ქართული პრესის მიმოხილვა 27.01.2021

ხელისუფლება vs ოპოზიცია: “რეალური მოლაპარაკება არც ერთ მხარეს არ უნდა”?!

ტურისტული ობიექტების უკვე 60% იყიდება, რადგან ვალებს ვერ აუდიან

რუსებმა ევროსაბჭოში ხმის უფლება შეიძლება ისევ დაკარგონ

* * *

ხელისუფლება vs ოპოზიცია: “რეალური მოლაპარაკება არც ერთ მხარეს არ უნდა”?!

“პარლამენტში ოპოზიციონერ დეპუტატთა მიერ მანდატებზე უარის თქმის განცხადებების განხილვის დაწყების წინ ოპოზიციამ საგანგებო განცხადება გამოაქვეყნა და ხელისუფლებას მოლაპარაკების გაგრძელებას სთხოვს. ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მოლაპარაკება პრაქტიკულად უკვე ჩაიშალა, ხელისუფლება თავს საკმაოდ კომფორტულად გრძნობს, ოპოზიციის სტრატეგია კი მმართველი პარტიის დამუნათებამდე დავიდა. როდის გაიმართება მოლაპარაკების მე-5 რაუნდი და გაიმართება თუ არა ის საერთოდ, ამ ეტაპზე უცნობია. თუმცა ცნობილია, რომ მანდატებზე უარის მთქმელ ოპოზიციონერთა განცხადებებს პარლამენტი შესაბამის კომიტეტებში 27-28 იანვარს განიხილავს და 2 თებერვალს კი ამ საკითხზე უკვე კენჭისყრა გაიმართება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რატომ მოითხოვა ოპოზიციამ მანდატების გაუქმების პროცედურის დაწყების წინ მმართველ პარტიასთან შეხვედრა.

“სამშაბათს ოპოზიციის მიერ გამოქვეყნებულ ერთობლივ დოკუმენტს 10 პოლიტიკური პარტია აწერს ხელს. წერილში ნათქვამია, რომ პარტიებს შორის არსებული განსხვავებების მიუხედავად, მოთხოვნებთან დაკავშირებით პოზიცია უცვლელი რჩება. ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს, რომ კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი ვადამდელი დემოკრატიული არჩევნების გამართვა და იმ საკითხების მოგვარებაა, რაც ოპოზიციასა და შესაბამისად ამომრჩევლების უმრავლესობას აქვს დასმული”, - ნათქვამია მიმართვაში, რომლის ხელმომწერებს შორის არ არის ალეკო ელისაშვილის პარტია და “გირჩი”. “ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ განცხადების გამოქვეყნების მთავარი მიზანი საპარლამენტო მანდატების გაუქმება-არგაუქმების საკითხზე სპეკულაციების დასრულება იყო”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ქართული ოცნების” წევრი გიორგი კახიანი ოპოზიციის ერთიან განცხადებას ეხმიანება და ამბობს, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებაზე საუბარი მმართველ გუნდთან მიმართებაში, არარელევანტურია. მისი თქმის, “ოცნება” მოლაპარაკების მაგიდიდან არსად წასულა... “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი ვახო მეგრელიშვილი “რეზონანსთან” ამბობს, რომ სავარაუდოდ, ისინი ამ ხელმომწერთა შორის იმიტომ არ მოხვდნენ, რომ მათ მანდატებზე უარის თქმის განცხადება დაწერილი არ აქვთ. “ეს დაპირისპირება მოლაპარაკების მაგიდაზე დადებული საკითხების გამო მოხდა. ჩვენ გვინდოდა და ახლაც გვინდა, რომ ეს მოლაპარაკება წარმატებით დასრულდეს. ხოლო თუ ოპოზიციამ ეს გზა ჩვენს გარეშე იპოვა, უბრალოდ გამიხარდება. იქნებ ჩვენც გაგვაგებინონ რა გზაა ეს და რა წინადადებებით მიდიან მე-5 რაუნდზე”, - ამბობს ვახო მეგრელიშვილი გამოცემასთან საუბრისას.

“ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე “რეზონანსთან” ამბობს, რომ ბოლო დროს უკვე ძალიან რთულია ოპოზიციის სტრატეგიაში ლოგიკის დანახვა. მისივე თქმით, ოპოზიციის ქმედებები მათივე ამომრჩევლისთვისაც გაუგებარია, რაც “ენ-დი-აის” კვლევებითაც კარგად გამოჩნდა. ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ოპოზიციას როგორც ჩანს აქვს არჩეული ტაქტიკა, რომ ბოლომდე მიყვნენ თავის მოთხოვნებს. გამოუვათ ხომ კარგი, თუ არა და ქუჩა სადღა წავა. ამასთანავე ცდილობენ, რომ საერთაშორისო ასპარეზზე პოზიციები გაიძლიერონ და აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან რაღაცები დაალაგონ... ანალიტიკოსი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი “რეზონანსთან” ამბობს, რომ თუკი არც ერთი მხარე დათმობაზე არ მიდის, მაშინ მე-5 რაუნდის გამართვას აზრი არ აქვს. მისი თქმით, ყველა კარგად ხვდება, რომ რეალური მოლაპარაკება არც ერთ მხარეს არ უნდა. “ხელისუფლება რიგგარეშე არჩევნებსა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე საერთოდ არ ფიქრობს და ოპოზიცია რაზე უნდა ესაუბროს, ვერ გავიგე. რა აზრი აქვს ისეთ მოლაპარაკებას, სადაც კომპრომისული ნაბიჯების გადადგმისთვის არც ერთი მხარე მზად არ არის?! “ქართულ ოცნებას” არ უნდა, რომ ოპოზიციის დღის წესრიგით იმუშაოს. მან თავისი წესებით თამაში შესთავაზა და თუ სურთ - მიყვნენ, თუ არა და არ მგონია, ხელისუფლება პარლამენტში მათ შეუსვლელობას ძალიან განიცდიდეს”, - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი და დასძენს:

“ხელისუფლება თავს კომფორტულად და აშკარად კმაყოფილი გრძნობს. ყველაფერს ოპოზიციას იოლად აბრალებს. ამბობს, რომ 9 პარტიას მისცეს საშუალება პარლამენტში შესულიყვნენ და არ შედიან. ამიტომ გარედან მაყურებლისთვის სრულიად წარმოუდგენელია საერთოდ რაზე უნდა ისაუბრონ. ოპოზიციის მთელი სტრატეგია ამ დამუნათებაზე დავიდა - რომ აი, მოლაპარაკება ჩვენ გვინდა და მათ არა. ესაა საკმაოდ პრიმიტიული და ზერელე პოლიტიკური ტაქტიკა, რომლითაც ხელისუფლებას ვერაფერს აკლებენ. ოპოზიციის მოლოდინი, რომ გაზაფხულზე ხალხი ქუჩაში სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გამო გამოვა და ამის პარალელურად ბაიდენის ადმინისტრაცია მათთვის მოიცლის, ფუჭი იმედებია. სოციალური პრობლემების გამო ხალხი ქუჩაში კი გამოვა, მაგრამ პოლიტიკოსებისადმი ნდობის ნაკლებობისა და ბევრი პოლიტიკოსის მიუღებლობის გამო, მათ არ მიეცემათ შანსი, რომ ეს პროცესები პოლიტიკურ კონტექსტში გამოიყენონ”.

ტურისტული ობიექტების უკვე 60% იყიდება, რადგან ვალებს ვერ აუდიან

“ზამთრის ტურიზმი კვლავ მძიმე მდგომარეობაშია და ვითარების გამოსწორება შესაძლოა, საერთოდაც ვერ მოხერხდეს. საქართველოს მთავრობა, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, დათმობაზე წასვლას არ აპირებს, პირველი თებერვლიდან სათხილამურო კურორტები არ ამუშავდება, რაც პრაქტიკულად ნიშნავს, რომ უამრავი სასტუმრო და ტურისტული კომპანია გაკოტრდება. სათხილამურო კურორტების გაუხსნელობის მიზეზად საქართველოს მთავრობა მაღალ მობილობას ასახელებს, ისევე როგორც ამბობდნენ ეკლესიისა და ახალი წლის კლასტერზე, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, არც ერთი ვარაუდი არ გამართლდა. მართალია, სათხილამურო კურორტებს დამსვენებელი მაინც ჰყავს, მაგრამ იქ არსებული ვითარება მაინც მძიმეა. ქვეყანაში ვიზიტორები კანტიკუნტად შემოდიან, მაგრამ ეს ძალიან მცირე რაოდენობაა და მათი ნაწილი სათხილამურო კურორტებს საერთოდ არც კი სტუმრობს. მძიმეა დარგის სპეციალისტების შეფასება, რომლებიც აცხადებენ, რომ ზამთრის სეზონი უკვე ჩავარდა და გამოსწორების შანსი აღარ არსებობს”, - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში, სათაურით ტურისტული ობიექტების უკვე 60% იყიდება, რადგან ვალებს ვერ აუდიან / წელს ზამთრის კურორტები, სავარაუდოდ, ვეღარ გაიხსნება.

“კულტურული ტურიზმის სპეციალისტი ვარ და, რა თქმა უნდა, ნებისმიერი ფორმის ტურიზმის გახსნის მომხრე ვარ, მაგრამ ახლა ხომ არაორდინალური სიტუაციაა? ძალიან ძნელია თქმა, რომელი სჯობს - გახსნა თუ ჩაკეტვა. რა თქმა უნდა, რისკის ფასად არაფერი ღირს და მათ შორის, არც ტურიზმი. მართალია, სხვადასხვა ქვეყანაში ძალიან ბევრი კურორტი მუშაობს, მაგრამ მათ საქმე შედარებით აწყობილი აქვთ, რადგან იქ არსებობს კოვიდდაზღვევა, პასპორტი, თავად ადამიანებიც მეტად იცავენ წესრიგს, მაგრამ ეს საქართველოა და ყველა ფაქტორი გასათვალისწინებელია. რაიმე წუთიერი მოგება შესაძლოა, ქვეყნისთვის მძიმე წაგებად იქცეს. გასაგებია ის ზარალი, რომელიც კერძო სექტორსა და ტურიზმის ინდუსტრიას ადგება, მაგრამ იქნებ ზაფხულის სეზონზეც ვიფიქროთ. ახალი წესრიგით უნდა ვიმუშაოთ. მაგალითად, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე მოგზაურებს რჩევებს აძლევენ. იმავეს უნდა აკეთებდეს ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომ არ შეიძლება მოგზაურობა კოვიდდაზღვევის, სპეციალური პასპორტის გარეშე და სხვ. მთავრობამ უნდა მისცეს კერძო სექტორს დავალება, როგორ მოიქცნენ გახსნის შემთხვევაში. ფაქტია, რომ არც კერძო სექტორი და არც მთავრობა ამას არ აკეთებს. უკვე შეიძლება თქმა, რომ წლეულს ზამთრის სეზონი ჩავარდა და დიდი ზარალი მიიღო. უფრო იმუშავა იატაკქვეშეთში კერძო სექტორმა, ვისაც ჩუმად ბინები ჰქონდა გაქირავებული“, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პროფესორი ნიკა კვარაცხელია.

“განსაკუთრებით მძიმეა ვითარება სარესტორნო ბიზნესშია, რადგან ისინი, სასტუმროებისგან განსხვავებით, საქმიანობის გაგრძელებას მხოლოდ მიტანის სერვისის საშუალებით ახერხებენ, რასაც ბევრი მსურველი არ ჰყავს. როგორც რესტორატორთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა შოთა ბურჯანაძემ გამოცემას განუცხადა, გახსნის საკითხი არათუ თებერვალში, არამედ პირველი მარტიდანაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას:

“აქ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას პირველ მარტს გახსნის საკითხიც. ეპიდემიოლოგებს კომპეტენცია არ ჰყოფნით გადაწყვეტილების მისაღებად, მიუხედავად იმისა, რომ სავაჭრო ცენტრების ძალიან კარგი მაგალითი გვაქვს. იცით, რომ 100 000 ადამიანი გატარდა ერთი დღის განმავლობაში, მთლიანობაში, მილიონმა ადამიანმა ისარგებლა 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე დაწესებული შემსუბუქებით და ვითარება არ გამწვავებულა, რადგან რეგულაციების დაცვითა და სწორი ადმინისტრირებით მოხდა ყველაფერი. ზუსტად ამაზე გვაქვს საუბარი, რომ ეს კარგი გამოცდილებაა, შეგვიძლია მივიღოთ და სხვა სფეროებშიც გადავიტანოთ”.

“სჯობს პირდაპირი პასუხი ჰქონდეს მთავრობას, რომ წლეულს მთის კურორტები არ გაიხსნება. ვნახოთ და რაღაც... ასე აღარ გამოდის. მთის კურორტებს თავისი სეზონი აქვს. პირველ მარტს რომ თქვან, გაიხსნებაო, 95% მაინც ვეღარ გაიხსნება, რადგან აზრი არ ექნება. პირველი თებერვალი იყო ზღვარი, რომლის იქითაც აღარ შეიძლებოდა გადაწყვეტილების მიღება და მსგავსი შეხვედრა უნდა გვქონოდა 7-8 იანვარს, რათა ზუსტად გვცოდნოდა, მთის კურორტები გაიხსნებოდა თუ არა. დღევანდელი პოზიცია, რომ პირველ თებერვალს ნამდვილად არ გაიხსნება მთის კურორტები და აი, ორი კვირის შემდეგ შევხედავთ, რა იქნებაო - ეს ჩვენთვის მესიჯია, რომ შესაძლოა, წლეულს მთის კურორტები საერთოდ ვეღარ გაიხსნას. უკვე მეორე სეზონი ჩავარდა სამთო-სათხილამურო კურორტებზე და 60% პროცენტი ობიექტებისა უკვე იყიდება, ზოგადად კი ეკონომიკაში საკმაოდ რთული ვითარება გვექნება", - აცხადებს სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი.

რუსებმა ევროსაბჭოში ხმის უფლება შეიძლება ისევ დაკარგონ

“ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილება არ ცნო. ასეთი გადაწყვეტილება ასამბლეის ზამთრის სესიაზე ორშაბათს მიიღეს. ეს საკითხი შესასწავლად შესაბამის კომიტეტებს გადაეგზავნა, რომლებმაც დასკვნა უნდა წარმოადგინონ, რის შემდეგაც, ოთხშაბათს რუსების საკითხი ასამბლეაზე იქნება გამოტანილი კენჭის საყრელად. საქართველო, უკრაინა, ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი რუსული დელეგაციის უფლებამოსილების ცნობის მხარდასაჭერად კონკრეტულ პირობებს აყენებენ. ამ საკითხის ინიციატორი კი უკრაინული დელეგაციის ხელმძღვანელი მარია მეზენცევა იყო. მან არგუმენტად ის მოიყვანა, რომ რუსეთი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევას განაგრძობს და ამით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას არღვევს", - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით საქართველო და მისი მოკავშირეები რუსეთის წინააღმდეგ - რუსებმა ევროსაბჭოში ხმის უფლება შეიძლება ისევ დაკარგონ.

“რუსეთს იმდენი დარღვევა აქვს, რომ ევროსაბჭოში ეს უკვე ერთგვარ ტრადიციადაც ჩამოყალიბდა. მათთვის ხმის უფლების შეჩერება მუდმივი დარღვევების გამო, მგონია, რომ ძალიან სწორი პოლიტიკური ჟესტი და გადაწყვეტილება იქნება. ვფიქრობ, ერთ-ერთ პირობად, რომ რუსეთს ხმის უფლება დაუბრუნდეს, იმ ვალდებულებების შესრულება უნდა იყოს, რაც საქართველოს ტერიტორიების უპირობო დეოკუპაციას უკავშირდება. მათ შორის, თავისთავად ცხადია, მხედველობაში უნდა იქნას მიღებული თუნდაც ბოლო გადაწყვეტილება, რაც სტრასბურგის სასამართლომ მიიღო და რუსეთმა საერთაშორისო ვალდებულებები უნდა შეასრულოს”, - აცხადებს გამოცემასთან საუბრისას საგარეო საკითხების ექსპერტი თენგიზ ფხალაძე და დასძენს:

“ასე რომ, ეს გადაწყვეტილება თუ იქნება მიღებული, მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელი იქნება. თუმცა ეს ასეთი ნათელი ჯერ არ არის, რადგან კიდევ ერთი კენჭისყრა უნდა გაიმართოს”.

“ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის დელეგაციას ხმის უფლება 2014 წელს ჩამოართვა ყირიმის ანექსიის გამო. 2019 წლის ივნისში ასამბლეამ რუსეთის დელეგაციისთვის უფლებამოსილების აღდგენის რეზოლუცია მიიღო, რომლის რატიფიცირებაც და შესაბამისად, რუსეთის სრულმასშტაბიანი დაბრუნება ევროსაბჭოში 2020 წლის იანვარში მოხდა”, - აღნიშნავს გამოცემა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა