ქართული პრესის მიმოხილვა 21.01.2021

გაზრდის თუ არა ეპიდრისკებს ავიამიმოსვლის აღდგენა და სად შევძლებთ გაფრენას თებერვლიდან

ვაქცინების არათანაბარმა გადანაწილებამ შესაძლოა პანდემია გლობალურად გაახანგრძლივოს

ცვლილება - კომენდანტის საათი უფრო გვიან დაიწყება?!

* * *

გაზრდის თუ არა ეპიდრისკებს ავიამიმოსვლის აღდგენა და სად შევძლებთ გაფრენას თებერვლიდან

“თებერვალიდან რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვები მკაცრი კონტროლის ფონზე გაიხსნება - სპეციალისტები თვლიან, რომ ეს ეპიდსიტუაციის გაუარესების რისკებს ზრდის, თუმცა, დასძენენ, რომ თუ გაკონტროლება სწორად მოხდება, შესაძლებელია ეკონომიკურად ბევრად მეტი სარგებელი იყოს, ვიდრე ეპიდემიოლოგიური კუთხით ზიანი. ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ამბობს რომ ეს პროცესი იქნება კონტროლირებადი ტესტებით, ვაქცინაციის საბუთით ან სხვა ადეკვატური დოკუმენტით გამყარებული - “კონკრეტულ თარიღებს ვერ დავასახელებთ, მაგრამ თებერვლის თვე იქნება ის თვე, როდესაც რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვებს მოვხსნით. თუმცა, ეს არ ნიშნავს ქაოსურ და უკონტროლო შემოსვლას ქვეყანაში. ეს იქნება ძალიან კონკრეტული, კონტროლირებადი ტესტებით, ვაქცინაციის საბუთით, ან სხვა ადეკვატური დოკუმენტით გამყარებული”, - განაცხადა თურნავამ “იმედის” ეთერში. ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა “რეზონანსთან” ამბობს, რომ თუ ამ ყველაფრის დაცვა ზედმიწევნით მოხდა, შესაძლებელია ქვეყანამ ეკონომიკურად უფრო მეტი სარგებელი მიიღოს, ვიდრე ეპიდემიოლოგიური ზიანი”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით გაზრდის თუ არა ეპიდრისკებს ავიამიმოსვლის აღდგენა და სად შევძლებთ გაფრენას თებერვლიდან.

“თებერვლისთვის დიდი ალბათობით აცრა ვერ მოესწრება, თუმცა, ალბათ ტესტის ჩატარება და “პი-სი-არ” ტეტსის შედეგი საჭირო იქნება და შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ადამიანის მონიტორინგი მოხდეს და გაკონტროლდეს იმიტომ, რომ ეს ეპიდსიტუაციის გაუარესების რისკებს ზრდის. მაგრამ, თუ ამ ყველაფრის გაკონტროლება სწორად მოხდება და რეგულეციების დაცვა შესაძლებელი იქნება, შესაძლოა ავიარეისების აღდგენით ბევრად მეტი სარგებელი იყოს, ვიდრე ეპიდემიოლოგიური კუთხით ზიანი. ამიტომ, მთავარია რეგულაციები და წესები დაცული იქნას იმისთვის, რომ მოხერხდეს და ნელ-ნელა აღდგეს არა მხოლოდ საერთაშორისო რეისები, არამედ ქვეყნის გახსნაც ნელ-ნელა მოხდეს, რაც ეკონიმიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, რომ საქართველოს ფაქტიურად ორი ეტაპი მოუწია, როდესაც საკმაოდ მკაცრი რეგულაციები გატარდა, რამაც ეკონომიკა ძალიან დააზიანა, ამიტომ, მიუხედავად რისკებისა, ჩვენ ჩვეულ ცხოვრებას უნდა დავუბრუნდეთ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ალექსანდრე გოგინავა.

“ჩემი აზრით, კოვიდპასპორტები ცუდი არ იქნება, უბრალოდ, ეს შესაძლებელია მაშინ, როცა ჩვენთან ვაქცინაცია დაიწყება. წინასწარ ამის გაკეთებას აზრი არ აქვს, ვაქცინაციის პროცესს უნდა შევხედოთ და რა თქმა უნდა, შემდეგ თუ მოხერხდა და ვაქცინაცია წარმატებით ჩატარდა, კოვიდპასპორტები უნდა არსებობდეს, განსაკუთრებით სხვა ქვეყნებში მოგზაურობისთვის. რადგანაც, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთელს მსოფლიოში სტაბილური ეპიდსიტუაცია შენარჩუნდეს, რასაც ეს ხელს შეუწყობს. თუ სტატისტიკას გადავხედავთ, რეალურად მდგომარეობა გაუმჯობესებულია, ახალი შემთხევების რაოდენობა იკლებს, ეს ყველაფერი რა თქმა უნდა რეგულაციებისა და იმის ხარჯზეა, რომ პიკი ნოემბერ-დეკემბერში გადავიარეთ, მაგრამ, სამომავლოდ, როდესაც ქვეყანაში რეგულაციები მოიხსნება და ტრანსპორტი, სასწავლო დაწესებულებები და ა.შ. ნელ-ნელა აღდგება, ეს რა თქმა უნდა რისკებს გაზრდის”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რისკების შეფასება, შესაბამისი ღონისძიების გატარება, საზოგადოების მხრიდან რეკომენდაციების დაცვა და ა.შ. მოხდეს, იმიტომ, რომ კარგი იქნება თუ მარტის ჩათვლით სტაბილურ ეპიდსიტუაციას შევინარჩუნებთ, რათა ვაქცინაციის პერიოდს შედარებით სტაბილურ მდგომარეობაში შევხვდეთ, რაც იმის გარანტიას მოგვცემს, რომ შემდეგ, გაზაფხული და ზაფხული ბევრად უფრო მსუბუქი და მშვიდი გვქონდეს” - დაასკვნის გოგინავა.

“აფრიკულის და ბრიტანულის შემდეგ, ახლა უკვე გერმანული ახალი შტამი ბავარიის ქალაქ გარმიშ-პარტენკირხენში 35 ახლად ინფიცირებულ პაციენტში აღმოაჩინეს. მუტაცია ბრიტანეთში აღმოჩენილი ვირუსის ახალი ვარიანტისგან განსხვავდება, თუმცა ექიმებმა ჯერ არ იციან აქამდე აღმოჩენილ შტამებთან შედარებით, რამდენად სწრაფადგადამდები და უფრო მომაკვდინებელია. ბრიტანული შტამი, რომელიც სპეციალისტების აზრით, უფრო სწრაფადგავრცელებადია, მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც დაფიქსირდა. ეპიდემიოლოგი და ჯანდაცვის ექსპერტი ირაკლი ხმალაძე კი “რეზონანსთან” აღნიშნავს, რომ ამ პირობებში, როცა უკვე სამი შტამია, გამორიცხული არაა, რომ ავიარეისების აღდგენის შემდეგ შემოვიდეს, ამიტომაც მიიჩნევს, რომ მიმოსვლის მკაცრი გაკონტროლება უნდა მოხდეს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“არაა გამორიცხული, რომ (ავიარეისების აღდგენის შემდეგ) შტამები უფრო აქტიურად შემოვიდეს, მაგრამ ეს მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ (უცხოეთიდან ჩამოსულების) იმ ხალხის სრულად იდენტიფიცირება არ მოხდება და მათთვის ანტიგენზე რეაქცია არ გაკეთდება, მაგრამ სამივეზე უნდა გაკეთდეს და არა მხოლოდ ერთზე, ჩვენ ახლა რაც შტამი გვაქვს, მხოლოდ იმაზე ტესტის გაკეთება არ ნიშნავს, რომ ეს სამივეს შეეხება. და მეორე, ამ ხალხის კონტროლი რაღაცნაირად უნდა მოხდეს, შეიძლება იმ მომენტში არ ჰქონდეს და გარკვეული ხანის შემდეგ აღმოაჩინო - ასეთი შემთხვევებიც გვქონდა. პაციენტს სიცხეებიც ჰქონდა, ყველაფერი, თუმცა პირველ პერიოდში კოვიდი არ დაუდასტურდა, გარკვეული დროის შემდეგ კი დადასტურდა, ამიტომ აუცილებლად ზედამხედველობა უნდა მოხდეს. კოვიდპასპორტები და მსგავსი დოკუმენტი, ეს უკვე ტექნიკური საკითხებია, რომელიც არარაობას სჯობია, ეს უნდა იყოს, იმიტომ, რომ რაღაცნაირად ადამიანზე ინფორმაცია იცოდე - გაკეთებული აქვს თუ არა ანალიზი, ამიტომაც ეს მნიშვნელოვანია და მიმაჩნია, რომ კარგი იდეაა”, - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ხმალაძე.

ვაქცინების არათანაბარმა გადანაწილებამ შესაძლოა პანდემია გლობალურად გაახანგრძლივოს

“კორანავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოში როდის და რომელი პრეპარატით დაიწყება, კვლავ უცნობია. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს გებრესიუსი აცხადებს, რომ ვაქცინის არათანაბარი გადანაწილების გამო მსოფლიო მორალური ჩავარდნის ზღვარზეა. გებრესიუსის თქმით, 39 მილიონი დოზა ვაქცინებისა, 49 ყველაზე მდიდარ ქვეყანას გადაუნაწილდა და მხოლოდ 25 მილიონი ერგო ღარიბ ქვეყნებს. ამიტომაც, ქართველი ექსპერტები აცხადებენ, რომ საქართველო ამ რიგში ბოლოა და ილუზიები იმის შესახებ, რომ გაზაფხულზე ვაქცინა გვექნება, ფუჭია. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე კი აცხადებს, რომ საქართველო აკმაყოფილებს ყველა იმ მოთხოვნას, რომელიც აქვს “კოვაქს” პლატფორმას და ესაჭიროება “ფაიზერის” ვაქცინას. ხოლო ამ ყველაფერის მეთვალყურეობას უწევს ჯანდაცვის მსოფლიოს ორგანიზაცია და დღეს საქართველო სრულიად მზად არის, როგორ ინფრასტრუქტურულ, ასევე პერსონალის ნაწილში, რომ მივიღოთ “ფაიზერის” ვაქცინა და დავიწყოთ მოსახლეობის ვაქცინაცია”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ვაქცინების არათანაბარმა გადანაწილებამ შესაძლოა პანდემია გლობალურად გაახანგრძლივოს.

“ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ხელისუფლება ცდილობს ქვეყანამ ვაქცინა მაქსიმალურად სწრაფად მიიღოს, თუმცა, მისივე თქმით, ხარისხი და უსაფრთხოება, პრიორიტეტული საკითხია. “ჩვენ ვეყრდნობით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან ვაქცინის აღიარებას და მივყვებით პროტოკოლს, რომელსაც ისინი გვთავაზობენ. ჩვენ ვაკვირდებით სხვადასხვა ქვეყანაში არალიცენზირებული ვაქცინების მოხმარებას, რასაც საქართველო არ მიესალმება. საქართველო მიიღებს მხოლოდ იმ ვაქცინებს, რომლებიც მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მხრიდან იქნება აღიარებული. დღეს ნამდვილად მზად ვართ ყველა ვაქცინის მიღებისთვის, თავიანთი ტემპერატურული რეჟიმით, რომელსაც „კოვაქს" პლატფორმა შემოგვთავაზებს”, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. “ფაიზერმა” 1 კვირის წინ შეაჩერა ვაქცინის მიწოდება. არავინ იცის სინამდვილეში რატომ შეაჩერეს”, -ამის შესახებ პროფესორმა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველმა, გიორგი ფხაკაძემ განაცხადა. მისი თქმით, ვაქცინა ბაზარზე არ არის”, - აღნიშნავს გამოცემა.

“საქართველოს საკოორდინაციო საბჭო არ იღებს გადაწყვეტილებას რომელი ვაქცინა შემოვა საქართველოში, ჩვენ ამისი არც ფინანსური და არც პოლიტიკური უნარი არ გვაქვს. შევხედოთ რეალობას თვალებში. ერთადერთი ვაქცინა, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის დამტკიცებული “ფაიზერის” ვაქცინაა. კონტრაქტების მიხედვით, ჯერჯერობით “ფაიზერის” ვაქცინა არ არის კოვაქსში. რაც შეეხება საქართველოს, ის მიიღებს იმ ვაქცინას, რომელიც იქნება დამტკიცებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ და იქნება დაკონტრაქტებული კოვაქსის მიერ. ეს არის რეალური მოცემულობა. ჯერ-ჯერობით, ვაქცინა ბაზარზე არ არის. შეიძლება შემოვიტანოთ, 1000-2000 ვაქცინა, ეს კი საქმეს არ აკეთებს. საქართველოსნაირი კიდევ 180 ქვეყანაა. ჩვენ ვართ რიგის ბოლოში… “ფაიზერმა” შეაჩერა 1 კვირის წინ ვაქცინის მიწოდება. სინამდვილეში მართლა არავინ იცის რეალურად რა ხდება”, - თქვა ფხაკაძემ, რომლის თქმით, მსოფლიოს მდიდარმა ქვეყნებმა ვაქცინების 90% წინასწარ დაჯავშნეს”, - განაგრძობს გამოცემა.

“დიდი ქვეყნები ძალიან ცუდად მოიქცნენ, მდიდარმა ქვეყნებმა წინასწარ შეიძინეს 90% მთელი მსოფლიოს ვაქცინების რაოდენობიდან. იმ ფირმებს, რომლებიც ახლა მუშაობენ ვაქცინებზე, მაგრამ არავინ იცის იმუშავებს ეს ვაქცინა თუ არ იმუშავებს, მდიდარმა ქვეყნებმა წინასწარ გადაუხადეს ფული” , – ამბობს ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი ფხაკაძე. ჯანდაცვის ექსპერტი სერგო ჩიხლაძე ამბობს, რომ ვაქცინების არათანაბარი გადანაწილების პრობლემა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ უნდა მოაგვაროს. “გადანაწილება და გარკვეული ხარვეზები, ეს უკვე არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხარვეზები, ამაში ქვეყნები როგორც ასეთი მგონია, რომ ვერ ჩაერევიან. თვითონ ვერ იქონიებენ ზეგავლენას. ეს უნდა მოაგვაროს თვითონ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ. იმიტომ, რომ ეს კოვაქს პლატფორმა მათი შექმნილია. რაც შეეხება ჩვენი მთავრობის მზაობას, მზად რომ არ არიან, გუშინაც დავინახეთ, როდესაც გეგმაც კი არ გახადეს საჯარო რა უნდა იყოს, როგორ უნდა იყოს, თუნდაც სად იქნება განლაგებული ვაქცინაციის პუნქტები”, - ამბობს ჯანდაცვის ექსპერტი სერგო ჩიხლაძე”, - წერს სტატიის ავტორი.

ცვლილება - კომენდანტის საათი უფრო გვიან დაიწყება?!

“ბოლო რამდენიმე დღეა, კომენდანტის საათის შესაძლო გადაწევაზე საუბარი მიმდინარეობს. როგორც აღმოჩნდა, საკითხი პრობლემურია, როგორც ბიზნესისთვის, ისე მოქალაქეებისთვის. მაგალითად, სავაჭრო ცენტრებმა კომენდანტის საათის გადაწევის საკითხი უკვე დააყენეს. მათი მოთხოვნაა, რომ შეზღუდვა ერთი საათით გვიან, 22:00 საათზე დაიწყოს. ამაზე მსჯელობა, როგორც ჩანს, მტავრობაშიც მიმდინარეობს, მაგრამ კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ არის. კომენდანტის საათის გადაწევაზე საუბარი, ჯერ კიდევ წინა წლის მიწურულს იყო. მაშინ, საქართველოს მთავრობა გადაადგილების აკრძალვის დაწყების დროს ღამის 11:00 და 12:00 საათს განიხილავდა, თუმცა მაშინ ცვლილება არ მომხდარა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ცვლილება: კომენდანტის საათი უფრო გვიან დაიწყება?! / ბიზნესი მთავარი შეზღუდვის შემსუბუქებას პირდაპირ ითხოვს, მთავრობაში უკვე მსჯელობენ.

“21:00 საათზე ქალაქში გადაადგილება იზღუდება, 24 დეკემბრამდე არაერთი შეხვედრა იქნება საკოორდინაციო საბჭოზე, სადაც განიხილება, მიზანშეწონილი იქნება თუ არა, რომ საკომენდანტო საათი გადაიწიოს მაგალითად, ღამის 11:00 ან 12:00 საათამდე”, – განაცხადა კახა კალაძემ 2020 წლის მიწურულს. მართალია, გადაადგილების შეზღუდვა მთელი ქვეყნის მასშტაბით არსად შეცვლილა, მაგრამ ფაქტია, რომ ამაზე მსჯელობა ახლა უფრო მიმდინარეობს. ბიზნესი ამას უკვე პირდაპირ ითხოვს, რასაც ეთანხმება მოსახლეობაც. გასარკვევია, რამდენად დააკმაყოფილებს საქართველოს მთავრობა სავაჭრო ცენტრებისა და ხალხის მოთხოვნას და გადაწევს თუ არა შეზღუდვის ამოქმედებას ერთი საათით. ინფორმაცია არ აქვს “ქართული ოცნების” ყოფილ დეპუტატ, ექსპერტ აკაკი ზოიძეს. ჯერ უნდა გაირკვეს, რა ცვლილებას გამოიწვევს “კომენდანტის” ერთი საათით გადაწევა, როგორც ბიზნესისთვის, ისე ჯანდაცვის კუთხით”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ამ ერთი საათის გადაწევის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. გასარკვევია, რას ნიშნავს სავაჭრო ცენტრებისთვის შეზღუდვის ერთი საათით გადაწევა შემოსავლის კუთხით და მეორე მხრივ, მობილობის თვალსაზრისით რა შეიძლება ამ ნაბიჯს მოჰყვეს. ერთი მხრივ არის ხალხის შემოსავალი, ეკონომიკური აქტივობის აუცილებლობა და მეორე მხრივ, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, თუ რა შედეგი შეიძლება მოგვიტანოს. თუ კომენდანტის საათი შედარებით გვიან ამოქმედდება, ეს ალბათ გაზრდის მობილობას და კონტაქტებს გვიან საათებში, რაც არასასურველია იმ თვალსაზრისით, რომ მოიმატებს ინფექციის გავრცელების რისკი. დადებითი ტენდენცია გვაქვს და ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება, მაგრამ დამშვიდების საშუალება არ გვეძლევა და აუცილებელია, საზოგადოებამ გააგრძელოს იმ რეკომენდაციების დაცვა, რომელიც თვეების განმავლობაში მოქმედებს. ჯერ სამშვიდობოს გასული არ ვართ. თუ ამ საკითხის განხილვა მოხდება და სპეციალისტებს დაგვიძახებენ, სიამოვნებით მივიღებ შემოთავაზებას”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას აკაკი ზოიძე.

“კომენდანტის საათის გადაწევა მომგებიანი იქნება ბიზნესისთვის. საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექორი ლევან ვეფხვაძე შეზღუდვის გადაწევის მომხრეა და ამბობს, რომ ამით, როგორც ბიზნესი, ისე მოსახლეობაც ისარგებლებს. “კომენდანტის 21:00 საათიდან 22:00 საათამდე გადაწევა დაეხმარება მაღაზიებს, სავაჭრო ცენტრებს, რომლებიც გაახანგრძლივებენ თავიანთ საქმინობას ერთ საათით. ეს ბიზნესისითვისაც ხელსაყრელი იქნება და იმ ადამიანებისთვის. ვიცით, რომ პირველი თებერვლიდან ვაჭრობის სფერო გაიხსნება და აასეთი შემთხვევაში შეზღუდვის შემსუბუქების საჭიროება, ბუნებრივია, კიდევ უფრო მეტად გაჩნდება. ჩვენ კიდევ ერთხელ დავაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას, რომ ბიზნესის გახსნის საკითხი გადახედვას აღარ უნდა ექვემდებარებოდეს, იმ ეკონომიკური რეალობიდან გამომდინარე, რომელიც ქვეყანაში შეიქმნა. გასაგებია, რომ უნდა დავიცვათ პირობები და ვიყოთ ფრთხილად, მაგრამ ეკონომიკა უნდა ამოქმედდეს. კომენდანტის საათის გადაწევაც ალბათ, უნდა მოხდეს“, - მიიჩნევს ვეფხვაძე. დიდი პაუზის შემდეგ, სავაჭრო სექტორი სულ რაღაც 10 დღეში ამუშავდება, მაგრამ თუკი კომენდანტის საათი ძალაში დარჩება, პრობლემები ამ სექტორში ისევ იქნება” - დასძენს გამოცემა.

“საქართველოს სავაჭრო ცენტრების ასოციაციის ხელმძღვანელის ლევან ყარალაშვილის ინფორმაციით. სავაჭრო ცენტრების გახსნის თარიღი უკვე გადაწყვეტილია და არ შეიცვლება, თუმცა რიგი საორგანიზაციო საკითხები მოუგვარებელია. “აუცილებელია, რომ იმ 250 000 ადამიანს, რომელიც პირველი თებერვლიდან სამსახურში უნდა გავიდეს, ჰქონდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების საშუალება. პარალელურად, ჩვენი მოთხოვნა კომენდანტის საათის დაწყების გადავადება იყო, რომ 21:00-ის ნაცვლად 22:00 საათზე დაიწყოს. საბოლოო ჯამში, ყველა ჩვენი ბიზნესი ერთმანეთთან ჯაჭვურად არის გადაბმული და იმედი გვაქვს, ეტაპობრივად ყველას გახსნის საშუალება მიეცემა. სამუშაო ადგილებს უნდა დაუბრუნდეს ის 250 000 ადამიანი, რომელიც სხვადასხვა სექტორებშია დასაქმებული”, - განაცხადა “ბიზნეს მედიასთან” საქართველოს სავაჭრო ცენტრების ასოციაციის ხელმძღვანელის ლევან ყარალაშვილმა”, - წერს სტატიის ავტორი.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა