ფოთში მკვლელობის საქმეზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

ფოთში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ შალვა შალიკაშვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, ირაკლი აფშილავამ აღნიშნული გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მიიღო. სასამართლო პროცესი დისტანციურად გაიმართა.

ადვოკატებმა ბრალდებულის გათავისუფლების სანაცვლოდ მოსამართლეს 30 000 - ლარიანი გირაო შესთავაზეს, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ გაითვალისწინა.

ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილებას უკანონოს უწოდებენ.

„უნდა აღვნიშნო, რომ სასამართლოს ეს გადაწყვეტილება არის აბსოლუტურად უკანონო. სასამართლო და პროკურატურა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საერთოდ გასულები არიან სამართლებრივ ჩარჩოდან, აბუჩად იგდებენ ადამიანის უფლებებს. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მიღწეული არ არის, არა თუ დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი, რაც აუცილებელია აღმკვეთი ღონისძიების გამოყენებისას, არამედ საერთოდ რაიმე ღირებული ნივთმტკიცებაც მოპოვებული არა აქვთ. სენსაციური იყო როდესაც დავსვით კითხვა პროკურორის მიმართ, როდესაც ვთხოვეთ , რომ ბატონი მოსამართლის წინაშე დაესახელებინა თუნდაც ერთი პირდაპირი ნივთმტკიცება, პროკურორმა განაცხადა, რომ ასეთ ნივთმტკიცებას მოიპოვებენ მომავალში. ანუ, მომავლის იმედზე მოსამართლე უფარდებს პატიმრობას. სასამართლო ვერ აღმოჩნდა სათანადო სიმაღლეზე. სასამართლო დაკავებულია პროკურატურის უკანონო მოთხოვნების რეგისტრაციით. სხვათაშორის, დაკავებული ადრეც იყო ნასამართლევი. 9 წელი მოიხადა სრულიად უდანაშაულოდ ციხეში. შემდეგ სტრასბურგის სასამართლოს მიერ იქნა გამართლებული“, - განაცხადა ადვოკატმა მარლენ კაზანჩიმ.

შალიკაშვილის ადვოკატები საქმის გასაჩივრებას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გეგმავენ.

შეგახსენებთ, 4 თებერვალს ფოთში, შსს-ს მომსახურების სააგენტოსთან საკუთარ ავტომობილში, შვილის თვალწინ ახალგაზრდა მამაკაცი, გურამ ახალაია ჩაცხრილეს. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობის მოტივი შურისძიებაა. მკვლელობის ფაქტზე შსს-მ შალვა შალიკაშვილი ცხელ კვალზე დააკავა. მას ბრალი სსკ-ის 108-ე მუხლით აქვს წარდგენილია, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ზურაბ ბატიაშვილი - ხელისუფლებას აქვს მარტივი არჩევანი - ან დასავლეთთან ერთად ან დასავლეთის წინააღმდეგ, ამ არჩევანში თუ დასავლეთის და საკუთარი ხალხის წინააღმდეგ წავლენ, ხელისუფლებას მალევე დაკარგავენ
ქართული პრესის მიმოხილვა 04.03.2021
კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირის მედიაცია გახდა ინსტრუმენტი, რომელიც არ არის ერთჯერადი, სანამ კრიზისი არ მოგვარდება, ევროკავშირი ამ პროცესში ჩართული იქნება
იურიდიული პირები პროკრედიტ ბანკში ანგარიშებს დისტანციურად გახსნიან