რამაზ საყვარელიძე - თუ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა, ქვეყანა არ დაინგრევა, გაიზრდება ხელისუფლების მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება და ალტერნატივის ძიება

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე “ინტერპრესნიუსი“ ფსიქოლოგსა და პოლიტიკის ანალიტიკოსს, რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

- ბატონო რამაზ, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება შეზღუდვების ნაწილობრივ შემსუბუქების შესახებ.

ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ ამ გადაწყვეტილების მიღებამდე რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება ამ ნაბიჯზე წასვლას არ აპირებდა, მიუხედავად იმისა, რომ თავადა აცხადებდა, რომ შეზღუდვების შემსუბუქება მაშინ მოხდებოდა, თუ კოვიდის გავრცელების პროცენტი 4-ის ფარგლებში იქნებოდა.

რამოდენიმე დღეა კოვიდის გავრცელების პროცენტი 3,5%-ი კი იყო, მაგრამ ამ გადაწყვეტილებების მიღებას ხელისუფლება აშკარად არ ჩქარობდა. შესაძლოა, პროცესები დააჩქარა სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლების დაანონსებულმა დაუმორჩილებლობის აქციებმა, და იმან, რომ ისინი შაბათ-კვირას თვითნებურად მუშაობის დაწყებას ვარაუდობდნენ. მეტიც, მათთან შეერთება ასევე დაანონსეს მოქალაქეებმა, რომლებიც საპტოტესპო აქციებზე აქტიურობდნენ.

რა უნდა ვიფიქროთ - ხელისუფლებამ გაითვალისწინა როგორც ოპოზიციის და ხალხის მოწოდებები, თუ დაასწრო მოვლენებს და გადადგა ნაბიჯები, რომ მასობრივი დაუმორჩილებლობისა და აქციების დაწყების პრეცედენტები არ დაეშვა?

- მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ჩვენს აქციებზე გაცილებით მასშტაბური საპრიტესტო გამოსვლებია, მაგრამ შეზღუდვები ძალაში რჩება. მეორე მხრივ, ჩინეთს, რუსეთს და მსგავს ქვეყნებს კოვიდ-აქციები არ აწუხებს, მაგრამ მაინც უნდათ შეზღუდვების მოხსნა, რადგან ამჩნევენ პროგრესს პანდემიის დაძლევაში.

ამიტომ, მხოლოდ ამჟამინდელი ან მომავალი აქციებისგან დაცვა შეზღუდვების შემცირების ძირითადი მოტივი არა მგონია იყოს. აქციებმა, ალბათ, გარკვეული გავლენა მოახდინა შეზღუდვების პროცესის დაწყებაზე, თუმცა მგონია, რომ არანაკლები გავლენა მოახდინეს საქართველოს მოქალაქეებმა, რომლებმაც ისევ მოხერხეს მობილიზაცია, მეტ-ნაკლებად დაიცვეს შეზღუდვები და შეამცირეს კოვიდის გავრცელება ქვეყანაში.

აქციებმა, ალბათ, გარკვეული გავლენა მოახდინა შეზღუდვების პროცესის დაწყებაზე. თუმცა, მგონია, რომ არანაკლები გავლენა მოახდინეს საქართველოს მოქალაქეებმა, რომლებმაც ისევ მოხერხეს მობილიზაცია, მეტ-ნაკლებად დაიცვეს შეზღუდვები და შეამცირეს კოვიდის გავრცელება ქვეყანაში

- ასეა თუ ისე, ახლა მთავარია საზოგადოება შეხვდეს მომხდარს პასუხისმგებლობით და წესებს დაემორჩილოს, რომ კოვიდის გავრცელების კიდევ ერთი ტალღა არ მივიღოთ შედეგად.

მესმის, რომ ეკონომიკური საკითხები „თქვენი თემები“ არაა, მაგრამ მაინც გკითხავთ - თუ ისევ სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლების განცხადებებსა და მოთხოვნებს და მათზე ხელისუფლების რეაქციას დავუბრუნდებით, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების მისამართით ვინც პრეტენზიები ხმამაღლა გამოთქვა, მთლად უსაფუძვლო არ ყოფილა.

მხედველობაში მაქვს ამ თემაზე მინისტრ ნათია თურნავას შემდეგი განცხადება - სრულიად სამართლიანია, სახელმწიფომ გადახედოს ყველა იმ ბიზნესის სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობას, რომელიც მიზანმიმართულად დაარღვევს დაწესებულ აუცილებელ მოთხოვნებს“.

გაქვთ იმის განცდა, რომ ხელისუფლება ჯერ ახლადგახსნილ სარესტორნო ბიზნეს შეძლებისდაგვარად დაეხმარება რომ გადარჩეს და შემდეგ სხვა ბიზნესებს, რომელთა გადარჩენა კიდევ შესაძლებელია?

- გეთანხმებით, ეკონომიკურ მექანიზმებს მე ვერ შევაფასებ, მაგრამ ამ დახმარებაში ჩადებული აზრი, ალბათ, ყველასთვის ცხადია - ბიზნესის დახმარებით, ტრანსპორტის აღდგენით, სასწავლებლების გახსნით ხელისუფლება საკუთარ თავს ეხმარება, რადგან მის ინტერესშია სახელმწიფოს შენარჩუნება.

ამიტომ, ბუნებრივია, ხელისუფლება ეცდება შეცდომების დაყვანას მინიმუმადე. სახელმწიფოს დასუსტება ხელისუფლების დასუსტება არის, ხოლო სახელმწიფოს გაძლიერება, ხელისუფლების გაძლიერებაა. ამიტომ, ყველა ხელისუფლებას სურს, რომ მისი სახელმწიფო იყოს ძლიერი.

ამ კუთხით თუ შევხედავთ, ეკონომიკა პოლიტიკურ დატვირთვას იძენს, რასაც ვაკვირდებით ჩვენთანაც. ხშირად, ხელისუფლებას როცა ვერ ერევიან, სახელმწიფოს დანგრევით სურთ ხოლმე მისი დამარცხება.

ეკონომიკა პოლიტიკურ დატვირთვას იძენს, რასაც ვაკვირდებით ჩვენთანაც. ხშირად, ხელისუფლებას როცა ვერ ერევიან, სახელმწიფოს დანგრევით სურთ ხოლმე მისი დამარცხება

ამის მაგალითად გამოდგება 1917 წლის რევოლუციის წინ რომ იძახდნენ ბოლშევიკები „რაც უარესი“, იგულისხმება - სახელმწიფოსთვის, მით უკეთესი. იგულისხმება - ბოლშევიკებისთვის“. ეს მხოლოდ ისტორია არაა.

ცნობილია, რომ დღეს ამ მიდგომას ჩვენი ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფიც იზიარებს და ოფიციალურად აცხადებს, რომ ქვეყნის ეკონომიკის მოშლას ელოდება, რათა ხალხი დაგეშოს ხელისუფლებაზე. ვვარაუდობ, არც იციან, რომ ამ პოზიციით ისინი ბოლშევიკების მემკვიდრეები ხდებიან.

ვფიქრობ, რომ ჩვენთან დღეს ბიზნესის ზოგიერთი ჯგუფის უარი ხელისუფლების შემოთავაზებებზე, იმ პოლიტიკური წრეების გავლენითაც შეიძლება იყოს ნაკარნახევი, რომლებიც ხელმძღვანელობენ პრინციპით - „რაც უარესი, მით უკეთესი“.

თუ ხელისუფლებამ ეკონომიკური და პანდემიური კრიზისების მინიმუმამდე დაყვანა მოახერხა, მოიხსნება ეკონომიკის პოლიტიკისთვის გამოყენების პარადიგმა და პოლიტიკური ბრძოლაც კონცეფციების ნორმალური ბრძოლის ფარგლებში დარჩება. ამდენად, მიმდინარე ეკონომიკური პროცესები მნიშვნელოვანია დღევანდელი და სამომავლო პოლიტიკური ცხოვრებისთვისაც.

თუ ხელისუფლებამ ეკონომიკური და პანდემიური კრიზისების მინიმუმამდე დაყვანა მოახერხა, მოიხსნება ეკონომიკის პოლიტიკისთვის გამოყენების პარადიგმა და პოლიტიკური ბრძოლაც კონცეფციების ნორმალური ბრძოლის ფარგლებში დარჩება. ამდენად, მიმდინარე ეკონომიკური პროცესები მნიშვნელოვანია დღევანდელი და სამომავლო პოლიტიკური ცხოვრებისთვისაც

- ამ თემაზე რომ საუბარი დავასრულოთ კიდევ ერთი თემა გამახსენდა - მთის კურორტებზე პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები ძალაში რჩება. არადა, ვიცით, რომ მკაცრი რეგულაციების პირობებში მთის კურორტები ევროპასა და სხვაგანაც საქმიანობას აგრძელებენ.არ ვიცი შეზღუდვების შენარჩუნებას მთის კურორტები გააპროტესტებენ თუ არა, მაგრამ, იქნებ სჯობდა ამ თემაზეც ემსჯელა მთავრობას და ამ სფეროსთვისაც შეემსუბუქებინა შეზღუდვები?

- ისევ ჩემთვის უცხო თემაში შეგყავართ, მაგრამ თქვენ არ გეთქმით საყვედური. პირიქით, მისასალმებელია, რომ რეალური ეკონომიკური საკითხები დღეს უფრო წინა პლანზეა წამოწეული, ვიდრე პარტიების ბრძოლა.თქვენს მიერ დასმულ საკითხზე პასუხად მახსენდება, რომ მთის კურორტები გაიხსნა, როცა ხელისუფლებამ მკაფიო რეკომენდაციების გარეშე მოგვიწოდა შიდა კურორტებზე წავსულიყავით.ამას მოჰყვა ის, რომ ჩვენს საზღვაო და მთის კურორტებში მოგვიანებით განსაკუთრებული ძალით იფეთქა კოვიდმა. საზღვაო ზონაში პანდემიის კონტროლი უფრო ადვილი აღმოჩნდა, ვიდრე მთაში. მე მგონი ამითაა განპირობებული მთასთან ფრთხილი დამოკიდებულება ამ ეტაპზე.

საზღვაო ზონაში პანდემიის კონტროლი უფრო ადვილი აღმოჩნდა, ვიდრე მთაში. მე მგონი ამითაა განპირობებული მთასთან ფრთხილი დამოკიდებულება ამ ეტაპზე

- უკაცრავად, რომ თქვენთვის უჩვეულო თემებზე საუბარში შეგიყოლიეთ...

ახლა საშინაო პოლიტიკის სხვა საკითხებზე მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება. მმართველმა გუნდმა არ შეუწყვიტა უფლებამოსილება იმ დეპუტატებს ოპოზიციიდან, ვინც პარლამენტში არ შედის.

თუ ამ თემაზე „ქართული ოცნების“ ლიდერებისა და აშშ-სა და ევროკავშორის ელჩის განცხადებებს მივადევნებთ თვალს, ცალსახაა, რომ ამ პროცესში ელჩებიც არიან ჩართული.

დამკვირვებელთა ნაწილი თვლის, რომ ოპოზიციამ საკუთარი თავი ჩიხში თავად შეიყვანა, მაგრამ კარგ დღეში არც მმართველი გუნდი ჩანს ოპოზიციის პარლამენტში შეუსვლელობის გამო.

სხვაგვარად არანაირად არ იკითხება „ქართული ოცნების“ ლიდერების ლამის ყოველ დღე გაკეთებული მოწოდებები - შემოდით პარლამენტში! როგორ შეაფასებდით პარლამენტში შესვლა-არშესვლის თემაზე ხელისუფლება-ოპოზიციის ურთიერთობებს, ამ პროცესში ელჩების როლს?

- პარლამენტში შედითო - არამარტო „ოცნება“ მოუწოდებს ოპოზიციას, არამედ დასავლეთის პოლიტიკოსებიც და ელჩებიც. უცხოელების მოწოდების მოტივად ყველა ვთვლით იმას, რომ მათ სურთ საქართველოს სტაბილურობა. რა გასაკვირია, რომ საქართველოს სტაბილურობა სურდეს „ოცნებასაც“ და ამიტომ არ უნდა ოპოზიციის ქუჩაში დატოვება და ნაკლული პარლამენტი.

გარდა ამისა, ოპოზიციის სწორედ ის ნაწილი, რომელიც ხმამაღლა აცხადებს, რომ ეკონომიკის დანგრევას ელოდება, ასევე ხმამაღლა აცხადებს, რომ ელოდება, როდის უსაყვედურებენ უცხოელები საქართველოს ერთპარტულ მმართველობას. უცხოელების საყვედურზე არის გათვლილი არჩევნების გაყალბების დაჟინებაც.

ამდენად, ოპოზიციის ამ ნაწილისთვის პარლამენტში მისი „ყოფნა-არყოფნა“ გაიგივებულია დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი რევოლუციის „ყოფნა-არყოფნასთან“.

ხელისუფლებას, ბუნებრივია, არ სურს დასავლეთის მხარდაჭერილი რევოლუცია და მაქსიმალურად ცდილობს რევოლუციას გამოაცალოს საფუძველი. ვხედავთ, რომ რევოლუციური აღგზნების ჩაქრობას ცდილობენ ელჩებიც.

ელჩები არ უნდა ერეოდნენ სხვა ქვეყნის ცხოვრებაში, მაგრამ მათ წესები გვერდზე გადადეს და შუამდგომლობა იკისრეს ქართულ საპარლამენტო პოლიტიკაში ოპოზიციის შენარჩუნებისთვის. ამ დროს, ოპოზიციონერებმა მათაც და დასავლეთსაც აგრესიით უპასუხეს.

ელჩები არ უნდა ერეოდნენ სხვა ქვეყნის ცხოვრებაში, მაგრამ მათ წესები გვერდზე გადადეს და შუამდგომლობა იკისრეს ქართულ საპარლამენტო პოლიტიკაში ოპოზიციის შენარჩუნებისთვის. ამ დროს, ოპოზიციონერებმა მათაც და დასავლეთსაც აგრესიით უპასუხეს

დღეს მოსახლეობის დიდ ნაწილს არ სურს ეს რადიკალური ოპოზიცია. 2012 წლის შემდეგ ჩატარებული ყველა არჩევნები და სოციოლოგიური გამოკითხვა ადასტურებს ამას. სავარაუდოა, რომ ქუჩაში დარჩენილი და მისი მაგინებელი ოპოზიცია არც დასავლეთს უნდა. ანუ - რადიკალურ ოპოზიციას მხარდამჭერი არ ჰყავს... ხელისუფლების გარდა.

თუ „ოცნებამ“ მიზანს მიაღწია და შეიყვანა რადიკალური ოპოზიცია პარლამენტში რევოლუციური სცენარი დაიხურება და ეს ამ ოპოზიციის მორიგი გადარჩენა იქნება ხელისუფლების მხრიდან. თუ ვერ მიაღწია „ოცნებამ“ მიზანს, რადიკალური ოპოზიცია დარჩება ქუჩაში და... პარლამენტი გააგრძელებს წყნარად მუშაობას.

- დამკვირვებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ პარლამენტი სრულფასოვანი ვერ იქნება თუ პარლამენტში „ნაცმოძრაობა“ არ შევიდა, რადგან ოპოზიციიდან ყველაზე მეტი დეპუტაცია სწორედ „ნაცმოძრაობას“ ჰყავს.

დამკვირვებელთა მეორე ნაწილი დარწმუნებულია, რომ „ქართულ ოცნებას“ ნაცების“ პარლამენტში ნახვა არ სურს. ამ მოსაზრებას წინასაარჩევნო პერიოდში გახარიასა და კობახიძის განცხადებები ამყარებს, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ისინი „ნაციონალებს“ დაამთავრებდნენ.

ახლა ოპოზიცია, ხელისუფლება და ელჩებიც საუბრობენ ელჩების მოდერაციით ხელისუფელებასა და ოპოზიციას შორის გასამართ მეხუთე რაუნდზე. კარლ ჰარცელი განმარტებით - „გამართება თუ არა მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი, დამოკიდებულია იმაზე, მოხდება თუ არა საკმარისი საერთო სივრცის გამონახვა - პარლამენტში მუშაობა უდავო აუცილებლობა.“

თქვენი აზრით, ახლა მმართველ გუნდს უარი აქვს ნათქვამი ოპოზიციონერი დეპუტატების პარლამენტში ნაწილ ნაწილ შეყვანაზე, თუ მთელი ოპოზიციის შეყვანაზეა ორიენტირებული?

- მე მგონია, რომ მმართველი გუნდი ყველაფრით ეცდება იმის ჩვენებას, რომ იგი მთელი ოპოზიციის შეყვანაზეა ორიენტირებული, მაგრამ დიდად არ იდარდებს, თუ რადიკალები არ იქნებიან პარლამენტში. პარლამენტს მოუწევს უარის თქმა ზოგიერთი კანონის მიღებაზე - მეტი არაფერი.

მმართველი გუნდი ყველაფრით ეცდება იმის ჩვენებას, რომ იგი მთელი ოპოზიციის შეყვანაზეა ორიენტირებული, მაგრამ დიდად არ იდარდებს, თუ რადიკალები არ იქნებიან პარლამენტში. პარლამენტს მოუწევს უარის თქმა ზოგიერთი კანონის მიღებაზე - მეტი არაფერი

- ახლა ბევრი იმაზე საუბრობს, რომ რაც უფრო ადრე მიხვდება მმართველი გუნდი რომ ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით კომპრომისზე უნდა წავიდეს მთელი ოპოზიციის პარლამენტში შესვლის სანაცვლოდ.

მეტიც, ყურადღება მახვილდება იმაზე, რომ ახლა რაც ხდება, ყველა აგებს - მოქალაქეც, ხელისუფლებაც და ოპოზიციაც და რაღაც გამოსავალი უნდა იქნეს მოძებნილი.

არ ვიცი, ამგვარ მოსაზრებებზე ფიქრობენ თუ არა მმართველ გუნდში, მაგრამ, „ქართული ოცნების“ მხრიდან კომპრომისი შეიძლება იყოს ადგილობრივ არჩევნებზე რეფერენდუმის ჩატარება - სურს თუ არა მოსახლეობას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება?

- გაუგებარია რას იძლევა ეს კომპრომისი. 2012 წლის შემდეგ ოპოზიციამ ვერცერთ არჩევნებში ვერ გაიმარჯვა. მე, ისევე როგორც მოსახლეობის დიდი ნაწილი და უცხოელი პარტნიორები, დარწმუნებული ვარ, რომ ოპოზიციას არც ამ არჩევნებში გაუმარჯვია.

ჰოდა, თუ მოსახლეობის უმრავლესობა მხარს არ უჭერს ოპოზიციას, ლოგიკურია, რომ ამ უმრავლესობამ რეფერენდუმზე მხარი არ დაუჭიროს არც ოპოზიციის მოთხოვნილ არჩევნებს. არ დაუჭერს მოსახლეობა ვადამდელ არჩევნებს მხარს და დაიწყება ორომტრიალი უკვე იმაზე, რომ რეფერენდუმი გაყალბდა. ამდენად, რეფერენდუმი მხოლოდ პოლიტიკური შოუს მორიგი თემა იქნება.

თუ მოსახლეობის უმრავლესობა მხარს არ უჭერს ოპოზიციას, ლოგიკურია, რომ ამ უმრავლესობამ რეფერენდუმზე მხარი არ დაუჭიროს არც ოპოზიციის მოთხოვნილ არჩევნებს. არ დაუჭერს მოსახლეობა ვადამდელ არჩევნებს მხარს და დაიწყება ორომტრიალი უკვე იმაზე, რომ რეფერენდუმი გაყალბდა. ამდენად, რეფერენდუმი მხოლოდ პოლიტიკური შოუს მორიგი თემა იქნება

ძალიან ოპტიმისტური ვერსიით შეგვიძლია ისიც დავუშვათ, რომ ოპოზიცია დაეთანხმება რეფერენდუმის შედეგებს და მორჩილად შევა პარლამენტში, რასაც დღესაც ითხოვენ მისგან.

- თუ ხელისუფლება ოპოზიციონერთა პარლამენტში შესვლის სანაცვლოდ შემოდგომაზე ვადამდელი არჩევნების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას დათახმდა, თქვენ არ გაგიჩნდებათ კითხვა თუ რატომ არ დათახმდა ხელისუფლება ოპოზიციის ამ წინადადებას დეკემბერში?

- „თუ დათანხმდა...“. ანალიტიკოსებს „თუ“ არ გვიყვარს. მაინც თუ გადავალთ „თუ“-ზე, არ გამოვრიცხავ, რომ თავად ხელისუფლებამ წამოაყენოს ვადამდელი არჩევნების წინადადება, თუ ეს მის ინტერესში იქნა.

მაგალითად, თუ გაჩნდა ახალი პოლიტიკური ძალა, რომელზეც ივანიშვილი ლაპარაკობდა. თუ ასეთი სიახლე გაჩნდა, დღევანდელი ოპოზიციის მხარდაჭერა კიდევ უფრო დაიწევს ნულისკენ, რაც იქნება გახარიას და კობახიძის დაპირების ასრულება.

- როცა ხელისუფლებისა და ოპოზიციის ურთიერთობებზე ვმსჯელობთ, რატომღაც გვავიწყდება, რომ 30 წელია ქვეყანას არ ჰქონია ხელისუფლებასა და ოპოზიციის შორის კონსტრუქციული და წარმატებული ურთიერთობის ისტორია.

თუ რა თქმა უნდა, მხედველობაში არ მივიღებთ, სხვადასხვა დროის პარლამენტებში სხვადასხვა სახელწოდების ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც, რეალურად ხან შევარდნაძის, ხანაც სააკაშვილის გუნდებთან გულწრფელ თუ ანგარებით „თანამშრომლობაში“ იყვნენ ჩართული.

შესაძლოა, ვცდებოდე, მაგრამ კიდეც თუ იქნა მიღებული გადაწყვეტილება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაზე, ისეთი პირი უჩანს, რომ უმრავლესობით ხელისუფლებაში ვერც ერთი პარტია ვერ მოვა და სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფები იძულებულიც კი იქნებიან ერთმანეთთან აქტიურად ითანამშრომლონ.

ვიცი ამაზე მსჯელობა ნაადრევია, მაგრამ თუ ხედავთ იმის რესურსს, რომ მომავალში მაინცაა შესაძლებელი, რომ პარლამენტში გასულმა პარტიებმა ერთმანეთთან კონსტრუქციულად ითანამშრომლონ?

- რა თქმა უნდა, შესაძლებელია, მაგრამ გარკვეულ ზღვრამდე. ყველაზე უფრო ძლიერი დემოკრატიის მქონე ქვეყნის - ამერიკის მაგალითზე ვნახეთ, რომ უმტკივნეულო თემების იქით, სადაც კონსტრუქციულობა დასაშვებია, დემოკრატია არის დაუნდობელი ბრძოლა პარტიებს შორის. ბრძოლის დროს თანამშრომლობა არ გამოდის.

- მმართველმა გუნდმა პარლამენტში კომისია შექმნა, რომელიც 2020 წლის არჩევნების სამართლიანობის საკითხზე იმუშავებს. ოპოზიციამ ამ შეთავაზეც კატეგორიული უარი განაცხადა.

თუ მეხუთე რაუნდი მაინც შედგა, მაგრამ იგი უშედეგოდ დასრულდა, ასეთ შემთხვევაში, სავარაუდოდ, როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები ერთი მხრივ ხელისუფლებისთვის, ხოლო მეორე მხრივ ქუჩაში დარჩენილი ოპოზიციისთვის?

- თუ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა, ქვეყანა არ დაინგრევა. პოლიტიკური სტატუსის გარეშე დარჩენილი ოპოზიციის კანდიდატებს ხალხი არ აირჩევს, არჩევნებში დამარცხებული დღევანდელი ოპოზიციონერები ნელ-ნელა წავლენ პოლიტიკიდან.

გაიზრდება ხელისუფლების მიმართ ხალხის კრიტიკული დამოკიდებულება და ალტერნატივის ძიება. გაჩნდება ახალი პოლიტიკური პარტიები და... განახლდება ბრძოლა.

ინტერპრესნიუსი

კობა ბენდელიანი

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს