თამარ გაბუნია - მიმდინარე კვირაში კორონავირუსზე ტესტირება კიდევ უფრო ინტენსიურად ჩატარდება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, მიმდინარე კვირაში კორონავირუსზე ტესტირება კიდევ უფრო ინტენსიურად ჩატარდება. როგორც გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა სტაბილიზაციაზე მიუთითებს.

„დღევანდელი მდგომარეობით შემთხვევების რაოდენობა შედარებით დაბალი იყო, 500-ზე ოდნავ მეტი, რაც მოგეხსენებათ, შაბათ-კვირის ეფექტია. შაბათ-კვირას ტესტირება ნაკლები ტარდება, დაახლოებით, 8 ათასი ტესტი შესრულდა, აქედან გამომდინარეობს ის, რომ შემთხვევების რაოდენობა შედარებით დაბალია. უფრო უნდა ვენდოთ იმ მაჩვენებელს, რომელიც იყო გასული კვირის განმავლობაში 1500- დან 2000-მდე ინფიცირების ფარგლებში. ეს მაჩვენებელი მაინც საყურადღებოა ჩვენი ტიპის და ზომის ქვეყნისთვის. რაც შეეხება ჰოსპიტალურ სექტორს, ამ დროისთვის სექტორში არის 3939 კოვიდდადასტურებული პაციენტი, 164 იმყოფება ტრიაჟის პროცესში. მათ შორის, 842 პაციენტი არის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. როგორც ხედავთ, ეს მაჩვენებელი სტაბილურად მცირდება, რაც ასევე მიუთითებს რეალურად შემთხვევების კლებაზე. 250 პაციენტი იმყოფება რეანიმაციაში. ეს მაჩვენებელიც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სტაბილურად შემცირდა. თავისუფალი ამ დროისთვის არის 2905 საწოლი. ეს საწოლები ნარჩუნდება მობილიზაციის მდგომარეობაში, ვიდრე ჩვენ არ გვექნება გარანტია იმისა, რომ შემთხვევების კლება სტაბილურია და არის იმგვარი, რომ აღარ გამოიწვიოს ჰოსპიტალური სექტორის თავიდან გადატვირთვა. რაც შეეხება კლინიკურ სასტუმროებს, აქ არის 722 პაციენტი, რომელიც იტარებს მკურნალობას მათი მდგომარეობის სიმსუბუქიდან გამომდინარე. დანარჩენი პაციენტები, დაახლოებით 5000-მდე პირი რჩება ბინაზე და უტარდებათ მეთვალყურეობა ოჯახის ექიმის მიერ“, - განაცხადა გაბუნიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა