იოსებ ხახალეიშვილი - ქუთაისში 60 ახალი მუნიციპალური ავტობუსი იმოძრავებს

ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა მუნიციპალურ ავტოპარკში ახალი ავტობუსები დაათვალიერა. ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, ქუთაისისთვის განკუთვნილი 60-ვე ავტობუსი უკვე ქალაქშია.

“ორშაბათიდან, 8 თებერვლიდან, ქუთაისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა განახლდება და ქალაქში ახალი, მუნიციპალური ავტობუსები იმოძრავებენ. ათწლეულებია ქუთაისში მუნიციპალური ტრანსპორტი არ ყოფილა. ქალაქის სატრანსპორტო კომპანიას 60 ახალი, თანამედროვე ავტობუსი ჰყავს, რომლებიც იმუშავებენ როგორც ძველ სვლა-გეზებზე, ასევე მოსახლეობის მოთხოვნების მიხედვით შერჩეულ ახალ მარშრუტებზეც.

EVRO 5 –ის ტიპის ავტობუსების შეძენა ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის საქალაქო ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

ეს მართლაც უმნიშვნელოვანესი მოვლენაა ქუთაისის სინამდვილეში და ამ ფონზე, გარკვეული ძალები ცდილობენ ეს სიახლე და მართლაც ძალიან კარგი ამბავი საზოგადოებას ნეგატიური ასპექტით მიაწოდონ. თუმცა, რეალობას ვერავინ გაექცევა და ჩვენი მოსახლეობა თავად დარწმუნდება, რომ ქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტი მკვეთრად წინ გადადგმული ნაბიჯია ამ მიმართულებით”,- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

როგორც ქუთაისის მერიაში აცხადებენ, ავტობუსით მგზავრობის ღირებულება შენარჩუნდება და 40 თეთრი იქნება.

“ავტობუსებში სრულად იქნება დაცული ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული რეკომენდაციები: მძღოლი და მგზავრები აუცილებლად უნდა იყვნენ პირბადით, აკრძალული იქნება მგზავრის ფეხზე დგომა, ყოველი სამუშაო დღის ბოლოს ავტობუსებს ჩაუტარდებათ დეზინფექცია. მონიტორინგის სამსახური მუდმივად შეამოწმებს, თუ როგორ სრულდება რეკომენდაციები.

დაგეგმილი იყო, რომ ავტობუსებს ემოძრავათ დილის 8 საათიდან 22 საათამდე, თუმცა, პანდემიის გამო არსებული შეზღუდვების თანახმად, ამ ეტაპზე, დილის 8 საათიდან საღამოს 20 საათამდე იმუშავებენ. თუმცა, როცა შეზღუდვები მოიხსნება, შესაბამისად შეიცვლება საქალაქო ტრანსპორტის მუშაობის გრაფიკიც.

ავტობუსებში მალე დაინერგება ელექტრონული გადახდის სისტემა, რაც გაცილებით მოსახერხებელია, ვიდრე ხელზე თანხის გადახდა. ბილეთის შეძენა ყველა გადახდის აპარატში იქნება შესაძლებელი. არსებული შეღავათები შეუნარჩუნდებათ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს და ისინი იმავე პირობებით ისარგებლებენ, რაც აქამდე ჰქონდათ”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა