დეკანოზი ბასილ გოგოტიშვილი ბუკნარის მოვლენებზე - არანაირი ძალადობა არ შეიძლება, ქრისტიანმა და მუსლიმმა მრევლმა ერთად უნდა შეძლონ თანაცხოვრება

არანაირი ძალადობა არ შეიძლება, მათ ერთად უნდა შეძლონ თანაცხოვრება, - ამის შესახებ შემოქმედის ეპარქიის პრესსამსახურის უფროსმა, დეკანოზ ბასილ გოგოტიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, მას შემდეგ, რაც სოფელ ბუკნარში ქრისტიან მრევლსა და მუსლიმი თემის წარმომადგენლებს შორის მოხდა, სასულიერო პირები მეუფე იოსების ლოცვა-კურთხევით შეხვდნენ მოსახლეობას და მეუფის დანაბარები გადასცეს.
„ვიცით, რომ მოხდა დაპირისპირება სოფელ ბუკნარში, ქრისტიან მრევლს, გურულ მოსახლეობასა და აჭარულ მოსახლეობას შორის, რომლებიც არიან მუსლიმი თემის წარმომადგენლები . ეს დაპირისპირება გამოიწვია იმან, რომ იქ მუსლიმი თემის წარმომადგენლებმა შეიძინეს სახლი და გაჟღერდა, რომ მათ უნდოდათ იქ მეჩეთის აშენება და ამან გამოიწვია მათ შორის დაპირისპირება. ჩვენ როგორც კი გავიგეთ ამის შესახებ, მაშინვე სასულიერო პირები მეუფის ლოცვა -კურთხევით ჩაბრძანდნენ სოფელ ბუკნარში - მღვდლები, დედები შეხვდნენ მოსახლეობას და გადასცეს მეუფის ლოცვა-კურთხევა, რომ არანაირი დაპირისპირება, არანაირი ძალადობა არაფრით არ შეიძლება, მათ ერთად უნდა შეძლონ თანაცხოვრება, ერთად თანამყოფობა და მიეცეს საშუალება, რომ მუსლიმმა მრევლმა ილოცოს იქ, სადაც ლოცულობდნენ და მართლმადიდებლურმა მრევლმა გააგრძელოს ლოცვა იმ ტაძარში, რომელიც არსებობს ამ სოფელში”, - განუცხადა ჟურნალისტებს შემოქმედის ეპარქიის პრესსამსახურის უფროსმა, დეკანოზ ბასილ გოგოტიშვილმა.

























