ქართული პრესის მიმოხილვა 11.01.2021

თენგიზ ფხალაძე - “ბაიდენის ადმინისტრაცია კარგად იცნობს საქართველოს და ეს უნდა გამოვიყენოთ”

რა ელოდება საქართველოს აპრილში და რა შემთხვევაში აღდგება 16 იანვრიდან ტრანსპორტის და მაღაზიების მუშაობა

გიორგი გობრონიძე - რა უნდა უპასუხოს საქართველომ რუსეთის ახალ პროვოკაციას?!

ტყის ხანძრები აფხაზეთში - “დივერსიული აქტია, პოლიტიკური, თუ რუსეთის გეგმა - ეს არ ვიცი” - არეშიძე

“ოპოზიციის ბოიკოტი მხოლოდ მათ მარგინალიზაციას უწყობს ხელს”

რატომ დაუწესა აშშ-მა სანქციები რუსეთ-საქართველოს ომის გამომძიებელს

* * *

თენგიზ ფხალაძე - “ბაიდენის ადმინისტრაცია კარგად იცნობს საქართველოს და ეს უნდა გამოვიყენოთ”

“რაც ჩვენ 6 იანვარს ვიხილეთ, იყო ლოგიკური დასასრული იმ პროცესისა, რომელიც ბოლო პერიოდში მიმდინარეობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ვგულისხმობ საზოგადოების პოლარიზაციას, რაც პროცესების რადიკალიზაციაში გადაიზარდა, რასაც არავითარი კავშირი აღარ ჰქონდა არც ადამიანის უფლებებთან, არც ლიბერალიზმთან. გააქტიურდნენ რადიკალური, ნეოფაშისტური დაჯგუფებებიც, რომლებიც ყველაფერს აკეთებდნენ დესტაბილიზაციისთვის. როგორც აღმოჩნდა, ეს საფრთხე სათანადოდ ვერ შეაფასეს. სამწუხაროა, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა ვერ მოახერხა საზოგადოებაში პოლარიზაციის აღმოფხვრა. მართალია, ბოლოს ტრამპმა არა მარტო მოუწოდა პროტესტანტებს დაშლისკენ, არამედ ისიც თქვა, ჩემი ერთადერთი საზრუნავი ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარებააო, მაგრამ ეს დაგვიანებული იყო. თუმცა მის განცხადებებს ვითარების დეესკალაციისთვის ნამდვილად ჰქონდა მნიშვნელობა”, - აცხადებს ექსპერტი თენგიზ ფხალაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ბაიდენის ადმინისტრაცია კარგად იცნობს საქართველოს და ეს უნდა გამოვიყენოთ” / “ოდესმე ხომ უნდა გამოვიდეთ ამ მოჯადოებული წრიდან და გადავიდეთ იმ ეტაპზე, სადაც მრავალპარტიული დემოკრატია რეალურად იმუშავებს. არ შეიძლება 30 წლის განმავლობაში მუდმივად ერთი და იმავე შეცდომის გამოსწორება გვიწევდეს”.

“თანამედროვე მსოფლიოში არავინ, მათ შორის არც ძლიერი სახელმწიფოები, არ არის დაცული ჰიბრიდული საფრთხეებისგან. ჰიბრიდული ომი იმ ტიპის საფრთხეა, რომელიც უფრო და უფრო ვერაგი ხდება. არც ის არის საიდუმლო, რომ რუსეთი არის ერთ-ერთი სახელმწიფო, რომელიც მუდმივად აქეზებს ექსტრემიზმსა და რადიკალიზმს. შესაბამისად, აშშ-ში განვითარებულ პროცესებში რუსეთის ჩარევის რისკი საკმაოდ მაღალია და ამაზე მხოლოდ განცხადებები არ ყოფილა. მაგალითად, ამ საპროტესტო გამოსვლების ერთ-ერთი აქტივისტი იყო ვინმე რინალდო ნავარო და ის პირდაპირ დაკავშირებული აღმოჩნდა რუსეთთან. ასეთი სხვაც არაერთი იქნება. მთავარი მაინც ის არის, თვითონ სახელმწიფოში კარგად იყოს გაცნობიერებული ამ ტიპის საფრთხეები და რისკები. ამერიკას არაერთი კრიზისი გადაულახავს და ყოველთვის გამარჯვებული და უფრო ძლიერი გამოდის. ბაიდენის ადმინისტრაციაც უთუოდ ამ გზით წავა, ის გამოიტანს სათანადო დასკვნებს. ასე რომ, ვფიქრობ, ამერიკულ შიდა პოლიტიკაში ჩარევის ცდები იყო და იქნება, მაგრამ სისტემა, რომელმაც 6 იანვარს თავისი მედეგობა გვაჩვენა, ამგვარ რყევებს გაუძლებს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თენგიზ ფხალაძე.

“ჯო ბაიდენიც და მისი ადმინისტრაციაც კარგად იცნობენ საქართველოს, საზოგადოდ, რეგიონს, იცნობენ ჩვენს როგორც შიდა, ისე გარე გამოწვევებს. ასევე კარგად იცნობენ რუსეთს, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია. მოგეხსენებათ, სახელმწიფო მდივნად მოიაზრება ტონი ბლინკენი, რომელიც შესანიშნავად იცნობს საქართველოს. მან კარგად იცის, რა არის “ცივი” და ჰიბრიდული ომიც. ის ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც ყირიმის ოკუპაციის გამო რუსეთისთვის სანქციების დაწესებას მოითხოვდა. მოკლედ, ამ ადმინისტრაციას არ სჭირდება რეგიონის გაცნობა. მას უკვე აქვს ჩამოყალიბებული ხედვა სამხრეთ კავკასიის შესახებ. იმავდროულად, გაცხადებულია, რომ ახალი ადმინისტრაციის ერთ-ერთი პრიორიტეტი ახალგაზრდა დემოკრატიებისთვის დახმარების აღმოჩენა იქნება. ბაიდენის დევიზი, რომ ამერიკა უფრო ძლიერად დაბრუნდება მსოფლიო ასპარეზზე, ნიშნავს, რომ მისი, როგორც ლიდერის როლი გაიზრდება. ასევე ცნობილია პოზიცია, რაც ახალ ადმინისტრაციას შავი ზღვის შესახებ აქვს, რაც უმნიშვნელოვანესია ჩვენთვის. საქართველოს ინიციატივებზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული, მათ შორის საქართველოს ადგილი ამ გლობალურ დღის წესრიგში, სადაც მოხვედრა და აქტუალურობის შენარჩუნება ძალიან რთულია”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“უკვე ვთქვი, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია კარგად იცნობს საქართველოს და ეს უნდა გამოვიყენოთ როგორც შესაძლებლობა. დღეს საქართველოს კარგი პოზიცია აქვს, ამის გამოყენებისთვის კი საჭიროა ქვეყანაში შევქმნათ ისეთი გარემო, რომელიც მინიმუმამდე დაიყვანს პოლიტიკურ კრიზისებს საქართველოში. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი პოლიტიკოსების შეთანხმება შედგება, თუმცა ის განცხადებები, რომელთაც ვისმენთ, ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა - ისინი პოზიციების დაახლოებას კი არა, უფრო მეტად პოლარიზებას ცდილობენ. არადა, უმნიშვნელოვანესია ქვეყნისთვის, თუ როგორ დააღწევს ამ კრიზისს თავს საქართველო. ბოლოს და ბოლოს, ყველა უნდა დავფიქრდეთ, მაინც როგორი სახელმწიფო გვსურს და როგორ წარმოგვიდგენია ჩვენი შემდგომი განვითარება. ოდესმე ხომ უნდა გამოვიდეთ ამ მოჯადოებული წრიდან და გადავიდეთ იმ ეტაპზე, სადაც მრავალპარტიული დემოკრატია რეალურად იმუშავებს. არ შეიძლება 30 წლის განმავლობაში მუდმივად ერთი და იმავე შეცდომის გამოსწორება გვიწევდეს”, - მიიჩნევს ექსპერტი.

“2021 წელი საიუბილეო წელია საქართველოს დღევანდელი რესპუბლიკისთვის, დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 30 წელი ხდება. ამ თარიღს საქართველო კალენდარში განსხვავებული ფერით კი არ უნდა შეხვდეს, არამედ როგორც სახელმწიფო, რომელმაც ამ წლების განმავლობაში პოლიტიკური გამოცდილება შეიძინა და სათანადო დასკვნებიც გამოიტანა. თუ ეს მოვახერხეთ და საქართველო შეხვდა იუბილეს როგორც ფუნქციონირებადი დემოკრატია, რომელმაც ისწავლა კრიზისების გადალახვა, ეს უმნიშვნელოვანესი იქნება ჩვენი განვითარებისთვის. ბევრს ვლაპარაკობთ, რომ 2024 წელს ვაპირებთ ევროკავშირში გაწევრებაზე განაცხადის გაკეთებას. თუ ამას მართლაც ვგეგმავთ, მაშინ ეს ჩვენგან დიდ ძალისხმევას მოითხოვს სწორედ შიდა რეფორმების თვალსაზრისით, რაც პოლიტიკური კულტურის ამაღლებასაც გულისხმობს, ეს კი განსხვავებული მოსაზრებების მქონე მხარეების თანამშრომლობას მოითხოვს. იმედია, ამას გააცნობიერებენ პოლიტიკოსები”, - დაასკვნის თენგიზ ფხალაძე და შეკითხვაზე - “ნინო ანანიაშვილის გადაწყვეტილებაზე მინდა გკითხოთ...” - პასუხობს:

“მთავარი ის კი არ არის, მე და თქვენ რას ვფიქრობთ კულტურაზე, არამედ ის, რომ ის სახელმწიფო, რომელზეც ჩვენ ვლაპარაკობთ, როგორ აღიქვამს მას. ამისთვის გადავხედოთ მის სტრატეგიულ დოკუმენტებს, სადაც პირდაპირ წერია, რომ კულტურა არის რუსეთის პოლიტიკის, მათ შორის საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტი. ჩვენ ამას დავინახავთ და გავიგებთ თუ თვალს დავიბრმავებთ და დავიყრუებთ, ეს ჩვენი პრობლემაა. ამ ბერკეტს როგორ იყენებს რუსეთი, ამის მაგალითიც მრავლად გვაქვს - გავიხსენოთ, როგორ ცდილობს გადაწეროს ისტორია და ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების თაობაზე ინფორმაცია აბსოლუტურად გაყალბებულად წარმოაჩინოს. გავიხსენოთ ჩვენი კულტურის ძეგლები ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რომლებიც იავარყოფილია - მათ ისტორიულ სახეს უცვლიან, ცდილობენ ყველაფერი გაარუსულონ, ქართული კი ამოშანთონ”.

“დასანანია, რომ ადამიანი, რომელიც სარგებლობს არა მარტო დიდი ავტორიტეტით, არამედ დიდი სიყვარულით, იღებს გადაწყვეტილებას, რომ წავიდეს ოკუპანტი სახელმწიფოს სამსახურში. მაგრამ, თუ ეს არის მისი პირადი გადაწყვეტილება, ეს შეიძლება მხოლოდ გულსატკენი იყოს ჩვენთვის, მაგრამ თუ ეს ადამიანი არის არა მარტო ხელოვნების მოღვაწე, არამედ სახელმწიფო თეატრის ხელმძღვანელიც, მისი პასუხისმგებლობა ასმაგად იზრდება. დიახ, ანანიაშვილი არის არა კერძო დასის, არამედ სახელმწიფო დასის ხელმძღვანელი, ამიტომ ცოტა მეტი პასუხისმგებლობა არ აწყენდა მსგავსი გადაწყვეტილებების მიღებისას. ვერ წარმომიდგენია ადამიანი იყოს სახელმწიფო დასის ხელმძღვანელი და თან მსახურობდეს ოკუპანტ ქვეყანაში. ამ რაკურსით საკითხი პირველად არ წამოჭრილა, ამიტომ კარგი იქნება, თუ ჩამოვყალიბდებით, რას ვუწოდებთ ოკუპაციას. ოკუპაცია უპირველეს ყოვლისა არის სულიერი დამოკიდებულება ამ უმძიმესი საკითხისადმი. ყველას, ვინც ამართლებს ასეთ ქმედებებს, მინდა ვკითხო, როგორ წარმოუდგენიათ, ვთქვათ, მეორე მსოფლიო ომის დროს, 1941-45 წლებში, საბჭოთა კავშირიდან ვინმე წასულიყო გერმანიაში სამუშაოდ ან მოსკოვში ჩატარებულიყო გერმანიის კულტურის დღეები?!” - დასძენს ფხალაძე.

რა ელოდება საქართველოს აპრილში და რა შემთხვევაში აღდგება 16 იანვრიდან ტრანსპორტის და მაღაზიების მუშაობა

“თუ ვაქცინაცია დროულად დაიწყება, ზამთრის პერიოდში რეკომენდაციებს დავიცავთ და სტაბილური ეპიდსიტუაციის შენარჩუნებას მოვახერხებთ, ამ შემთხვევაში, ჩემი აზრით, საქართველოსთვის მესამე ტალღა არ იქნება ისეთი დამანგრეველი”, - ასე აფასებს “რეზონანსთან” საუბრისას ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა ჯანდაცვის ექსპერტის გიორგი ფხაკაძის განცხადება იმის შესახებ, რომ მათმატიკური გათვლებით, მსოფლიოში კორონავირუსის მესამე ტალღა აპრილშია მოსალოდნელი”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით რა ელოდება საქართველოს აპრილში - ეპიდემიის მესამე ტალღა და სამი გადამწყვეტი ფაქტორი.

“მათემატიკური გათვლებით, მესამე ტალღა უნდა დაიწყოს აპრილში. მთელი მსოფლიო ელოდება და არის მოლოდინის რეჟიმში. მაგრამ, ისევე, როგორც ჩვენ მოგვივიდა მეორე ტალღის შემთხვევაში, როცა ველოდებოდით ნოემბერში და მივიღეთ სექტემბერში, თუ არ მივიღებთ სწორ გადაწყვეტილებას, იმის ნაცვლად, რომ მესამე ტალღა აპრილში იყოს და იქამდე კარგად მოვემზადოთ, მივიღებთ უფრო ადრე”, - ამბობს ფხაკაძე. გოგინავას თქმით კი, საქართველოში იქნება თუ არა გაზაფხულით მესამე ტალღა და რამდენად მწვავე შეიძლება იგი აღმოჩნდეს, ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის იმუნური ფენის ჩამოყალიბებაზე, რეგიონის ეპიდსიტუაციაზე და ვაქცინაციის დაწყებაზე”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ტალღების შეფასება ზოგადად რთულია. მოგეხსენებათ, რომ სხვადასხვა ქვეყანაში და რეგიონში სხვადასხვანაირად მიმდინარეობს. ჩვენთან, საქართველოში პირველი ტალღა საერთოდ არ ყოფილა. როგორც მოგეხსენებათ, ერთეული შემთხვევები იყო და როდესაც მსოფლიოში მეორე ტალღა იყო, ჩვენთან შემთხვევების მატება მაშინ იყო. ზოგადად მესამე ტალღა მსოფლიოში შესაძლოა იყოს, თუმცა ჩვენთან ეს იქნება მესამე ტალღა, თუ მეორე ტალღის გაგრძელება, ძნელი სათქმელია. ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული. ერთი იმაზე, თუ იმუნური ფენა რამდენად შეიქმნება, მეორე იმაზე, თუ ამ დროისთვის ვაქცინაცია რამდენად იქნება და მიზანჯგუფების ვაქცინაციით მოცვა რამდენად მოხდება. ასევე ჩვენს რეგიონში არსებულ ეპიდსიტუაციაზე. წინასწარ რთული სათქმელია მესამე ტალღა რანაირი იქნება და იქნება თუ არა საერთოდ. თუმცა ვთვლი, რომ თუ ვაქცინაცია დროულად დაიწყება, ზამთრის პერიოდში რეკომენდაციებს დავიცავთ და სტაბილური ეპიდსიტუაციის შენარჩუნებას მოვახერხებთ, ამ შემთხვევაში, ჩემი აზრით, საქართველოსთვის მესამე ტალღა არ იქნება ისეთი დამანგრეველი და შედარებით მსუბუქი მიმდინარეობის იქნება, როდესაც ყოველდღიურად რამდენიმე ათასი ახალი შემთხვევა არ გვექნება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ალექსანდრე გოგინავა.

“მოგეხსენებათ, რომ ეს დაავადება საქართველოში დაახლოებით 300 ათას ადამიანს გადატანილი აქვს. პლიუს ამას დაახლოებით იმდენივე ადამიანია, ვინც შეიძლება ისე გადაიტანა, რომ არ იცის, თუ ჩავთვლით, რომ უკვე ნახევარმილიონამდე ადამიანი იმუნიზირებულია და პლიუს ამას ვაქცინაცია დაემატება, იმუნური ფენა შექმნილი იქნება და შესაბამისად, გაზაფხულზე ახალი შემთხვევების რაოდენობა ბევრი არ იქნება, იქნება რამდენიმე ასეული, მაქსიმუმ ათასიდან ორ ათასამდე”, - დასძენს გოგინავა.

“ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის, უწყებათაშორისო საკორდინაციო საბჭო ყოველდღე იკრიბება, მიდის დაკვირვება და ანალიზი ახალი წლის დღეებში გაზრდილი მობილობა ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე როგორ აისახა. 14-დღიანი ციკლი გავიდა. თუ ეპიდვითარება ნახტომისებურად არ წავიდა, ორ სამ დღეში გაირკვევა მოიხსნება თუ არა შეზღუდვები”, - განაცხადა “რეზონანსთან” საუბრისას პარლამენტის წევრმა ლადო კახაძემ შეზღუდვების მოხსნსთან დაკავშირებით საუბრისას”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რა შემთხვევაში აღდგება 16 იანვრიდან საქალაქო ტრანსპორტის, მაღაზიებისა და ბაზრობების მუშაობა.

“უწყებათაშორისო საკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში გამკაცრებული ძირითადი შეზღუდვები 16 იანვრამდე რჩება ძალაში. 16 იანვრიდან კი მკაცრი აკრძალვები შეიძლება მოიხსნას. აღდგება მუნიციპალური და საქალქთაშორისო ტრანსპორტის, სავაჭრო ობიექტების, ღია და დახურული ბაზრობების მუშაობა, გარდა შაბათ-კვირისა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“საბჭო ყოველდღე იკრიბება, ხდება გაანალიზება ახალი წლის დღეებში გაზრდილი მობილობა ეპიდვითარებაზე როგორ აისახა. 14 დღიანი ციკლი გავიდა, ვითარება არ არის საგანგაშო და სისტემაც უძლებს, მაგრამ თუ ეპიდვითარება გამძაფრდა და ნახტომისებურად წავიდა, შეზღუდვები ვერ მოიხსნება. ჩვენ დამშვიდების საფუძველი ჯერ არ გვაქვს. თუ სიტუაცია დასტაბილურდა, მთავრობის გეგმის მიხედვით, ტრანსპორტიც ამოუშავდება და სავაჭრო ობიექტებიც გაიხსნება გარდა შაბათ-კვირისა. მაგრამ ჯერ ეს საკითხი გადაწყვეტილი არ არის, ეს ორ-სამ დღეში გაირკვევა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლადო კახაძე.

გიორგი გობრონიძე - რა უნდა უპასუხოს საქართველომ რუსეთის ახალ პროვოკაციას?!

“მიხაილ პეტრაკოვი ვერაფერს შეცვლის, რადგან საქართველო-რუსეთის ურთიერთობაში მთავარი პრობლემა სხვაგან არის. მას უკვე ოკუპირებული აქვს ორი რეგიონი და ცალმხრივად მათი დამოუკიდებლობაც აღიარა. ახლა კი ჩვეული ვერაგობით ოფიციალურად გვთავაზობს თანამშრომლობას, თითქოს მას საქართველოსთან კონფლიქტი არა აქვს და მისი ჯარი არ დგას ამ ქვეყნის ტერიტორიაზე. ეს ორი რეგიონი მან საერთაშორისოდ აღიარა, ირწმუნება, რომ დამოუკიდებელი, ახალშექმნილი რეგიონებია და ის მხოლოდ მათ ინტერესებს იცავს, თუმცა თავად მისი ინტერესებია გადამწყვეტი, მათ შორის ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხშიც. რუსეთი საკუთარი ინტერესებისამებრ მონიშნავს საზღვრებს. ამ ინიციატივით გვეუბნება, ამ რეგიონებში რუსეთი საქართველოსგან დამოუკიდებლად არსებობს და ამას საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზე გავლენა არ უნდა ჰქონდესო. ამ ფორმულირების მიღმა არის ორი ქვეყნის ძალზე ვერაგი, ღრმა და ბევრის მომცველი კონფლიქტი. ამ რეალობასთან შეგუებას აიძულებს რუსეთი მსოფლიოს, მათ შორის საქართველოსაც”, - აცხადებს საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი გიორგი გობრონიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით რა უნდა უპასუხოს საქართველომ რუსეთის ახალ პროვოკაციას?!

“რუსეთის ინტერესებში შეიძლება საკითხი სხვაგვარადაც დადგეს: პირველი - თუ როგორ გაიმიჯნება ოკუპირებულ ორ რეგიონში საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარი. მაგალითად, თუ აქამდე საქართველო-რუსეთის საზღვარი როკის გვირაბის ჩრდილოეთით გადიოდა, შესაძლოა ბიბილოვის ხელმძღვანელობას ამჯერად მოსთხოვონ, რომ “საზღვარი” სამხრეთით გადაიტანონ და მთელი როკის გვირაბი რუსეთის შემადგენლობაში მოექცეს. ცხადია, კრემლს ურჩევნია როკის გვირაბს თავად აკონტროლებდეს, მით უფრო, მისი შენახვის ხარჯებს თავად იხდის და იტყვის, ბარემ მე დამიქვემდებარეთო. თუმცა არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, რუსეთი აქეთ გაატარებს თუ იქით საზღვარს, რადგან მას მთლიანად რეგიონი აქვს ოკუპირებული. ახლა ქართული მხარის “საზღვარი” ენგურსა და გორის მთავარი ავტომაგისტრალიდან რამდენიმე ათეულ მეტრში გადის. ამასთან, რუსეთს სათქმელიც ექნება, იმ “ქვეყნების ხელისუფლებებთან” შეთანხმებითა და მათი აზრის გათვალისწინებით ვმოქმედებო და შეიძლება დანარჩენი სტრატეგიული ობიექტებიც მიაყოლოს. ეს არსებულ მძიმე რეალობაში ჩვენთვის არაფერს ცვლის, მაგრამ ჩვენმა სახელმწიფომ თავს მოდუნების საშუალება არ უნდა მისცეს. მან ნებისმიერი მექანიზმი უნდა გამოიყენოს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი გობრონიძე.

“პოლარიზებული პოლიტიკური საზოგადოება გვყავს, თუმცა ეს არ უნდა უშლიდეს ხელს არც პატრიოტიზმს და არც სახელმწიფოსთვის მსახურებას. საქართველოში პოლიტიკურ კლასს, რომელშიც ყველა პარტიას ვგულისხმობ, ან სათანადოდ არა აქვს გაცნობიერებული საფრთხეები, ან კომპეტენცია არ ჰყოფნის და, ალბათ, ამიტომ არა აქვს დღის წესრიგში დაყენებული ოკუპირებულ რეგიონებში მოსალოდნელი საფრთხე. გამუდმებით ლაპარაკობენ მეორეხარისხოვან პრობლემებსა და იმაზე, რას აჩვენებს ესა თუ ის კვლევა. არადა, რომელი პოლიტიკური გუნდიც უნდა მოვიდეს ქვეყნის სათავეში, ეს პრობლემები მისი მოსაგვარებელი იქნება. ამას ვერ აცნობიერებენ და პარლამენტში შესვლა-არშესვლაზე კამათობენ. ხელისუფლებამ და ოპოზიციამ თუნდაც პარლამენტს მიღმა თავისუფლად შეიძლება იმსჯელონ ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე. ეს მხოლოდ სამოქალაქო თანასწორობის სამინისტროს ან სუს-ის ანალიტიკური კომისიის საქმე არ უნდა იყოს. იმ რეგიონებში მიმდინარე პროცესები მხოლოდ ამ ორი უწყების საზრუნავი კი არა, ყველას საფიქრალია. შეიძლება პოლიტიკურ საკითხებზე, პარლამენტში შესვლა-არშესვლაზე, გადასახადებსა და სხვა თემებზე ერთმანეთი დაჭამონ, მაგრამ არის საკითხები, რაზეც არავინ უნდა კამათობდეს და ერთიანი პოზიცია უნდა ჰქონდეთ”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“მაშინ იქნება კამათი ჯანსაღი და საგარეო ასპარეზზე კომუნიკაციაც სწორი, ისე, როგორც ისრაელში ხდება. სხვადასხვა სახელმწიფო საკითხზე მათი აზრი როგორი ერთიანია, თუ დასჭირდათ, კბილებით გაიტანენ, თუმცა შიდა საკითხებზე შესაძლოა ერთმანეთი არ დაინდონ. ასეთ დროს გარე ძალების ჩარევა და ხელოვნური დაძაბულობა ყოველთვის შეთქმულების თეორია მგონია. რუსეთის (და არა მარტო) სპეცსამსახურებს აქვთ თავიანთი ინტერესები და მუშაობენ კიდეც, ეს საფრთხე მუდმივად არსებობს, მაგრამ იმაზე ლაპარაკი, რომ პოლიტიკური კლასი მათთან არის აფილირებული, მთლად ეთიკური არ არის. ასევე არასერიოზულია, როცა მთავრობა და ოპოზიცია ერთმანეთს რუსეთის აგენტობაში ადანაშაულებენ. ეს სერიოზული ბრალდებაა, არც ერთს არა აქვს საამისო უტყუარი მტკიცებულება, სხვა შემთხვევაში კი ეს ჭორაობაა, რასაც პოლიტიკოსი არ უნდა კადრულობდეს. ეს უფრო კომპეტენტურობისა და პოლიტიკური პროფესიონალიზმის პრობლემაა”, - მიიჩნევს ექსპერტი.

“დღეს, ერთი-ორი გამონაკლისის გარდა, ჩვენს პოლიტიკურ კლასში ვერ ვხედავ იმ კალიბრის კადრს, რომელსაც პოლიტიკის განსაზღვრა შეუძლია. არიან კარგი მენეჯერები, აქტივისტები, სპეციალისტები, უცხოეთში განათლებამიღებულები, მაგრამ ეს კარგ პოლიტიკოსობას არ ნიშნავს. მათი მესიჯბოქსები რამდენიმე ენჯეოსა და მედიაკლიშესგან შემდგარი ნარატივია. როცა ამა თუ საინფორმაციოს ვუსმენ, წინასწარ შემიძლია გამოვიცნო, ვინ რას იტყვის, ვის როგორი პოლიტიკური ხედვა აქვს. ამ სიტუაციაში უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს რაში სჭირდებათ დამატებით მუშაობა, ეს ხომ ისედაც ასეა. პოლიტიკური კლასი არ არის ფორმირებული. თუმცა პარლამენტში კარგი აქტივისტები არიან და უნდა იყვნენ კიდეც, მაგრამ თითქმის არ არიან ამა თუ იმ საკითხზე, ღირებულებაზე, იდეოლოგიაზე, ცოდნასა და პატრიოტიზმზე დაფუძნებული მსჯელობის უნარის მქონე პოლიტიკოსები, რის შედეგსაც ქვეყანა იმკის”, - დაასკვნის გიორგი გობრონიძე და შეკითხვაზე - “ამერიკაზეც გკითხავთ... როგორ ფიქრობთ, ჩვენთვის რა შეიცვლება?” - პასუხობს:

“ის საპრეზიდენტო დრამა, რომელიც ახლა ამერიკაში თამაშდება, არ ნიშნავს, რომ ამ სახელმწიფოს ჩვენთვის არ სცალია. ამერიკა-საქართველოს ურთიერთობა ისე ვითარდება, როგორც უნდა ვითარდებოდეს და როცა საჭირო იქნება, აუცილებლად მოიცლიან. თუმცა არის კიდევ ერთი საკითხი - ვართ თუ არა მისი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი. ეს დაახლოებით იმ სერიიდან არის, ვართ თუ არა რეგიონში ყველაზე დემოკრატიული ქვეყანა, რადგან სამხრეთ კავკასიაში ასეთი სურათია: სომხეთი მთლიანად მიბმულია რუსეთზე, აზერბაიჯანი კი ლამის თურქეთთან ერთ სახელმწიფოდ გამოცხადებული ქვეყანაა. დასავლეთს საქართველო რჩება ყველაზე სანდო პარტნიორად, მაგრამ გააჩნია, რა ხდება რეგიონში. ამ პრინციპით ირანზე დემოკრატიული ქვეყანა ვართ, მაგრამ ვის ვედრებით, ხომ აქვს მნიშვნელობა?”

“ევროკავშირი-ნატოსთან მეტი დაახლოების საკითხებზე მუშაობის მაგივრად, სხვადასხვა ქვეყნების ელჩები ფასილიტატორობით არიან დაკავებული და ცდილობენ ქართველი პოლიტიკოსების მოლაპარაკება შედგეს, თითქოს ომი იყოს ქვეყანაში. ამიტომ ვამბობ, რომ შეუმდგარი პოლიტიკური კლასი გვყავს. სირცხვილია, როცა უცხო ქვეყნის ელჩი გჭირდება, თან ერთი კი არა, ბევრი, რომ შენივე ქვეყანაში შენს კოლეგას დაელაპარაკო. რანაირი მთავრობა ხარ, მათი შუამავლობა რომ გჭირდება, ან რანაირი ოპოზიცია, თუ ოპონენტს პირისპირ ვერ ელაპარაკები. ელჩების მოვალეობაა საქართველოსა და თავიანთ ქვეყნებს შორის ურთიერთობის განმტკიცება. ახლა კი მოლაპარაკების არაერთი რაუნდის გამართვა სჭირდებათ, არიქა, თქვენი ჭირიმე, ისაუბრეთ და სამოქალაქო ომი არ დაიწყოთო. წამყვანი ქვეყნების ელჩები ლამის პოლიტიკურ აქტივისტებად გადავაქციეთ და რაც ყველაზე მარაზმია, ქართველი პოლიტიკოსები მათ თავს ესხმიან და აკრიტიკებენ მაშინ, როცა ისინი გვეხვეწებიან, ერთმანეთთან ისაუბრეთო. ჩვენი პოლიტიკური ლანდშაფტი არ იცვლება, ეს კი არავისთან პარტნიორობას არ ადგება. თუ ასე გავაგრძელებთ, ვაშინგტონი კი არა, არავინ არ მოიცლის ჩვენთვის, რადგან საქართველოში ინვესტირება, ურთიერთობების გაღრმავება არარენტაბელური გახდება”, - დასძენს გიორგი გობრონიძე.

ტყის ხანძრები აფხაზეთში - “დივერსიული აქტია, პოლიტიკური, თუ რუსეთის გეგმა - ეს არ ვიცი” - არეშიძე

“ჩემი კოლეგები აფხაზეთში ვერ მაძლევენ გასაგებ პასუხს იმაზე, თუ რატომ არ ინდომებენ არა მხოლოდ ქართული მხარის წინადადებაზე დათანხმებას, არამედ არც რუსული მხარისგან არ ცდილობენ აქტიურად დახმარების მიღებას”, - ასე აფასებს “რეზონანსთან” საუბრისას ანალიტიკოსი მამუკა არეშიძე აფხაზეთში მასშტაბური ტყის ხანძრების გამო შექმნილ კრიტიკულ სიტუაციაზე დე ფაქტო ხელისუფლების მშვიდ რეაქციას. იანვარში აფხაზეთის ტერიტორიაზე რამდენიმე ადგილას მასშტაბური ხანძარები დაიწყო. ცეცხლი ზოგ შემთხვევაში დასახლებულ პუნქტებამდეც მივიდა. უკვე დამწვარია რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და დამხმარე ნაგებობები. შაბათს ღამით ცეცხლმა ქალაქ გაგრის გარეუბნებსაც მიაღწია. დე ფაქტო ხელისუფლება ხანძრის დაწყებას “ადამიანურ ფაქტორს” უკავშირებს და დღემდე ვერ ახერხებს მის სრულად ლიკვიდირებას”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ტყის ხანძრები აფხაზეთში შესაძლოა დივერსიის შედეგი იყოს - “ჩემი აფხაზი კოლეგები ამაზე გასაგებ პასუხს ვერ მაძლევენ”.

“ხანძრების სერია 1 იანვარს დაიწყო სოხუმში, სადაც 300 კვადრატული მეტრის ტყის მონაკვეთს წაეკიდა ცეცხლი. შემდეგ ხანძარი გაჩნდა გალში, სადაც სტიქია დასახლებულ პუნქტს მიუახლოვდა, რის შედეგადაც 3 სახლი დაიწვა. 6 იანვარს გავრცელებული ცნობის თანახმად, მასშტაბური ცეცხლი გაგრამდე მივიდა, სადაც სიტუაცია საგრძნობლად გართულებული იყო. ხანძართან ერთან კლდიდან ქვების ცვენა დაიწყო ფსოუ-ენგურის ტრასასთან ახლოს. 7 იანვარს ხანძარი გაგრაში საცხოვრებელი სახლებიდან დაახლოებით 150 მეტრში მძვინვარებდა. 8 იანვარს დე ფაქტო საგანგებო სიტუაციათა სამინისტრომ გაავრცელა ცნობა, რომ გაგრაში ხანძარი მთლიანად ჩააქრეს, თუმცა ადგილობრივები სოციალურ ქსელში ავრცელებდნენ ფოტოსურათებსა და ვიდეოებს, სადაც ჩანდა, რომ ხანძარი ჯერ კიდევ არ იყო ბოლომდე ლოკალიზებული. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრმა, თეა ახვლედიანმა საგანგებო ბრიფინგზე აფხაზურ მხარეს ხანძრების ლიკიდირებაში დახმარება შესთავაზა, თუმცა 8 იანვარს ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ განაცხადა, რომ “შესაბამისი სამსახურები უმკლავდებიან ვითარებას” და უარი თქვა დახმარების მიღებაზე”, - აღნიშნავს გამოცემა.

“იმავე დღეს დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ პირად კონტროლზე აიყვანა ხანძრებთან ბრძოლის პროცესი. ე.წ. საგანგებო სიტუაციების მინისტრის, ლევ კვიცინიას განცხადებით, ამჟამად ცეცხლის გავრცელების ინტენსივობა მცირდება და დასახლებულ პუნქტებს არანაირი საფრთხე არ ემუქრებათ. კვიცინიას თქმით, ის რუსეთის საგანგებო სიტუაციების მინისტრის მოადგილე პაველ ბარიშევს ესაუბრა, რომელმაც უთხრა, რომ რუსეთი მზადაა დაეხმაროს დე ფაქტო აფხაზეთს ხანძრის ჩაქრობაში საჰაერო ძალებით. “რეზონანსთან” საუბრისას ანალიტიკოსმა მამუკა არეშიძემ განაცხადა, რომ მისთვის გაუგებარია რატომ ამბობენ აფხზეთში უარს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან დახმარებაზე. აფხაზურ საზოგადოებაში კი ბოლო დროს აქტიურად ვრცელდება მოსაზრება, რომ ეს ხანძრები ხელოვნურადაა მოწყობილი და გარკვეული ბიზნეს-ჯგუფების კომერციულ ინტერესებს უკავშირდება. ამას არც არეშიძე გამორიცხავს”, - დასძენს გამოცემა.

“ხანძრის ჩაქრობის საკუთარი რესურსი და ინფრასტრუქტურა არ გააჩნიათ. გარდა ამისა, უაზრო სიჯიუტე აქვთ, რომელიც ჩემთვის გაუგებარია, ბოლომდე ვერ მივხვდი რატომ ხდება ასე. ჩემი კოლეგები აფხაზეთში ვერ მაძლევენ გასაგებ პასუხს იმაზე, თუ რატომ არ ინდომებენ არა მხოლოდ ქართული მხარის წინადადებაზე დათანხმებას, არამედ არც რუსული მხარისგან არ ცდილობენ აქტიურად დახმარების მიღებას. შთაბეჭდილება მაქვს, რომ გარკვეული დივერსიული მოქმედებაა ეს, ან ბიზნეს კლანების დაპირისპირება. სხვა რა უნდა იყოს, ვერ ვხვდები. ახლა არ არის წელიწადის ის დრო, რომ ხანძარი თავისით დაიწყოს. გაგრის ტყეში რატომ უნდა გაჩენილიყო ცეცხლი, ვერ ვხვდები. შესაძლოა დაუდევრობის ბრალია, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ხანძარი არაკეთილსინდისიერი ქმედებითაა გამოწვეული. თუმცა დივერსიული აქტია, პოლიტიკური, თუ რუსეთის გეგმა - ეს არ ვიცი”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.

“ოპოზიციის ბოიკოტი მხოლოდ მათ მარგინალიზაციას უწყობს ხელს”

“2021 წელი ქართულ პოლიტიკაში მოულოდნელობით დაიწყო. პოლიტიკით დაინტერესებული საზოგადოება 2020 წლის ბოლოს “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერებმა ოპოზიციის აზრის გაზიარებითა და სადეპუტატო მანდატებზე უარის თქმით გააკვირვეს, 2021 წელი კი პარტიის უკვე ყოფილმა წევრებმა დაიწყეს ექსკლუზივით და ოთხი მათგანი პირველივე კვირაში გამოცხადდა პარლამენტში. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ პარტიაში დარჩენილ ლიდერებს პოლიტიკური არეალიდან გაქრობა უწინასწარმეტყველა და იმედი გამოთქვა, რომ თვითგანადგურების პროცესი “ნაციონალურ მოძრაობაშიც” წარმატებით დასრულდება. მმართველი გუნდის ლიდერები აცხადებენ, რომ უახლოეს მომავალში სხვა ოპოზიციური ჯგუფებიც წარდგებიან პარლამენტში და ირწმუნებიან, რომ მოლაპარაკებაში მონაწილე ოპოზიციონერ ლიდერებს მეტ კომპრომისზე მოუწევთ წასვლა”, - წერს გაზეთი “კვირის პალიტრა” სტატიაში, სათაურით “ოპოზიციის ბოიკოტი მხოლოდ მათ მარგინალიზაციას უწყობს ხელს”.

“ჩვენ მზად ვართ კონსტრუქციული დიალოგის ფორმატში საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად გავმართოთ დისკუსია სხვადასხვა საკითხზე. ჩვენ გაჟღერებული გვაქვს, სად არის წითელი ხაზები... პირველი ოპოზიციური ჯგუფი უკვე წარმოდგენილია პარლამენტში და მოლოდინი გვაქვს, რომ ახლო პერიოდში კიდევ გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც საკუთარ ამომრჩეველს პატივს სცემენ და საპარლამენტო საქმიანობას შეუდგებიან~, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა. მოლაპარაკებისთვის მზაობას გამოხატავს ოპოზიციაც, თუმცა ირწმუნება, რომ 4 კაცის პარლამენტში შესვლით მათი პოზიციები არ შესუსტებულა და არც კომპრომისზე აპირებენ წასვლას. შეცვალა თუ არა პოლიტიკური რეალობა `პატრიოტთა ალიანსის~ ოთხი ყოფილი წევრის შესვლამ პარლამენტში, გაიმართება თუ არა მოლაპარაკების მეხუთე რაუნდი და რა გამოწვევები ელის ქვეყანას, თუ ხელისუფლება და ოპოზიცია ვერ შეთანხმდებიან, ამის გარკვევა ანალიტიკოსებთან, ვახტანგ ძაბირაძესა და რამაზ საყვარელიძესთან საუბრისას ვცადეთ”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ოპოზიციის სიით გასული რამდენიმე კაცის პარლამენტში შესვლა არსებულ პოლიტიკურ ვითარებას ვერ შეცვლის. დიახ, მმართველი გუნდის ლიდერებმა განაცხადეს, ოპოზიცია უკვე წარმოდგენილია პარლამენტშიო და ეს შესაძლოა დასავლეთის თვალში ფასადად მართლაც გამოდგეს, მაგრამ რეალურად ვერაფერს შეცვლის. ყველას გვსურს ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკება შედგეს, მაგრამ ორივე მხარე ძველებურად მყარად დგას თავის პოზიციაზე - ვადამდელი არჩევნები ხელისუფლებისთვის ისევ წითელი ხაზია, ოპოზიციისთვის კი მთავარი მოთხოვნა. ვითარება შეიცვალა მხოლოდ ერთი მიმართულებით - საგარეო ფაქტორებში. მართალია, ოპოზიციის ცალკეული წევრები ირწმუნებიან, რომ დასავლეთი ივანიშვილს დიქტატორად მონათლავს და სანქციებს დაუწესებს, მაგრამ ცოტა ხნის წინ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მას საპატიო ლეგიონის კავალერის ტიტული მიანიჭა. ეს ნიშნავს, რომ ივანიშვილს უმაღლესი რანგის პერსონად მიიჩნევს არა მარტო საფრანგეთი, არამედ ევროკავშირში შემავალი ქვეყნებიც”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“არის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საგარეო ფაქტორი - ვაშინგტონში განვითარებული მოვლენები. კაპიტოლიუმში მომიტინგეების შეჭრასა და მათ დაკავებას ჩვენი ხელისუფლება აუცილებლად გამოიყენებს არგუმენტად, როცა ოპოზიციის მიტინგის დაშლას ან დარბევას გადაწყვეტს. ამიერიდან პოლიტიკური ან სოციალური ხასიათის მიტინგი თუ ოდნავ მაინც შეაწუხებს ხელისუფლებას, ისე დაარბევს, მაინცდამაინც თავის მართლებით თავს აღარ მოიკლავს. ეს ორი ფაქტორი ოპოზიციას მძიმე ვითარებაში აყენებს. ხელისუფლება ადრეც მტკიცედ იდგა იმ აზრზე, რომ ვადამდელ არჩევნებს არ ჩაატარებდა, ახლა კი საერთოდ გამორიცხულია ამაზე საუბარი. ოპოზიციური ერთობა ახლა სხვა, ძალიან სერიოზული არჩევნის წინაშე დგას - შევიდეს პარლამენტში თუ შემდგომი 4 წელი ქუჩაში დაელოდოს შემდგომ არჩევნებს. “ნაციონალებისთვის” ყველაფერი გარკვეულია - თუ რიგგარეშე არჩევნები იქნება, ხომ კარგი, თუ არადა, 2024 წელს მაინც შევლენ პარლამენტში. სხვა პოლიტიკური ძალები ერთობ რთული რეალობის წინაშე დგანან. თუ რიგგარეშე არჩევნები არ ჩატარდა, შემდგომ არჩევნებში 5%-იანი ბარიერის პირობებში მოუწევთ ბრძოლა”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ოპოზიცია კიდევ ერთი დილემის წინაშე დგას - ისე ემოციურად თქვეს უარი სადეპუტატო მანდატებზე, ახლა ძალიან უჭირთ უკან დახევა. რაღაც ისეთი უნდა მოიძებნოს, რის გამოც პარლამენტში შესვლას გამართლება ექნება. ასეთ შემთხვევაში გამოსავალი იქნება 30 კაცის პარლამენტში შესვლა, ვინც საკონსტიტუციო უმრავლესობას შექმნის და საარჩევნო სისტემისა და ადმინისტრაციის შეცვლის შესაძლებლობას გააჩენს. თუ ასეთი სიმტკიცისა და პოლიტიკური პასუხისმგებლობის მქონე გუნდი შეიქმნება და გაბედავს პარლამენტში შესვლას, შესაძლოა მესამე ალტერნატიული ძალაც კი ჩამოაყალიბონ”, - მიიჩნევს ვახტანგ ძაბირაძე და შეკითხვაზე - “გასაგებია, რომ უახლოეს დღეებში პოლიტიკური კრიზისი არ შეიქმნება, მაგრამ თუ ეკონომიკური და სოციალური კრიზისი შეიქმნა, ქუჩაში დარჩენილი ოპოზიცია ხალხის უკმაყოფილებას უფრო მეტ ბიძგს არ მისცემს და პოლიტიკური კრიზისის შესაქმნელად ნოყიერ ნიადაგს არ გააჩენს? - პასუხობს:

“2008 წელსაც არ შევიდა ოპოზიცია პარლამენტში, მაგრამ ხომ ვერ შექმნა პოლიტიკური კრიზისი? შეიძლება ახლა გაცილებით რთული სოციალურ-ეკონომიკური ვითარება გვაქვს, მაგრამ ოპოზიცია პარლამენტში რომ შევიდეს, ეს რთული ვითარება ხომ არ განიმუხტება? სოციალურ-ეკონომიკური ვითარება ნებისმიერ შემთხვევაში დამძიმდება. ოპოზიცია ვერ ხვდება, რომ პარლამენტში უფრო მეტი ბერკეტი ექნება ხელისუფლებაზე ზეწოლისთვის, ქუჩაც მის ხელში იქნება, ვინ წაართმევს”

“პარლამენტში არშესვლას თავისი შედეგი უნდა ჰქონდეს, ოპოზიციის ბოიკოტი კი ჯერ მხოლოდ მათ მარგინალიზაციას უწყობს ხელს. უკვე გამოჩნდნენ პირები, რომლებსაც არ სურთ ოპოზიციის შეცდომებს სამარეში ჩაჰყვნენ. ასეთები კიდევ გამოჩნდებიან, პარლამენტში შესვლის ტენდენცია გარდაუვალია. დასავლეთმა მკაფიოდ განაცხადა, რომ მას არ აწყობს ქუჩის პოლიტიკა და სურს ოპოზიციამ საქმიანობა პარლამენტში გააგრძელოს. აქედან გამომდინარე, რუსეთის ინტერესში “ნაციონალური მოძრაობისა” და ოპოზიციური სპექტრის დიდი ნაწილის ბოიკოტია”, - თვლის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე და შეკითხვაზე - “ხომ შეიძლება ერთ დღეს შეჭირვებულ ხალხს მოსწყინდეს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მტყუან-მართლის გარჩევა და პროცესები უმართავი გახდეს?” - პასუხობს:

“არა, საზოგადოება ასეთ ზღვარზე არ არის. რაც შეეხება ოპოზიციის მუქარას საპროტესტო აქციების შესახებ, არც ამ მხრივ არის მოსალოდნელი საფრთხე. 2012 წლის შემდეგ ყველა საპროტესტო აქციას ერთი თავისებურება ახლავს - როგორც კი რამდენიმე ოპოზიციურად განწყობილი პირი შეიკრიბება, წამყვან პოზიციას მაშინვე “ნაციონალური მოძრაობა” იკავებს. ვიცით, რომ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის “ქართული ოცნება” არ არის იდეალური, მაგრამ ისიც იცის, რომ “ოცნებაზე” უარის თქმის შემთხვევაში ხელისუფლებაში “ნაციონალური მოძრაობა” მოვა. ხალხს აქვს უნარი, განსაზღვროს, “ქართული ოცნება” უფრო დიდი საფრთხეა თუ “ნაციონალური მოძრაობა”.

რატომ დაუწესა აშშ-მა სანქციები რუსეთ-საქართველოს ომის გამომძიებელს

“ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი ფატუ ბენსუდა აშშ-ის სანქცირებულთა სიაში მოხვდა. როგორც ქვეყნის მოქმედი სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო წერს, ის “კორუმპირებული, პოლიტიზებული და არაკომპეტენტურია”. ასეთი მძიმე ბრალდებისა და სანქციების შემდეგ, რა შეიძლება მოხდეს საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის სარჩელთან დაკავშირებით და რამდენად დამაჯერებელი იქნება ბენსუდას მიერ ამ საქმეზე შეგროვებული მასალები ობიექტური განაჩენის გამოსატანად?”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით რატომ დაუწესა აშშ-მა სანქციები რუსეთ-საქართველოს ომის გამომძიებელს და როგორ იმოქმედებს ეს ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.

“სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო არის კორუმპირებული, პოლიტიზებული და არაკომპეტენტური. მთავარი პროკურორი ფატუ ბენსუდა ბოროტად იყენებს თავის უფლებამოსილებას, ჩართულია კორუმპირებულ ქმედებებში პირადი სარგებლისთვის და გაფლანგა მილიონები ამერიკელი სამხედროების სისხლის სამართლის მავნებლური დევნით”, - წერს მაიკ პომპეო სოციალურ ქსელ “ტვიტერზე”. სანქციების დაწესების მიზეზი კი პროკურორის მიერ ავღანეთში ამერიკელი სამხედროების მიერ ჩადენილ შესაძლო დანაშაულებზე გამოძიების დაწყება გახდა. როგორც პომპეო აღნიშნავს, “სისხლის სამათლის საერთაშორისო სასამართლოს არაფერი ესაქმება ამერიკელების სასამართლო დევნასთან. აშშ არ არის რომის სტატუტის მონაწილე და არ ექვემდებარება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას”. სასამართლოს სადამფუძნებლო დოკუმენტი საერთაშორისო ხელშეკრულება 1998 წლის რომის სტატუტია, რომელიც ძალაში 2002 წელს შევიდა. 2019 წლის მდომარეობით რომის სტატუტი რატიფიცირებულია 123 სახელმწიფოს მიერ. საქართველომ რომის სტატუტის რატიფიკაცია 2003 წელს მოახდინა. შესაბამისად, სასამართლოს იურისდიქცია ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე ან საქართველოს მოქალაქეების მიერ 2003 წლის 5 სექტემბრის შემდგომ ჩადენილ დანაშაულებზე”, - აღნიშნავს გამოცემა.

“როგორც იურისტი ლია მუხაშავრია “რეზონანსთან” საუბარში აღნიშნავს, ამერიკის მხრიდან ეს გადაწყვეტილება და განცხადებები მხოლოდ პოლიტიკურია, რადგან ეს სახელმწიფო არც რომის სტატუტის ხელმომწერი არაა და არც ჰააგის სერთაშორისო ტრიბუნალის საქმიანობაზე არანაირი იურიდიული ძალა არ გააჩნია. “საერთოდ აშშ რომის სტატუტს არ აღიარებს და ამის ხელმომწერი სახელმწიფო არაა. შესაბამისად ამერიკას რომის სტატუტის და ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალის საქმიანობაზე არანაირი იურისდიქცია არ გააჩია. ესაა სანქცირებულთა სიაში ფატუ ბენსუდას პერსონალური შეყვანა. ფატუ ბენსუდას ამერიკაში საქმეც არ ექნება იმიტომ, რომ ეს სახელმწიფო რომის სტატუტის ხელმომწერი არაა”, - ამბობს მუხაშავრია, რომლის განმარტებით “ეს ქალბატონი ჰააგაში ძალიან დიდი ხანია მუშაობს. ის ვიდრე გენერალური პროკურორი გახდებოდა, აგვისტოს ომის დროს, გენერალური პროკურორის მოადგილე იყო, ის მერე აირჩიეს”, - დასძენს გამოცემა.

“ასე რომ, ეს შესაძლოა ამერიკის მხრიდან პოლიტიკური გადაწყვეტილება იყოს, იმიტომ, რომ ეს ჩემი აზრით პოლიტიკური განცხადებაა, მოგეხსენებათ ამერიკის მხრიდან ასეთი ხასიათის პოლიტიკური განცხადება შესაძლოა გაჩნდეს, მით უფრო თუ გავითვალისწინებთ, რომ ამერიკა ჰააგის ტრიბუნალის იურისდიქციას არ სცნობს და არ უერთდება. ამიტომაც, ჩემი აზრით, ეს წმინდა წყლის პოლიტიკური განცხადებაა, მას ჩვენი საქმის, ანუ რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიებაზე არანაირი სამართლებრივი შედეგი არ ექნება და ამაზე გავლენას ვერც მოახდენს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლია მუხაშავრია.

“ფატუ ბენსუდა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გენერალური პროკურორის მოადგილედ 2004 წლის 8 აგვისტოს აირჩიეს. 2012 წელს მან გენერალური პროკურორის თანამდებობა დაიკავა. საქართველოდან გაგზავნილი საქმის მასალების შესწავლის შემდეგ, ბენსუდამ ჰააგის სასამართლოს მოსამართლეებს საქართველო-რუსეთის 2008 წლის ომის საქმეზე გამოძიების დაწყების ნებართვა სთხოვა. იგი საქმის შესასწავლად საქართველოს 2015 და 2018 წლებშიც სტუმრობდა”, - წერს სტსტიია ავტორი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა