ალექსეი მალაშენკო - დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობებში სერიოზული ცვლილებები არც ამ წელს და არც უახლოეს მომავალში მოსალოდნელი არაა

2020 წლის შედეგებსა და 2021 წლის პერსპექტივებზე “ინტერპრესნიუსი“ ცნობილ რუს აღმოსავლეთმცოდნესა და არაბისტს, ცივილიზაციათა დიალოგის ინსტიტუტის სამეცნიერო კვლევების ხელმძღვანელს, ალექსეი მალაშენკოს ესაუბრა.

- ბატონო ალექსეი, კაცობრიობა უმძიმეს 2020 წელს დაემშვიდობა, მაგრამ რაკი გასული წელი დასრულებულია, უკვე შეიძლება ვისაუბროთ 2020 წლის შედეგებზე მსოფლიოსთვის, ევროპისთვის, რუსეთისთვის, პოსტსაბჭოთა სივრცისთვის.

თქვენ როგორ შეაჯამებდით 2020 წლის შედეგებს?

- ამ კითხვაზე პასუხის გაცემას ერთი წიგნი არ ეყოფოდა, მაგრამ შევეცდები მოკლედ ვიმსჯელო ამ თემებზე. რა თქმა უნდა, 2020 წელი ძალიან მძიმე წელი იყო, მაგრამ ჩემი აზრით იგი სასარგებლოც იყო. კორონავირუსიც კი სასარგებლო იყო მომავლისათვის იმ თვალსაზრისით, რომ მან გვაჩვენა თუ როგორი მოწყვლადია კაცობრიობა და ადამიანების მხრიდან კომპიუტერიზაციითა თუ სხვა მიღწევებით ქედმაღლობა უადგილოა.

2020 წელი ძალიან მძიმე წელი იყო, მაგრამ ჩემი აზრით იგი სასარგებლოც იყო. კორონავირუსიც კი სასარგებლო იყო მომავლისათვის იმ თვალსაზრისით, რომ მან გვაჩვენა თუ როგორი მოწყვლადია კაცობრიობა და ადამიანების მხრიდან კომპიუტერიზაციითა თუ სხვა მიღწევებით ქედმაღლობა უადგილოა

არსებობს ბუნება, ჩვენ დღესაც მისი ნაწილი ვართ, ჩვენ მასზე ვართ დამოკიდებულნი, საჭიროა ბუნებასთან არა დაპირისპირება, რისი კეთებაც ჩვენ გვიყვარს, არამედ საჭიროა ბუნებასთან საერთო ენის მოძებნა და მოლაპარაკება-შეთანხმება.

მე ექიმი არ გახლავართ, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ვირუსის წარმოქმნა და მისი გავრცელება ბუნებრივი მოვლენაა და კაცობრიობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი რამაა, რომ ადამიანებმა შეძლონ მასთან გამკლავება, რისთვისაც ისინი ნაკლებად უნდა იყვნენ დაკავებული პოლიტიკით და თავისი საქმე აკეთონ.

პანდემიამ გვაიძულა დავფიქრებულიყავით იმაზე, რომ ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ და თუ გვინდა გადავრჩეთ, ბუნებასთან უნდა ვითანამშრომლოთ. ეს დემაგოგია კი არაა, არამედ ის რეალობაა, რომელშიც ჩვენ გვიწევს ცხოვრება. ეს გაგება ჩვენში უცებ არ მოსულა, ამის გაცნობიერებას თვეები დასჭირდა.

უნდა გვესმოდეს, რომ პანდემია ყველა ჩვენთაგანისთვის ბუნების გაკვეთილი, თუ გნებავთ ისტორიის გაკვეთილი იყო და რამდენად პარადოქსალურადაც არ უნდა მოგვეჩვენოთ, მე მაინც ვიტყვი - ამ გაკვეთილისთვის ბუნებას მადლობა უნდა გადავუხადოთ.

უნდა გვესმოდეს, რომ პანდემია ყველა ჩვენთაგანისთვის ბუნების გაკვეთილი, თუ გნებავთ ისტორიის გაკვეთილი იყო და რამდენად პარადოქსალურადაც არ უნდა მოგვეჩვენოთ, მე მაინც ვიტყვი - ამ გაკვეთილისთვის ბუნებას მადლობა უნდა გადავუხადოთ

- თქვენი აზრით კაცობრიობას რა ასწავლა 2020 წელმა?

- პანდემიამ დაგვანახა, რომ ასე ცხოვრება არ შეიძლება. თავის დროზე ეს აზრი რუსმა რეჟისორმა გოვორუხინმა გაახმოვანა. აქამდე ვიცოდით, რომ აშშ ყველაზე მდგრადი სახელმწიფო იყო, აღმოჩნდა, რომ მასაც ჰქონია ძალიან სერიოზული მინუსები. უფრო სწორად იმ სისტემას, რომელიც იქ აქამდე მუშაობდა. გაირკვა, რომ ამ სისტემაშია ცვლილებები შესატანი.

გასაგებია, რომ ბევრი რამაა შესაცვლელი რუსეთშიც. ამას ბევრი გრძნობს, მაგრამ არ ესმის, ეს როგორ შეიძლება მოხდეს - ჩვენთან პრობლემებზე საუბრობენ, აშშ-ში კი მოქმედებენ პრობლემების აღმოსაფხვრელად.

2020 წელმა აჩვენა ევროპელებს, რომ შესაძლებელია პრობლემების ერთობლივად გადაწყვეტა. ხდება ინტეგრაციული პროცესების გადააზრება. ახლო აღმოსავლეთის „გაკვეთილი“ კი იმგვარი აღმოჩნდა, რომ „შეუსწავლელი“ დარჩა. იქ გრძელდება ყოველივე ის, რაც აქამდე იყო.

ამიტომ ვფიქრობ, რომ ახლო აღმოსავლეთში კიდევ ბევრი რამ, საკმაოდ არამარტივი ამბები იქნება მოსალოდნელი. მაგრამ, აუცილებლად უნდა ითქვას, რომ მუსლიმანური სამყაროსთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო 2020 წელი. ყველა ქვეყნისა და ხალხისთვის იგი თავისებურად ინდივიდუალური იყო.

2020 წელმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ კონფლიქტი დასავლეთსა და მუსლიმანურ სამყაროს შორის მუდამ იქნება და საუბრები იმაზე, რომ ჩვენ ვიცით თუ როგორ ავიცილოთ იგი, საფუძველს მოკლებული აღმოჩნდა.

2020 წელმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ კონფლიქტი დასავლეთსა და მუსლიმანურ სამყაროს შორის მუდამ იქნება და საუბრები იმაზე, რომ ჩვენ ვიცით თუ როგორ ავიცილოთ იგი, საფუძველს მოკლებული აღმოჩნდა

არ ვიცი ამ თვალსაზრსით მომავალში უკეთესობა იქნება თუ უარესობა, მაგრამ კონფლიქტი დასავლეთსა და მუსლიმანურ სამყაროს შორის საკმაოდ ღრმაა და არ იცვლება, ეს საფრანგეთში განვითარებულმა მოვლენებმაც დაგვანახა.

და ბოლოს - 2020 წელს საკმაოდ მოულოდნელი იყო ომი ყარაბაღში ასევე მოულოდნელი შედეგებით. საქმე ისაა, რომ კონფლიქტი ყარაბაღში არ დასრულებულა და არ ვიცით სამი ანდა ხუთი წლის შემდეგ ჩვენ კიდევ რას ვნახავთ ყარაბაღში.

2020 წელს საკმაოდ მოულოდნელი იყო ომი ყარაბაღში ასევე მოულოდნელი შედეგებით. საქმე ისაა, რომ კონფლიქტი ყარაბაღში არ დასრულებულა და არ ვიცი სამი ანდა ხუთი წლის შემდეგ ჩვენ კიდევ რას ვნახავთ ყარაბაღში

ყარაბაღში ცვლილებები მოხდა, მაგრამ არა იმგვარი, რომ მათ გლობალური ეწოდოს.

- 2020 წელს განვითარებული პროცესების ფონზე რა ცვლილებები შეიძლება მოხდეს 2021 წელს მას შემდეგ, რაც აშშ-ში პრეზიდენტი შეიცვლება. მხედველობაში მაქვს აშშ-სა და ევროპის ურთიერთობები, ასევე აშშ-რუსეთის ურთიერთობები და რა გავლენას იქონიებენ ისინი საერთაშორისო პოლიტიკაზე, მათ შორის პოსტსაბჭოთა სივრცეზე?

- ყველა ელოდება, რომ აშშ იქნება ცვლილებების ინიციატორი, არადა გვავიწყდება, რომ აშშ-ს პოლიტიკა ბევრ წილად რეაქტიულია, იგი რეაგირებს იმ ცვლილებებზე, რაც თუნდაც რუსეთში და პოსტსაბჭოთა სივრცეში ხდება.

დარწმუნებული ვარ, რომ 2021 წელს რუსეთში სერიოზული ცვლილებები არ მოხდება. რუსეთის პოლიტიკურ ელიტისთვის და ხალხსთვისაც საკმაოდ მოსახერხებელი იყო რუსეთს ეცხოვრა როგორც ალყაშემორტყმულ ციხე-სიმაგრეში. და ისე ემოქმედა საერთაშორისო ასპარეზზე, როგორც წლებია იქცევა პუტინი, მაგალითად, მიუნხენში წარმოთქმული სიტყვის შემდეგ, სადაც მან თქვა, რომ სსრკ-ს დაშლა გეოპოლიტიკური კატასტროფა იყო.

დარწმუნებული ვარ, რომ 2021 წელს რუსეთში სერიოზული ცვლილებები არ მოხდება. რუსეთის პოლიტიკურ ელიტისთვის და ხალხსთვისაც საკმაოდ მოსახერხებელი იყო რუსეთს ეცხოვრა როგორც ალყაშემორტყმულ ციხე-სიმაგრეში. და ისე ემოქმედა საერთაშორისო ასპარეზზე, როგორც წლებია იქცევა პუტინი, მაგალითად, მიუნხენში წარმოთქმული სიტყვის შემდეგ, სადაც მან თქვა, რომ სსრკ-დაშლა გეოპოლიტიკური კატასტროფა იყო

ვითარებაში, როცა რუსეთში არანაირი ცვლილებები არ იგეგმება, რატომ ფიქრობს ვინმე, რომ დასავლეთში რუსეთის მიმართ დამოკიდებულება შეიცვლება, გაუგებარია. რუსეთს დასავლეთის მიერ მის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციები აწუხებს, მაგრამ ხომ ფაქტია, რომ ეს სანქციები დასავლეთის რეაქცია იყო უკრაინაში რუსეთის მოქმედებაზე.

დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობებში სერიოზული ცვლილებები არც ამ წელს და არც უახლოეს მომავალში მოსალოდნელი არაა. დასავლეთი ვერ ხედავს ვერც საფუძველს და ვერც საბაბს უარი თქვას რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებზე. ასეთ ფონზე მნიშვნელობა არ აქვს აშშ-ს პრეზიდენტი ვინ იქნება. ამ წლებში მოხდა სხვა რამ - იმგვარ რუსეთთან შეგუება, როგორიც იგი დღესაა. არ ვგულისხმობ მხოლოდ პუტინის რუსეთთან შეგუებას. პუტინი რომ არ იქნება, რუსეთი ისეთივე იქნება, როგორიც ახლაა. ანუ, რუსეთს დასავლეთი ისეთად აღიქვამს, როგორიცაა.

დასავლეთი ვერ ხედავს ვერც საფუძველს და ვერც საბაბს უარი თქვას რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებზე. ასეთ ფონზე მნიშვნელობა არ აქვს აშშ-პრეზიდენტი ვინ იქნება. ამ წლებში მოხდა სხვა რამ - იმგვარ რუსეთთან შეგუება, როგორიც იგი დღესაა

- ამბობთ, რომ რუსეთში არანაირი წინაპირობები არ არსებობს იმისათვის, რომ რუსეთში რამე შეიცვალოს...

- დიახ, არანაირი წინაპირობები არ არსებობს, რომ რუსეთში სერიოზული ცვლილებები მოხდება. თუ რუსეთს სსრკ-ს შევადარებთ შეიძლება იმის თქმა, რომ სსრკ-ს დაშლა გარდაუვალი და მხოლოდ დროის ამბავი იყო.

რაც შეეხება დღევანდელ რუსეთს, იგი სულაც არაა კომუნისტური, მაგრამ გაუგებარია ის როგორ განვითარდება და რა სურათს მივიღებთ. რუსეთში არაა ტოტალიტარული რეჟიმი, მაგრამ არის ძალიან მკაცრი სახელმწიფო ავტოკრატიული და ავტორიტარული სისტემით. ასეთი სახელმწიფოებს აქვთ უნარი მუდმივად იარსებონ. ამგვარი მმართველობის სისტემა რუსეთისთვის გარკვეულ წილად პოლიტიკური კულტურა და ტრადიციაც კია.

რუსეთში არაა ტოტალიტარული რეჟიმი, მაგრამ არის ძალიან მკაცრი სახელმწიფო ავტოკრატიული და ავტორიტარული სისტემით. ასეთი სახელმწიფოებს აქვთ უნარი მუდმივად იარსებონ. ამგვარი მმართველობის სისტემა რუსეთისთვის გარკვეულ წილად პოლიტიკური კულტურა და ტრადიციაც კია

ასეთი სახელმწიფოები ახლო აღმოსავლეთში ათწლეულები არსებობენ. ამ ტიპის ქვეყნებში რაღაცები კი შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ არსობრივად ანუ იმგვარად, რასაც გარდაქმნა და დაშლა ჰქვია, ეჭვი მეპარება, რომ ეს რუსეთში მოხდეს.

ეს შესაძლოა მოხდეს მაშინ, როცა ეკონომიკა სრულად მოიშლება, როგორც ეს სსრკ-ში მოხდა, მაგრამ ვითარება აქამდე რომ მივიდეს, ჯერ ძალიან შორია. მე იმაშიც კი მეპარება ეჭვი, რომ ეს მოხდება. თუ მაინც მოხდა, ამის შემდეგ შეიძლება იყოს რუსეთში ბუნტი ან რაღაც ამის მსგავსი. მხედველობაში მაქვს ზედა ეშელონებში ბიზანტიური თამაშები და ომები. ვიმეორებ, აქამდე ჯერ ძალიან ძალიან შორია.

- რუსულ მედიაში სულ უფრო გახშირდა საუბრები იმაზე, რომ კრემლის ელიტაში რაღაც ხდება, პუტინის ირგვლივ არსებულ დაჯგუფებებს შორის არის დაუნდობელი ბრძოლები და ასე შემდეგ.

რამდენად საფუძვლიანია მტკიცებები, რომ სახელისუფლებო ელიტაში დიდი ომებია დაწყებული პუტინის მემკვიდრეობაზე?

- არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთისთვის ბიზანტიური თამაშები და ომები უცხო არაა. ჩემი აზრით, ელიტაში თუ რამ ხდება, სავარაუდოდ, პირად მიუღებლობებს, ინტერესებსა და წყენებს შეიძლება უკავშირდებოდეს.

რუსეთისთვის ბიზანტიური თამაშები და ომები უცხო არაა. ჩემი აზრით, ელიტაში თუ რამ ხდება, სავარაუდოდ, პირად მიუღებლობებს, ინტერესებსა და წყენებს შეიძლება უკავშირდებოდეს

უნდა გვესმოდეს ისიც, რომ რუსეთის ზედა ეშელონებში იდიოტები არ სხედან. მათ კარგად ესმით, რომ ქვეყანაში არასახარბიელო ეკონომიკური ვითარებაა. რასაც არ უნდა საუბრობდნენ იმ ადამიანებზე, ვინც რუსეთში სერიოზულ პოსტებს იკავებს, ისინი ბევრს აკეთებენ იმისთვის, რომ ვითარება ქვეყანაში როგორმე გაუმჯობესდეს და ისინი ამას აბსოლუტურად გულწრფელად აკეთებენ.

მაგრამ, რუსეთის სახელისუფლებო წრეებში ჭარბობენ ისინი, ვისაც სურს ყველაფერი ისე შენარჩუნდეს ქვეყანაში, როგორც ახლაა. თან მათი ხელისუფლებაში ყოფნაც და არსებული რეჟიმიც. რუსეთის პოლიტიკურ ელიტაში ამ ორი ტრენდის წარმომადგენლებს შორის მიდის ბრძოლა. ჩემი დაკვირვებით, ახლა უფრო ძლიერნი ისინი არიან, ვინც თვლის, რომ ქვეყანაში არაფერი არ უნდა შეიცვალოს, ვინაიდან ისედაც ყველაფერი კარგადაა.

რუსეთის სახელისუფლებო წრეებში ჭარბობენ ისინი, ვისაც სურს ყველაფერი ისე შენარჩუნდეს ქვეყანაში, როგორც ახლაა. თან მათი ხელისუფლებაში ყოფნაც და არსებული რეჟიმიც. რუსეთის პოლიტიკურ ელიტაში ამ ორი ტრენდის წარმომადგენლებს შორის მიდის ბრძოლა. ჩემი დაკვირვებით, ახლა უფრო ძლიერნი ისინი არიან, ვინც თვლის, რომ ქვეყანაში არაფერი არ უნდა შეიცვალოს, ვინაიდან ისედაც ყველაფერი კარგადაა

ეს ჯგუფები ერთმანეთზე გაღიზიანებული არიან, მაგრამ ახლა უფრო ძლიერი პოზიციები აქვთ იმათ, ვინც თვლის რომ ქვეყანაში არაფერი არ უნდა შეიცვალოს, რადგან ისედაც ყველაფერი კარგადაა.

- თქვენ გასული წლის ერთ ერთ მნიშვნელოვან მოვლენად ყარაბაღის ომი დაასახელეთ. ფაქტია, რომ ამ ომში აზერბაიჯანსა და სომხეთის გარდა ჩართული იყო რუსეთი და თურქეთი. თქვენი აზრით, ყარაბაღის უკანასკნელი ომი რა შედეგით დასრულდა და რა დაგვანახა?

- ყარაბაღის ომმა გვაჩვენა, რომ ეს კონფლიქტი პრაქტიკულად გადაუწყვეტელი კონფლიქტია. ამ კონფლიქტს ღრმა ისტორიული ფესვები აქვს, ამიტომ მე არ დავიწყებდი იმაზე მსჯელობას, რომელი მხარეა მართალი ან მტყუანი.

ისტორიაში ქექვა რომ დავიწყოთ ვნახავთ, რომ ოდესღაც ოდესა ლიტვის სამთავროს ქალაქი იყო. ისტორიული ძიებები შესაძლებელია, მაგრამ კონფლიქტების შემთხვევაში ყველაზე მთავარია როგორ შეიძლება შეთანხმდნენ მხარეები. ჩემი აზრით, ყარაბაღის ომით კონფლიქტი კი არ გადაწყვეტილა, არამედ გარკვეულ წილად შეაჩერეს კონფლიქტი.

კონფლიქტების შემთხვევაში ყველაზე მთავარია როგორ შეიძლება შეთანხმდნენ მხარეები. ჩემი აზრით, ყარაბაღის ომით კონფლიქტი კი არ გადაწყვეტილა, არამედ გარკვეულ წილად შეაჩერეს კონფლიქტი

ახლა არავინ არ იცის როგორი იქნება ყარაბაღის მომავალი. დღეისათვის არსებული ვითარება ხელსაყრელია აზერბაიჯანისთვის იმიტომ, რომ ამ ომში მათ გაიმარჯვეს და დაკარგული ტერიტორიების ნაწილი დაიბრუნეს.

სომხებს დიამეტრალურად განსხვავებული ვითარება აქვთ. მიუხედავად ამისა, ეს სიტუაციაც სომხეთისთვის გარკვეულ წილად მომგებიანიცაა. რას ვგულისხმობ? იმას, რომ ვითარების უკან დასაბრუნებლად გზა არ არსებობს - აზერბაიჯანი ბევრად ძლიერი სახელმწიფოა ვიდრე სომხეთი და აზერბაიჯანზე უფრო ძლიერი არმია არასოდეს ეყოლება.

სომხები ამაზე უნდა გაჩერდნენ, რადგანაც სომხების ყველა პროტესტი ისევ სომხეთისთვის იქნება ცუდი. მათი ემოციები და წყენა გასაგებია, მაგრამ რა უნდა გაეკეთებინა ფაშინიანს? მესმის, რომ იგი ძალიან ტრაგიკული ფიგურაა, მაგრამ ჩემი აზრით, მან იმის გაკეთება შეძლო, რისი გაკეთებაც შეეძლო.

რაც შეეხება კითხვას ვინ მოიგო? - რუსეთმა - იმის გამო, რომ ახლა რუსეთს ყარაბაღში სამშვიდობოები ჰყავს. ახლა ყარაბაღში მისი 2 ათასი მშვიდობისყოფელია. შესაძლოა, შემდეგ კიდევ მეტიც ჰყავდეს.

ფაქტი ისაა, რომ ამ რეგიონში რუსეთი საბოლოოდ შევიდა. ფაქტია ისიც, რომ რუსეთი ამ რეგიონიდან არც არასოდეს გამოსულა. ასეთია პოსტსაბჭოთა სივრცის რუდიმენტები. რუსეთმა აჩვენა, რომ იგი ძლიერია და რაღაცეების კეთება შეუძლია. რუსეთის მშვიდობისმყოფელობა ეფექტური აღმოჩნდა, რადგან ყველაფერი ისეთი ომით დასრულდა, როგორიც ვნახეთ. ყარაბაღის ომში რუსეთს ჰქონდა დამარცხებებიც და წარმატებებიც. ვფიქრობ, რომ ამ ომში რუსეთმა მეტი მოიგო, ვიდრე წააგო.

ყარაბაღის ომში რუსეთს ჰქონდა დამარცხებებიც და წარმატებებიც. ვფიქრობ, რომ ამ ომში რუსეთმა მეტი მოიგო, ვიდრე წააგო

რაც შეეხება თურქებს, ეს ძალიან საინტერესო კითხვაა. ამ თემაზე ბევრი საუბრობს და არ მინდა განვმეორდე. აქ საინტერესო ისაა, რომ აზერბაიჯანისთვის მთავარი არა პანთურქიზმი და თურქებთან ძმობა, არამედ მრავალვექტორული პოლიტიკის გატარებით აზერბაიჯანის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შენარჩუნებაა.

აზერბაიჯანელებმა იციან, რომ თურქების ნათესავები არიან, მაგრამ აზერბაიჯანელები არიან. აზერბაიჯანელობა მათი იდენტობაა, აზერბაიჯანი მათი სახელმწიფოა და არავის აქვს უფლება მათ საქმეებში ჩაერიოს. მაგრამ, თურქეთი და ერდოღანი რომ აზერბაიჯანის საქმეებში ჩაურევლობისაგან თავს არ შეიკავებენ, ვფიქრობ, ბაქოში ესმით და იციან.

აზერბაიჯანელებმა იციან, რომ თურქების ნათესავები არიან, მაგრამ აზერბაიჯანელები არიან. აზერბაიჯანელობა მათი იდენტობაა, აზერბაიჯანი მათი სახელმწიფოა და არავის აქვს იფლება მათ საქმეებში ჩაერიოს. მაგრამ, თურქეთი და ერდოღანი რომ აზერბაიჯანის საქმეებში ჩაურევლობისაგან თავს არ შეიკავებენ, ვფიქრობ, ბაქოში ესმით და იციან

აქ მთავარია თუ როგორ მოიქცევა ილხამ ალიევი. ის ჭკვიანი კაცია და დარწმუნებული ვარ ესმის ეს ყველაფერი. მას უწევს ანგარიში გაუწიოს ანკარას, მაგრამ ამას საკმაოდ აკურატულად აკეთებს.

როგორი დამოკიდებულებაც არ უნდა გვქონდეს თურქეთის ისტორიის მიმართ, თურქეთი სერიოზული ისლამური სახელმწიფოა. აზერბაიჯანისაგან განსხვავებით თურქეთისთვის ისლამიზმი სულ უფრო უფრო აქტუალური თემა. არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ თურქეთი წარმატებით ურთიერთობს როგორც ყატართან, ისე „ძმებ მუსლიმანებთან“ და მუსლიმან რადიკალებთან. ანუ იმათთან, ვისაც აზერბაიჯანი ახლოსაც არ იკარებს.

ისლამური რადიკალიზმით აზერბაიჯანი ერთხელ უკვე შეაშინეს. ვთვლი, რომ მაშინ აზერბაიჯანი სწორად მოიქცა, როცა საკმაოდ მკაცრად იმოქმედა. რა შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ თურქეთ-აზერბაიჯანის კარიდორი ისლამისტი რადიკალებისათვის აზერბაიჯანში შეღწევის საშუალება აღმოჩნდება?

აზერბაიჯანში რადიკალური ისლამისტების შეღწევა ბაქოს ინტერესებში სულაც არ უნდა იყოს. ეს ის თემაა, რამაც აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის წინააღმდეგობები შეიძლება შექმნას.

მესმის, რომ ამაზე ხმამაღლა არც ანკარაში და არც ბაქოში არ საუბრობენ, მაგრამ, ვინ არის ერდოღანი? ერდოღანი ისლამისტია, მართალია ზომიერი ისლამისტი, მაგრამ მაინც ისლამისტი. ვინ არის ილხამ ალიევი? მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის კურსდამთავრებულია. გარდა ამისა, ის ჰეიდარ ალიევის შვილია. ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ თვალსაზრისით საინტერესო იქნება თუ როგორ განვითარდება ანკარა-ბაქოს ურთიერთობები.

ვინ არის ერდოღანი? ერდოღანი ისლამისტია, მართალია ზომიერი ისლამისტი, მაგრამ მაინც ისლამისტი. ვინ არის ილხამ ალიევი? მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის კურსდამთავრებულია. გარდა ამისა, ის ჰეიდარ ალიევის შვილია. ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ თვალსაზრისით საინტერესო იქნება თუ როგორ განვითარდება ანკარა-ბაქოს ურთიერთობები

- თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ როგორ შეიძლება აისახოს ყარაბაღში განვითარებული პროცესები საქართველოზე?

- არ ვიცი. საქართველოს საკითხების სპეციალისტი არა ვარ, პროცესებს კი ვადევნებ თვალს, ამიტომ მაქვს ჩემი აზრიც. ვფიქრობ რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის განვითარებული მოვლნები საქართველოზე ძალიან მცირედით შეიძლება აისახოს. საქართველოსთვის კი სულ უფრო ცხადი გახდება მოსაზრება, რომ საქართველო რუსეთს ვერ დაშორდება - რუსეთი სამხრეთ კავკასიაში საუკუნეები იქნება. ეს ისედაც ცხადი იყო.

დღეისათვის საქართველოსთვის ვერ ვხედავ სერიოზულ პრობლემებს, რომლებიც შესაძლოა ყარაბაღის ომის შედეგებმა გამოიწვიოს.

დღეისათვის საქართველოსთვის ვერ ვხედავ სერიოზულ პრობლემებს, რომლებიც შესაძლოა ყარაბაღის ომის შედეგებმა გამოიწვიოს

- საქართველო სულ უფრო და უფრო ცდილობს ევროკავშირთან და ნატოსთან ინტეგრირებას. ამ საკითხებზე როგორ შეიძლება აისახოს სამხრეთ კავკასიაში განვითარებული პროცესები?

- ვფიქრობ, რომ საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის პროცესი უკვე მიმდინარეობს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ევროპას ახლა საქართველოსთვის არ სცალია. მხედველობაში არ მაქვს მხოლოდ კორონავირუსი, ბრექსიტი, არამედ ასევე ის, თუ რა პროცესები ვითარდება ევროპის კონტიგენტზე.

ევროკავშირი იძულებულია გადადოს ევროკავშირში ახალი წევრების მიღება, რადგან ახლა იგი თავისი პრობლემების გადაჭრითაა დაკავებული. ჩემი დაკვირვებით ევროპისთვის საქართველოს თემა ახლა საერთაშორისო დღის წესრიგის პერიფერიული საკითხია.

რაც შეეხება ნატოს, არ გამოვა საქართველოს ნატოსთან ინტეგრირება რუსეთის გამო. დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გამწვავება არავის, არც ევროპელებს და არც ნატოელებს სჭირდება. ჩემი აზრით, ეს არც საქართველოს არ სჭირდება. ყოველ შემთხვევაში თვალსაწიერ მომავალში საქართველოს ნატოში გაწევრიანება არ მოხდება.

არ გამოვა საქართველოს ნატოსთან ინტეგრირება რუსეთის გამო. დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გამწვავება არავის, არც ევროპელებს და არც ნატოელებს სჭირდება. ჩემი აზრით, ეს არც საქართველოს არ სჭირდება. ყოველ შემთხვევაში თვალსაწიერ მომავალში საქართველოს ნატოში გაწევრიანება არ მოხდება

- რადგან პერსპეტივების თემას შევეხეთ. ახალი წელი დაწყებულია, თქვენი აზრით, 2021 წელს რა იქნება ყველაზე აქტუალური მსოფლიოსთვის, ამერიკისთვის, ევროპისთვის, რუსეთისთვის და საქართველოსთვის?

- ეკონომიკა იქნება ყველას პრობლემა, რადგან ეკონომიკა ახლა კორონავირუსზეა დამოკიდებული. შარშან არავის არ ეგონა რომ ვირუსი გავრცელდებოდა. ვერც იმის წარმოდგენა იყო შესაძლებელი, რაც 2020 წელს ამერიკაში ხდებოდა და ნაწილობრივ ახლაც ხდება.

არ გამოვრიცხავ, რომ ამერიკაში ინიცირებული იყოს კანონი, რომელიც აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების წესში ცვლილებების შეტანაზე იქნება ორინეტირებული, მაგრამ არ ვიცი შეძლებენ ისინი ამის გაკეთებას თუ არა.

არა მაქვს განცდა და არც მინდა, რომ 2021 წელს ეპოქალური რამ შეიძლება მოხდეს. ეპოქალური მოვლენებიდან კარგი მოლოდინები არ მაქვს ხოლმე

რაც ახლა მახსენდება, მსოფლიოში გაციფრიანების საკითხები იქნება აქტუალური. ასევე ენერგეტიკასთან დაკავშირებული საკითხები. ომი არ იქნება, მაგრამ ახლა წყდება ენერგიის რა წყაროებს მოვიხმართ არა მარტო ახლა, არამედ უახლოეს მომავალში. არა მგონია, რომ ახლო აღმოსავლეთში ომი იქნება. ყველაფერი ისე იქნება, როგორც ახლა არის.

საინტერესოა როგორ მოიქცევა ირანი. როცა ირანში 1979 წელს ისლამური რევოლუცია მოხდა, ყველას ეგონა, რომ ეს პროცესები რამდენიმე თვეში დასრულდებოდა, მაგრამ ვხედავთ, რომ ეს ქვეყანა ისევ ნაკლებად პროგნოზირებადია.

მიგრაციის საკითხები ისევ ისეთი პრობლემური იქნება, როგორც იყო. არა მაქვს განცდა და არც მინდა, რომ 2021 წელს ეპოქალური რამ შეიძლება მოხდეს. ეპოქალური მოვლენებიდან კარგი მოლოდინები არ მაქვს ხოლმე.

ინტერპრესნიუსი

კობა ბენდელიანი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა