ქართული პრესის მიმოხილვა 25.01.2021

თენგიზ ფხალაძე - როგორ შეხვდება საქართველო დამოუკიდებლობის აღდგენის 30 წლისთავს?!

ცხრა აქცია ორ დღეში - ოპოზიცია ბრძოლის ახალ მეთოდზე გადადის და დღეში რამდენიმე მცირე აქციას აწყობს

თინა ხიდაშელი - “განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ევროპის ქვეყნებმა აღიარონ რუსული ოკუპაცია და გამოაცხადონ რუსეთი ოკუპანტ ძალად”

კრიპტოვალუტის სკანდალი აფხაზეთში - ბჟანია დე ფაქტო ჩინოვნიკებს ერთ კვირას აძლევს

ბადრი ჯაფარიძე - “ოპოზიციურ ერთობაში ბზარის შეტანა არავის გამოუვა”

* * *

თენგიზ ფხალაძე - როგორ შეხვდება საქართველო დამოუკიდებლობის აღდგენის 30 წლისთავს?!

“უპირველესად მსურს მთელ ქვეყანას მივულოცო ეს გადაწყვეტილება და როგორც საქართველოს ერთმა მოქალაქემ მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ წარმატებასა და გამარჯვებაში წვლილი შეიტანა, განურჩევლად პარტიული კუთვნილებისა, თანამდებობისა და ა.შ. ეს არის ერთობლივი შრომის შედეგი და კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რამდენად დიდი წარმატების მიღწევა შეიძლება, როცა ყველა ეროვნული ინტერესებით ხელმძღვანელობს. რაც შეეხება იმას, თუ რას გვაძლევს ეს გადაწყვეტილება - არაერთხელ გვითქვამს, რომ 2008 წლის სამხედრო აგრესიის შედეგად ჩვენ არა მარტო წავაგეთ ფიზიკური ბრძოლა, წავაგეთ საინფორმაციო ომიც. რუსეთის ამ ზეწოლის გასარღვევად, ჩვენი ქვეყნის პოზიციის გასამყარებელი და მხარდამჭერი მნიშვნელოვანი სამართლებრივი დოკუმენტები გვჭირდება. ეს გადაწყვეტილება სწორედ ამგვარი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტების რიცხვს მიეკუთვნება”, - აცხადებს ექსპერტი თენგიზ ფხალაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ვაშინგტონიდან სტრასბურგამდე ანუ როგორ შეხვდება საქართველო დამოუკიდებლობის აღდგენის 30 წლისთავს?!

“ერთია ჩვენი პარტნიორების მხარდამჭერი პოლიტიკური ზეპირი განცხადებები, მაგრამ სხვაა, როცა იქმნება საერთაშორისო-სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც ჩვენს ქვეყანას სამართლებრივ საფუძველს უძლიერებს. ეს უმნიშვნელოვანესია რუსეთის ფედერაციისთვის პასუხისმგებლობის დასაკისრებლად და ასევე დეოკუპაციისთვის ბრძოლის გასაგრძელებლად. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ამ გადაწყვეტილებით ყველაფერი დასრულდა. კიდევ ბევრი რამ არის გასარკვევი. ამიტომაც არა გვაქვს დამშვიდების უფლება. უფრო მეტი შემართებით უნდა შევუტიოთ ოკუპანტ მხარეს, რათა ეს გამარჯვება უფრო დიდ გამარჯვებად ვაქციოთ. ამისთვის გვჭირდება ერთიანი, მწყობრი დეოკუპაციის სტრატეგია. ეს გადაწყვეტილება ამ მიმართულებითაც ძალიან სერიოზული და უმნიშვნელოვანესია, რასაც აუცილებლად უნდა მოჰყვეს ჩვენი უფრო ქმედითი ნაბიჯები, რათა რუსეთს მაქსიმალური პასუხისმგებლობა დაეკისროს. სხვათა შორის, წინადღეს გახმაურდა ეს გადაწყვეტილება და ის მეორე დღესვე ახსენა ნატოს გენმდივანმა სტოლტენბერგმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდგომ, ბრიფინგზე. მოკლედ, ეს არის სამართლებრივად და პოლიტიკურად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელზეც კიდევ უფრო მნიშვნელოვანი წარმატებები უნდა დავაშენოთ”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თენგიზ ფხალაძე.

“რუსული მხარის დეზინფორმაცია გასაკვირი არც არის. სხვაგვარად ვერც წარმომიდგენია რუსეთის მოქმედება. როცა რაიმე საკითხი თუ გადაწყვეტილება კრემლს არ აწყობს, იწყება საკუთარი ვერსიის მოყოლა და საზოგადოების დეზინფორმირება. ეს გათვლილია საკუთარ მოსახლეობასა და რუსულენოვან აუდიტორიაზე, ძირითადად, დსთ-ის ქვეყნებზე. ცდილობენ ვითარება ისე წარმოაჩინონ, როგორც კრემლის იდეოლოგებს სურთ. მათთვის მძიმეა აღიარება, რომ ასეთმა მნიშვნელოვანმა სასამართლომ რუსეთი გაამტყუნა. რუსეთის რიტორიკას მაშინვე გამოეხმაურნენ საოკუპაციო რეჟიმის დე ფაქტო მთავრობების წევრები და დაგმეს სტრასბურგის სასამართლო. ეს არის რუსული პროპაგანდის ტრადიციული ნარატივი და კიდევ ერთხელ ცხადყოფს, თუ რამდენად მტკივნეულია ასეთი გადაწყვეტილებები რუსეთისთვის და რა დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ქვეყნის წინააღმდეგ ასეთი საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტების შექმნას”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“სახელმწიფოს გრძელვადიანი სტრატეგიული ინტერესების გატარება იმხელა დროს მოითხოვს, რომ შესაძლოა ერთი ხელისუფლების ვადაში ვერც მოხერხდეს და შემდეგმა ხელისუფლებებმა დაასრულონ. მთავარია, იყოს თანამიმდევრულობა, ინსტიტუციური მმართველობა, თანამშრომლობა. სტრასბურგში გამარჯვება არის არა რომელიმე პოლიტიკური გუნდის, არამედ სახელმწიფოს გამარჯვება! სამწუხაროა, როგორც ჩანს, ჩვენს პოლიტიკოსებს ეს კარგად არ ესმით, არადა, პოლიტიკაში ყოფნა უპირველესად პასუხისმგებლობის გააზრებას გულისხმობს. ერთი რამ მინდა ვთქვა - 2021 არის საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი წელიწადი - დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წელი გადის. როგორ ვხვდებით საიუბილეო თარიღს - 2021 წლის 9 აპრილს? ქვეყნად, რომელმაც დამოუკიდებლობის მოპოვებიდან მალევე იწვნია გახლეჩის, ერთმანეთთან დაპირისპირების უმძიმესი შედეგი, მაგრამ ამ ყველაფრისგან რაღაც ისწავლა? თუ ქვეყნად, რომელმაც შეცდომებისგან ვერანაირი დასკვნა ვერ გამოიტანა და ისევ ერთსა და იმავე წრეზე დადის? ეს კითხვა საკუთარ თავს უნდა დავუსვათ პოლიტიკოსებმაც და საზოგადოების წევრებმაც. დროა გავიაზროთ, სად რა შეგვეშალა... უმნიშვნელოვანესია, რომ ამ 30 წლის იუბილეს საქართველო შეხვდეს ღირსეულად, იმ პოლიტიკური კრიზისის გადალახვით, რომელიც დღეს ქვეყანაში გვაქვს”, - დაასკვნის ექსპერტი.

“ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს აქტიურობა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციისთვის. ამ შემთხვევაში ალიანსის ინტერესები და ხედვა ჩვენსას ემთხვევა, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ რამდენიმე ფაქტორი... მისასალმებელია ენტონი ბლინკენის განცხადება, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ნატოს წევრ სახელმწიფოებში ალიანსის გაფართოების შესახებ ერთნაირი მოსაზრებები არ არის. ამიტომ აუცილებლად უნდა გავააქტიუროთ იმ პარტნიორებთან ურთიერთობა, რომლებიც უფრო კონსერვატორები არიან და ალიანსის გაფართოებას უფრო ფრთხილად ეკიდებიან. ყველაზე მთავარი კი ის არის, რაც იენს სტოლტენბერგმა გვითხრა, რომ საქართველოს ნატოსკენ გზა რეფორმებსა და დემოკრატიულ განვითარებაზე გადის. პირდაპირ ითქვა, ნატოს სჭირდება ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტებიო. ამიტომ კარგად უნდა გადავხედოთ ჩვენი რესპუბლიკის მიერ განვლილ 30-წლიან გზას და ვნახოთ, რას მივაღწიეთ, როცა ერთიანობა შევძელით, და რამდენი დავკარგეთ, როცა შიდა დაპირისპირებას გადავყევით”, - მიიჩნევს თენგიზ ფხალაძე.

“ერთხელ ვთქვი და გავიმეორებ - აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია არის შანსი საქართველოსთვის, რათა ჩვენი სახელმწიფო ბევრი მიმართულებით გადავიყვანოთ თვისებრივად ახალ ეტაპზე. ამისთვის გვჭირდება პროაქტიული საგარეო პოლიტიკა და მნიშვნელოვანი რეფორმები. შესაძლოა საქართველოსთვის ძალიან მალე გაიხსნას შესაძლებლობის ფანჯარა და თუ ამ მომენტისთვის მზად არ ვიქნებით, ამ გაშვებულ შანსს ნამდვილად ვერ ავინაზღაურებთ. აბსოლუტურად სხვა ტიპის ადმინისტრაცია მოვიდა აშშ-ში. ის ამბობს, რომ უნდა დაბრუნდეს მსოფლიოში ამ ქვეყნის ლიდერობა, მაგრამ დაბრუნდეს არა ძალით, არამედ ღირებულებებით, იდეალებით... მსოფლიოს სჭირდება ამგვარი ლიდერი - ბაიდენს აქვს ამის აღსრულების ამბიცია და ჰყავს პროფესიონალთა ჯგუფიც. თვითონაც იმ კალიბრის პროფესიონალია, რომელსაც ამის გაკეთება ძალუძს. ამ დროს ჩვენ უნდა ვიყოთ მზად, ვიფიქროთ სტრატეგიულ ამოცანებზე და არ უნდა გადავყვეთ წვრილმან კინკლაობას”, - ამბობს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “ოპოზიციაში საერთო შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა კი სულ უფრო მცირდება...” - პასუხობს:

“დაპირისპირებებზე უარესი ის არის, რომ პროცესი ჩიხშია და გამოსავლის პოვნის შესაძლებლობა სულ უფრო მცირდება, რაც კიდევ უფრო ამძიმებს ვითარებას. იმთავითვე დაპირისპირება ისეთი მაღალი ნოტიდან დაიწყო, საიდანაც უკან დახევა მხარეებს ძალიან უჭირთ. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მხარეები ვერ აცნობიერებენ, რომ მათ ეროვნული ინტერესების აღსრულებისთვის ერთმანეთი სჭირდებათ. შეთანხმებისთვის გზების გამონახვა მათი ვალდებულებაა და რაოდენ დასანანია, რომ ამას ვერ გრძნობენ”.

ცხრა აქცია ორ დღეში - ოპოზიცია ბრძოლის ახალ მეთოდზე გადადის და დღეში რამდენიმე მცირე აქციას აწყობს

“ოპოზიცია აქციებს გაზაფხულით აანონსებდა, თუმცა გამოსვლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მათ შორის დედაქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე უკვე დაიწყო. დღეში რამდენიმე აქცია იმართება, რომლის ორგანიზატორებიც ან უშუალოდ “ნაციონალური მოძრაობა”, ან მასთან დაკავშირებული პარტიები და სამოქალაქო აქტივისტები არიან. რასთანაა დაკავშირებული ეს და რა შედეგს მისცემს მცირე აქციებით ბრძოლის ახალი ტაქტიკა “ნაცმოძრაობას” და ზოგადად ოპოზიციას? 23 იანვარს რესპუბლიკის მოედანზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებმა და ლიდერებმა აქცია გამართეს. ისინი ავტოკოლონით ათონელის ქუჩის მიმართულებით, პრეზიდენტის რეზიდენციისკენ გაემართნენ. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, ისინი სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს აპროტესტებენ, რომელსაც პრეზიდენტი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო აკეთებდა...” - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ცხრა აქცია ორ დღეში - ოპოზიცია ბრძოლის ახალ მეთოდზე გადადის და დღეში რამდენიმე მცირე აქციას აწყობს.

“ამავე დღეს “ლეიბორისტული პარტიის” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა თბილისის მერიასთან აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა ჯაჭვით თბილისის მერიის სამანქანო შესასვლელი გადაკეტეს. მათი ჩვენი მოთხოვნა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმოსვლის აღდგენა იყო. აქცია იყო ლილოშიც, სადაც ლილოს ბაზრობის გახსნის მოთხოვნით აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს. ასევე აქცია იყო რუსეთის საელჩოსთან, რომლის მონაწილეებმაც მოსკოვში რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის დაპატიმრება გააპროტესტეს. აქცია იყო ბათუმშიც, სადაც ბულვარში მრავალსართულიანი შენობის მშენებლობას აპროტესტებენ, სადაც ინციდენტიც მოხდა, „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს, ირაკლი ჩავლეიშვილს დაუპირისპირდნენ, რომელიც უმაღლეს საბჭოში “ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიციის” საარჩევნო სიით შევიდა.ჩავლეიშვილს სამოქალაქო აქტივისტებმა და არასამთავრობო ორგანიზაცია “ალტერანტივას” წევრებმა თავზე ნაგავი დააყარეს. კიდევ ერთი აქცია ასევე ბათუმში ფიტნეს კლუბების გახსნის მოთხოვნით გაიმართა. აქცია იყო ანაკლიაშიც, სადაც შაბათს სამოქალაქო აქტივისტებმა ანაკლიის პორტის მშენებლობის შეჩერება გაპროტესტეს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით პარტიამ “გირჩი - მეტი თავისუფლება” თბილისში 24 იანვარს გამართა აქცია. აქციას “ევროპული საქართველოდან” წამოსული ელენე ხოშტარია და “ნაცმოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე შეუერთდნენ. “არა პოლიტიკურ ლოქდაუნს” - კვირას ამ სახელწოდებით გამართა აქცია ხუთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ. მთავრობის კანცელარიასთან შეკრებილებმა საკოორდინაციო საბჭოს 22 იანვრის გადაწყვეტილება გააპროტესტეს. ორგანიზაციებმა პრემიერ-მინისტრის სახელზე პეტიცია შეიტანეს. მათი თქმით, პეტიცია ასაბუთებს ლოქდაუნის პოლიტიკურ ნაწილს და დაწესებული შეზღუდვების დაუყოვნებლივ გაუქმებას მოითხოვს. ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე “რეზონანსთან” საუბარში აცხადებს, ოპოზიციის იმ ნაწილმა, რომელიც პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს, პოლიტიკური ბრძოლის ახალი ეტაპი დაიწყო და ეს მცირე აქციებიც ამის ნაწილია. ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე აღნიშნავს, რომ თუ აქციებს ბევრი ადამიანი შეუერთდა, ოპოზიცია მიზანს მიაღწევს”, - დასძენს გამოცემა.

“გასაგებია რასაც აკეთებენ, ყოველ შემთხვევაში ეს აქციები გარკვეულწილად პასუხია იმ პოზიციაზე, რაც ხელისუფლებას აქვს, რომელიც ამბობს, რომ რიგგარეშე არჩევნების თემას საერთოდ არ განიხილავს და ამასთანავე ოპოზიცია თუ არ იჩქარებს, თებერვლის დასაწყისში მანდატებს მოუხსნიან. ეს მაინც ოპოზიციური ბრძოლის პირველი ეტაპი მგონია. ზოგადად, ოპოზიცია თუ პარლამენტში არ შედის, მას ქუჩის გარდა არაფერი დარჩენია და ამ აქციების ორგანიზება უნდა დაიწყოს და უნდა ეცადოს, რომ რაც შეიძლება ფართომასშტაბიანი აქციები გამართოს, რათა ხელისუფლება აიძულოს, რომ რიგგარეშე არჩევნებზე წამოვიდეს. მაგრამ მე რასაც მოსახლეობაში, საზოგადოებაში დღეს არსებულ ვითარებას ვუყურებ, აქტივისტები კი, ბატონო, იმუშავებენ, აქციებში მონაწილეობას მიიღებენ, მაგრამ ძალიან მეეჭვება, რომ გნებავთ “ნაცმოძრაობამ”, ან გაერთიანებულმა ოპოზიციამ თუნდაც გაზაფხულზე ფართომასშტაბიანი აქციების ორგანიზება შეძლონ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“რა თქმა უნდა “ნაცმოძრაობას” ხელს აძლევს, რომ ოპოზიცია ქუჩაში დარჩეს, თუნდაც რიგგარეშე არჩევნები არ დაინიშნოს. ეს იმას ნიშნავს, რომ 2024 წლისთვის ის ნორმა ამუშავდება, რაც კონსტიტუციაშია ჩადებული - მთლიანად პროპორციული და 5%-იანი ბარიერი, ეს ბარიერი კი “ნაცმოძრაობას” რა თქმა უნდა ხელს აძლევს. ეს აქციები აბსოლუტურად არაფერს არ მოუტანს, ეს შეიძლება უბრალოდ იმის საპირწონე იყოს, რომ ხელისუფლებას აჩვენონ, რომ აი, ვიწყებთ აქციებს და შევძლებთ არა მხოლოდ თბილისში, არამედ სხვა ქალაქებში კომპლექსური და მასშტაბური აქციების ორგანიზებას. ეს ამ ეტაპზე უფრო ნერვების ომია, ვიდრე რაიმე სერიოზული. ეს რა თქმა უნდა შედეგს არ მოიტანს, გამორიცხულია ამ აქციებმა რაიმე შედეგი მოიტანოს”, - დაასკვნის ძაბირაძე.

“ეს შესაძლოა მთლად ახალი ტაქტიკა არ იყოს, იმიტომ, რომ საპროტესტო აქციებს “ნაცმოძრაობა” და სხვა ოპოზიციური პარტიები ისედაც აწყობდნენ, თუმცა, თუ აქციები რეგიონშიც გაიმართება რა თქმა უნდა შესაძლებელია, რომ პროცესი რაოდენობრივადაც და გეოგრაფიულადაც უფრო ფართომასშტაბიანი იყოს. ნაცმოძრაობა” ალბათ უფრო თვლის, რომ მსგავსი ტიპის აქციების მოწყობა უფრო ეფექტური იქნება. საერთოდ ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ადამიანების მთავარი გათვლაა, რომ ვადამდელი არჩევნები ჩატარდეს, ამიტომაც ამ შემთხვევაში ძირითადი მოთხოვნა ესაა. პლიუს, ჩემის აზრით, ივანიშვილის განცხადება, რომ „პოლიტიკიდან მივდივარ" - ამან ოპოზიციურ პარტიებს შესაძლოა დამატებითი მოტივაცია მისცა. მით უმეტეს საინტერესოა, რომ აქციები ზამთარში ეწყობა, მანამდე ოპოზიცია მსგავსი ტიპის აქციების გამარვას გაზაფხულზე აანონსებდა”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.

“ასევე კიდევ იმაზეა გათვლა, რომ “ქართული ოცნების” მიმართ ხალხის უკმაყოფილება სულ უფრო იზრდება, იმიტომ, რომ სოცილაურ-ეკონომიკური მდგომარეობა ეტაპობრივად უარესდება. ასევე ადამიანები, ვინც კერძო სექტორშია დასაქმებული, სამსახური დროებით დაკარგული აქვთ, შემოსავალი აღარ აქვთ და რომლებიც პოლიტიკურ პროცესებში ჩართულები არ იყვნენ, დღეს ისინიც პოლიტიკურები გახდნენ და “ქართული ოცნების” ქმედებები მათშიც გაღიზიანებას იწვევს. “აქციებს თუ უფრო მეტი ადამიანი შეუერთდება მიზნის მიღწევა შესაძლებელია, ყოველ შემთხვევაში შანსი იმისა, რომ მიზანს მიაღწიოს, იზრდება”, - თვლის ჩიტაძე.

თინა ხიდაშელი - “განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ევროპის ქვეყნებმა აღიარონ რუსული ოკუპაცია და გამოაცხადონ რუსეთი ოკუპანტ ძალად”

“ჯერჯერობით, სანამ ეს პროცესი არ დასრულებულა, სასჯელთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას უნდა დაველოდოთ. წინ არის საპარლამენტო ასამბლეის სესია და აუცილებლად მიმაჩნია, საქართველოს ხელისუფლებამ ეს მაქსიმალურად გამოიყენოს. ასამბლეაზე საქართველოს პარლამენტმა უნდა მოითხოვოს რუსეთისთვის სანქციების დაწესება მანამდე, სანამ არ შესრულდება სტრასბურგის ორი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. გადაწყვეტილება დეპორტაციის საქმეზე, რომელიც წლების წინ ასევე სტრასბურგმა მიიღო, დღემდე არ შესრულებულა. ახლა გვაქვს მეორე, 21 იანვარს მიღებული გადაწყვეტილება, რომლის ბოლო ნაწილს უნდა დაველოდოთ. მისი გამოყენება შეგვიძლია ნებისმიერ ფორუმზე”, - აცხადებს ყოფილი თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ევროპის ქვეყნებმა აღიარონ რუსული ოკუპაცია და გამოაცხადონ რუსეთი ოკუპანტ ძალად”.

“დარწმუნებული ვარ, თუ სწორად ვიმუშავებთ, ის დაგვეხმარება თუნდაც გაეროში, ცნობილი რეზოლუციის ლობირების პროცესში. აუცილებელია მისი მიწოდება ყველა სკეპტიკოსი სახელმწიფოსთვის და მათი დეტალური ინფორმირება. აუცილებელია საქართველოს დიპლომატიური კორპუსის აქტიური ჩარევაც. სწორედ მათი ნაყოფიერი მუშაობის შედეგი იქნება, თუკი ერთმანეთის მიყოლებით მივიღებთ კონკრეტული სახელმწიფოების აღიარებას, რომ ეს იყო ოკუპაცია. მართალია, ეს გადაწყვეტილება ჩვენ საერთაშორისო ტრიბუნებზე ხელს გვიხსნის, მაგრამ დეოკუპაციის გზაზე ბევრი სხვადასხვა კომპონენტია გასათვალისწინებელი, თუმცა, რა თქმა უნდა, საერთაშორისო თანამეგობრობის ნათელი პოზიციებიც ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ მიმაჩნია განსაკუთრებით მნიშვნელოვნად, ევროპის ქვეყნებმა აღიარონ რუსული ოკუპაცია და გამოაცხადონ რუსეთი ოკუპანტ ძალად. ეს, ბუნებრივია, ხელს გაუხსნის საქართველოს ხელისუფლებას, ყველა ქვეყანას ელაპარაკოს სანქციებზე, რომლებიც რუსეთს ხელს შეუშლის დასავლურ სამყაროსთან ნორმალურ ურთიერთობაში”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თინა ხიდაშელი.

“რამდენი მილიონი ევროს გადახდას დააკისრებენ რუსეთს, მეათეხარისხოვანია. ჩვენთვის, სახელმწიფოსთვის, მნიშვნელოვანია ის, რაც ამ გადაწყვეტილებაში მკაფიოდ და ნათლად ჩაიწერა - რომ 12 აგვისტოს შემდეგ რუსეთი არის ფაქტობრივი მმართველი როგორც სამხრეთ ოსეთში, ასევე - აფხაზეთში და, შესაბამისად, ყველაფერზე, რაც მოხდა 12 აგვისტოს შემდეგ, ის არის პასუხისმგებელი. ხვალ და ზეგ რუსეთს აუცილებლად მოუწევს საერთაშორისო მართლმსაჯულების წინაშე პასუხისგება ყველა დანაშაულზე, რომლებიც ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს წინაშე ჩაიდინა. სამწუხაროდ, ახლა ჩვენი საჩივარი არ არის მართლმსაჯულების სასამართლოში, რადგან ეს საქმე უკან დაგვიბრუნა და დავალებები მოგვცა შესასრულებლად. წარმოდგენა არ მაქვს, ამ ხნის განმავლობაში რას აკეთებდა ხელისუფლება ამ საქმესთან დაკავშირებით, თუმცა ვიცი, რომ 2021 წლის გაზაფხულზე წარდგენის ვადა იწურება და თუ საქართველოს ხელისუფლება რამეს აპირებს, ეს საქმე უახლოეს პერიოდში უკან უნდა შეაბრუნოს. სტრასბურგის სასამართლოს იურისდიქციის ქვეშ ბევრი ქვეყანაა და მისი გადაწყვეტილებებიც სახელმძღვანელო და სავალდებულოა როგორც რუსეთისთვის, ასევე საქართველოსთვის, ამიტომ შეუძლებელია, ჰააგამ ამ გადაწყვეტილების იგნორირება შეძლოს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“დაეყრდნობა თუ არა უკვე მიღებულ გადაწყვეტილებას, არ ვიცით, მაგრამ დაბეჯითებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსეთი პასუხისმგებელია 12 აგვისტოს შემდეგ მომხდარ ყველა დანაშაულზე და ეს ჰააგის სასამართლოს ყურადღების მიღმა ვერ დარჩება, რადგან მისი მთავარი განსახილველი საკითხი ეს გახლავთ. ჰააგის სასამართლომ უნდა გაარკვიოს, ვინ არის მხარე. სწორედ ამ კითხვას გასცა პასუხი სტრასბურგმა, ამიტომ შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ეს საკითხი გარკვეულია. მეორე საკითხი, რომელსაც ჰააგის სასამართლო განიხილავს, გახლავთ იმის დადგენა, მეთაურები ადგილზე იღებდნენ გადაწყვეტილებებს თუ ბრძანებები მოდიოდა თავდაცვისა და უშიშროების სამსახურებიდან, ან სულაც - რუსეთის პრეზიდენტისგან. მესამე საკითხია, რამდენად მძიმე იყო ჩადენილი დანაშაულები. ამ ორ სასამართლოს შორის სწორედ ეს არის განსხვავება - სტრასბურგი განიხილავს ინდივიდუალურად ადამიანის უფლებების დარღვევას, ანუ თუ ადამიანი გარდაიცვალა ომის დროს, როგორ გარდაიცვალა და იყო თუ არა ამ დროს დარღვევები, ჰააგა კი იკვლევს, 100 გარდაცვლილია, 500 თუ 2000, ხომ არ იყო ეს გენოციდი და სხვ. ჩვენ ვამბობთ, რომ ეს იყო ეთნიკური წმენდა და სხვა საკითხებთან ერთად ვითხოვთ, დაადგინოს, როგორ გაიწმინდა ქართველებისგან ცხინვალის რეგიონი. ამ დროს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან იქ რამდენიმე ადგილას მკაფიოდ არის ნათქვამი, რომ მოსახლეობის წმენდა ხდებოდა ეროვნული ნიშნით და ერთმნიშვნელოვნად არის გამოკვეთილი, რომ ეს იყო ქართველების წინააღმდეგ მიმართული”, - განმარტავს ყოფილი თავდაცვის მინისტრი

“რუსული მედიაში თქვეს, 8-12 აგვისტოს მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით სტრასბურგში საქართველო დამარცხდაო, რაც ტყუილია. საქართველო კი არ დამარცხდა, სასამართლომ ამ ნაწილზე თქვა, ჩემი იურისდიქცია არ არისო. მას არ უმსჯელია და არ უთქვამს, ეს დანაშაულები იმ დროს მოხდა თუ არა. ეს არის მთავარი განსხვავება - რა თქმა უნდა. ჰააგის სასამართლო სწორედ ომის თემებს განიხილავს. სტრასბურგმა გაავლო ზღვარი და თქვა, რომ 12 აგვისტომდე იყო ომის აქტიური ფაზა, შესაბამისად, მოქმედებს ომის სამართლის წესი, 12 აგვისტოს შემდეგ კი, როდესაც ხელი მოეწერა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხებას, დადგა მშვიდობის ხანა და ამოქმედდა ადამიანის უფლებათა სამართალი...”, - დაასკვნის თინა ხიდაშელი.

კრიპტოვალუტის სკანდალი აფხაზეთში - ბჟანია დე ფაქტო ჩინოვნიკებს ერთ კვირას აძლევს

“აფხაზეთის ელექტროენერგიის ხელმისაწვდომობა მწვავე პრობლემად ჯერ კიდევ გასულ წელს იქცა და დღემდე არაა მოგვარებული. მიზეზი როგორც საბჭოთა დროინდელი დაძველებული ელექტროგაყვანილობა და ენგურჰესზე არსებული პრობლები, ასევე არაკონტროლირებადი კრიპტოვალუტის “ფერმებია”, რომელთა ლობისტები, ექსპერტების აზრით, დე ფაქტო მთავრობაში არიან და საკმაოდ იაფ დენს სათავისოდ იყენებენ. ამჟამად ენგურჰესი დაკეტილია - რემონტი დაიწყო და მისი გახსნა მაისში იგეგემება, იქამდე კი ხალხი პრაქტიკულად უშუქოდაა დარჩენილი. პარალელურად სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია რაიონებში შტაბებს ქმნის, რომლებმაც ელექტროენერგიის მოხმარების მინიმალიზაციაზე უნდა იმუშაონ. ბჟანიამ თქვა, რომ 22 იანვრიდან ერთ კვირაში თუ ვერ დაინახავს პროგრესს, საკადრო ცვლილებებს დაიწყებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით კრიპტოვალუტის სკანდალი აფხაზეთში - ბჟანია დე ფაქტო ჩინოვნიკებს ერთ კვირას აძლევს და მოხსნით ემუქრება.

“პრეზიდენტის” მიერ წარდგენილი მონაცემების მიხედვით, 2019 წელთან შედარებით 2020 წელს აფხაზეთის სეპარატისტულ რესპუბლიკაში ელექტროენერგიის მოხმარება 21%-ით გაიზარდა. მაინინგი ანუ კრიპტოვალუტის მოპოვება აფხაზეთში ოფიციალურადაა უკვე აკრძალული, რადგან ელექტრონული ფულის მომპოვებელი “ფერმების” დიდი რაოდენობის გამო 2020 წლის ნოემბრის შუა რიცხვებიდან მოყოლებული მოსახლეობას დენი არასტაბილურად მიეწოდება - შესაძლოა რამდნეიმე დღის განმავლობაში საერთოდ არ ჰქონდეთ, ან დღეში მხოლოდ რამდენიმე საათით ჩაურთონ. გასული წლის 8 დეკემბერს დე ფაქტო მინისტრთა კაბინეტმა საგანგებო “დადგენილება” მიიღო, რომლითაც აკრძალა 2021 წლის ივნისამდე კრიპტოვალუტის მოპოვება და დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე “ფერმებისთვის” საჭირო ტექნიკის შემოტანა. შესაბამისად, დროებითი შეზღუდვის თანახმად, ფერმებიც უნდა დახურუსლიყო. შერიგების საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი “რეზონანსთან” აცხადებს, რომ კრიპტოვალუტების მომპოვებული “ფერმები” ჯერ კიდევ არაა გაუქმებული, უბრალოდ ადგილმდებარეობას უცვლიან შემოწმების შემთხვევაში”, - აღნიშნავს გამოცემა.

“მისივე განმარტებით, “მთავრობაში” დაინტერესებულ პირებს, რომელთაც თავადვე აქვთ ელექტრონული ფულის მომპოვებელი “ფერმები”, ან მათი მფლობელებისაგან ქრთამს იღებენ, საერთოდ არ აძლევს ხელს ახალი შეზღუდვა. “დე ფაქტო რესპუბლიკას ენგურჰესიდან პრაქტიკულად უფასოდ მიეწოდებოდა ელექტროენერგია, რის გამოც არ უზრუნველყოფდნენ არც ჰესის გაუმჯობესებას და არც დენის ეკონომიურად მოხმარებას. დაძველებული ჰესი ელექტროენერგიის ნაწილს “ჰაერში უშვებდა”. ამას დაემატა მოდაში შემოსული კრიპტოვალუტა, რის შემდეგაც რუსეთიდან “ფერმების” დანადგარებმა დაიწყო შემოდინება. თამამად შეიძლება ითქვას, რომ აფხაზეთში ელექტროენერგიის დაახლოებით მეოთხედი ამ “ფერმების” მომსახურებაში იხარჯება, რის გამოც ხალხი აღშფოთდა. გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ დე ფაქტო მთავრობის დიდი ნაწილი დაინტერესებულია ამ სამაინინგო ფერმების არსებობით, რადგან ისინი ან მათია, ან მათი ახლობლების, ან წილი აქვთ. ამის გამო შიგნით “მთავრობაში” დაიძაბა ვითარება”, - განმარტა ზაქარეიშვილმა. მისივე თქმით, მიუხედავად დადგენილი დროებითი აკრძალვისა, „კრიპტოფერმები" კი არ დახურეს, პირიქით, დამატებით უნდათ მათი გახსნა - რამდენიმე დღის წინ რუსეთ-აფხაზეთის „საზღვარზე” დააკავეს საკმაოდ თანამედროვე დანადგარები “ფერმებისთვის”, რომელიც რუსეთიდან გადმოჰქონდათ. ზაქარეიშვილის თქმით, აფხაზეთში ელექტროენერგიაში ფულს მხოლოდ გალის მცხოვრებლები იხდიან”, - დასძენს გამოცემა.

“ბოლოს და ბოლოს ელექტროენერგიაში ფული გადაიხადონ და ერთ-ერთი გამოსავალი შეიძლება ეს იყოს. გარდა ამისა, მგონია, რომ დანარჩენმა საქართველომაც მეტი პრინციპულობა უნდა გამოიჩიონს და მომჭირნეობით ხარჯვა შესთავაზოს, ან ფულის გადახდა", - თქვა ზაქარეიშვილმა და დაამატა, რომ ფული გადახდის შემთხვევაში ის არა დანარჩენი საქართველოს ბიუჯეტში უნდა წავიდეს, არამედ ენგურჰესის განახლებისთვის დაიხარჯოს. კითხვაზე, რამდენადაა ლეგიტიმური ის, რომ აფხაზეთის სეპარატისტული რესპუბლიკა პრაქტიკულად უფასოდ იღებს ელექტროენერგიას დანარჩენი საქართველოსგან, ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ეს ჩვენი ვალდებულებაა და ისევე უნდა ვეხმარებოდეთ მათ, როგორც საქართველოს სხვა რეგიონის მცხოვრებლებს”, - წერს სტატიის ავტორი.

“ტერიტორიული მთლიანობა უბრალოდ ლამაზი სიტყვები ხომ არ არის, არა?! 30 წელია ეს კითხვა მესმის, მაგრამ ჩვენ უნდა განვახორციელოთ სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება იქ, სადაც ამის შესაძლებლობა გვაქვს. ვალდებულები ვართ მთელ ჩვენს მოსახლეობას, როგორც კახეთს, იმერეთს, აჭარას და ა.შ., ისე აფხაზეთს მივცეთ ელექტროენერგია. თუ ეს ეჭვქვეშ დადგება, მაშინ უბრალოდ უნდა გავწყვიტოთ კონტაქტი ისე, როგორც უკრაინამ გაწყვიტა კონტაქტი ყირიმთან. მაგრამ როგორი იქნება შედეგი ამ შემთხვევაში? არ მგონია, რომ ეს უკეთესი ვარიანტი იყოს. ცნობისთვის, ურთიერთობის გაწყვეტის შემთხვევაში ჩვენც შეგვექმნება პრობლემები, რადგან კაშხალი წალენჯიხის რაიონში, ხოლო ელექტროსადგური გალის რაიონში. ასეთი ვარიანტის განხორციელების შემთხვეაში, ენგურჰესი იქნება ლამაზი ტბა. საუბარო არაა დენის მიწოდება-არმიწოდებაზე, აქ იგულისხმება სხვა გამოსავლის მოძებნა პრობლემიდან. ენგურჰესის ამუშავების შემდეგ მგონია, რომ საჭირო იქნება ქართულ-აფხაზურ დონეზე სერიოზული მოლაპარაკებების გამართვა სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

ბადრი ჯაფარიძე - “ოპოზიციურ ერთობაში ბზარის შეტანა არავის გამოუვა”

“54 ოპოზიციონერი ლიდერიდან 51-მა უკვე დაწერა განცხადება მანდატების გაუქმების შესახებ. მხოლოდ 3 ამბობს, რომ არ შევა პარლამენტში, თუ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ფართოდ მხარდაჭერილი პოლიტიკური შეთანხმება არ შედგება. თუ მმართველი გუნდი 51 დეპუტატს შეუწყვეტს სადეპუტატო უფლებამოსილებას, შემდეგ ის სამიც დაწერს განცხადებას, იმიტომ, რომ მათთვის მნიშვნელოვანია კონსტიტუციური ცვლილებები, რომელთაც ოპოზიციის დიდი ნაწილის პარლამენტში შესვლის გარეშე მაინც ვერ მიიღებენ. შესაბამისად, ერთ კვირაში მივიღებთ ერთპარტიულ პარლამენტს, სავარაუდოდ, 96 დეპუტატით”, - აცხადებს `ლელოს~ ლიდერი ბადრი ჯაფარიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ოპოზიციურ ერთობაში ბზარის შეტანა არავის გამოუვა” / “არც “ევროპული საქართველოს” დაკრულზე ვცეკვავთ და არც “ნაციონალების” მძევლები ვართ”.

“თუ ვინმემ “ქართულ ოცნებას” ხმა მისცა, უმთავრესად ივანიშვილისთვის მიცემული ხმები იყო. გამოდის, დღეს პარლამენტში არ არის ოპოზიცია, რომელმაც საერთო ჯამში 52%-იანი მხარდაჭერა მიიღო; პოლიტიკაში აღარ არის მთავარი ფაქტორი, რის გამოც ხალხმა “ქართულ ოცნებას” ხმა მისცა. გაუგებარია, ვის და რას წარმოადგენს დღევანდელი ერთპარტიული პარლამენტი. შესაბამისად, უფრო აუცილებელია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. ჩვენ გვქონდა მოლაპარაკება მხოლოდ ელჩების თანდასწრებით და ისიც ახალ წლამდე. ბოლო დროს ჩვენ მათთან არანაირი ტიპის მოლაპარაკება არ გვქონია, თუმცა ეს შესაძლებელია, თუ “ქართული ოცნება” რეალურად გაიაზრებს იმ საფრთხეებს, რაც ქვეყნის წინაშე დგას. ჩვენ ბოიკოტი სწორედ ვადამდელი არჩევნების გამო დავიწყეთ, შესაბამისად, ეს წითელი ხაზი კი არა, მთავარი მიზანია. ვადამდელ არჩევნებზე უარის თქმა ნიშნავს, რომ ამომრჩევლისთვის მიცემულ პირობას ვარღვევთ და მათ ხმებს აღარ ვიცავთ. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ, რათა აღარ განმეორდეს ის, რაც 31 ოქტომბერს მოხდა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ბადრი ჯაფარიძე.

“ვადამდელი არჩევნების მიზანი კოალიციური მთავრობის შექმნა კი არა, იმ პარლამენტის არჩევაა, რომელიც ქართველი ხალხის ნებას რეალურად ასახავს. როგორიც იქნება ხალხის ნება, ისეთი იქნება მთავრობაც, კოალიციური ან ნაკლებად კოალიციური. 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგები იმდენად დამახინჯდა, ჩვენ აღარ ვიცით, როგორია ხალხის ნება. ამასთან, მეორე ტური ოპოზიციის ბოიკოტის რეჟიმში გაიმართა და 17 მანდატი აბსოლუტური კონკურენციის გარეშე მოიპოვა “ქართულმა ოცნებამ”. ამ ყველაფრის გათვალისწინებით დღევანდელი პარლამენტი არ არის ხალხის ნების ამსახველი. ეს ორგანო ვერც საზოგადოების გაერთიანებას მოახერხებს და ვერც პოლიტიკური კრიზისის განმუხტვას”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“საინტერესო პროცესია, როცა ოპოზიცია პარტნიორულად მოქმედებს. ჩვენ ოპოზიციონერ ლიდერებთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ, მათ შორის “სტრატეგია აღმაშენებელთან”. ერთობლივი ინიციატივები ნამდვილად გვექნება. ახლა ყველაზე მეტად გვჭირდება საზოგადოების კონსოლიდაცია. ამისთვის კი საჭიროა პოლიტიკურმა პარტიებმა ერთმანეთთან ლაპარაკი, აზრების გათვალისწინება და შეთანხმება ისწავლონ. ვნახოთ, როგორ წარიმართება მოვლენები. ოპოზიციურმა პარტიებმა ძალიან მაღალი პოლიტიკური სიმწიფე გამოიჩინეს და ქვეყნის ინტერესები პარტიულ ინტერესებზე მაღლა დააყენეს, რაც ბოიკოტის ერთგულებაში გამოიხატა. ჩვენი ერთ-ერთი წინადადებაა თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად ჩატარდეს პლებისციტი, სურს თუ არა მოსახლეობას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. ძალიან რაციონალური და გონივრული წინადადებაა, თუ ორი მხარე ვერ ვთანხმდებით, მივანდოთ ეს ხალხს, მან გადაწყვიტოს, უნდა ჩატარდეს თუ არა არჩევნები. არ ვიცი, რა აქვს ამის საწინააღმდეგო არგუმენტად `ოცნებას~, რომელიც ამბობს, რომ დიდი მხარდაჭერით სარგებლობს. თუ მართლა დიდი მხარდაჭერა აქვთ, რატომ ღელავენ, რატომ არ გვთანხმდებიან?” - ამბობს ბადრი ჯაფარიძე.

“არც `ევროპული საქართველოს” დაკრულზე ვცეკვავთ და არც “ნაციონალების” მძევლები ვართ. ეს სრული ბოდვაა. “ლელომ” ყველასგან დამოუკიდებლად გადაწყვიტა ბოიკოტის გამოცხადება. ოპოზიციურ ერთობაში ბზარის შეტანა არავის გამოუვა. ჩვენთვის უკვე ცხადია, “ქართული ოცნება” ამჯობინებს ჰქონდეს ერთპარტიული პარლამენტი და საკუთარ თავზე აიღოს ყველა მოსალოდნელი რისკი, ვიდრე გაითვალისწინოს ხალხის სურვილი, მოახდინოს ისტორიული გარღვევა ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში. ჩვენ, სანამ ვადამდელი არჩევნები არ დაინიშნება პარლამენტის გარეთ, მშვიდობიანად, კონსტიტუციის დაცვით, კანონიერად განვაგრძობთ ჩვენი პოზიციის გამოხატვას”, - დასძენს “ლელოს” ლიდერი და შეკითხვაზე - “ამერიკის ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაცია ხომ არ გაძლევთ იმედს, რომ “ქართული ოცნება” იძულებული გახდება ჩაატაროს არჩევნები?” - პასუხობს:

“მუდმივად ვიყავით და ვართ უცხოელ პარტნიორებთან კონტაქტში. ვაპირებთ, კიდევ უფრო გავააქტიუროთ მუშაობა ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან, რათა ამერიკა უფრო მეტად იყოს წარმოდგენილი ჩვენს ქვეყანაში, საზოგადოდ, რეგიონში. ველით, რომ ახალი ადმინისტრაცია საქართველოს მიმართ ბევრად ყურადღებიანი იქნება და უფრო აქტიურად დაუჭერს მხარს დემოკრატიის განვითარებას”.

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
ახალი ზოოპარკი და ახალი ბინადრები, რომელთა ნახვაც დამთვალიერებლებს შეეძლებათ - რა ეტაპზეა თბილისის ზღვაზე ახალი ტერიტორიის მოწყობა?
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით