რომან გოცირიძე პარლამენტში მის შესაძლო შესვლაზე - უამრავი ინტრიგანია ქვეყანაში, რომელსაც საკუთარი ჭიის გახარება უყვარს და ეს სისულელე გამოაცხო

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის რომან გოცირიძის განცხადებით „ქართული ოცნების“ მხრიდან ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების გაჭიანურებას ორი მიზეზი აქვს.

როგორც რომან გოცირიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, „ქართული ოცნება“ ან ოპოზიციასთან დათმობაზე წასვლას აპირებს ან სურს კიდევ რომელიმე მათგანი „შეიტყუოს“ პარლამენტში.

ამასთან ის უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ის, სალომე სამადაშვილი და თინა ბოკუჩავა პარლამენტში შესვლას გეგმავენ და აცხადებს, რომ „უამრავი ინტრიგანია ქვეყანაში, რომელსაც საკუთარი ჭიის გახარება უყვარს და ეს სისულელე გამოაცხო“.

„გია ვოლსკის კომენტარები არის აბსოლუტურად გაუგებარი, დღეს დილით დაგვირეკეს პარლამენტიდან სათითაოდ ყველას. მირეკავენ და მეუბნებიან, ბატონო რომან, ჩვენი საუბარი იწერება, მეგონა სადაზღვევო კომპანიიდან მირეკავდნენ, პარლამენტიდან ვართ და ადასტურებთ, თუ არა რომ თქვენი განცხადება პარლამენტის დატოვების შესახებ არის თქვენს მიერ დაწერილი. ვუთხარი, კი ბატონო, ჩვენ უფლებამოსილების შეწყვეტას ვითხოვთ და პარლამენტში არ შემოვდივართ. დღეს დილით ამას გვეკითხებიან და საღამოს გია ვოლსკი ამბობს აბსოლუტურად განსხვავებულ რაღაცას. მიზანი დროის გაწელვის არის ორი: პირველი - ის, რომ ვინც დაწერა განცხადება, 54 კაციდან, როგორმე ვიღაცას შემოიტყუებენ, რისი შანსი არის ნული. მეორე მიზანი არის ის, რომ უნდათ დათმობაზე წამოსვლა და ჯერ კიდევ ფიქრობენ, რა დროს და როგორ გააკეთონ, რა დათმობაზე წავიდნენ. ამავე დროს საერთაშორისო ზეწოლის სიმძლავრესაც ამოწმებენ. სხვა ლოგიკა არ არის“, - განაცხადა გოცირიძემ.

მისივე თქმით, მეხუთე რაუნდის ჩატარებაც სწორედ ამ მიზეზით ჭიანურდება, რა მიზეზითაც არ ხდება მათთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტა.

„მეხუთე რაუნდი ჭიანურდება იმავე მიზეზით, რა მიზეზითაც ჭიანურდება ჩვენთვის უფლებამოსილების შეწყვეტა. მტკივნეულია ეს „ქართული ოცნებისთვის“, რადგან ძალიან მძიმე პოლიტიკურ იზოლაციაში მოექცევიან. ხომ იცით, კატა რომ გიყვარს და სიყვარულით ცოტა კუდს ჭრი, ნაცვლად იმისა, რომ ერთხელ დაარტყა და ერთხელ ატკინო, ათჯერ ატკენ, ასე ნელ-ნელა რაღაცას წვალობენ, გვაპარებენ“, - განაცხადა გოცირიძემ.

გოცირიძე სტრასბურგში საერთაშორისო პარტნიორების მიერ გაკეთებულ მოწოდებებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს მოწოდებები მხოლოდ მათ არ ეხება და ის ირიბად მიმართულია ხელისუფლებისკენაც.

„60 ოპოზიციონერი დეპუტატი პარლამენტში იქნებოდა ჯოჯოხეთი „ქართული ოცნებისთვის“, რომლებიც ჩინოვნიკებით არის დაკომპლექტებული, მათ შემადგენლობაში სადაც 100-ზე მეტნი არიან, შეიძლება პოლიტიკოსი უწოდო 7-8 მაქსიმუმ 10 ადამიანს, დანარჩენი არის ბალასტი, შეიძლება კარგი სპეციალისტი, კარგი პიროვნება იყოს, მაგრამ არიან ივანიშვილის სიგნალების გამტარები და შემსრულებლები და როცა შედის 60 ოპოზიციონერი, აქედან ნახევარი მაინც გამობრძმედილი პოლიტიკოსი, უმძიმეს ვითარებაში ჩავარდებოდა „ქართული ოცნება“ და ყველას კარგად ესმის პარლამენტში პოლიტიკური საქმიანობის წონა, მაგრამ როცა ასეთ მოწოდებას გიკეთებენ, ეს ნიშნავს ხელისუფლების მხრიდან ისეთი პირობების შექმნას, რომ ოპოზიცია პარლამენტში შევიდეს, ეს მხოლოდ ოპოზიციას არ ეხება, ირიბად ხელისუფლების გაფრთხილებაც არის, ისეთი პირობები უზრუნველყავი, რომ ეს ხალხი არ იყოს პარლამენტს მიღმა“, - განაცხადა გოცირიძემ.

რომან გოცირიძე ასევე NDI-ის კვლევებსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სატელეფონო გამოკითხვის სპეციფიკის მიუხედავად, შედეგები არ არის სასიამოვნო ოპოზიციისთვის. მისივე თქმით, როგორია რეალურად ამომრჩევლის განწყობა ამას თვითმმართველობის არჩევნები აჩვენებს. თუმცა, გოცირიძე არც იმას გამორიცხავს, რომ ამ არჩევნების ბოიკოტირების საკითხი დადგეს დღის წესრიგში.

„ძალიან რთული შეკითხვა დამისვით. ლოგიკურია - თუ პარლამენტში არ იღებ მონაწილეობას, მაშინ რა გინდა თვითმმართველობის არჩევნებში, თუ საარჩევნო პროცესს ზურგს აქცევ, თუ საარჩევნო ადმინისტრაცია არ შეიცვალა და იგივე კანონით ჩატარდა არჩევნები, მაშინ შეიძლება დადგეს ოპოზიციაში ამ არჩევნების ბოიკოტის საკითხი. მე ზოგადად ბოიკოტების წინააღმდეგი ვარ, არ ვემხრობი, მაგრამ ისმის ხმები, თუ აქ არ შედიხარ, იქ რატომ იღებ მონაწილეობას,“- განაცხადა გოცირიძემ.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს