როგორ გაართვა თავი განათლების სისტემამ სწავლების დისტანციურ რეჟიმს? - პირველი სემესტრის შედეგებს განათლების მინისტრის მოადგილე აჯამებს

ქვეყნის მასშტაბით, 10 დიდ ქალაქსა და აჭარის რეგიონში 2020-2021 სასწავლო წლის მეორე სემესტრი დღეიდან, 18 იანვრიდან დისტანციურ ფორმატში განახლდა. საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ დანარჩენ სკოლებში, რომლის ოდენობაც 1700-მდეა, სასწავლო პროცესი კი საკლასო ოთახებში დაიწყო.

როგორ ჩაიარა 2020-2021 სასწავლო წლის პირველმა სემესტრმა, რა გაკეთდა და განათლების სამინისტროს კიდევ რა გამოწვევები დარჩა დისტანციური სწავლების მიმართულებით, "ინტერპრესნიუსი" განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეს, ეკატერინე დგებუაძეს ესაუბრა:

-ქალბატონო ეკატერინე, 2020-2021 წლის პირველი სემესტრი არ იყო პირველი სემესტრი, როცა სკოლებმა დისტანციური სწავლება დაიწყეს. განათლების სისტემამ გაზაფხულზეც მიიღო ანალოგიური გამოცდილება. როგორ გაართვა თავი განათლების სისტემამ სწავლების დისტანციურ რეჟიმს?

-დიახ, ჩვენ დისტანციური სწავლების ფორმატზე 2019-2020 სასწავლო წლის მეორე სემესტრში გადავედით, ძალიან სწრაფ რეჟიმში. სისტემას ამ მიმართულებით დიდი გამოცდილება არ ჰქონდა. მოგვიწია ძალიან ბევრი მიმართულებით მუშაობა. მათ შორის ეს არის ინტერნეტზე ხელისაწვდომობა, პლატფორმა, მასწავლებლების პროფესიული განვითარება, ელექტრონული რესურსები და ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, ჩვენ ზაფხულის პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით. იცით, რომ მოსწავლეები სრულად დისტანციურ რეჟიმზე არ იყვნენ, მათი ნაწილი საკლასო ოთახებში დაბრუნდა. შესაბამისად, ჩვენი სამუშაო წარიმართა ორი მიმართულებით. პირველი, საკლასო ოთახებში მოსწავლეების ეფექტიანი დაბრუნება რომ მომხდარიყო და მეორე მიმართულება - ეს არის დისტანციური სწავლება. ამ დროის განმავლობაში საკანონმდებლო დონეზე დისტანციური სწავლების აღიარება მოხდა; შეიქმნა ბევრი ელექტრონული რესურსი; მასწავლებლები გადამზადდნენ და ეს პროცესი ახლაც მიმდინარეობს, მათთვის ვებინარები დისტანციურად ტარდება. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტები დასრულდა, სწრაფად გვინდა რომ დავამტკიცოთ. ეს ეხება იმას, თუ როგორ უნდა დარეგულირდეს დისტანციური სწავლება და როგორია თვითონ სამინისტროში დისტანციური სწავლების განვითარების ხედვა. ამასთან დაკავშირებით ძალიან სწრაფად წარმოვადგენთ ამ დოკუმენტს. გარდა ამისა, ელექტრონული რესურსების განვითარების მიმართულებით შეიქმნა დოკუმენტები და ასევე, ეროვნული სასწავლო გეგმის ფარგლებში მოხდა აღიარება და დეტალური აღწერა, თუ როგორ უნდა მოხდეს დისტანციურ ფორმატში გაკვეთილების ორგანიზება, საათობრივი ბადე როგორ უნდა იყოს გაწერილი და ა.შ.

- თუ იყო 2020-2021 წლის დისტანციური სწავლების მიმართულებით ხარვეზები, რომლის გამოსწორებაც მეორე სემესტრში მიზნად დაისახეთ?

- დისტანციური სწავლება ჩვენთვისაც სიახლეა, ჩვენ დინამიკაში სულ ვუყურებთ. ვქმნით მარეგულირებელ დოკუმენტებს, ნელ -ნელა ეს პროცესი უნდა დალაგდეს. ეს ახალი სისტემაა, გამოწვევები არსებობს. იდეალური, პირველ ეტაპზე, როცა სისტემა იქმნება, შესაძლოა, ვერ იყოს. ყველა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იდგმება. აქ არის ყველაზე მნიშვნელოვანი მასწავლებლების კომპეტენცია, რაზეც აქცენტს გავაკეთებთ და ისედაც ვაკეთებთ. ასევე, მოსწავლეებთან მიმართებით სიახლეა- ისტის კომპიუტერული ტექნოლოგიების დანერგვა კიდევ უფრო პრიორიტეტული ხდება და ის ქვედა ეტაპზე ჩამოგვაქვს. ბევრი სიახლე გვექნება და ნელ-ნელა დავაანონსებთ.

- თქვენ თქვით, რომ მთავარ აქცენტს მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე აკეთებთ, რა გაკეთდა და რას გეგმავთ ამ მიმართულებით?

- როგორც აღვნიშნეთ, ახლაც მიმდინარეობს მასწავლებლების გადამზადება, მეორე სემესტრშიც ეს ჩვენთვის პრიორიტეტი იქნება, რომ კიდევ უფრო მეტად მოხდეს მათი უნარების განვითარება, რათა დისტანციური სწავლება კიდევ უფრო ეფექტიანი გახდეს.

- ხშირად ისმის საჯარო სკოლის მოსწავლეების მშობელთა უკამყოფილება იმასთან დაკავშირებით, რომ დისტაციური სწავლების დროს მნიშვნელოვნადაა შემცირებული ჩატარებული გაკვეთილების ოდენობა და შესაბამისად, მათი შვილები ონლაინ რეჟიმში განათლებას სრულად ვერ იღებენ. რას უპასუხებდით ამ მშობლებს?

- ეროვნულ სასწავლო გეგმაში არსებობს გაწერილი გრაფიკი, სადაც წერია, დაწყებითი საფეხურის შემთხვევაში რამდენი ხანი უნდა გრძელდებოდეს გაკვეთილი, მაღალ კლასებში როგორ იზრდება საათობრივი ბადე. შესაბამისად, ვთხოვ სკოლის ადმინისტრაციას, დაეხმარონ მასწავლებლებს სწორად წაიკითხონ ის რეგულაციები, რომელიც სამინისტროს მიერაა გაცემული. ეს რეგულაციები არის ექიმებთან, ოფთალმოლოგებთან ერთად შემუშავებული, იმიტომ, რომ ბავშვებს ელექტრონულ მოწყობილობებთან ჯდომა მუდმივად არ მოუწიოთ. რაც შეეხება კერძო სკოლებს, ეს წესი ეხება მათ შორის, კერძო სკოლასაც და თუ კერძო სკოლა სხვანაირად იქცევა, მაშინ ის ბავშვის უფლებასა და იმ წესს არღვევს, რაც ეროვნულ სასწავლო გეგმაშია გაწერილი.

- ვიცით, რომ არსებობს ფსიქოლოგების სამსახური, რომელიც მზადაა სკოლის მოსწავლეებსაც და მასწავლებლებსაც დახმარება გაუწიოს. ხომ არ გეგმავთ ფსიქოლოგების ჩართულობის გაფართოებას, მათ შორის იმ ნაწილში, რომ დისტანციური სწავლების პროცესში მასწავლებლებთან ერთად ფსიქოლოგებიც მონაწილეობდნენ?

-ჩვენთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. ჩვენ ფსიქოლოგების სამსახური გვაქვს და ისინი აქტიურად არიან ჩართულები, მშობლების სატელეფონო ზარებს პასუხობენ, კონსულტაციას უწევენ მათ. ამასთან, მომდევნო კვირაში ვხვდებით არამხოლოდ ჩვენს ფსიქოლოგებს, არამედ ფსიქოლოგებს სხვადასხვა ორგანიზაციებიდან. კიდევ უფრო მეტი რჩევა გვინდა მივიღოთ, რომ იმ ბავშვებს აღმოვუჩინოთ მხარდაჭერა, ვისაც სჭირდება.

- სკოლების ინფრასტრუქტურა არის საკითხი, რომელზეც დიდი ხანია საზოგადოება წუხს. ხომ არ ისარგებლებთ შემთხვევით იმით, რომ სკოლებში მოსწავლეები არ დადიან და ინფრასტრუქტურული მიმართულებთ ძირეულ ცვლილებებს ხომ არ გეგმავთ?

- ჩვენ ზაფხულის პერიოდში 800-მდე სკოლაში შევედით. ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი არის ის, რომ ჰიგიენა- სანიტარიის კუთხით სკოლები გამართული იყოს. ჩვენი ინიციატივით ჯანდაცვის სამინისტროს დავამტკიცებინეთ სკოლის მოვლა-პატრონობა, წყალი და ჰიგიენა-სანიტარიის დოკუმენტი. ახლა ჩვენ თავად ექიმებისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ექსპერტებთან ერთად დავწერეთ როგორი უნდა იყოს სკოლის მოვლა, თავისი დასუფთავებით, აღჭურვით. ძალიან ბევრი მიმართულებით ვმუშაობთ. სოფლად საპირფარეშოები შენობაში შემოვიტანეთ, სადაც წლები ჩეჩმები იდგა, ჯამში სველი წერტილები 800-მდე სკოლაში გავარემონტეთ. სადაც წყალი არ იყო, სკოლამ ტექნიკური წყალიც შეიძინა და სასმელი წყალიც, ჩვენ დამატებით ფულიც მივეცით, სადაც ამის ფინანსური შესაძლებლობა არ იყო. ეს არის ჩვენთვის პრიორიტეტი. 2021 წელსაც ამ მიმართულებით ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად ვაგრძელებთ მუშაობს. შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ თბილისში ყველგან საპირფარეშოების საკითხი მოწესრიგებულია და რეგიონში წერტილოვნად არის დარჩენილი, იქაც გაკეთდება.

ძალიან მკაცრად ვაკონტროლებთ იმას, რომ ყველა სკოლაში იყოს საპონი, დალაგებისთვის საჭირო შესაბამისი აღჭურვილობა და მუდივად ხდებოდეს სკოლის დასუფთავება.

- როგორ ფიქრობთ, სკოლებში, სადაც სწავლა დღეს დისტანციურად განახდა, როდის გადაინაცვლებს პროცესი საკლასო ოთახებში?

- ჩვენთვის ყოველთვის პრიორიტეტია მოსწავლე დაბრუნდეს საკლასო ოთახში, თუმცა, ჩვენც ეპიდსიტუაციაზე ვართ დამოკიდებული. ამასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებას საკოორდინაციო საბჭოს ერთობლივად იღებს. შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების შემდეგ სწავლების პროცესს ჩვენ დავაორგანიზებთ.

ქეთი გიგოლაშვილი

„ინტერპრესნიუსი“

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
ახალი ზოოპარკი და ახალი ბინადრები, რომელთა ნახვაც დამთვალიერებლებს შეეძლებათ - რა ეტაპზეა თბილისის ზღვაზე ახალი ტერიტორიის მოწყობა?
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით