ვიოლა ფონ კრამონი - მე რომ ქართველი ამომრჩეველი ვიყო, მენდომებოდა, ყველას თავისი მანდატები აეთვისებინა

გასულ წელს, საქართველოს პარლამენტმა ახალ სამთავრობო პროგრამასთან ერთად, საგარეო პოლიტიკის რეზოლუცია დაამტკიცა. სამთავრობო პროგრამისა და საპარლამენტო რეზოლუციის თანახმად, მომავალ წლებში მმართველი გუნდის მთავარი მიზანი საქართველოს 2024 წლისთვის ევროკავშირის წევრობის განაცხადის გაკეთებისთვის მომზადებაა. ამ და სხვა საკითხებზე „ინტერპრესნიუსი“ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის წევრს, ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს ესაუბრა. ევროპარლამენტარი აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში საქართველოსა და სხვა წევრი ქვეყნების ევროინტეგრაციის პერსპექტივების გარდა, ინტერვიუში ისეთ საკითხებსაც მიმოიხილავს, როგორებიცაა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება 2008 წლის ომზე, საპარლამენტო კრიზისი საქართველოში და ა.შ.

- გასული წლის ბოლოს, მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ სამთავრობო პროგრამა - „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ - დაამტკიცა. სამთავრობო პროგრამის მთავარი მიზანი 2024 წლისთვის საქართველოს ევროკავშირის წევრობის განაცხადის გაკეთებისთვის მომზადებაა. სამთავრობო პროგრამის მთავარ მიზანს იმეორებს საგარეო პოლიტიკის შესახებ მიღებული საპარლამენტო რეზოლუციაც. როგორ ფიქრობთ, ქართული ოცნების აღნიშნული ამბიცია რამდენად მოდის შესაბამისობაში ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკასთან?

- როგორც იცით, ევროკავშირი და „ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულება“ ამას შესაძლებლად თვლის, 49-ე მუხლის მიხედვით, ყველა ევროპულ სახელმწიფოს აქვს იმის უფლება, რომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი გააკეთოს. შესაბამისად, ქვეყნებს ამის გაკეთება შეუძლიათ და ეს მისაღებია. ამასთან ერთად, ეს კარგიცაა იმ მხრივ, რომ ის სტიმულს აძლევს ქართულ საზოგადოებას, მთავრობას, ისწრაფონ რა სერიოზული რეფორმებისკენ ადამიანის უფლებების, სოციალური და შრომის კანონმდებლობის/კოდექსისკენ, აგრეთვე პოლიტიკური კულტურის და იმ ყველაფრისკენ რაც, რა თქმა უნდა, სასარგებლო იქნებოდა ქართული საზოგადოებისთვის. თუმცა, ევროკავშირის შიდა, არც თუ ისე ადვილი პოლიტიკური ვითარების გათვალისიწინებით, ძნელია იმის თქმა, თუ რამდენად იქნება ეს მიღებული, რა იქნება მისი მასშტაბი და გონივრული ვადა. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი სიგნალია ქართული საზოგადოებისთვის, მთავრობის მხრიდანაც, რომ ისინი მზად არიან მეტისთვის, ხისტი რეფორმებისთვის, იმისათვის, რათა საზოგადოება და ეკონომიკა ევროკავშირში უფრო ინტეგრირდეს.

- აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი სამიტი მარტშია ჩანიშნული. ჩვენ ვხედავთ, რომ არაერთი ანალიტიკოსი და ევროპარლამენტარი ევროკავშირისგან აღმოსავლეთ პარტნიორობის მიმართ უფრო ამბიციურ ხედვას ითხოვს, განსაკუთრებით ევროკავშირის სტრატეგიული ავტონომიის შესახებ მიმდინარე დისკუსიების ფონზე. რა მოლოდინები გაქვთ სამიტისგან?

- ვფიქრობ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობამ ბევრი წარმატება მოიტანა და ვამაყობ, რომ საქართველო 6 სახელმწიფოს შორის ყოველთვის მამოძრავებელი ძალა იყო - მნიშვნელოვანია, როცა ხედავ, რომ გყავს ლიდერები, რომლებიც ძალიან ამბიციურები არიან და მეტი სურთ. თუმცა, მხედველობაში უნდა მივიღოთ ისიც, რომ იქიდან, რაც ევროკავშირის სავაჭრო ხელშეკრულებასა და ასოცირების ხელშეკრულებებშია გათვალისწინებული, ბოლო წლებში ყველაფერი არ შესრულებულა. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ პირველ რიგში, კარგი იქნება, თუ იმ ყველაფრის იმპლემენტაციას შევძლებთ, რაც DCFTA-სა და AA-ს რატიფიცირებულ დღის წესრიგშია გათვალისწინებული. ასევე, კარგი იქნება დამატებითი პოლიტიკური რეფორმების განხორციელებაც, როგორიცაა ევროპული მწვანე შეთანხმება, პანდემიური კრიზისის ერთად დაძლევა. ჩვენ ძალიან ბევრი ნაბიჯი გვაქვს გადასადგმელი, რომელთა განხორციელებისთვისაც რეგიონალური მეზობლების ჩართულობაა საჭირო. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ევროკავშირის მხრიდან ჭკვიანური იქნება საქართველოსთვის ინდივიდუალური სტიმულისა და ლიდერის როლის შენარჩუნებაზე ზრუნვა, ისევე, როგორც აქამდე იყო საქართველო 6 სახელმწიფოს შორის. მეორე მხრივ, ევროკავშირმა ამ 6 სახელმწიფოს ერთად თავმოყრა უნდა განაგრძოს - ის კონცეფცია, რაც აღმოსავლეთ პარტნიორობას აქამდე ჰქონდა, რათა ამბიციური ინიციატივები კანონის უზენაესობის, დემოკრატიისა და საბაზრო ეკონომიკის მხრივ გაგრძელდეს, თუმცა, ამასთანავე, ვფიქრობ, რომ საქართველო მზადაა აღმოსავლეთ პარტნიორობა პლუსისთვის, ან სხვა მსგავსი ინიციატივისთვის - ეს უნდა განიხილებოდეს.

- აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ინდივიდუალურ და ჯგუფურ მიდგომებზე რომ განვაგრძოთ საუბარი - სამთავრობო პროგრამა, რომელიც უკვე ვახსენეთ, აქცენტს აკეთებს იმაზეც, რომ საქართველომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ჩარჩოში უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად ახალი შესაძლებლობები უნდა ეძებოს. 14 იანვარს, ამ თემაზე სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ონლაინ შეხვედრაც გამართეს. როგორ უყურებთ ე.წ. ტრიოს+1 ფორმატს, რომელიც ასოცირებული ქვეყნების ევროკავშირთან ინტეგრაციის მიზნით ცალკე პლატფორმას გულისხმობს?

- ჩვენ ვხედავთ ბელარუსს; აგრეთვე სამთავრობო ცვლილებას სომხეთში, რომელიც წელიწადნახევარის წინ მოხდა; და აზერბაიჯანს, რომელიც იმედია, ახლო მომავალში მოდერნიზაციისკენ ახალ ნაბიჯებს გადადგამს - თუ მხოლოდ სამ ქვეყანაზე ვკონცენტრირდებით, რომლებიც, როგორც აღნიშნეთ, საქართველო, უკრაინა და მოლდოვაა, თუ ჩვენს რესურსებსა და ყურადღებას მხოლოდ სამ ქვეყანას მოვახმართ - ეს რუსეთს გაახარებს. ვფიქრობ, რომ ეს შეცდომა იქნება. ჩვენ ვემხრობით დაჯგუფების პოლიტიკას, მაგრამ ამავე დროს გვაქვს მკაცრი პირობითობა. როცა ვხედავთ, რომ ცალკეულ სექტორში მეტია საჭირო - ჩვენ ამას ვაკეთებთ, იქნება ეს ვაჭრობა, საგანმანათლებლო მხარდაჭერა, სტუდენტების გაცვლითი პროგრამები თუ სხვა. მაგალითად, ამჟამად ბელარუსში მხარს ვუჭერთ დამოუკიდებელ მედიას, იმ ხალხს, ვისაც ქვეყნის დატოვება სურს, პოლიტიკურ პატიმრებს და ა.შ. - ჩვენ ამისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის თანხას ვიყენებთ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ახლა ინდივიდუალური გამოსავლის პოვნაც გვჭირდება, იგივე ეხება სხვა ქვეყნებსაც. მე მოცემულობას ისე დავტოვებდი, როგორც ახლაა - ასევე ფიქრობს ევროპარლამენტში ჩემი კოლეგების უმრავლესობაც. მიუხედეავად, ამისა საქართველოს ვთხოვდი, რომ დარჩეს ლიდერად, შეინარჩუნოს მისწრაფებები აღმოსავლეთ პარტნიორობის ან ევროკავშირში წევრობის მიმართ, აგრეთვე დემოკრატიული ძალისხმევებისა და რეფორმების მხრივ. ჩემთვის ეს საკითხი ან ერთი ან მეორე არჩევანის მხარდაჭერის პრინციპით არ დგას.

- ოპოზიციასთან მოლაპარაკებების პერიოდში ქართულმა ოცნებამ ორი საკანონდებლო პროექტი დააანონსა. პირველი საკანონმდებლო ინიციატივა იმ პოლიტიკური პარტიების სახელმწიფო დაფინანსების შეჩერებას/გაუქმებას ითვალისწინებს, რომელებიც საპარლამენტო მანდატებს სრულად არ აითვისებენ; მეორე ინიციატივა იმ პოლიტიკური პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას ითვალისწინებს, რომლის წინასაარჩევნო აგიტაციაში ისეთი პოლიტიკური ლიდერი მონაწილეობს, რომელიც კონსტიტუციის მიხედვით, აქტიური საარჩევნო უფლებების აუცილებელ პირობებს ვერ აკმაყოფილებს. მეორე ინიციატივა, ბუნებრივია, ერთიან ნაციონალურ მოძაობას, საქართველოში ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიას ეხება, რომლის ლიდერიც ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია. სააკაშვილი საქართველოს მოქალაქეობას არ ფლობს და მსჯავრდებულია, რაც ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, მისი პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების მიზეზი შეიძლება გახდეს. ქართულმა ოცნებამ ორივე ინიციატივა პირველი მოსმენით მიიღო. თუმცა, პროცესი დროებით დაპაუზდა და კანონპროექტები ვენეციის კომისიას განსახილველად გადაეგზავნა. როგორ შეაფასებდით აღნიშნულ ინიციატივებს მათი პოლიტიკური კონტექსის/მოტივაციის გათვალისწინებით?

- ნება მომეცით, არჩევნების შემდგომ განვითარებულ პროცესებზე ჩემი შთაბეჭდილება გაგიზიაროთ. პირველ რიგში, მე რომ ქართველი ამომრჩეველი ვიყო, მენდომებოდა, რომ ყველას თავიანთი მანდატები აეთვისებინა. ვიცი, რომ ძალიან სამწუხაროა, როდესაც ევროპარლამენტმა პანდემიის გამო არჩევნების სადამკვირვებლო მისიაში ჩართვა ვერ შეძლო - ეს ნამდვილად სამწუხარო იყო. ჩვენ ევროპარლამენტის პრეზიდენტს მისიაში ჩართვის თაობაზე თხოვნით მივმართეთ. თუმცა, ადგილზე საერთაშორისო დამკვირვებლები მაინც იყვნენ და შეგვიძლია დავინახოთ, რომ მიუხედავად დარღვევებისა (სიყალბის შემთხვევები იყო), ამას საბოლოო შედეგის მნიშვნელოვნად შეცვლა არ შეეძლო. კარგია, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ, ჩვენმა და სხვა ელჩებმა, მოლაპარაკებების პროცესი დაიწყეს - მე ყველას ვთხოვდი, რომ რაც შეიძლება მეტი კეთილგონიერება გამოიჩინონ და როგორც არჩეულმა პარლამენტარებმა, პოლიტიკურ სისტემაში თავიანთ როლზე იფიქრონ. როგორც NDI-ს კვლევით ვიხილეთ, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა არჩეული პარლამენტარებისგან სწორედ ამას ელის. იგივე შემიძლია ვთქვა მეც, როგორც ევროპარლამენტარმა - მე კოლეგები მჭირდება, მსურს, რომ ერთად ვიმუშაოთ, ამ მხრივ ევროპარლამენტის დემოკრატიის მხარდაჭერისა და საარჩევნო კოორდინაციის ჯგუფში (DEG) წამყვანი როლი მაქვს - პარტნიორები მჭირდება, სხვანაირად როგორ ვიმუშავებ? როგორ შევძლებ საქართველოს პარლამენტთან მუშაობის დაწყებას, თუ იქიდან პოზიციას არავინ გამოხატავს - თუ კომიტეტები არ იმუშავებენ, თუ ოპოზიციის ან მმართველი გუნდის მხრიდან რეფორმების ინიცირება არ მოხდება? შესაბამისად, თუ კომპრომისი რაც შეიძლება ადრე მოიძებნება, ეს ჩვენთვის შვება იქნება, რათა პარლამენტი მუშაობას დაუბრუნდეს. ესაა ჩემი ზოგადი შეფასება.

თქვენს კითხვას რომ დავუბრუნდეთ, გულწრფელად რომ ვთქვა, ეს უცნაური ნაბიჯია. თუ საქართველოს ჰქონდა რეგულაცია, რომელიც არჩეული პარტიებისთვის თანხის განაწილებას ითვალისწინებს, ეს ფინანსური რეგულაციაა და ის უნდა შეინარჩუნო. აშკარაა, რომ ეს პოლიტიკური სვლაა, რათა ცალკეულ პოლიტიკურ პარტიებზე წნეხი გაიზარდოს. ვფიქრობ, ეს ცხადია და ეს დემოკრატიის თვალსაზრისით გაუმართლებელი ნაბიჯია. ვფიქრობ, ვენეციის კომისიის პოზიციაც მსგავსი იქნება. რაც შეეხება პარტიებისთვის რეგისტრაციის აკრძალვას ან მასზე უარის თქმას, იმ მიზეზით, რომ მისი მხარდაჭერი საქართველოს მოქალაქე არაა - ვფიქრობ, ეს საკითხი სრული აბსურდია და ევროკავშირის პრინციპებთან აშკარად წინააღმდეგობაში მოდის. ჩემთვის ეს ძალიან პოპულისტურია. თუ ბრძოლა გსურს, ეს პოლიტიკურად - დემოკრატიულად უნდა გააკეთო, პოლიტიკურ ჩარჩოებში მოექცე და მსგავს ცრუ სამართლებრივ გზებს არ უნდა მიმართო. ეს იქნებოდა ჩემი პირადი შეფასება. ვიმედოვნებ, რომ „ქართული ოცნება“ და ოპოზიცია ერთად კონსტრუქციული მუშაობისთვის გზებს გამონახავენ. ეს ისაა, რასაც ყოველი მათგანისგან ველით - ევროპარლამენტში და საერთაშორისო საზოგადოებაში. ვფიქრობ, იგივე მოლოდინი აქვს ქართულ საზოგადოებასაც.

- ოპოზიციის ბოიკოტის საკითხი რომ გავაგრძელოთ, ვფიქრობ, მათი პერსპექტივა ევროკავშირისგან განსხვავდება. ევროკავშირის პოზიციაა, რომ არჩევნებზე იყო დარღვევები, მაგრამ არა იმ მასშტაბის, რომ მათ საბოლოო შედეგზე გავლენა ჰქონოდათ. ოპოზიცია კი ფიქრობს, რომ აღნიშნულ დარღვევებს საბოლოო შედეგის შეცვლა შეეძლოთ, განსაკუთრებით ქართულ საარჩევნო სისტემაში გაზრდილი პროპორციული წილის გათვალისწინებით. თუმცა, როგორც ჩანს, ევროკავშირი და სხვა საერთაშორისო პარტნიორები თავიანთი პოზიციის შეცვლას არ გეგმავენ. რა შეიძლება იყოს ოპოზიციისთვის გამოსავალი?

- როგორც აღვნიშნე, არსებობს სხვადასხვა სადამკვირვებლო მისიების ანგარიშები. ისინი ღიად საუბრობენ დარღვევებსა და სიყალბეზე. ეს უყურადღებოდ არ დარჩენილა, არც შიდა დამკვირვებლების მხრიდან, როგორიც ISFED-ია და არც სხვებისგან, იქნებოდა ეს ეუთო/ოდირი თუ ნატოს საპარლამენტო ასამბლეა. თუმცა, არც ერთ მათგანს არ უთქვამს, რომ ამ დარღვევების გარეშე, რეზულტატი, არჩევნების საბოლოო შედეგი მნიშვნელოვნად განსხვავებული იქნებოდა. თუ არჩევნების გამეორება ან მცირე კორექცია მოხდებოდა, მაგალითად 2 ან 3%-ის - დიახ, ეს ოპოზიციისთვის უფრო ადვილს გახდიდა, რომ მუშაობას შედგომოდნენ. თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობას, ალბათ, მაინც „ქართული ოცნება“ მოიპოვებდა, მაგრამ ამაზე სპეკულირება ჩემი საქმე არაა. მე ვნახე, რომ, მაგალითად, შიდა სადამკვირვებლო პლატფორმა, რომელიც, როგორც წესი, ძალიან აპარტიული და დაბალანსებულია (მათ კერძო ინტერესი ამ პროცესში არ აქვთ, ისეთი, რომლის შემჩნევა მე შემეძლო), აშკარად აჩვენებს, რომ განსხვავება არც ისეთი დიდია, როგორზეც ოპოზიცია აცხადებს პრეტენზიას. ვფიქრობ, ოპოზიციისთვის პრესტიჟის შენარჩუნების ტიპის გამოსავალი გვჭირდება, რათა მათ დაიბრუნონ თავიანთი როლი და გააცნობიერონ, რომ ახლა ხალხის ქუჩაში გამოყვანის დრო არ არის, ხალხს კონსტიტუციური, საკანონმდებლო გამოსავალი სჭირდება და არა ისეთი, როგორიც 2003-2004 წლებში გვქონდა, „ვარდების რევოლუციის“ დროს - 2021 წელს ამის დრო არ არის. ხალხი არჩეულ წარმომადგენლებს პარლამენტში ელის. მსგავსი მოლოდინი გვაქვს ჩვენც, ასევე ისიც, რომ შემდგომ არჩევნებზე ნაკლები სიყალბე და ძალადობა იქნება და ისიც, რომ არც პანდემია იქნება ხელის შემშლელი ფაქტორი. ვფიქრობ, ადგილობრივი და სხვა ტიპის არჩევნების დროს უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ის უფრო მეტად სამართლიანი იყოს. თუმცა, როგორც ვთქვი, საბოლოო შედეგი ცოტათი განსხვავებული იქნებოდა, მაგრამ არა მნიშვნელოვნად.

- ბიძინა ივანიშვილმა მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების თავჯდომარის პოსტი დატოვა და პოლიტიკიდან წავიდა. როგორც ივანიშვილი ამბობს, ამის მთავარი მიზეზი მისი ასაკია (ის 65 წლის ხდება). ამასთან, ის აცხადებს, რომ მისი მისიის შესრულება შეძლო და პოლიტიკას ამაყად ტოვებს. ოპოზიცია კი ფიქრობს, რომ ივანიშვილი კულისებს მიღმა მმართველობას დაუბრუნდება და პოლიტიკიდან წასვლა მხოლოდ იმ პოლიტიკურ-ეკონომიკური კრიზისისგან დისტანცირებისთვის ჭირდება, რომლის წინაშეც ახლა საქართველო დგას. საერთაშორისო პარტნიორებისთვის, რაზე მიანიშნებს ის, როდესაც მმართველი გუნდის ლიდერი არჩევნებიდან 2 თვეში პოლიტიკიდან მიდის?

- ეს კითხვა „ქართული ოცნების“ შიდა ვითარებას ეხება და მას მე ვერ შევაფასებ. უბრალოდ ვიტყვი, რომ ბიძინა ივანიშვილის განსაკუთრებული ლოგიკა, რომ მან ყველაფრის მიღწევა შეძლო და ახლა შეუძლია წავიდეს, არასარწმუნოა. სხვა მხრივ, ეს პარტიის წევრების გადასაწყვეტია - ვის დაინახავენ თავიანთი პარტიის ლიდერად - ეს საერთაშორისო პარლამენტარის განსახილველი საკითხის არ არის. მას ადრეც უთქვამს, რომ თანამდებობიდან და პოლიტიკიდან მიდიოდა. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები და რამხელა გავლენას შეინარჩუნებს პარტიაზე, თავმჯდომარეობის შემსრულებლებზე, პრემიერ-მინისტრებსა თუ სხვა წარმომადგენლებზე. რა თქმა უნდა, პარტიულ განვითარებას დავაკვირდებით და იმედია, ამას პოლიტიკური რეზულტატისა და კომპრომისის სურვილის თვალსაზრისით შედეგი ექნება. თუმცა, ის თუ რას იზამს ესა თუ ის პარტია საქართველოში და ვის მისცემენ ხმას, ეს ჩვენი გადასაწყვეტი არ არის.

- ბოლოს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მინდა გკითხოთ, რომელმაც 2008 წლის 12 აგვისტოს შემდეგ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა. როგორ ფიქრობთ, რამდენად შეუწყობს ხელს საქართველოს ძალისხმევებს სტრასბურგის გადაწყვეტილება რუსული ოკუპაციის საკითხის საერთაშორისო დღის წესრგში აწევის მხრივ?

- პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ ეს მნიშვნელოვანი და სიმბოლური გამარჯვებაა. ძალიან კარგია, რომ საქართველომ ამ საქმეზე წარმატების მიღწევა შეძლო. ყველამ ვიცით, რომ რუსეთი 2008 წლის ომამდე ლახავდა ადამიანის უფლებებს, ახდენდა ოკუპაციას, საქართველოს უზღუდავდა წვდომას საკუთარ ტერიტორიაზე, არღვევდა ტერიტორიულ მთლიანობას, საქართველოს ტერიტორიაზე ათავსებდა სამხედროებს და მესაზღვრეების მიმართ ახორციელებდა პროვოკაციებს - ჩვენ ამ სამწუხარო და ტრაგიკულ მოვლენებს თვალყურს 2008 წლის ომის დაწყებამდე ბევრად ადრე ვადევნებდით. კარგია, რომ საბოლოოდ ეს სტრასბურგის სასამართლომაც დაადასტურა. თუმცა, ჩვენ ასევე ვიცით, რომ რუსეთს მულტილატერალური სამართლებრივი ჩარჩოები ნაკლებად აინტერესებს. სამწუხაროდ, იმის მიუხედავად, რომ ეს დიდი გამარჯვება და აღნიშნული დარღვევების მხრივ მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა - სამწუხაროდ, არც რუსულ და არც საერთაშორისო დღის წესრიგში დიდ ცვლილებებს არ ველი. თუმცა, ჩვენ უნდა ვეცადოთ ეს დღის წესრიგში დავაყენოთ, ცნობიერება უნდა ამაღლდეს ბორდერიზაციის საკითხზეც, სადაც თითქმის ყოველ ღამე იპარავენ ქართული ტერიტორიის ნაწილს, უჩუმრად და უპატიოსნოდ. ადგილზე სადამკვირვებლო მისია მუშაობს, რომელიც აღნიშნულს, რა თქმა უნდა, მონიტორინგს უწევს, მაგრამ საერთაშორისო დღის წესრიგამდე ვერ აღწევს. შესაბამისად, აღნიშნულმა ვერდიქტმა შესაძლოა, ამ საკითხის დასმა გაგვიადვილოს გაეროს საბჭოში და ევროპულ დონეზე, იქნება ეს ეუთო თუ ევროპის საბჭო. როგორც მინიმუმ, იმის შესაძლებლობა არსებობს, რომ ჩვენ ამ გადაწყვეტილებას დღის წესრიგისთვის გამოვიყენებთ. თუმცა, თქვენი კითხვაც ეს იყო - რუსეთის მხრიდან მიმართულების შეცვლას, ანგარიშვალდებულებას, სანქციებს და კომპენსაციების გზით მის დასჯას, გულწრფელად, რომ გითხრათ - სამწუხაროდ, არ ველი.

გიორგი ჯღარკავა

„ინტერპრესნიუსი“

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა