმოჩნდა, საიდანაც ვეღარ დაბრუნდა...”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში, სათაურით ტამიშის ბრძოლას შეწირული კაპიტანი, რომელსაც უკან არასდროს დაუხევია...

“მეთაური სიკვდილის შემდეგ მედლით “მხედრული მამაცობისთვის” დააჯილდოეს. თბილისში, ყოფილი ვორონინის ქუჩას, სადაც ახალგაზრდა კაპიტანი ცხოვრობდა, ვახტანგ შანავას სახელი ეწოდა. “ჩემი ძმა დედმამიშვილებში ყველაზე უმცროსი იყო და შვილივით ვზრდიდით, მშობლები მუშაობდნენ და ჩვენ, უფროსები ვუვლიდით. ამიტომ მისი დაკარგვა ისეთივე აუტანელი იყო ჩვენთვის, თითქოს შვილი დაგვეღუპა. ცხედარი ძალიან დაზიანებული ყოფილა და თუთიის კუბოთი ჩამოასვენეს, ამიტომ გარდაცვლილი ოჯახის წევრებს არ გვინახავს. დედაჩემი ისე წავიდა იმ ქვეყნად, სჯეროდა ჩვენი ხვიჩა (ვახტანგი) ცოცხალი იყო და სიცოცხლის ბოლომდე ელოდა”, – ამბობს მისი და ლიანა. 1992 წლის ოქტომბერში მე-8 პოლკის ბაზაში შინაგანი ჯარის სადესანტო-მოიერიშე ასეული “ღამურა” შეიქმნა და მის მეთაურად ვახტანგ შანავა დაინიშნა. ახალგაზრდა ოფიცერი მაშინვე დანაყოფის ჩამოყალიბებას შეუდგა, რომელშიც ქართველებთან ერთად სომხები, აზერბაიჯანელები და უკრაინელები მსახურობდნენ. 23 ნოემბერს ასეულმა “ღამურამ” სოფელ ტამიშის მისადგომებთან ვახო შანავას შტაბიდან შეტევაზე გადასვლის ბრძანება მოუვიდა. მებრძოლები ბე-ემ-პეში ჩახტნენ და ტამიშის ფერმებისკენ დაეშვნენ. მათგან მხოლოდ დათო თეთრაძე გადარჩა, ვახტანგ შანავა, ზურა ვარსიმაშვილი, ელდარ ლოცულაშვილი და ნუკრი ჯაშიაშვილი დაიღუპნენ”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ვახო ჩემი ძმის მეთაური იყო. ის და მისი მეგობრები ჩემი ძმის, ვეფხია შიოშვილის გვერდიგვერდ იბრძოდნენ. აღარც ჩემი ძმაა ცოცხალი და არც მისი მეგობრები. მათი საერთო მეგობრები მამია ლაბაძე და ემზარ ელიაშვილი მიწევენ ძმობას. მათ ფოტოებს სიცილ-ტირილით ვათვალიერებ, უამრავი ტკბილ-მწარე მოგონება მაკავშირებს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირმა შიოშვილი. “ვახო შანავასა და ზურა ვარსიმაშვილის ცხედრები მე, გია დუღაძემ და ირაკლი კირვალიძემ ვიპოვეთ ტამიშის ფერმასთან. სულ დაფლეთილები იყვნენ. შანავა კამუფლაჟის ფორმით ვიცანი. ნამდვილი მეომრები იყვნენ, ჭეშმარიტი პატრიოტები, იმ იდეას შეეწირნენ, რომლისაც სჯეროდათ”, - ამბობს გამოცემასთან საუბრისას აფხაზეთის ომის ვეტერანი ზვიად ოლიჯაშვილი. “მე და ვახო შანავა ბავშვობის მეგობრები ვიყავით. მე მივიყვანე გვარდიაში. “ღამურა” შინაგანი ჯარების სპეციალური დანიშნულების დანაყოფი იყო. აფხაზეთის ომში პირველივე დღიდან ვმონაწილეობდით. პერიოდულად გამოვდიოდით ფრონტის ხაზიდან, შვებულებას გვაძლევდნენ და ერთმანეთს ვცვლიდით, შემდეგ ისევ ვბრუნდებოდით. ვახოს უკან დახევა არ სჩვეოდა, ეს მოწინააღმდეგემაც კარგად იცოდა და გააფთრებული ნადირობდნენ მასზე”... - განაგრძობს აფხაზეთის ომის ვეტერანი მალხაზ შაიშმელაშვილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა