არჩილ მორჩილაძე - ბიუჯეტის ხარჯზე მედიკამენტების ხარჯების ანაზღაურებას სახელმწიფოს მიერ დასაქმებული ადამიანები და მათი ოჯახის წევრები, 250 000-ზე მეტი ადამიანი იღებს, როცა უამრავი სოციალურად დაუცველი ამ დაფარვის მიღმაა დარჩენილი

- როგორ შეაფასებდით ჯანმრთელობის დაზღვევის ბაზრის განვითარების პერსპექტივებს?

- ამ სფეროს განვითარება დიდწილად სახელმწიფო გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული,სამწუხაროდ.

თითქმის არც ერთ სადაზღვევო კომპანიას არ აქვს სრულფასოვანი ინდივიდუალური დაზღევევა, ან თუ აქვს, ძალიან შეზღუდული. მინიმუმ ერთწლიანი მოლოდინის პერიოდები და გამონაკლისების საკმაოდ დიდი ჩამონათვალით

ბუნებრივია, ასეთი პაკეტით დაზღვეული ადამიანი ვერ მიიღებს სრულფასოვან დაფარვებს და უკმაყოფილების ობიექტი სადაზღვევო კომპანია იქნება, რომელმაც ასეთი „კვაზი“ სადაზღვევო დაფარვები შესთავაზა მომხმარებელს. სწორედ ამის გამო ჩვენი კომპანია არ იწყებს ინდივიდუალური დაზღვევის გაყიდვას.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსია, თუ მოქალაქე მაინც გადაწყვეტს და შეიძენს ასეთ დაზღევევას, მას შეუწყდება საყოველთაო ჯანდაცვის დაფარვა, რაც გარკვეულ სასჯელს ჰგავს იმის გამო, რომ მოქალაქემ კერძო დაზღვევა აირჩია. ამასთანავე,

სახელმწიფო ორგანიზაციები და საჯარო უწყებები, მათ შორის,პარლამენტიც, ბიუჯეტის ხარჯზე იღებენ კერძო სადაზღვევო კომპანიების მომსახურებას. რაც თავისთავად ცუდი არ არის, მაგრამ უკეთესი იქნება თუ სხვადასხვა მიზნობრივ ჯგუფებსაც კონსოლიდირებული ტენდერის მეშვეობით დააზღვევს სახელმწიფო

აქ განსაკუთრებით აქტუალურია მედიკამენტების ანაზღაურების საკითხი, რომლის გათვალისწინებაც უნდა მოხდეს ამ პაკეტებში. ეს ის საკითხია, რის თაობაზეც ამდენი წელია სახელმწიფო მხოლოდ საუბრობს და კონკრეტულად ვერაფერი გაკეთდა. არადა დღეს ბიუჯეტის ხარჯზე მედიკამენტების ხარჯების ანაზღაურებას სახელმწიფოს მიერ დასაქმებული ადამიანები და მათი ოჯახის წევრები, ჯამურად დაახლოებით 250 000-მდე ადამიანი, იღებს. როცა უამრავი სოციალურად დაუცველი ჯგუფი ამ დაფარვას ვერ იღებს.

სწორედ ამიტომ გამოვედით ინიციატივით, რომ ჯანმრთელობის დაზღვევა სახელმწიფომ კონსოლიდირებული ტენდერით შეიძინოს და ბენეფიციარებად სოციალურად დაუცველი ჯგუფებიც დაამატოს

- ჯანმრთელობის დაზღვევის შესყიდვას სახელმწიფო დღესაც ხომ ახორციელებს?

- დიახ, საკმაოდ დიდი თანხები იხარჯება ამ მიმართულებით. ხშირად ტენდერები დაუსრულებლად გრძელდება, რადგან შემსყიდველი ორგანიზაციების უმეტესობა ღრმად არ იცნობს დაზღვევის პრინციპებს და სატენდერო წინადადებების შედგენისას მრავალ შეცდომას უშვებს, რასაც პრეტენდენტები გასაჩივრების დროს „წარმატებით“ იყენებენ. ზოგი შემსყიდველი დაზღვევის პირობებში ითხოვს არაადექვატურ დაფარვებსაც. მაგალითად, საკვებ დანამატებს. ჩვენი აზრით,

დაუშვებელია სახელმწიფო სახსრებით განხორციელებულ შესყიდვებში საბიუჯეტო ორგანიზაციებმა მოითხოვონ საკვები დანამატების ანაზღაურება, როდესაც ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო, პოლიფარმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, ასეთ დანიშნულებებს მონიტორინგს უქვემდებარებს

ამიტომაც ვფიქრობთ, რომ სასურველია კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარება. კონსოლიდირებული ტენდერის შემთხვევაში შესაძლებელია რამდენიმე ტიპის პაკეტის მომზადება, იმ ბიუჯეტის გათვალისწინებით, რაც აქვს თითოეულ შემსყიდველს და ვფიქრობ, 20 ლოტის შედგენა წარმატებით შეიძლება. მომსახურებაც უფრო ხარისხიანი იქნება და უკმაყოფილებაც ნულამდე დავა.

- კონსოლიდირებული ტენდერისთვის ვინ უნდა შეიმუშავოს დაზღვევის პირობები?

აქ აუცილებლად უნდა ჩაერთოს ჯანდაცვის სამინისტრო, შესყიდვების სააგენტო და დაზღვევის ზედამხედველობის სამსახური.

კონსოლიდირებული ტენდერის პრაქტიკამ აშკარად გაამართლა ავტოდაზღვევაში და ეს საუკეთესო პრაქტიკის მშვენიერი მაგალითია

ასეთი შესყიდვის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება ხარჯთეფექტური სადაზღვევო სქემების შემუშავება და არა მხოლოდ სახელმწიფო უწყებების თანამშრომლების და მათი ოჯახის წევრების, არამედ სხვადახვა სოციალური ჯგუფების დაზღვევაც. ასევე კარგი იქნება თუ სახელმწიფო გააუქმებს იმ ნორმას, რომლითაც კერძო დაზღვეული ვეღარ იღებს სარგებელს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან და საშემოსავლო გადასახადში ჯანდაცვის წილს განსაზღვრავს.

- ანუ ჯანდაცვის გადასახადის განსაზღვრას გულისხმობთ?

აქ არავითარ შემთხვევში არ იგულისხმება ახალი გადასახადი ან არსებულის ზრდა

უბრალოდ, უნდა განისაზღვროს საშემოსავლო გადასახადში გარკვეული წილი ჯანდაცვისთვის. ევროპის ყველა ქვეყანაში არის განსაზღვრული გადასახადებში გარკვეული წილი სავალდებულო სამედიცინო დაზღვევისთვის. მაგალითისთვის დავუშვათ, რომ ადამიანის ხელფასი არის 1250 ლარი, ხელზე იღებს 1000 ლარს და 250 ლარი მიდის ბიუჯეტში. აი, აქედან რომ წარმოიდგინოთ, 80 ლარია განსაზღვრული თქვენი ჯანდაცვისთვის. ამ 80 ლარისთვის თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ორი გზა - ან დაუტოვოთ სახელმწიფოს თქვენი ჯანმრთელობის დაზღვევისთვის, ან თქვათ, რომ მივდივარ კერძო სადაზღვევო სისტემაში და ეს 80 ლარი გამატანეთ იქ. ევროპის ქვეყნებში სახელმწიფო ან სრულად ატანს ამ თანხას, ან ინდექსაციას უკეთებს, ანუ 80-ის ნაცვლად გაგატანთ 50 ან 60 ლარს, შემდეგ თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ ამ თანხას თქვენივე ხელფასიდან იმდენი თანხა, რაც თქვენთვის სასურველი პაკეტის შეძენას დასჭირდება და სადაზღვევო კომპანიისთვის უკვე საინტერესო კლიენტი ხდებით, დღეს სამწუხაროდ, თითქმის არც ერთ სადაზღვევო კომპანიას არ აქვს სრულფასოვანი ინდივიდუალური დაზღევევა, ან თუ აქვს, ძალიან დიდი დათქმებით და მოლოდინის პერიოდებით, თანაც საკმაოდ შეზღუდული დაფარვებით.

ამ ცვლილებით სტიმული მიეცემა ინდივიდუალური სამედიცინო დაზღვევის განვითარებას - თან სახელმწიფოს ამით დაეზოგება თანხა და ჯანდაცვის ტვირთი ნაწილობრივ კერძო სადაზღვევო სექტორზე გადავა და ინდივიდუალური დაზღვევაც განვითარდება

- საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის პორტფელში ჯანმრთელობის დაზღვევას რა წილი უკავია?

- ჩვენთან, ისევე როგორც სხვა კომპანიებში, ყველაზე დიდი წილი ჯანმრთელობის დაზღვევას უკავია. დაახლოებით 60-70%. 2017 წლიდან დღემდე, ჯანმრთელობის დაზღვევაზე ანაზღაურებული ზარალები ყოველწლიურად 8-9 მილიონ ლარს შეადგენს. ოპერირების დაწყებიდან დღემდე ჩვენს კომპანიას მხოლოდ ჯანმრთელობის დაზღვევის კუთხით 30 მილიონ ლარზე მეტი აქვს ანაზღაურებული. ჯანმრთელობის დაზღვევის კუთხით, ჩვენ 2020 წელს გვყავდა 38 000-მდე დაზღვეული და 2021 წლის იანვრის მონაცემებით მათი რიცხვი 40 000-ს გადასცდა.

არჩილ მორჩილაძე, საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის დამფუძნებელი

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს