სოფელ კისისხევში მდებარე ფერმის მეპატრონე მკვლელობის შესახებ გარკვეულ დეტალებზე საუბრობს

თელავში გვიან ღამით მოკლული ქალი 28 წლის დიანა ფარსადანოვი, მასთან ერთად დაჭრილი 35 წლის მამაკაცი კი ხვიჩა ერგემლიძეა. „ინტერპრესნიუსი“ იმ ფერმის მეპატრონეს ესაუბრა, სადაც შემთხვევა მოხდა. მკვლელობის ერთ-ერთ მოტივად, ეჭვიანობა სახელდება.
მისი თქმით, გვიან ღამით ფერმის ტერიტორიაზე ხვიჩა ერგემლიძე და მისი ორი მეგობარი იმყოფებოდა, თუმცა მათ შორის რაიმე საეჭვო არ შეუნიშნავს.
„საჭმელს ჭამდნენ მე რომ მოვედი, მშვიდად იყვნენ. მერე რა მოხდა, არ ვიცი. საწოლიც სისხლიანია. არაფერი ვიცი. ამ ბიჭს 4-5 წელია თხები ჰყავს აქ და მწყემსავს. კარგი, პატიოსანი ბიჭია. მოკლული გოგო ვინაა, არ ვიცი. სავარაუდო მკვლელი კი სხვა რაიონიდანაა და აქედან მოშორებით ტბებზე მუშაობს. რა მოხდა, არ ვიცი. მათ შორის სხვა დროს კონფლიქტი არ გამიგია“, - აცხადებს ფერმის მეპატრონე.
მომხდარის მოტივზე საუბარი არ სურთ დაჭრილი ახალგაზრდის ოჯახის წევრებს. ადგილობრივები კი აცხადებენ, რომ მათ თანასოფლელს კონფლიქტი არავისთან ჰქონია და ეს ფაქტი მათთვის მოულოდნელი იყო.
შემთხვევა სოფელ კისისხევში მდებარე ერთ-ერთ ფერმაში გუშინ გვიან ღამით მოხდა.
ცივი იარაღით მიყენებული მრავლობითი ჭრილობებით გოგო ადგილზე გარდაიცვალა, მამაკაცს კი დაზიანებები გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. მას თელავის რეფერალურ საავადმყოფოში უკვე ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია. ექიმის თქმით, მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურად.
მომხდარი ფაქტი კახეთის პოლიციის თანამშრომლებმა ცხელ კვალზე გახსნეს. გამოძიება 108-ე მუხლით და 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

























