ბაკურიანი მსოფლიო თასის ეტაპების მოლოდინში

26, 27 და 28 თებერვალს ბაკურიანი სკი-ქროსის მსოფლიო თასის ეტაპს უმასპინძლებს.

წლევანდელი შეჯიბრი განსაკუთრებული იქნება, რადგან ბაკურიანი შერეული ნაკრების გუნდურ შეჯიბრებას მსოფლიო თასის ფარგლებში პირველად მასპინძლობს. სკი-ქროსის შერეული ნაკრების შეჯიბრში თითო ქვეყნის ნაკრებიდან 2 გოგო და 2 ბიჭი იქნება გუნდში. როგორც კლასიკურ სკი- ქროსში, აქაც 4 სპორტსმენი დაეშვება ერთდროულად. ამ დისციპლინაში მონაწილეობის მისაღებად, ბაკურიანში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 120-მდე სპორტსმენს ელოდებიან. რეგისტრაცია 16 თებერვალს დასრულდება.

ბაკურიანისთვის 2021 წლის სეზონი საკმაოდ დატვირთული იქნება, რადგან სათხილამურო ღონისძიებები მხოლოდ სკი-ქროსის ეტაპით არ დასრულდება. 3,4 და 5 მარტს აქ ასევე, გაიმართება სნოუბორდ ქროსის მსოფლიო თასის ეტაპები. აღსანიშნავია, რომ ეს დამატებითი ღონისძიება სეზონურ კალენდარში დაგეგმილი არ იყო, მაგრამ საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის თხოვნის საფუძველზე, გადაწყდა, რომ ბაკურიანში სნოუბორდ ქროსის მსოფლიო თასის ეტაპებიც გაიმართება.

„ეს გადაწყვეტილება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მაშინ, როდესაც ძალიან ბევრი ზამთრის ღონისძიება გაუქმდა მთელ მსოფლიოში პანდემიის გამო, ჩვენი პატარა ქვეყანა ორ „ა კლასის“ ღონისძიებას მასპინძლობს. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვან გამოცდილებას მიიღებს უშუალოდ მთაზე მომუშავე პერსონალი, რადგან ტრასის უმოკლეს დროში კორექტირება მოგვიწევს და ეს გამოცდილება მსოფლიო ჩემპიონატისთვის ძალიან დაგვეხმარება. ინფრასტრუქტურული სამუშაოები უკვე დასრულებულია და სრულ მზადყოფნაში ვართ, მთავარია ბუნებრივმა, კლიმატურმა პირობებმა შეგვიწყოს ხელი და თებერვლის მეორე ნახევარში ბაკურიანში ყინვები შენარჩუნდეს. დარწმუნებული ვარ, ეს ღონისძიებებიც უმაღლეს დონეზე ჩაივლის“, -განაცხადა სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტმა ზუკა კოსტავამ.

ბაკურიანში თვეზე მეტია მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. ხდება ტრასების გაწმენდა და ხელოვნური თოვლით გათოვლიანება. მალე კურორტს ეწვევიან საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის წარმომადგენლები, რომელთა უშუალო ჩართულობით მოხდება ტრასების ფინალურ ეტაპზე მშენებლობა.

ყველა ღონისძიება FIS-ის მიერ შემუშავებული COVID-19 პროტოკოლის, წესებისა და რეგულაციების მკაცრი დაცვით ჩატარდება. სამწუხაროდ, წლევანდელ მნიშვნელოვან და სანახაობრივ ეტაპებზე მაყურებელი დასწრებას ვერ შეძლებს, თუმცა ყოველი დღის შეჯიბრის ტრანსლირება მოხდება სხვადასხვა არხებით. ევროსპორტის და სხვა საერთაშორისო არხების გარდა, სადაც ბაკურიანიდან ეტაპები პირდაპირ ეთერში იქნება გადაცემული, ქართველი მაყურებელი ასევე შეძლებს სანახაობას თვალი ადევნოს სილქუნივერსალის მეშვეობით. საქართველოს სათხილამურო ფედერაციის გენერალური სპონსორი 2000 წლიდან კომპანია „სილქნეტია“.

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა