ამირან სალუქვაძე - ოპოზიციამ საკუთარი თავი ჩიხში თავად შეიყვანა

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე “ინტერპრესნიუსი“ პოლიტიკის ანალიტიკოსს, ამირან სალუქვაძეს ესაუბრა.

- ბატონო ამირან, „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციის იმ ნაწილისათვის, რომელიც პარლამენტში არ შედის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება არ მიიღო. თუ ამ განცხადებამდე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების ურთიერთგამომრიცხავ მოსაზრებებს გავიხსენებთ, მოულოდნელი არაფერი მომხდარა.

ცხადი იყო, რომ ამ საკითხზე გადაწყვეტილების გადავადებით მმართველი გუნდი შეეცდებოდა დროის გაჭიმვით ოპოზიციისთვის პარლამენტის კარის ღიად დატოვებას.

იურისტების შეფასებით ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიუღებლობით პარლამენტმა არა მარტო კონსტიტუცია დაარღვია, არამედ მათ ქცევას ბოიკოტის ნაცვლად საბოტაჟი უწოდა. არჩევნების შემედგ ჩვენში ჩამოყალიბებულ ვითარებაში თქვენ როგორ შეაფასებდით მმართველი გუნდის გადაწყეტილებას?

- ლოგიკური იყო კენჭისყრის ასეთი შედეგი. რა თქმა უნდა, „ქართული ოცნებისთვის“ ეს არ იყო პოპულარული გადაწყვეტილება, რადგან „ოცნების“ ამომრჩეველს სურს წინა ხელისუფლების წარმომადგენლები პარლამენტს მიღმა იხილოს.

ამავე დროს, როცა მთელი საერთაშორისო საზოგადოება, მათ შორის ჩვენი ძირითადი სტრატეგიული პარტნიორი, ასევე ევროპარლამენტარები ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებენ, არ იქნებოდა მართებული ბარიერგადალახული პარტიებისთვის პარლამენტის კარის შიგნიდან დახურვა.

როცა მთელი საერთაშორისო საზოგადოება, მათ შორის ჩვენი ძირითადი სტრატეგიული პარტნიორი, ასევე ევროპარლამენტარები ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებენ, არ იქნებოდა მართებული ბარიერგადალახული პარტიებისთვის პარლამენტის კარის შიგნიდან დახურვა

რაც შეეხება არაკონსტიტუციურობას, არ ვარ იურისტი, მაგრამ, რამდენადაც ვიცი, კანონი ცალსახად არ ავალდებულებს დეპუტატებს მწვანე ღილაკს დააჭირონ, თუ წითელს.

ისმის კითხვა, თუ ამ კენჭისყრის ჩატარებისას დეპუტატს არჩევანის უფლება აქვს, შეუწყვიტოს თუ არა, მაშინ რატომაა ეს პროცედურა არაკანონიერი, არაკონსტიტუციური?

ასე თუ არაა, მაშინ სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას არ დასჭირდებოდა კენჭისყრა და საკმარისი იქნებოდა მათ მიერ განცხადების დაწერა.

- ირაკლი კობახიძემ კი განაცხადა, რომ 20-მდე ოპოზიციონერ დეპუტატს სურს პარლამენტში შესვლა, მაგრამ რამდენად შეესაბამება ამგვარი მტკიცება რეალობას დრო გვიჩვენებს. მმართველი გუნდის მხრიდან კონსტიტუციის მუხლის დარღვევა მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყანის პოლიტიკურ ცხოვრებაში მთლად კარგად ვერ უნდა იყოს საქმე.

არა მგონია ხელისუფლებას თავადაც სჯეროდეს რომ 20-მდე ოპოზიციონერი პარლამენტში შევა. შესაძლოა, ვცდებოდე, მაგრამ რჩება შთაბეჭდილება, რომ მმართველი გუნდის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უფრო ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის იყო მიღებული, რომლებიც უნდა დაეთანხმოს „ქართული ოცნების“ მტკიცებას, რომ საქართველოში არის კონსტრუქციული და არაკოსტრუქციული ოპოზიცია.

რამდენად შეიძლება ყოფილიყო მმართველი გუნდის გადაწყვეტილება გათვლილი უფრო დასავლელ პარტნიორებზე?

- ვერ გაგცემთ პასუხს რამდენად რეალურია ეს ციფრი. „ნაცმოძრაობის“ თვმჯდომარის წასვლა, მათი ზოგიერთი ლიდერის მიერ გაკეთებული სხვადასხვა მოსაზრებები გვაფიქრებინებს, რომ პარტიაში სხვადასხვა მოსაზრებები აქვთ, თუმცა გადაწყვეტილებებზე გავლენას ვერ ახდენენ.

„ევროპული საქართველოც“ დატოვა ერთ-ერთმა აქტიურმა წევრმა. კარგად იკითხება, რომ მთლიანი ოპოზიცია ერთი პიროვნების სცენარით მოქმედებს არა მხოლოდ ახლა, არამედ წინასაარჩევნო პერიოდიდან. ყველა ვხედავთ, რომ ოპოზიციის ამ დღის წესრიგს არც მოსახლეობის, ამას NDIს-ს კვლევაც ადასტურებს, არც საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა არ აქვს. ვინ წააგებს ამ პროცესში? ბევრჯერ გამოვთქვი ეს აზრი და თქვენთანაც გავიმეორებ, წაგებული პატარა პარტიები დარჩებიან.

კარგად იკითხება, რომ მთლიანი ოპოზიცია ერთი პიროვნების სცენარით მოქმედებს არა მხოლოდ ახლა, არამედ წინასაარჩევნო პერიოდიდან

ავხსნი. არჩევნების შედეგებმა დაგვანახა, რომ 5%-ანი ბარიერი მხოლოდ სამმა პარტიაამ გადალახა. ახლახანს გამოქვეყნებულმა კვლევებმა კი გვიჩვენა, რომ თუ ბარიერის დაწევა არ მოხდა, ასეთ შემთხვევაში 2024-ში 5%-ან ბარიერს, თუ არაფერი შეიცვალა, გადალახავენ „ქართული ოცნება“ და „ნაცმოძრაობა.“ სად აღმოჩნდებიან დანარჩენი პარტიები? ბარიერის დაწევას კი სჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა, შეაბამისად ოპოზიციის პარლამენტში შესვლა.

პარლამენტის გადაწყვეტილებაში, რა თქმა უნდა, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებების გამოძახილიც არის.

პარლამენტის გადაწყვეტილებაში, რა თქმა უნდა, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებების გამოძახილიც არის

- დამკვირვებელთა ნაწილი ამ თემაზე მსჯელობისას შენიშნავს, - უკვე შეიძლება ითქვას, რომ ვერც 2021 წელი და ვერც შემდგომ წლებში პოლიტიკური ცხოვრება ვერც დინამიური და ვერც მოწესრიგებული ვერ იქნება.

ოპოზიციის ნაწილი ქუჩაში აქციებს აანონსებს, მეორე ნაწილი მოვლენათა რევოლუციური სცენარით განვითარებას. ვითარებაში, როცა ქვეყანაში უამრავი პრობლემაა, სოციალურ-ეკონომიკური საკითხების მოუგვარებლობით შეწუხებული ხალხი რომ ქუჩაში ვიხილოთ, გამორიცხული სულაც არაა.

მაგრამ, რაც შეეხება მოვლენათა რევოლუციური სცენარით განვითარებას, ამისათვის იმავე ხალხში არც შესაბამისი ენერგია არსებობს და არც ლიდერი, რომელიც საზოგადოებას დაარწმუნებდა იმაში, რომ სწორედ ის და მისი გუნდია ხელისუფლების რეალური ალტერნატივა.

როცა დაახლოებით ასეთი ვითარება გვაქვს, სავარაუდოდ როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები ერთი მხრივ ხელისუფლებისთვის, ხოლო მეორე მხრივ ქუჩაში დარჩენილი ოპოზიციისთვის?

- რევოლუციურ სცენარებს არც კი განვიხილავ და ნაკლებად მაინტერესებს რა სურთ პოლიტიკოსებს. ჯერ კიდევ საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდში, ერთ-ერთ რეიტინგულ ტოკ-შოუში განვაცხადე, რომ საჭირო იყო პოლიტიკური სპექტრის განახლება და ახალი ძალების შემოსვლა.

თუ ჩვენ არ მივეჩვიეთ საარჩევნო ციკლში ცხოვრებას, საზოგადოებას არ ეყოფა დრო საკუთარი რესურსი გამოსავლენად, რათა გამოჩნდნენ ახალი, ან თვისობრივად განახლებული პოლიტიკური სუბიექტები.

შესაბამისად, რევოლუციური სცენარი აწყობს მხოლოდ იმ პარტიებს, რომელთა ხილვა მოსახლეობის უმეტესობას აღარ სურს. თუ იმავე კვლევას დავეყრდნობით, მოსახლეობის 49% პოლიტიკური ველის განახლების მოლოდინშია.

რევოლუციური სცენარი აწყობს მხოლოდ იმ პარტიებს, რომელთა ხილვა მოსახლეობის უმეტესობას აღარ სურს. თუ იმავე კვლევას დავეყრდნობით, მოსახლეობის 49% პოლიტიკური ველის განახლების მოლოდინშია

- თუ ვადამდელი არჩევნების საკითხი არ გადაწყდა, ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ ისინი არ აპირებენ შემოდგომისათვის დაგეგმილი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას.

ხელისუფლების წარმომადგენლები არ გამორიცხავენ თვითმმართველობის არჩევნებზე ვადამდელი არჩევნების თემაზე რეფერენდუმის ჩატარების იდეაზე დათანხმებას.

არადა, ელჩების მოდერაციით დეკემბერში გამართულ სხდომებზე სწორედ ასეთი მოთხოვნა იყო ოპოზიციის მხრიდან. ოპოზიცია მაშინ აცხადებდა - ამგვარი შეთავაზებით ხელისუფლებას სახის შენარჩუნების საშუალება ეძლევაო.

თუ ხატოვნად ვიტყვით, გვახსოვს ისიც, რომ ხელისუფლებამ თუ სახე არა, ლოყები დაიკორტნა და სულ არა არაო. მოგვიანებით კი იგივე წინადადება, რომელიც ალეკო ელისაშვილმა გააჟღერა, მხედველობაში მაქვს ადგილობრივი არჩევნებისას რეფერენდუმის ჩატარება, თუ მაშინვე არა, შემდგომ მაინც მოიწონა.

თუ ხელისუფლება ოპოზიციონერთა პარლამენტში შესვლის სანაცვლოდ შემოდგომაზე ვადამდელი არჩევნების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას დათახმდა, თქვენ არ გაგიჩნდებათ კითხვა თუ რატომ არ დათახმდა ხელისუფლება ოპოზიციის ამ წინადადებას დეკემბერში?

ოპოზიციონერთა პარლამენტში შესვლა-არშევლის თემაზე ამდენ იწილო-ბიწილოს მაინც ხომ ავიცდენდით...

- ოპოზიციას სხვადასხვა იდეები აქვთ. ჩვენ არ ვიცით ზუსტად რაზე შეთანხმდნენ ელჩებთან. ჰქონდათ ისეთი იდეაც, რომ ადგილობრივი არჩევნები ჩავთვალოთ გამოკითხვადო. როგორც ვიცით მმართველი გუნდი არ თანხმდება ამ წინადადებებს და ლოგიკაც არის მათ პოზიციაში, მაშინ როცა ოპოზიცია ძალიან ცუდად აწარმოებს მოლაპარაკებებს. უფრო დავარქმევდი ულტიმატუმების წაყენებას, ვიდრე მოლაპარაკებებს.

ოპოზიცია რომ ყოფილიყო ხელისუფლების ადგილას, როცა არა მხოლოდ ცესკოს მონაცემებით, არამედ სადამკვირვებლო მისიების შეფასებებითაც, არჩევნები ჩატარდა კონკურენტუნარიან და თავისუფალ გარემოში, დათმობდნენ პოზიციებს? ეჭვი მეპარება.

ოპოზიცია რომ ყოფილიყო ხელისუფლების ადგილას, როცა არა მხოლოდ ცესკოს მონაცემებით, არამედ სადამკვირვებლო მისიების შეფასებებითაც, არჩევნები ჩატარდა კონკურენტუნარიან და თავისუფალ გარემოში, დათმობდნენ პოზიციებს? ეჭვი მეპარება

მთელი დასავლეთი სთავაზობს პარლამენტში შესვლას და იქედან გაპროტესტებას. „ქართული ოცნების“ შეთავაზება უკვე უამრავჯერაა გაჟღერებული საგამოძიებო კომისიის შექმნასა და 1%-ანი ცდომილების შესახებ. ამ წინადადებას არ ელოდნენ და მოიგონეს უკვე ყველაფერი გადასწორებული ექნებათო.

ამაზე ჰქონდა „ოცნებას“ პასუხი, რომ შეემოწმებინათ ექსპერტიზაზე იპოვიდნენ თუ არა გადასწორებულ ოქმებს. ბიულეტენების რაოდენობის გასწორებას აზრი არ აქვს, რადგან ოქმებზე ოპოზიციის წარმომადგენლების ხელმოწერებია.

ასეთ სპეციფიკურ თემებზე კამათშიც კი არ მიყვებიან ხელისუფლებას. არ მიიღეს შეთავაზება საჯარო დებატებთან დაკავშირებით ამ ყველაფრის შესახებ, რაც კითხვებს ჰბადებს.

როგორც ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ განაცხადა, ოპოზიცია, თურმე, 4-პუნქტიანი მოთხოვნის შესრულების შემთხვევაშიც კი, არ გეგმავდნენ პარლამენტში შესვლას, რაც ბევრ რამეს ხდის ფარდას.

რჩება შთაბეჭდილება, რომ ოპოზიციას ბრძანება აქვს მიღებული იდგნენ ხისტ პოზიციაზე. ეს პოზიცია წამგებიანია. ზუსტად ამ მცდარი სტრატეგიის ბრალია, რომ არჩევნებს შემდეგ ოპოზიციის რეიტინგი მკვეთრად დაეცა. თუ NDI-საც აღარს სჯერათ, ისევე როგორც ევროპის სადამკვირვებლო მისიების, მაშინ ახალი კვლევები ჩაატარონ.

რჩება შთაბეჭდილება, რომ ოპოზიციას ბრძანება აქვს მიღებული იდგნენ ხისტ პოზიციაზე. ეს პოზიცია წამგებიანია. ზუსტად ამ მცდარი სტრატეგიის ბრალია, რომ არჩევნებს შემდეგ ოპოზიციის რეიტინგი მკვეთრად დაეცა

სოციალური ქსელით 2 ნოემბერს დავწერე, რომ მომხდარიყო ბიულეტენების გადათვლა. ოპოზიცია ამ გზით არ წავიდა. შექმნეს ცრუ მოლოდინები ეგზითპოლების და პარალელური დათვლის საეჭვოდ დაშვებული შეცდომის შესახებ, რაც, როგორც ვხედავთ, არც ხალხმა მიიღო და არც დასავლეთმა.

ოპოზიციამ საკუთარი თავი ჩიხში შეიყვანა. დარჩათ ერთი გზა, რასაც არ მალავენ - გაზაფხულზე ხალხი დაიმშევა და ხელისუფლებას ქვებს ესვრიანო. ესაა ყველაზე მარგინალური სტრატეგია. ოპოზიცია ხალხის დამშევის მოლოდინში კი არა, უკეთეს პროგრამებს უნდა გვთავაზობდეს, რაც წინასაარჩევნოდაც კი ვერ დავინახე.

ოპოზიციამ საკუთარი თავი ჩიხში თავად შეიყვანა. დარჩათ ერთი გზა, რასაც არ მალავენ - გაზაფხულზე ხალხი დაიმშევა და ხელისუფლებას ქვებს ესვრიანო. ესაა ყველაზე მარგინალური სტრატეგია

- რადგან დავით გარეჯის თემას საზოგადოება აქტიურად განიხილავს, ამ თემას გვერდს ვერ აუვლით. ამ თემაზე ვნახეთ არა მარტო კომისიის წევრების დაკავება, არამედ მათი გირაოთი გამოშვება, ასევე ამ საქმის პროკურორის მტკიცება, რომ მელაშვილი და ილიჩოვა კვლავაც დაუბრუნდებიან საკნებს.

ამის გარდა, ვნახეთ სასამართლოს მიერ გირაოთი გამოშვებული მელაშვილისათვის მაღაზიაში შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი. მომხდარს ის ხალხი მიესალმა, ვინც სულ ცოტა ხნის წინ აპროტესტებდა ბათუმში დეპუტატ ჩავლეიშვილზე თავზე ნაგავის დაყრას.

რაც უფრო მეტი დრო გადის, მით მეტად გაუგებარ სურათს ვიღებთ. თან ისეთს, რომელსაც არაფერი საერთო არა აქვს გარეჯის დაბრუნების თემასთან. არადა, ახლა დროა საქმეზე მეტად ვიყოთ ორიენტირებული.

ხელისუფლებამ მკაფიოდ უნდა გვითხრას თუ რას აკეთებს, რა მოლოდინები შეიძლება გვქონდეს აზერბაიჯანის მხრიდან საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთებთან დაკავშირებით?

- საინტერესოდ სვამთ კითხვას. ვინც მელაშვილზე „თავდასხმა“, როგორც ეს შეაფასეს ზოგიერთებმა, თუ „შეურაცხყოფა“, როგორც ეს თქვენ შეაფასეთ, გააპროტესტა, ისინი რას ამბობდმემ ნაგვის თავზე დაყრის შესახებ? მათთვის ხომ ნაგვით სავსე ჭუჭყიანი, სველი ნაგვის თავზე დაყრა გამოხატვის თავისუფლება იყო?!

შეურაცხყოფა უფრო მელაშვილმა მიაყენა, როცა იდიოტი დაუძახა. გირჩევთ კიდევ ნახოთ ვიდეო. კითხვა არ გაგიჩნდათ, რატომ ახლდა ივერი მელაშვილს ტელევიზიის წარმომადგენელი?

რაც შეეხება ჩემს პოზიციას, ჩემთვის ერთი ფაქტიც მიუღებელია და მეორეც. ოღონდ, თუ ობიექტურად მივუდგებით, ერთ სასწორზე არცერთი მორალით ან ლოგიკით არ უნდა აიწონოს.

ერთ შემთხვევაში დეპუტატის პოლიტიკურ ანგარიშსწორებასთან გვაქვს საქმე. მეორე შემთხვევაში კარგად ვიცით, რომ უმძიმესი თემაა, შესაბამისად ემოციებიც. სხვა კუთხითაც შევხედოთ. მელაშვილს ეს შემთხვევა უნდა გამოეყენებინა ამ ახალგაზრდასთან სასაუბროდ, თავისი პოზიციის ასახსნელად. მან კი იგივე სიტყვები ამჯობინა, როგორც კომისიის წევრებს მიმართავდა ხოლმე, თუ პოლკოვნიკი ხორბალაძის მონაყოლს გავიხსენებთ.

აღნიშნულის მიუხედავად, მივიჩნევ, რომ ბრალდებულს სასამართლოში თავის დაცვის უფლება უნდა მივცეთ. ქუჩაში გარჩევები ყველა ვარიანტში დევნად შეიძლება შეფასდეს. ოღონდ ობიექტურად შევაფასოთ, თუ ეს დევნა იყო, მაშინ აჭარის ინციდენტი ხულიგნობაა, შესაძლოა მეტიც.

ბრალდებულს სასამართლოში თავის დაცვის უფლება უნდა მივცეთ. ქუჩაში გარჩევები ყველა ვარიანტში დევნად შეიძლება შეფასდეს. ოღონდ ობიექტურად შევაფასოთ, თუ ეს დევნა იყო, მაშინ აჭარის ინციდენტი ხულიგნობაა, შესაძლოა მეტიც

რაც შეეხება მოლოდინებს. შეგახსენებთ შარშან სექტემბერში აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს, როცა ბრიფინგზე, მისი ქართველი კოლეგის კითხვაზე, დავით გარეჯთან დაკავშირებით, განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის არ არსებობს საკითხი, რომელიც შეიძლება დაისვას და არ გადაწყდეს.

შემდეგ მოჰყვა პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მეგობრული განცხადებები. მინისტრმა ითხოვა, რომ ნაკლები აჟიოტაჟი და მოლაპარაკებებისთვის სასარგებლო ფონი შეგვექმნა.

ჩვენთან კი რჩება შთაბეჭდილება, რომ ამ ფონის შექმნა ძალიან ბევრს არ აწყობს. დაველოდოთ, გაზფხულზე კომისია განაახლებს მუშაობას და ვადროვოთ.

დაველოდოთ, გაზფხულზე კომისია განაახლებს მუშაობას და ვადროვოთ

- გასაგებია, რომ გამოძიება ჯერ დასრულებულია არა, მაგრამ გაუგებარია, პროკურატურის მხრიდან მელაშვილისა და ილიჩოვას ჯერ დაკავება, შემდეგ მათივე გამოშვებაზე დათანხმება მაშინ, როცა ისინი მათ დღესაც სამშობლოს ღალატში სდებენ ბრალს.

სავარაუდოდ, რა შეიძლება იყოს პროკურორის განცხადების საფუძველი, რომ მელაშვილსა და ილიჩოვას ციხეში დაბრუნება მოუწევთ?

- პროკურორმა ახსნა საფუძველი, თანაც საკმაოდ დეტალურად. ესაა გამოძიების ხელთ არსებული საგამოძიებო და ოპერატიული მასალები. მისივე თქმით, უკანასკნელის მხოლოდ 30%-ია გასაჯაროვებული.

- რჩება შთაბეჭდილება, რომ უსაფუძვლოდ არ გამოიყურება იურისტთა ნაწილის მტკიცება, რომ დროში საეჭვოდ ემთხვევა ერთმანეთს გარეჯთან დაკავშირებით 2006 წელს მიღებული გარკვეული გადაწყვეტილებები და 2007 წელს სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი კორექტივები.

კერძოდ, საქართველოს პარლამენტის მიერ 2007 წლის 27 აპრილს მიღებული შესწორება (დოკუმენტის ნომერი: №4698–I) სისხლის სამართლის კოდექსის 307- მუხლის - „სახელმწიფო ღალატის“ მოღების შესახებ.

თქვენი აზრით, ამ ფაქტებს შორის მართლაც შეიძლება იყოს რამე კავშირი?

- ორი წლის წინა სოციალური ქსელით წამოვწიე ეს თემა, შემდეგ არჩევნების წინ. მმართველმა გუნდმა დაპირება გასცა, რომ დაუბრუნდებიან ამ საკითხს და აუცილებლად შევახსენებ.

ზოგიერთი იურისტი ამბობს, რომ ეს მუხლი მხოლოდ ემოცია იყო, ხოლო შემდეგ, კანონში, ყველა დანაშაული გაწერილია. დიახ, მართლაცაა გაწერილი, ჯაშუშობაც, სხვა მძიმე დანაშაულებიც, თუმცა, ვთვლი, რომ შეფასებას, თუ რა დანაშაულები ითვლება სახელმწიფოს ღალატად, საკმაოდ სერიოზული მორალური დატვირთვა აქვს. თანხვედრაშია თუ არა ამ ცვლილებების შეტანა რომელიმე ჩადენილ დანაშაულთან, ვერ დავადასტურებ.

ასეთ თემებზე ვარაუდების დონეზე ვერ გამოვთქვამ მოსაზრებებს. ვფიქრობ პარლამენტი დაუბრუნდება ამ საკითხს და შესაძლებელი იქნება მმართველ პარტიას დაუსვათ იგივე კითხვა.

ასეთ თემებზე ვარაუდების დონეზე ვერ გამოვთქვამ მოსაზრებებს. ვფიქრობ პარლამენტი დაუბრუნდება ამ საკითხს და შესაძლებელი იქნება მმართველ პარტიას დაუსვათ იგივე კითხვა

- რადგან საყოველთაო ვაქცინაციის თემა აქტუალურია, მასაც გვერდს ვერ აუვლით. გასაგებია, რომ ღარიბი ქვეყანა ვართ და გვიხარია, რომ 30 ათასამდე ვაქცინა გამოგვიყვეს, რაც თურმე მედიკოსების ვაქცინაციისთვისაც არ გვეყოფა.

თუ მანამდე ეპიდომიოლოგები აცხადებდნენ, რომ ვაქცინაცია მხოლოდ ხელისუფლებას უნდა ჩაეტარებინა, ახლა ისინი გამოთქვამენ მოსაზრებას, რომ თუ ამ პროცესში კერძო კომპანიები ჩაერთვებიან, ამაში საგანგაშო არაფერი იქნება.

თუ საუბარია იმაზე, რომ კერძო კომპანიები ვაქცინაციის სახელმწიფო პროგრამაში იქნებიან ჩართული, ამაში საგანგაშო მართლაც არაფერი იქნება, მაგრამ თუ ვითარება სხვაგვარად იქნება - გამოვა, რომ ვაქცინის გაკეთების საშუალება მხოლოდ მდიდარი ფენის წარმომადგენლები შეძლებენ.

ახლა როცა, მსოფლიოში ჯანმოს მიერ რეკომენდირებული ვაქცინების დეფიციტი სულ უფრო აშკარაა, რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, რომ ქვეყანამ დროულად შეძლოს მათი მიღება?

- ყოველთვის ვცდილობ არ ვისაუბრო ისეთ თემებზე, რომლებიც ჩემს კომპეტენციას სცდება. ვაქცინაციის საკითხზე ორ რამეს გავუსვამ ხაზს. პირველი - ვაქცინაციის გარეშე ბოლო საუკუნეების მანძილზე არცერთი პანდემია არ დამარცხებულა. ამიტომ, აცრის საწინააღმდეგო პროპაგანდა დაუშვებელია, რადგან ეწინააღმდეგება საზოგადოების და სახელმწიფოს ინტერესებს.

ვაქცინაციის გარეშე ბოლო საუკუნეების მანძილზე არცერთი პანდემია არ დამარცხებულა. ამიტომ, აცრის საწინააღმდეგო პროპაგანდა დაუშვებელია, რადგან ეწინააღმდეგება საზოგადოების და სახელმწიფოს ინტერესებს

რაც შეეხება კერძო კომპანიობის ჩართვას, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ აცრა აუცილებლად ფასიანი გახდება. შესაძლოა, კერძო კომპანიებმა დაფინანსება სახელმწიფოსგან მიიღონ. წრის გაფართოება აუცილებელია, რადგან რამდენიმე მილიონი ადამიანის ვაქცინაციას დიდი დრო და ადამიანური რესურს სჭირდება.

სამედიცინო სისტემა ხომ პარალელურად სხვა ამოცანებსაც ჭრის, ერთი მხრივ პანდემიასთან ბრძოლა, მეორე მხრივ მოსახლეობისთვის სამედიცინო მომსახურების მიწოდება. სპეციალისტებს რომ მიმართოთ, ახსნიან, რამდენი დრო სჭირდება ერთი ადამიანის აცრას.

ვფიქრობ, მოსახლეობის პირველადი აცრა უნდა იყოს უფასო. შემდგომ ეტაპებზე, მაგალითად ნახევარ ან ერთ წელში იგივე ადამიანების ხელახალი აცრა შესაძლოა იყოს ფასიანი. აუცილებლად უნდა იყოს დაცული სხვადასხვა სოციალური ფენები. იმედია ასეც იქნება.

ვფიქრობ, მოსახლეობის პირველადი აცრა უნდა იყოს უფასო. შემდგომ ეტაპებზე, მაგალითად ნახევარ ან ერთ წელში იგივე ადამიანების ხელახალი აცრა შესაძლოა იყოს ფასიანი. აუცილებლად უნდა იყოს დაცული სხვადასხვა სოციალური ფენები. იმედია ასეც იქნება

დროულობას რაც შეეხება, როგორც ვიცით 2-3 კვირაში ვაქცინის პირველი პარტია შემოვა. გაზაფხულისთვის იგეგმება 300 ათასი დოზის შემოტანა. მთლიანობაში 1,4 მლნ დოზაზე უკვე გაფორმებულია საკმაოდ მოქნილი ხელშეკრულება, რომელიც საქართველოს ვაქცინის ამორჩევის უფლებას აძლევს.

იმ ფონზე, როცა იკლებს დაინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა, 2-3 კვირაში ვაქცინაციის დაწყება, დამაიმედებელია, რომ მალე მოვახდენთ ეპიდვითარების მკვეთრად გაუმჯობესებას. აქვე დავსძენ, რომ მნიშვნელოვანია სხვა ქვეყნებშიც გაუმჯობესდეს ვითარება, რათა არ მოხდეს ხელახალი იმპორტი და ახალი ტალღა.

ძალიან ბევრია დამოკიდებული მოსახლეობაზეც. გაქარწყლდა შეთქმულების თეორიები. 7 მილიარდის ამოხოცვას არავინ აპირებს, არც სახლებში გამოკეტვას. ყველაფერი კეთდება, რათა მალე დავუბრუნდეთ ეკონომიკურ აქტივობას. ჩვენც შევუწყოთ ხელი და დავიცვათ ელემენტარული მოთხოვნები.

ხშირად ვაწყდები, როცა მოქალაქეები ჯიბრზე არ იცავენ წესებს. ესაა, რაც შემიძლია გითხრათ ვაქცინაციასთან დაკავშირებით. დანარჩენი სამედიცინო სპეციალისტთა სფეროა.

ვისარგებლებ თქვენი ჰოლდინგის სივრცით, მსურს მადლობა გადავუხადო პირველ რიგში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს, ასევე ყველას, ვინც ჩართულია ამ უხილავ მტერთან ხელჩართულ ბრძოლაში.

ინტერპრესნიუსი

კობა ბენდელიანი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა