აქციის მონაწილეებმა ბათუმის წინასწარი დაკავების იზოლატორთან გადაინაცვლეს, სადაც დეპუტატის თავზე ნაგვის დაყრის ფაქტზე დაკავებული ირაკლი ფანგანია მოთავსებული

აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოს მიმდებარე ტერიტორიიდან სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა და აქტივისტებმა ბათუმის წინასწარი დაკავების იზოლატორთან გადაინაცვლეს, სადაც „ალტერნატივას“ წევრი, ირაკლი ფანგანი არის მოთავსებული.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, ის რომ უკანონოდ არის დაკავებული და მის გათავისუფლების მოთხოვნით, საპროტესტო აქციებს აანონსებენ.
როგორც „ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის“ წევრი მირდატ ქამადაძე აცხადებს, ფანგანი აჭარის მთავრობის სახლთან, სადაც უწყვეტ რეჟიმში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, აქტიურად იღებდა მონაწილეობას, იგი ასევე წინაარსაარჩევნო პროცესებში იყო ჩართული და ირაკლი ჩავლეიშვილთან ერთად მოქალაქეებს ხვდებოდა. მას მიაჩნია, რომ ირაკლი ფანგანის პროტესტი გასაკვირი არ არის, თუმცა ფორმა არასასურველია.
ცნობისთვის, შსს-მ ბათუმში, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის ირაკლი ჩავლეიშვილის მიმართ განხორციელებული დევნისა და ნაგვის თავზე დაყრის ფაქტზე ერთი პირი, ირაკლი ფანგანი დააკავა. უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მონაწილეობდა ბათუმში, ერას მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივას“ და პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლების მხრიდან აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის - ირაკლი ჩავლეიშვილის წინააღმდეგ მიმდინარე აქციაში. ი.ფ.-მ დეპუტატის მიმართ განახორციელა დევნა და ურნიდან ნაგავი თავზე გადააყარა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე და 239-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც დევნასა და ხულიგნობას გულისხმობს

























