საქართველოს მასშტაბით ხანძრებს 2 ვერტმფრენი, 70-ზე მეტი სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და 700-ზე მეტი მეხანძრე ებრძვის - ამ დროისთვის ხანძრის 8 კერაა დარჩენილი

საქართველოს მასშტაბით ტყის და მინდვრის ხანძრებს 2 ვერტმფრენი, 70-ზე მეტი სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და 700-ზე მეტი მეხანძრე ებრძვის. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დღის განმავლობაში რაჭასა და შიდა ქართლში მეხანძრე-მაშველებთან ერთად სასაზღვრო პოლიციის ორმა ვერტმფრენმა იმუშავა. ვერტმფრენებმა ამ დროისთვის მუშაობა შეაჩერეს და საჭიროების შემთხვევაში ხვალ დილიდან ისევ ჩაერთვებიან სამუშაოებში.

ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით დარჩენილია ხანძრის 8 კერა, საიდანაც 1 ლოკალიზებულია. ხანძრების შედეგად არავინ დაშავებულა. ბოლო სამი დღის განმავლობაში დაფიქსირდა 250 ხანძრის კერა, ტყესა და მინდვრებზე, მათგან 242 ლიკვიდირებულია. შიდა ქართლში, კასპში, რკონის ხეობაში ვერტმფრენის მუშაობის შემდეგ ვითარება დასტაბილურდა, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, მეხანძრე მაშველები მთელი ღამე ხეობაში დარჩებიან. რაჭა-ლეჩხუმში ხანძარი ლოკალიზებულია სოფელ ჩქუმში. ონჭევი- წოლასა და ლაილაშში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. იმერეთში ლიკვიდირებულია ხანძრები წყალტუბოში, სოფელ ზარათში და ხონში, სოფელ ძეძილეთში.

ქრობის სამუშაოები გრძელდება ხარაგაულში, სოფელ ნადაბურსა და ჭიათურაში, სოფელ ნავარძეთში. ორივე ლოკაციაზე მობილიზებული არიან მეხანძრე- მაშველები და მიმდინარეობს სალოკალიზაციო სამუშაოები. აჭარაში, ქედაში, სოფელი ბზუბზუში უწყვეტი სამუშაოების შემდეგ მოხდა ხანძრის ლიკვიდაცია. დარჩენილია რამდენიმე მცირე მხრჩოლავი კერა და მიმდინარეობს მათი დამუშავება.

სამეგრელოში ლიკვიდირებულია ხანძარი წალენჯიხაში სოფელ ჯაღირაში, აბაშაში, სოფელ წყემში და მარტვილში, სოფელ ბალდაში. ლოკალიზებულია ჯვარში, სოფელ მუჟავში, წალენჯიხაში, სოფელ სქურში, ნაფიხჩოვოში და ტალერში გრძელდება სალოკალიზაციო სამუშაოები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს - თავი შეიკავონ მინდვრებში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან. დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია და მშრალი ამინდი, რაც ხელს უშლის მეხანძრე-მაშველებს ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში. მინდორში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვამ შეიძლება გამოიწვიოს ხანძრის გავრცელება როგორც საცხოვრებელ სახლებზე, ასევე ტყის მასივებზე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა