ფოთში მოკლული ვაჟა ტყებუჩავას მშობლები ყველა იმ პირის დაკავებას ითხოვენ, ვინც მათ შვილს გაუსწორდა

ფოთში მოკლული ვაჟა ტყებუჩავას მშობლები ყველა იმ პირის დაკავებას ითხოვენ, ვინც მათ შვილს გაუსწორდა

ფოთში მოკლული ვაჟა ტყებუჩავას მშობლები ყველა იმ პირის დაკავებას ითხოვენ, ვინც მათ შვილს სასტიკად გაუსწორდა.

როგორც ისინი აცხადებენ, მათი შვილი „ქურდული სამყაროს“ წევრების დაპირისპირებას შეეწირა. მათივე თქმით, მკვლელობაში 7 ადამიანი მონაწილეობდა და ამ დროისთვის ხუთია დაკავებული.

„ჩემი შვილი ორი კლანის დაპირისპირებას შეეწირა. ბაირამიდი ემუქრებოდა ჩემს შვილს, არ იამხანაგო გუგუნავასთანო. შეკრიბა მისი ბანდა, მოუგზავნა ვაჟას, წაიყვანეს და მოკლეს. ჩემი მთავარი მოთხოვნაა ყველა იმ პირის დასჯა, ვინც ჩემ შვილს სასტიკად გაუსწორდა. მკვლელობაში მონაწილე 5 ადამიანი დაკავებულია და მინდა დარჩენილი ორიც დააკავონ. მე მჯერა სამართალდამცავების, ისე მუშაობენ, რომ დღემდე კმაყოფილი ვარ“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ვაჟა ტყებუჩავას დედამ, ზოია ტყებუჩავამ.

შეგახსენებთ, ფოთში 2020 წლის 2 ივლისს ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. რამდენიმე პირმა 43 წლის ვაჟა ტყებუჩავა ახლობლის პანაშვიდიდან გაიტაცა, სცემეს და ნაგავსაყრელზე დატოვეს. თავდამსხმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ ტყებუჩავას მამასაც. პოლიციამ მკვლელობაში ბრალდებული ოთხი პირი მაშინვე დააკავა. ზ. გ კი ქარელში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს აიყვანეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, 2020 წელს ფოთში მომხდარი მკვლელობისთვის ძებნილი პირი - 1983 წელს დაბადებული ზ.ო. ქარელის მუნიციპალიტეტში დააკავეს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის ივლისში, ზ.ო.-მ და მისმა თანამზრახველებმა 1976 წელს დაბადებულ ვ.ტ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, ბასრი საგნისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, სიცოცხლისთვის საშიში ჭრილობები მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. მიღებული ჭრილობების შედეგად, ვ.ტ. კლინიკაში გარდაიცვალა. პოლიციამ, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მომხდარიდან მალევე, ჯერ სამი პირი, ხოლო მომდევნო დღეებში კიდევ ერთი პირი დააკავა. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით, ასევე, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" და "ე" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განსაკუთრებული სისასტიკით ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს”, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო:ფოთში მოკლული ვაჟა ტყებუჩავას მშობლები ყველა იმ პირის დაკავებას ითხოვენ, ვინც მათ შვილს გაუსწორდა