მაიკლ გალერი - იმ არგუმენტების წამოწევა, რომლებიც ოპოზიციას აქვს, პარლამენტში სჯობს - არასამართლიანად მიღებული ხმების ჩამოკლების შემთხვევაშიც, დარწმუნებული არ ვარ, რომ საპირისპირო შედეგს მივიღებდით, მათ არგუმენტებს ავტომატურად 100%-ით ვერ მივიღებ

ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, რომლებმაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მანდატები მოიპოვეს, პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს.

როგორც გალერი „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში აცხადებს, „თუ არჩევნების გაკრიტიკება გსურს, ამის გაკეთება საპარლამენტო სცენიდან, სესიაზე მიკროფონით უფრო რელევანტურია“.

:რაც შეეხება საქართველოს, ევროკავშირმა გასულ წელს, პოლიტიკური შფოთების დროს, თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთა. მათ ადგილზე მოლაპარაკებებისა და მედიაციის სახით სხვადასხვა პოლიტიკური ძალა მაგიდის ირგვლივ შეკრიბეს და შეთანხმების მიღწევა შეძლეს. მესმის, რომ სამწუხაროდ, არჩევნების შემდეგ შექმნილი უხერხული სიტუაცია კვლავ გრძელდება. მიუხედავად იმისა, იყო თუ არა თანაბარი გარემო - ყველა ქვეყანაში, საქართველოს ჩათვლით, ყოველთვის ყველას მოვუწოდებ, რომ პარლამენტში ადგილები დაიკავონ. თუ არჩევნების გაკრიტიკება გსურს, ამის გაკეთება საპარლამენტო სცენიდან, სესიაზე მიკროფონით უფრო რელევანტურია.

როდესაც არჩევნებზეა საუბარი, თუ როგორ ჩატარდა ის, ყოველთვის ვამბობ, რომ არაერთ არჩევნებს დავკვირვებივარ, ბოლოს საქართველოშიც (2020-ს არ ვგულისხმობ), არჩევნები მთლიანი პროცესია, სამართლებრივი მოწყობით, მომზადებით, ის მხოლოდ საარჩევნო დღე არ არის, ან ის თუ რამდენად სწორად ითვლიან ხმებს, ან არიან თუ არა საარჩევნო უბნებთან ხალხი, რომლებიც დამაშინებლად გამოიყურებიან. მე ეს ადრეც მინახავს და ჩვენ ეს ახლაც ვნახეთ. ეს ცუდი ჩვევებია, ამ რეალობის წინაშე ამომრჩევლები არ უნდა იდგნენ. ჩვენ თანამშრომლობის ფარგლებში დადებული შეთანხმებების შესრულებას ვითხოვთ, რომელიც კარგ მმართველობას და დემოკრატიულ მოწყობას ეხება. შესაბამისად, სამიტისას ჩვენ სხვადასხვა ქვეყნის შესახებ დეტალურ შეფასებებს ვაკეთებთ. რაც გასაკრიტიკებელი იქნება გავაკრიტიკებთ, ხოლო ის, რაც მისაღებია - მიღებული იქნება, თუმცა, საერთო ჯამში, იმას, რაზეც საქართველოსთან შევთანხმდით, დიდი გზა აქვს გასავლელი და ეს თქვენი შესასრულებელია“, - განაცხადა ინტერვიუში ევროპარლამენტარმა.

მისივე განცხადებით, არჩევნები სხვადასხვა გარემოების ერთიანი პროცესია და „როდესაც ოპოზიციის მხრიდან ადგილი აქვს მტკიცებებს, ეს გამოძიების ნაწილი უნდა იყოს“.

„მესმის, მაგრამ იმ არგუმენტების წამოწევა, რომლებიც მათ აქვთ, პარლამენტში სჯობს, ვფიქრობ, ამას საზოგადოებაზეც მეტი ეფექტი ექნებოდა, ვიდრე მაგალითად, ამის პრესკონფერენციაზე გაკეთების დროს. პარლამენტი ის ადგილია, სადაც უნდა იკამათო, მითუმეტეს მაშინ, როდესაც გრძნობ, რომ მმართველი პარტია არასწორად იქცეოდა. თუ ისინი ამას საპარლამენტო სესიაზე მოისმენენ, ვფიქრობ, ამას სხვა ეფექტი ექნება. მაგალითად, როცა საქმე მტკიცებებს ეხება - როცა გადახედვაზე ან გამოძიებაზეა საუბარი, ვფიქრობ, რომ მან ყველა ასპექტი უნდა მოიცვას, ის მხოლოდ გადათვლას არ უნდა ეხებოდეს. როგორც წინა ჯერზე ვთქვი - არჩევნები სხვადასხვა გარემოების ერთიანი პროცესია და როდესაც ოპოზიციის მხრიდან ადგილი აქვს მტკიცებებს, ეს გამოძიების ნაწილი უნდა იყოს. მმართველი გუნდი კონკრეტულ ასპექტებს ეთანხმებოდა, თუმცა ეს საკმარისი არაა. იმას ვგულისხმობ, რომ მიღებულმა ხმებმა საკმაოდ დიდი შედეგი აჩვენა. არასამართლიანად ან არასწორად მიღებული ხმების ჩამოკლების შემთხვევაშიც, დარწმუნებული არ ვარ, რომ საპირისპირო შედეგს მივიღებდით. ვიცი, რომ ეს ორი პარტია ჩვენი პარტნიორია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათ არგუმენტებს ავტომატურად 100%-ით მივიღებ. ჩვენ ყოველთვის ვაკრიტიკებთ - განსაკუთრებით, როცა ეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს ეხება...

ხალხს უნდა ჰქონდეს განცდა, რომ დემოკრატიით განვითარება მოდის, განვითარება მათთვის და არა მხოლოდ იმ ბედნიერი უმცირესობისთვის, რომელიც ამით ხეირობს. ზოგადად, იმ გზას, რომელზეც საქართველო დგას, უნდა ჰქონდეს პერსპექტივა, რომელსაც ენდობიან - ხალხს უნდა სჯეროდეს, რომ ვისაც ირჩევენ, ისინი სანდოები არიან და ხალხისთვის მუშაობენ. თუმცა, გულწრფელად რომ ვთქვა, როდესაც ალტერნატივების სახით ბატონი ივანიშვილი და ბატონი სააკაშვილი გყავს, თავიანთი რეპუტაციებით როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ და არჩევანი გაქვს გასაკეთებელი - ალბათ, ხალხის ნაწილი ცოტათი უიმედოდაა, ასე რომ ვთქვათ“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა