ქუთაისში შიდა საქალაქო მოძრაობა 60 ახალი ავტობუსით განახლდება

ქუთაისს 60 ახალი ავტობუსი გადაეცა - 36 უკვე ქალაქშია, 24-ს კი დღეს მიიღებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ქუთაისის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, ეს ავტობუსები სანომრე ნიშნებით აღიჭურვებამ მარშრუტებზე გადანაწილდება და შემდეგ 60-ვე ავტობუსი მოემსახურება ქალაქს.

როგორც შპს “ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიის“ ხელმძღვანელი გიორგი გიორგობიანი აცხადებს, 8 თებერვლიდან სატრანსპორტო სქემაში 36 ავტობუსი ჩაერთვება.

„უკვე განსაზღვრულია მათი სვლა-გეზები. პირველ რიგში, დავტოვეთ ყველა ის სვლა-გეზი, რომელზეც აქამდეც ავტობუსები მოძრაობდა. ასევე, გავითვალისწინებთ მოსახლეობის მოთხოვნებსაც- სად არის აუცილებელი ახალი სვლა-გეზის დამატება, ახალი გაჩერებები. ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში გვაქვს ამ მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები და საბოლოოდ, მათი იდეების და სურვილების გათვალისწინებით ჩამოვაყალიბებთ ქუთაისის სატრანსპორტო სქემას.

ავტობუსებში სრულად იქნება დაცული ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული რეკომენდაციები: მძღოლი და მგზავრები აუცილებლად უნდა იყვნენ პირბადით. აკრძალული იქნება მგზავრის ფეხზე დგომა. ყოველი სამუშაო დღის ბოლოს ავტობუსებს ჩაუტარდებათ დეზინფექცია. მონიტორინგის სამსახური მუდმივად შეამოწმებს, თუ როგორ სრულდება რეკომენდაციები. ჩვენ ვგეგმავდით, რომ ავტობუსებს ემოძრავათ დილის 8 საათიდან საღამოს 22 საათამდე, თუმცა, პანდემიის გამო არსებული შეზღუდვების თანახმად, ამ ეტაპზე, დილის 8 საათიდან საღამოს 20 საათამდე იმუშავებენ“,- განაცხადა გიორგობიანმა.

ქუთაისის მერიის ცნობით, ავტობუსებში მალე დაინერგება ელექტრონული გადახდის სისტემა, რაც გაცილებით მოსახერხებელია, ვიდრე ხელზე თანხის გადახდა. ბილეთის შეძენა ყველა გადახდის აპარატში იქნება შესაძლებელი. არსებული შეღავათები შეუნარჩუნდებათ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს და ისინი იმავე პირობებით ისარგებლებენ, რაც აქამდე ჰქონდათ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა