პროკურორის განცხადებით, ბრალდების მხარეს არ აქვს მოლოდინი, რომ შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე „ტოიოტა ქამრის" მძღოლი, მორაგბე ვასილ მახარაძე სიმართლეს იტყვის

მცხეთის რაიონულ სასამართლოში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე "ტოიოტა ქამრის" ბრალდებული მძღოლი, მორაგბე ვასილ მახარაძე აძლევს ჩვენებას. ის დაცვის მხარის მოწმეა.

როგორც პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებს საქმის პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა განუცხადა, მახარაძისგან სწორი ჩვენების მიცემის მოლოდინი არ აქვს, ვინაიდან ასეთი ჩვენება მისი და დანარჩენი ბრალდებულების მამხილებელი იქნება.

"სიმართლე გითხრათ, იმის მოლოდინი, რომ ვასილ მახარაძე სიმართლეს იტყვის, ბრალდების მხარეს არ აქვს. ვასილ მახარაძე ერთ-ერთი ბრალდებულია, რომელიც იმ შემთხვევაში, თუ სიმართლეს იტყვის, ეს სიმართლე მისი საწინააღმდეგო და მამხილებელი ინფორმაცია იქნება დანარჩენი ბრალდებულებისაც. აქედან გამომდინარე, ვასილ მახარაძე დღევანდელ სხდომაზე ყველანაირად შეეცდება დანარჩენი ბრალდებულები და მათი ერთიანი პოზიცია დაიცვას. ეს მხოლოდ ჩვენი ვარაუდი არ არის, ციხის ვიდეოჩანაწერები ყველამ ნახა, იქაც არის საუბარი იმაზე, რომ ნიკოლოზ რევაზიშვილი, ვასილ მახარაძე და არჩილ გაგნიძე იქამდე, სანამ ჩვენებას მისცემდნენ, შეთანხმდნენ, თუ რა ჩვენება უნდა მიეცათ გამოძიებისთვის. ამ ეტაპზეც ისინი შეთანხმებულები არიან რა ჩვენება მისცენ სასამართლოს", - განაცხადა ყაზარაშვილმა.

კითხვაზე, არის თუ არა ვასილ მახარაძე გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის შემსწრე, ან ფლობს თუ არა ის ბრალდებულებისგან აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას, ყაზარაშვილი პასუხობს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი გამოძიების ეტაპზე ვასილ მახარაძეზე ასეთი ინფორმაცია ექნებოდათ, მას ბრალი დაუმძიმდებოდა. სახელმწიფო ბრალდებას აღნიშნულ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი აქვს.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობას არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს, ზ.ხ-ს და ა.ქ.-ს ედავებიან. რაც შეეხება ვასილ მახარაძეს, მას ძალადობას, ძალადობის ორგანიზებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან.

იხილეთ ვიდეო:პროკურორის განცხადებით, ბრალდების მხარეს არ აქვს მოლოდინი, რომ შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე „ტოიოტა ქამრის" მძღოლი, მორაგბე ვასილ მახარაძე სიმართლეს იტყვის

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს