D ვიტამინის გავლენა რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე

ბოლო პერიოდში, D ვიტამინის დეფიციტის გავლენა ჩვენს ჯანმრთელობაზე ერთ-ერთი პოპულარული თემა გახდა. დიდია ინტერესი მის მიმართ და არც თუ უსაფუძვლოდ. გარდა D ვიტამინის კლასიკური ეფექტისა, რომელიც გულისხმობს კალციუმისა და ფოსფორის ცვლაში მონაწილეობას, უკანასკნელი 10-15 წლის მანძილზე აქტიურად განიხილება ასევე მისი მნიშვნელოვანი როლი ორგანიზმში მიმდინარე ისეთ სასიცოცხლო პროცესებში, როგორიცაა: იმუნური სისტემის მოდულაცია, ნერვული, გულ-სისხლძარღვთა და რეპროდუქციული სისტემების სრულყოფილად ფუნქციონირება და სხვ.

არსებობს მოსაზრება, რომ D ვიტამინის დეფიციტი ორსულ ქალებში ზრდის პრეეკლამფსიის, ნაადრევი მშობიარობის, საკეისრო კვეთის, სპონტანური აბორტის, დაბალი წონის ნაყოფის გაჩენისა და გესტაციური დიაბეტის განვითარების რისკს.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ვესაუბრეთ კლინიკა მედიქეას მეან-გინეკოლოგს, რეპროდუქტოლოგს - თამარ უბილავას.

D ვიტამინი ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელი ნივთიერებაა, რომელიც მონაწილეობს მთელ რიგ იმუნოლოგიურ და მეტაბოლურ პროცესებში. უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში მსოფლიოში 30 000-ზე მეტი ნაშრომი გამოქვეყნდა, რომელშიც აღწერილია ამ მნიშვნელოვანი შენაერთის სხვადასხვა სასარგებლო ეფექტი. მიუხედავად სახელწოდებისა „ვიტამინი“, ეს ნივთიერება თანამედროვე გაგებით შესაძლოა ჰორმონად განვიხილოთ, რომლის 95% მზის ულტრაიისფერი ბეტა სხივების ზემოქმედებით სინთეზირდება კანში. მისი მარაგის მცირე ნაწილის შევსება კი ხდება საკვებით.

ადამიანის ორგანიზმში D ვიტამინის გამომუშავება დამოკიდებულია გეოგრაფიულ მდებარეობაზე, ეთნიკურ თუ კულტურულ ჩვევებსა და სამოსზე, საკვების ხასიათზე, სეზონურობაზე (მაგ. 3-ჯერ არის გაზრდილი D ვიტამინის დეფიციტი ზამთარსა და გაზაფხულზე სხვა სეზონებთან შედარებით). უკანასკნელ წლებში D ვიტამინის დეფიციტი აღინიშნება არა მხოლოდ დედამიწის ჩრდილოეთ ნაწილის მოსახლეობაში, არამედ სამხრეთელებშიც. ამის მიზეზად უნდა ჩაითვალოს მზისგან დამცავი ძლიერი კოსმეტიკური საშუალებების რეგულარული გამოყენება, „ოფისური“ ცხოვრების წესი და მცირე დროის გატარება სუფთა ჰაერზე, მუქი ფერის კანი; ვიტამინის დეფიციტი აღინიშნება ასევე ღვიძლისა და თირკმლის გარკვეული დაავადებებისას, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში და ჭარბწონიანი პოპულაციის უმრავლესობაში.

მოგეხსენებათ, ერთი წელია მთელი მსოფლიო COVID-19 პანდემიას ებრძვის. შეცვლილმა ცხოვრების წესმა (თვითიზოლაციამ, კარანტინმა) გაზარდა D ვიტამინის დეფიციტის რისკი და ახლა უკვე თამამად შეგვიძლია ვისაუბროთ D ვიტამინის დეფიციტის პანდემიაზეც. ბევრი ითქვა და მე აღარ შევჩერდები D ვიტამინის სტატუსსა და ახალი კორონავირუსის პრევენციასა და მიმდინარეობის სიმძიმეს შორის კავშირზე. მინდა თქვენი ყურადღება მივაპყრო D ვიტამინის როლს რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და ორსულობის პერიოდში.

ბოლო დროის კვლევებმა გვიჩვენა, რომ D ვიტამინის კონცენტრაცია სისხლის შრატში პირდაპირ კავშირშია ემბრიონის ნორმალურ განვითარებასთან, ორსულობის დადგომის სიხშირესა და ჯანმრთელი ბავშვის დაბადებასთან.

როგორც აღვნიშნეთ, D ვიტამინის დეფიციტი დამოკიდებულია სეზონურობაზე, შესაბამისად სტატისტიკურად მკვეთრად მატულობს ნაყოფიერების უნარი ზაფხულისა და შემოდგომის შემდეგ, როდესაც ჩვენს ორგანიზმში D ვიტამინის კონცენტრაცია მაღალია.

ექსპერიმენტულმა კვლევებმა აჩვენა, რომ D ვიტამინი განაპირობებს საკვერცხის ფუნქციურ აქტივობას. შთამბეჭდავი იყო ერთ-ერთი კვლევა, რომელიც ჩატარდა თაგვებზე ამერიკის ჯანმრთელობის ნაციონალურ ინსტიტუტში (National Institute of Health). იმ თაგვებს, რომლებსაც D ვიტამინის დაბალი დონე აღენიშნებოდათ, დაქვეითებული ჰქონდათ ნაყოფიერების უნარი, ასევე დაბალი იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სასქესო ფერმენტის - არომატაზას კონცენტრაცია საკვერცხეებსა და სათესლე ჯირკვლებში. შესაბამისად, აღინიშნებოდა საშვილოსნოს, საკვერცხეებისა და სათესლე ჯირკვლების დანამატების განვითარების შეფერხება, დარღვეული ფოლიკულოგენეზი, ასევე სპერმის შემცირებული რაოდენობა და სპერმატოზოიდების მოძრაობის ხარისხის დაქვეითება.

გარკვეული მოსაზრება არსებობს D ვიტამინის დეფიციტსა და საკვერცხის პოლიცისტოზურ სინდრომს შორის კავშირზე.

D ვიტამინი დიდ როლს ასრულებს ორსულობის პერიოდშიც. მთელმა რიგმა კვლევებმა აჩვენა, რომ D ვიტამინის აქტიური ფორმა (1,25(OH)D3) გავლენას ახდენს ფუნქციური გენის ტრანსკრიპციაზე, რომელიც პასუხისმგებელია განაყოფიერებული კვერცხუჯრედის ნორმალურ იმპლანტაციაზე, პლაცენტის ჩამოყალიბებასა და ანგიოგენეზზე. ეს ყოველივე კი მნიშვნელოვან პირობას წარმოადგენს ორსულობის გართულებების გარეშე მიმდინარეობისთვის. D ვიტამინის დეფიციტმა შესაძლოა 4-ჯერ გაზარდოს პირველადი საკეისრო კვეთის საჭიროების რისკი.

D ვიტამინის დეფიციტის მქონე ორსულ ქალებში 2,4-ჯერ მეტია ნაყოფის ზრდის შეფერხების რისკი. ასეთი ბავშვები მინიმუმ 200 გრამით ჩამორჩებიან ჯანმრთელი დედების ბავშვებს. ამავდროულად, მნიშვნელოვანია თუ ორსულობის რა ვადაზე განვითარდა D ვიტამინის დეფიციტი, გვიან ვადაზე განვითარებული დეფიციტის შემთხვევაში ხშირად ვითარდება ნაყოფის ლულოვანი ძვლების საშვილოსნოს შიდა ზრდის შეფერხება.

კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ორსულობის პირველ ნახევარში D ვიტამინის დაბალი დონე დაკავშირებულია პრეეკლამფსიის (ორსულობის გართულება, რომელიც ხასიათდება მაღალი არტერიული წნევით, პროტეინურიით (შარდში ცილა) და სხვადასხვა ორგანოთა სისტემის დაზიანებით) განვითარების მომატებულ რისკთან და მათი ახალშობილების უმრავლესობაში D ვიტამინის დეფიციტთან (<37,5 nmol).

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, D ვიტამინი ის ჰორმონია, რომელიც ქსოვილებში არეგულირებს კალციუმის ცვლას და მეტაბოლიზმს, კერძოდ კალციუმის და ფოსფორის მარილების ჩალაგებას ძვლოვან ქსოვილში, რაც ჩონჩხის სიმტკიცეს განაპირობებს. ეს პროცესი გრძელდება ჩონჩხის ფორმირების შემდეგაც და ეწინააღმდეგება მის გამოფიტვას. ამიტომ, ორსულობის პერიოდში D ვიტამინის დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის ძვლის ზრდისა და განვითარების პროცესის შეფერხება, რაც მოგვიანებით რაქიტის მიზეზი ხდება.

ორსულებში D ვიტამინის კვლევა რუტინულად არ კეთდება, თუმცა ნაჩვენებია შემდეგი რისკ-ჯგუფების სკრინინგი: ქალები, რომელთა შვილებს დადგენილი აქვთ რაქიტი, ჭარბწონიანი, პრეეკლამფსიის რისკისა და კუჭ-ნაწლავის სისტემის დარღვევების მქონე ორსულები, ალკოჰოლის მომხმარებლები, ასევე ქალები სისხლში კალციუმის დაბალი შემცველობით, რომელთაც აწუხებთ ძვლების ტკივილი ან იღებენ მედიკამენტებს, რომლებიც ამცირებენ D ვიტამინის დონეს სისხლში.

D ვიტამინის დეფიციტი ადვილად გამოსწორებადია, მთავარია ამ პრობლემის დროული გამოვლენა და აღმოფხვრა. ამისათვის საჭიროა სისხლის შრატში განისაზღვროს მისი კონცენტრაცია, უზმოდ, სპეციალური მომზადების გარეშე. რეპროდუქციული ასაკის ქალებში D ვიტამინის ნორმაა >30 ng/ml. დიაგნოსტიკა საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ ვიტამინის მიღების მიზანშეწონილობა და სწორად გავთვალოთ, როგორც საჭირო დოზირება, ისე მკურნალობის ხანგრძლივობა,რათა თავიდან ავიცილოთ როგორც ჰიპო, ისე ჰიპერვიტამინოზი. პერორალური D ვიტამინის ორსულობის დროს ყოველდღიური მიღება უსაფრთხოა. მაღალი რისკის მქონე ქალებში (კანის მაღალი პიგმენტაცია, შემცირებული მზის სინათლე, სიმსუქნე, მალნუტრიცია და ა.შ.) დღიურად მისაღები დოზირება შეადგენს მინიმუმ 1000 საერთაშორისო ერთეულს. 1000 საერთაშორისო ერთეული D ვიტამინია მოწოდებული ორსულებში მეან-გინეკოლოგიის საქართველოს ეროვნული პროტოკოლითაც.

გამომდინარე იქიდან, რომ D ვიტამინი ცხიმში ხსნადი ნივთიერებაა, მისი ეფექტურობა რამდენადმე მატულობს ისეთი ცხიმოვანი მჟავების ფონზე, როგორიცაა ომეგა 3, რომელიც მიეკუთვნება ორგანიზმისთვის შეუცვლელი პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების ჯგუფს. იგი ორგანიზმში დამოუკიდებლად არ სინთეზირდება, ამიტომ აუცილებელია მისი საკვების ან საკვები დანამატების სახით მიღება. ომეგა-3-ის შემადგენლობაში შემავალი დოკოზაჰექსანისა (DHA) და ეიკოზაპენტანის (EPA) მჟავები რეკომენდებულია ორსული ქალებისთვის, მათი მიღება ეხმარება ბავშვის ტვინს სწორად ფორმირებაში.

D3 ვიტამინისა და ომეგა-3-ის უნიკალური კომბინაციის ეფექტურობა არაერთი კვლევით არის დადასტურებული რეპროდუქციული და სამეანო თვალსაზრისით. ერთ-ერთი ასეთი კვლევის - Razavi et al. -ის (2017 წ.) მიხედვით D ვიტამინისა და ომეგა-3-ის კომბინაციის სახით მიღება უკეთესად აუმჯობესებს ორსული ქალების შრატში 25(OH)D ვიტამინის დონეს, პლაცებოსთან და აღნიშნული ნაერთების მონოკომპონენტურად მიღებასთან შედარებით. ამავე კვლევის მიხედვით, აღნიშნული კომბინაცია ამცირებს ახალშობილთა ჰიპერბილირუბინემიის განვითარებისა და ჰოსპიტალიზაციის რისკს.

(R)

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
ახალი ზოოპარკი და ახალი ბინადრები, რომელთა ნახვაც დამთვალიერებლებს შეეძლებათ - რა ეტაპზეა თბილისის ზღვაზე ახალი ტერიტორიის მოწყობა?
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით