ქართული პრესის მიმოხილვა 15.01.2021

“ტრანსპორტის გახსნა ერთ-ერთი ბოლო ეტაპი უნდა იყოს” - ეპიდემიოლოგები პაატა იმნაძის მკაცრ მიდგომას უჭერენ მხარს

“ეროვნული ბანკი ემსახურება სავალუტო სპეკულანტებს და უცხო ქვეყნის მოქალაქეების სამსახურშია ჩამდგარი!”

მოხდება თუ არა არეულობები 20 იანვარს ამერიკის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე და დარჩება თუ არა ტრამპი პოლიტიკაში

* * *

“ტრანსპორტის გახსნა ერთ-ერთი ბოლო ეტაპი უნდა იყოს” - ეპიდემიოლოგები პაატა იმნაძის მკაცრ მიდგომას უჭერენ მხარს

"ახლა რომ ყველაფერი გაიხსნას, ეპიდსიტუაცია გაუარესდება და შესაძლოა კორონავირუსის ყოველდღიური მაჩვენებლის საკმაოდ მაღალი რიცხვები მივიღოთ - ამაზე ეპიდემიოლოგები თანხმდებიან და აცხადებენ, რომ შეზღუდვების მოხსნა ეპიდსიტუაციის დარეგულირების შემდეგ ეტაპობრივად უნდა მოხდეს, ერთ-ერთი ბოლო ეტაპი კი ტრანსპორტის გახსნა უნდა იყოს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით მოხსნა-არმოხსნა - კოვიდშეზღუდვები უკვე ყველას ყელში ამოუვიდა, მაგრამ ეპიდემიოპოგები პაატა იმნაძის მკაცრ მიდგომას უჭერენ მხარს.

“გუშინ ჩვენ გვქონდა დაახლოებით 1 600 შემთხვევა, ახლა რომ გაიხსნას ყველაფერი, ჩვენ ძალიან მალე, დაახლოებით 1 თვეში ისევ 5 ათასამდე ავალთ. ამიტომ რაც შეიძლება ნაკლებამდე უნდა დავიყვანოთ ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა და შემდეგ, წესების დაცვის შემთხვევაში, ეკონომიკის გახსნა კატასტროფულ მატებას არ გამოიწვევს, - ამის შესახებ “ტვ პირველის” ეთერში დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ხუთშაბათს განაცხადა, რასაც გარკვეული კრიტიკა მოჰყვა. თუმცა ეპიდემიოლოგი ირაკლი ხმალაძეც “რეზონანსთან” აღნიშნავს, რომ შეზღუდვები არა მთლიანად, არამედ ეპიდსიტუაციის დარეგულირების შემდეგ ეტაპობრივად უნდა მოიხსნას. იგივე აზრს იზიარებს ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავაც, იგი “რეზონანსთან” საუბარში აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე შეზღუდვების მოხსნა დიდ რისკს შეიცავს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“საქართველოში კორონავირუსი ბევრმა მოიხადა, მაგრამ ასე მთლიანად გახსნასაც მაინცდამაინც არ ვეთანხმები, მე უფრო მაღაზიებში შედარებით თავისუფლების მიცემას მივესალმები, ვიდრე ბაზრობებზე, სადაც პრაქტიკულად არანაირი დაცვა არ ხდებოდა, ყოველ შემთხვევაში ამ სიტუაციას ძალიან დაბალი რანგის ეპიდსაწინააღმდეგო ქცევები ახასიათებდა, ამიტომ არაა გამორიცხული, რომ ლოკდაუნის მოხსნის შემდეგ საკმაოდ მაღალი რიცხვები მივიღოთ. ან მოხსნა, ან ჩაკეტვა ასე უცბად არ შეიძლება, ცუდი ამბავიც და კარგიც ადამიანს უნდა შეაჩვიო, ამიტომ მიმაჩნია, რომ ჯერ გარკვეულწილად გაიხსნას მაღაზიები, სადაც ეს ყველაფერი შედარებით ცივილიზებულად ხდება და შემდეგ უკვე ეს მასობრივი ყიდვა-გაყიდვის ადგილები, როგორებიცაა ბაზრობები და მასობრივი თავშეყრის ადგილები. ტრანსპორტი სამწუხაროდ ეპიდთვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე საშიშია, იმიტომ, რომ იქ ძალიანაც რომ მოინდომო დისტანცირების დაცვა, ძალიან რთულია, მით უმეტეს ავტობუსში ადამიანებს ერთმანეთთან ყოფნა საკმაოდ ხანგრძლივად უწევთ. ჩვენ კი არ გვაქვს ისეთი ტრანსპორტი, სადაც ადამიანთა გადანაცვლება 2 მეტრით დაშორებით მოხდება, შესაბამისად ამ მხრივ ტრანსპორტის პრობლემა არსებობს, რომ არის საშიშროება იმისა, რომ ტრანსპორტის თავისუფლების შემთხვევაში ინფიცირებულთა რიცხვმა მოიმატოს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ხმალაძე.

“ალბათ ერთ-ერთი ბოლო ეტაპი ტრანსპორტის გახსნა უნდა იყოს, ტრანსპორტი ყველაზე მნიშვნელოვანია და მიმაჩნია, რომ რადგან ქალაქში ტრანსპორტი არაა, ტაქსების ფასების რეგულირება რაღაცნაირად უნა მოხდეს, იმიტომ, რომ ზოგიერთმა ადამიანმა უკვე ზედმეტად ასე ვთქვათ აიგდო მოსახლეობა, სადაც ტაქსით გადაადგილებაზე არანორმალურ ფასებს ადებს, ეს თუ მერიის მიერ ტაქსების რაღაც გარკვეული შტატი შექმნა, რითაც იზოლირებულად და ნორმალურ ფასად ადამიანთა გადაადგილება მოხდება, ეს ყველაზე კარგი იქნება, რადგან ავტობუსი თავშეყრის ადგილია, 15 წუთზე მეტხანს ყოფნა გვიწევს, რომელიც შეიძლება ძალიან დიდი პრობლემა გახდეს”, - მიიჩნევს ხმალაძე და შეკითხვაზე - “რა დროისთვის შეიძლება უკვე, რომ შეზღუდვები ნელ-ნელა გაიხსნას?” - პასუხობს:

“აქ ესეთ კონკრეტულ რიცხვზე ნუ ვისაუბრებთ იმიტომ, რომ აქ მთავარია, რომ ეპიდსიტუაცია გამოსწორდეს, ერთი ან ორი თვეც რომ გავიდეს და ისევ თუ ათასი ადამიანი დაინფიცირდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ინფექციის წყარო და ლოქდაუნის მოხსნის შემდეგ ეს უკვე რაოდენობის გაზრდა გეომეტრიული პროგრესიით მოხდება.”

“ბატონი პაატა საქართველოში ყველაზე უფრო კომპეტენტური ეპიდემიოლოგია, ამიტომ ის იმ რეალობიდან გამომდინარე ამბობს, რაც გვაქვს. ამიტომ ამ ეტაპზე, რა თქმა უნდა, გახსნა ძალიან დიდ რისკს შეიცავს. მე როგორც ვიცი, იგულისხმა ყველაფერი რომ გაიხსნას, ბუნებრივია ამ შემთხვევაში ეპიდსიტუაცია გაუარესდება და ჩვენ შეიძლება იმ მდგომარეობას დავუბრუნდეთ, რაშიც შემოდგომის ბოლოს ვიყავით. ამიტომაც გახსნა ეტაპობრივ უნდა მოხდეს, რომელიც გაწერილი უნდა იყოს და ალბათ ეს ერთ ორ კვირაში უნდა დაიწყოს და ამ ყველაფრის ნელ-ნელა შემსუბუქება ეტაპობრივად უნდა დაიწყოს. რაც შეეხება კრიტიკას, ექიმები საზოგადოებისგან კრიტიკას შეჩვეულები ვართ, ხშირ შემთხვევაში დაუმსახურებლადაც, რა თქმა უნდა ამას ყურადღება არ უნდა მივაქციოთ და ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ, ამ ეტაპზე გახსნა კი ხიფათის შემცველია, მით უმეტეს მთლიანად”, - აცხადებს გამოცემის კორეპონდენტთან საუბრისას ალექსანდრე გოგინავა.

“ტრანსპორტი ყველაზე სახიფათოა იმიტომ, რომ მობილობას ყველაზე მეტად ეს ზრდის, ამიტომ ტრანსპორტის გახსნას რეგულაციების დაცვა ყველაზე მეტად სჭირდება. მოწესრიგდეს და ტრანსპორტი დაემატოს, იმიტომ, რომ გადაჭედილი არ იყოს. რა თქმა უნდა მცირე ბიზნესის ხელისშეწყობა უნდა მოხდეს, რომ პირველ რიგში სავაჭრო ობიექტები გაიხსნას, რათა მეტ-ნაკლებად თავიანთი საქმე აკეთონ იმისთვის, რომ ისედაც ეკონომიკური კრიზისი კიდევ უფრო არ გაღრმავდეს, მაგრამ ყველაფერს დაგეგმვა და სჭირდება და ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს, თუმცა ეს ყველაფერი საზოგადოებრივი ზეწოლის გამო არ უნდა მოხდეს, წესები არ უნდა შეიცვალოს და იმ წესებს უნდა მივყვეთ, რომელსაც მსოფლიო მიჰყვება, მესმის, რომ საზოგადოებისთვის რთულია, ბევრ დისკომფორტს შეიცავს, მაგრამ კორონავირუსის გახანგრძლივება და ეპიდსიტუაციის გაუარესება კიდევ უფრო მტკივნეული იქნება, ვიდრე ეს შეზღუდვებია”, - დაასკვნის გოგინავა.

“ეროვნული ბანკი ემსახურება სავალუტო სპეკულანტებს და უცხო ქვეყნის მოქალაქეების სამსახურშია ჩამდგარი!”

“არარეზიდენტი უცხოური ინვესტორებისთვის გზის გახსნით მთავრობა და ეროვნული ბანკიც ლარის გაუფასურებას უწყობენ ხელს. უცხოელი ინვესტორების საკუთრებაში გადასული ფულის მოცულობა წლიდან წლამდე რეკორდულად მატულობს, რაც დამატებითი წნეხია ლარზე და კურსზე მკვეთრად ნეგატიურ გავლენას ახდენს. ცხადია, ამ სიტუაციაში მოგებული რჩება მხოლოდ ე.წ. უცხოელი ინვესტორი, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობს და მიღებული მაღალი სარგებელი უცხოურ ვალუტით გააქვს ქვეყნიდან, რაც წელიწადში რამდენჯერმე სავალუტო კოლაფსს იწვევს. ადგილი აქვს ფასიანი ქაღალდებით სპეკულაციას, რაც სახელმწიფომ უნდა აღკვეთოს, რადგან ლარზე წნეხი მატულობს და სანამ ეს მიდგომა არ შეიცვლება, მუდმივად გაუფასურების რეჟიმში ვიქნებით”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ეროვნული ბანკი ემსახურება სავალუტო სპეკულანტებს და უცხო ქვეყნის მოქალაქეების სამსახურშია ჩამდგარი!” / სებ-ის ხელშეწყობით ე.წ. უცხოელი ინვესტორები ანგრევენ ფულად-საკრედიტო ბაზარს და აუფასურებენ ლარს.

“ცნობილია, რომ ლარის მორიგ გაუფასურებას ექსპერტები თებერვლიდან ელიან. ეს ის პერიოდია, როცა სახელმწიფოსგან მიღებული ფასიანი ქაღალდების თანხას არარეზიდენტი უცხოური ფირმები აკონვერტირებენ დოლარში და მაღალი სარგებლით გააქვთ ქვეყნიდან. რაც შეეხება თანხის მთლიან მოცულობას, ეროვნული ბანკის ანგარიშის თანახმად, უცხოელი ინვესტორების საკუთრებაში 2020 წლის დეკემბრისთვის 657.6 მილიონი ლარის მოცულობის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები იყო, რაც ნოემბერთან შედარებით - 45 მილიონი ლარით მეტი, ხოლო 2019 წლის დეკემბერთან შედარებით 277 მილიონი ლარით, ანუ 72%-ით მეტი იყო. გამომდინარე აქედან, როგორც ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნიკა შენგელია განმარტავს, ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკა მავნებლურია, რომელიც ლარის გამყარების ნაცვლად, გაუფასურებას და უცხოური ფინანსური ორგანიზაციების ინტერესებს ემსახურება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“2020 წლის თებერვალში არარეზიდენტმა უცხოურმა ორგანიზაციებმა სწორედ ასეთი ინტერვენციებით დიდი ფული იშოვეს და ქვეყნიდან სერიოზული კაპიტალი გავიდა. წელსაც იგივე ხდება. მაშინაც ამის გამო აღნიშნულ პერიოდში ლარი გაუფასურდა და ახლაც იგივეს ველით. ცხადია, რეზიდენტებს უნდა დაუბრუნდეს სარგებელი და თუ ისინი გადაწყვეტენ, რომ ეს ფული თავის ქვეყანაში გაიტანონ, მოუწევთ დოლარის შესყიდვა, ეს კი ლარზე ზეწოლას გააძლიერებს. შესაბამისად, დაახლოებით 10 თებერვლიდან დაიწყებს ოდნავ ისევ გაუფასურებას. მაღალ საპროცენტო განაკვეთს ეროვნული ბანკი ინარჩუნებს იმიტომ, რომ იზიდავს ასეთ სპეკულაციურ კაპიტალს. შეიძლება თქმა, რომ ადგილი აქვს კაპიტალის გატანას ქვეყნიდან მაღალი მოგების სახით. მით უმეტეს, ამ თანხასთან დაკავშირებით ზღვარი არ არის, ღია ეკონომიკაა და არ იზღუდება ფულადი რესურსის მოცულობა. რა თქმა უნდა, სჯობდა ეს ფული ადგილობრივ დარგებს მოხმარებოდა, მაგრამ რატომღაც სებ-ი ყოველთვის კარს უღებს ე.წ. ცხელ ფულს, ფინანსურ ინსტიტუტებს, რომლებიც შემოდიან მხოლოდ იმიტომ, რომ მაღალი საპროცენტო განაკვეთები გვაქვს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა შენგელია.

“ეროვნული ბანკი თავისი ფულად-საკრედიო პოლიტიკით, საერთოდ არ ფიქრობს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე, ძირითადად ემსახურება ვიწრო ინტერესებს, სავალუტო სპეკულანტებს, ხელს უწყობს ფულის შემოსვლა-გასვლას და უცხო ქვეყნის მოქალაქეების სამსახურშია ჩამდგარი”, - დასძენს შენგელია. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2020 წლის დეკემბერში სახელმწიფო ობლიგაციების საშუალო სარგებელი 8.17% იყო. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზრის მოცულობა 5.8 მილიარდ ლარს შეადგენდა. ამ ვალდებულებების 11.3% უცხოელი ინვესტორების საკუთრებაშია. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები მთავრობის მიერ გამოშვებულ სახაზინო ობლიგაციებსა და სახაზინო ვალდებულებებს წარმოადგენს. მათი მეშვეობით საქართველოს მთავრობა შიდა ვალს იღებს. ფასიანი ქაღალდების ბაზარზე სპეკულაციურ ფაქტებსა და ლარის შესაძლო გაუფასურებაზე გააკეთა აქცენტი საბანკო სფეროს ექსპერტმა მიხეილ თოქმაზიშვილმაც. მისი აზრით, ნებისმიერი ასეთი მოვლენა ხელს უწყობს ეკონომიკური აქტივობის შესუსტებას და ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მავნებლობაზე მიგვანიშნებს”.

“ადგილობრივ ფასიან ქაღალდებს თუ იყიდის უცხოელი სხვა ქვეყანაში, ეს ფული, ცხადია, საქართველოში რეალურად არ შემოვა. გამოდის, რომ ფული გადადის ერთი ჯიბიდან მეორეში. თუმცა, ადგილობრივ რეზიდენტებზეც გაყიდვის შემთხვევაში, კაპიტალი ქვეყნიდან გაედინება. ამიტომ მნიშვნელოვანია, ვინ არის მისი მყიდველი. ცხადია, რომ ფული ეროვნულ ვალუტაში ანუ ლარში ვერ გავა ქვეყნიდან, კონვერტაცია უნდა მოხდეს დოლარში. ფაქტობრივად, ეს ნიშნავს საქართველოდან საინვესტიციო კაპიტალის გადინებას. ამით ეკონომიკური აქტივობა მცირდება. ცხადია, ძალას ვერავის დაატანენ, თუ სად უნდა წავიდეს ფული და რამდენი უნდა გაიტანონ. არარეზიდენტების შემოყვანას სჯობს, ხელისუფლებამ იზრუნოს იმაზე, რათა ეკონომიკაში ჩაიდოს ფული, პროექტების პროპაგანდა, შეთავაზება უნდა მოხდეს ინვესტორებისთვის. თუკი მთავრობა ინერტულობას გამოიჩენს, კაპიტალი გავა და ლარიც მეტად გაუფასურდება. ტენდენცია გაგრძელდება, შესაბამისად, მეტი ქმედითი ნაბიჯია ხელისუფლებისგან საჭირო, რომ შეარბილოს და შეანელოს ასეთი საინვესტიციო აქტივობა. გაცილებით მეტი საფრთხეა, რაც შეიძლება საქართველოს მომავალში დაატყდეს თავს. ჩვენი ქვეყნის გლობალური როლი სუსტდება და ფუნქციებს თანდათან ვკარგავთ, შეიძლება ეს უჩინარი შემოსავალია საქართველოსთვის, მაგრამ თუ ყველაფერი დათმეს და არ იაქტიურებენ, ეკონომიკა ჩამოიშლება, ზრდის რა ტემპითაც არ უნდა ხასიათდებოდეს”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მიხეილ თოქმაზიშვილი.

მოხდება თუ არა არეულობები 20 იანვარს ამერიკის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე და დარჩება თუ არა ტრამპი პოლიტიკაში

“ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე ხუთი დღეა დარჩენილი, შეერთებულ შტატებში კი სიტუაცია საკმაოდ დაძაბულია, კაპიტოლიუმის შტურმის შემდეგ ქვეყანაში ნებისმიერ სცენარს ელოდებიან, ზოგიერთი ძალოვანი სტრუქტურები ბაიდენს იმასაც კი სთხოვენ, რომ ცერემონია არა კონგრესის შენობის გარეთ, არამედ შიგნით შენობაში ჩატარდეს. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის იმპიჩმენტის გამოცხადებას მხარი დაუჭირა. პრეზიდენტისთვის უნდობლობის გამოცხადების მომხრე იყო 231, წინააღმდეგი - 197. ამასთან, იმპიჩმენტის მხარდამჭერთა შორის ათი რესპუბლიკელია. წინააღმდეგი არც ერთი დემოკრატი არ ყოფილა. როგორც ექსპერტი უსფართხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია “რეზონანსთან” აღნიშნავს, რომ საქმე სენატამდე არ მივა და ტრამპი თანამდებობაზე 20 იანვრამდე დარჩება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით მოხდება თუ არა არეულობები 20 იანვარს ამერიკის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე და დარჩება თუ არა ტრამპი პოლიტიკაში”.

“იმპიჩმენტი დემოკრატებმა გამოხატეს და რესპუბლიელების პოზიციები ამ კუთხით საკმაოდ განსხვავებულია, ეს საქმე სენატამდე არ მივა, სენატში რესპუბლიკელებს უმრავლესობა გააჩნიათ და ამას, როგორც ჩანს, არ განიხილავენ ან განიხილავენ იმ დროს, როცა ინაუგურაცია შედგება, თუმცა ამერიკის კონსტიტუციით, შეიძლება ისიც მოხდეს, რომ უბრალოდ ტრამპს აუკრძალონ, 2024 წელს კვლავ კანდიდატი გახდეს. როგორც სოციოლოგიური კვლევები ადასტურებენ, რესპუბლიკურ პარტიაში ტრამპს საკმაოდ სერიოზული პოზიციები გააჩნია და პარტია მის კანდიდატურას დიდი ალბათობით 2024 წელს კვლავ წამოაყენებს, ყოველ შემთხვევაში დღევანდელი მონაცემებით ასეა, თუმცაღა 20 იანვრისთვის ამერიკაში საკმაოდ სერიოზულ გართულებებს მოელიან - სადაც კაპიტოლიუმში შეჭრა და დაკავება მოხდა, ახლა უკვე ყველა სცენარია მოსალოდნელი. ზოგიერთი ამერიკული ძალოვანი სტრუქტურა ბაიდენს სთხოვს, რომ ინაუგურაცია ჩაატარონ კაპიტოლიუმის შიგნით და არა გარეთ, იმიტომ, რომ ამასთან დაკავშირებით გარკვეული უსაფრთხოების პრობლემები არსებობს, ათასობით ეროვნული გვარდიელი უკვე კაპიტოლიუმის შენობაშია და სიტუაციას ამაგრებს. იმ მოვლენების შემდეგ, რაც რამდენიმე დღის წინ მოხდა, ეს სავსებით ლოგიკურია”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

“იმპიჩმენტს მხარი ვიცე-პრეზიდენტმა პენსმაც არ დაუჭირა, ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი და მისი ეს უარი დემოკრატებისათვის საკმაოდ სერიოზული წინაღობაა. არა მგონია, რომ დემოკრატებმა ტრამპის იმპიჩმენტის გამოცხადება შეძლონ. ჩემი აზრით ტრამპი პრეზიდენტის თანამდებობაზე ბაიდენის ინაუგურაციამდე იქნება”, - დაასკვნის მაისაია. მას შემდეგ, რაც ტრამპს გარკვეულმა სოციალურმა პლატფორმებმა, მათ შორის ფეისბუქმა და ტვიტერმა ანგარიშები დაუბლოკეს, მისი მხარდამჭერები რუსულ ტელეგრამზე გადავიდნენ, რაზედაც მაისაია ამბობს, რომ ეს პლატფორმა პუტინის ოპოზიციონერს ეკუთვნის და ისეთივე დემოკრატიულია, როგორიც ფეისბუქი.

“რუსული “ტელეგრამი” ეს არ ნიშნავს, რომ პუტინის კონტროლირებადი სოციალური მედიაა, ეს პლატფორმა პაველ დუროვმა შექმნა, ესაა ოპოზიციური მედიამფლობელი, რომელიც პუტინს უპირისპირდება და რამდენადაც ვიცი, ამ პლატფორმას უცხოური აგენტის სტატუსი აქვს და “ეფესბე” მოითხოვდა, რომ ტელეგრამს მისთვის მონაცემები გადაეცა. სერიოზული პრობლემები იყო, მოსკოვში ტელეგრამის ოფისები დაიხურა და დუროვი ლონდონში ცხოვრობს, რუსული წარმოშობის პლატფორმა არ ნიშნავს, რომ პუტინის მიერ კონტროლირებადია, ეს უფრო სტერეოტიპული მიდგომაა, ისეთივე დემოკრატიული პლატფორმაა, როგორიც ფეისბუქი”, - განმარტავს რესპონდენტი, ხოლო შეკითხვაზე - “რა არის მოსალოდნელი ინაუგურაციის დღეს”? - პასუხობს:

“შესაძლოა ექსცესები იყოს - ზოგიერთი ამერიკული სამხედრო მოსამსახურე პოსტს ტოვებს და იატაკქვეშა არმიების რიგებში გადადის ანუ გასამხედროვებული ფორმირებები იქმნება. ასე რომ ნებისმიერი მოვლენაა მოსალოდნელი, არანაკლები, როგორიც კაპიტოლიუმის შტურმის დროს განხორციელდა. სამწუხაროდ რეალობა ისეთი გახდა, რომ 20 იანვარს ნებისმიერი სცენარია მოსალოდნელი, სამწუხაროდ, სიტუაცია საკმაოდ დაძაბულია და რა მოხდება არავინ არ იცის. არმიის შერჩევაც კი დაიწყეს, სპეციალური ფსიქოლოგიური ტესტირებები მიდიოდა,. რომ ისინი რამდენად არიან მომზადებულები, დუღილის ტემპერატურა საკმაოდ აწეულია”.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა