პრემიერ-მინისტრმა მიხეილ ჩხენკელთან ერთად ზედა საქარის ახლადაშენებული საჯარო სკოლა მოინახულა ​

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან მიხეილ ჩხენკელთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა საქარის ახლადაშენებული საჯარო სკოლა მოინახულა და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სასწავლო პროცესის საკლასო ოთახში დაბრუნება მიულოცა. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მიხეილ ჩხენკელმა ზედა საქარის სკოლის მასწავლებლებს მადლობა გადაუხადა პანდემიის დროს გაწეული ღვაწლისათვის განათლების უწყვეტობისა და ხარისხის შენარჩუნების პროცესში. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მასწავლებლები, სახელოვან ექიმებთან ერთად, ფრონტის წინა ხაზზე დგანან და თანამედროვეობის გმირებს წარმოადგენენ.

„დღეს, პრემიერ-მინისტრთან ერთად, ვესტუმრეთ ზედა საქარის თანამედროვე სტანდარტებით აშენებულ საჯარო სკოლას და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს საკლასო ოთახში დაბრუნება მივულოცეთ. მოხარული ვარ, რომ ადგილობრივმა მოსწავლეებმა სწორედ ახალი შენობის კედლებში შეძლეს სასწავლო პროცესის გაგრძელება. თანამედროვე სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწყობა ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. შესაბამისად, საქართველოს მასშტაბით, სკოლების მშენებლობა, რეაბილიტაცია და აღჭურვა უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება. ანალოგიური პროექტები მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს, რადგანაც ჩვენი გუნდისთვის უმთავრესია ჩვენს ახალგაზრდებზე, ჩვენს ბავშვებზე და მათ განათლებაზე ზრუნვა. როგორც მოგეხსენებათ, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან, 1-ლი თებერვლიდან, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, მათ შორის, აჭარაში, გარდა თბილისის, ქუთაისისა და რუსთავისა, სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდა. რაც შეეხება თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის სკოლებს, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის საფუძველზე, კიდევ ერთხელ შეფასდება ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და თუ 7 დღის მაჩვენებელი 4%-მდე დაიწევს, აღნიშნული ქალაქების ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა-სწავლება დასწრებული ფორმით გაგრძელდება”,- განაცხადა ჩხენკელმა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა საქარის ახლადაშენებული სკოლა 300 მოსწავლეზეა გათვლილი. თანამედროვე ტიპის სამსართულიანი სკოლის შენობა ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.

„სკოლაში მოეწყო სახანძრო უსაფრთხოების სისტემა, საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები, კომბინირებული სპორტული დარბაზი. ეზოში კეთილმოეწყო საბავშვო მოედანი. სამშენებლო სამუშაოები თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ევროსტანდარტების მქონე, ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალების გამოყენებით სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ განახორციელა. პროექტის ღირებულება 4,5 მლნ ლარზე მეტს შეადგენს. 2020 წელს, პანდემიის მიუხედავად, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურული პროექტები შეუფერხებლად მიმდინარეობდა: აშენდა 30 სკოლა; 60 სკოლის მშენებლობა 2021 წელს დასრულდება; 800-მდე სკოლაში სრულად მოწესრიგდა სველი წერტილები; სრულად განახლდა 9 საჯარო სკოლა და ხოლო ნაწილობრივ – 150-ზე მეტი; დაიწყო 100-ზე მეტი საჯარო სკოლის რეაბილიტაციის პროცესი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს