ქართული პრესის მიმოხილვა 10.02.2021

ბოიკოტი ბოლომდე ან პარლამენტში შესვლა - რომელი პარტიისთვის რომელი გზაა უფრო მომგებიანი

ევროპარლამენტარის მკაცრი განცხადება რიგგარეშე არჩევნებზე - “შესაძლოა ოპოზიციას გარკვეულ დათმობებზე მოუწიოს წასვლა”

რა სამხედრო ალიანსს ქმნიან საქართველო, უკრაინა და მოლდოვა

* * *

ბოიკოტი ბოლომდე ან პარლამენტში შესვლა - რომელი პარტიისთვის რომელი გზაა უფრო მომგებიანი

“მმართველი გუნდი ოპოზიციას საარჩეევნო ბარიერის დაწევასთან დაკავშირებით დისკუსიას და შეთანხმებას სთავაზობს. ეს საკმაოდ მომხიბლავი წინადადებაა წვრილი პარტიებისათვის, თუმცა, ანალიტიკოსთ აზრით, არაფერში აწყობს მთავარ ოპოზიციურ პარტიას. შესაბამისად, ისინი მხოლოდ ამის სანაცვლოდ პარლამენტში “ნაცმოძრაობის” შესვლას გამორიცხავენ და პროგნოზირებენ, რომ საბოლოოდ წლევანდელი ადგილობრივი არჩევნების წინ “ნაციონალები” მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, აღებულია ვალდებულება, რომ საკმარისი მანდატების არსებობის შემთხვევაში, საარჩევნო ბარიერი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის დაიწევს 0-დან 3 პროცენტამდე ფარგლებში, რაც იმას ნიშნავს, რომ მმართველი გუნდი ამ ფარგლებში ყველა ვარიანტს განიხილავს, მათ შორის უბარიერო სისტემასაც, თუმცა ნებისმიერ გადაწყვეტილებას სჭირდება მყარი არგუმენტაცია”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ბოიკოტი ბოლომდე ან პარლამენტში შესვლა - რომელი პარტიისთვის რომელი გზაა უფრო მომგებიანი.

“მმართველი გუნდი ამის პარალელურად პარლამენტში “გირჩს” ელოდება, რომლის სურვილიც და მოთხოვნა სწორედ საარჩევნო ბარიერის დაწევა იყო. “გირჩის” წევრები “ოცნების” შეთავაზებას დადებითად აფასებენ და ამბობენ, რომ თუ კი ხელისუფლება ამაზე დისკუსიას რეალურად დაიწყებს და ეს მხოლოდ ჰაერში წარმოთქმული სიტყვები არაა, მაშინ ისინი პარლამენტში თავადაც შევლენ და ოპოზიიცის სხვა წევრებსაც დაარმწუნებენ, რომ შევიდნენ. ოპოზიციის ნაწილის არზით კი “ქართული ოცნება” ბარიერით ვაჭრობას იწყებს და კიდევ უფრო აღრმავებს პოლიტიკურ კრიზისს იმის ნაცვლად, რომ ხელი შეუწყოს მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევას ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, საარჩევნო ბარიერის დაწევასთან დაკავშირებით წინადადებაზე მმართველი გუნდი ოპოზიციისგან კონკრეტულ პასუხს ელოდება. როგორც ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიციურ ჯგუფებში არიან ამ საკითხზე დისკუსიის მომხრე პარტიები და თუ რომელიმე სხვა ოპოზიციური პარტია თანახმა არ იქნება, ეს ოპოზიციაში გაურკვევლობას შეიტანს. მისივე თქმით, “ქართული ოცნება” დისკუსიისთვის მზადაა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“იმედი მაქვს, ამ საკითხთან დაკავშირებით საღი აზრი გამოიძებნება და მოგვეცემა შესაძლებლობა, ამ შეთავაზებაზე კონკრეტული პასუხები მივიღოთ. ამისთვის ვხსნით დისკუსიას, რომ ერთად ჩამოვყალიბდეთ, გავაკეთოთ სწორი არჩევანი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ამისთვის მზად ვართ, ველოდებით შემხვედრ ნაბიჯს ოპოზიციური ჯგუფებიდან, რომ პატივისცემით მოეკიდებიან ამ შეთავაზებას და შემოგვთავაზებენ კონკრეტულ პოზიციას და ამით პატივს სცემენ ამ ოპოზიციურ ჯგუფებს შორის არსებულ აზრს, რომ მზად არიან, ნულოვანი ბარიერის შემთხვევაში გადავიდნენ კონკრეტულ ნაბიჯებზე. ამაზე უნდა ვიმსჯელოთ”, - განაცხადა ოხანაშვილმა. უმრავლესობის წევრის ირაკლი ზარქუას განცხადებით კი, “ე.წ. დიდი ოპოზიციური პარტიის ინტერესშია, 2024 წლის არჩევნებისთვის 5%-იანი საარჩევნო ბარიერის შენარჩუნება, რადგან იცის, რომ მაღალ ბარიერს მხოლოდ ის და “ქართული ოცნება” გადალახავს, ხოლო პატარა პარტიები გაქრებიან. მისივე თქმით, მმართველი გუნდის ინტერესშია, პარლამენტში პატარა პარტიები იყოს წარმოდგენილი და მზად არიან, ბარიერის დაწევის საკითხზე დიალოგისთვის“, - განაგრძობს გამოცემა.

“არათუ საარჩევნო ბარიერის დაწევა, სისტემას ვცვლით და ელექტრონული საარჩევნო სისტემა შემოგვაქვს. მზად ვართ 0-დან 3-მდე ბარიერი განვიხილოთ, ოღონდ უნდა შემოვიდნენ პარლამენტში და უნდა ილაპარაკონ. მარგინალიზაციის გზა განვითარების გზა არ არის”, - განაცხადა ზარქუამ ჟურნალისტებთან საუბრისას... “ქართული ოცნება” რაც უფრო მალე შეეშვება მაიმუნობას და კლოუნადას, მით უკეთესი იქნება მისთვის და ქვეყნისთვის - ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა, ლევან თარხნიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, “ოცნების” მიერ დაანონსებული ცვლილებები კოსმეტიკური ხასიათისაა და ის ქვეყანას კრიზისიდან ვერ გამოიყვანს, შესაბამისად, ოპოზიცია ამაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს. ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში ნორმალური და გამართული საარჩევნო სისტემის ჩამოყალიბებაში ყველა ოპოზიციური პარტია დაინტერესებული უნდა იყოს, თუმცა საარჩევნო ბარიერის დაწევა”ნაციონალებს”-ს არაფერში აწყობს და ყველაფერს გააკეთებს, რომ პარლამენტში ოპოზიციის ნაწილის შესვლის შედეგად საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად საჭირო დეპუტატთა რაოდენობა ვერ მოგროვდეს”, - დასძენს გამოცემა.

“საარჩევნო ბარიერის დაწევა ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა, რადგანაც პატარა პარტიებს საშუალება მიეცემათ, რომ გაძლიერდნენ და პოლიტიკურ ველზე ახალი ძლიერი პარტიები მივიღოთ. “ოცნების” ინტერესი აქ ის არის, რომ ამით “ენმ” დასუსტება შეძლოს. თუმცა ამისთვის საკონსტიტუციო უმრავლესობაა საჭირო, სადაც 113 დეპუტატი უნდა იყოს. ამიტომ აუცილებელია, რომ ენმ პარლამენტში შევიდეს. ამის მოლოდინი კი ნაკლებად არსებობს, რადგანაც “ნაციონალები” კარგად ხვდებიან აქ რა ძაღლის თავიც არის დამარხული და საკუთარი თავის წინააღმდეგ ხმას ხომ არ მისცემენ... ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებით ბევრ რამეს იგებს და ცდილობს, რომ პარლამენტში ოპოზიციის რაც შეიძლება დიდი ნაწილი შეიყვანოს. ყველაზე მეტად საარჩევნო ბარიერის დაწევა პატარა პარტიებს უნდა აწყობდეთ. მათ ამით მიეცემათ შანსი, რომ ახალი, მესამე პოლიტიკური ძალა შექმნან და ქვეყანაშიც პოლიტიკური ველი ორ პარტიას არ ჰქონდეს დაკავებული”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით ზურაბიშვილი.

“მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შესვლას ვერ გაბედავს, თუ ეს მიხეილ სააკაშვილმა არ დაადასტურა. შესაბამისად საარჩევნო ბარიერის დაწევაც არ გამოვა. თუმცა, მეორეს მხრივ, ასეთ შემთხვევაში წლევანდელ ადგილობრივ არჩევნებში “ნაციონალების” მონაწილეობა ლოგიკურად აუხსნელი იქნება და ეს მათ ძალიან დააზიანებთ - თუ პარლამენტში იმ მიზეზით არ შედიან, რომ ხელისუფლება არჩევნებს აყალბებს და არც საარჩევნო რეფორმაში მონაწილეობა არ სურთ, მაშინ ადგილობრივ არჩევნებში რატომ მონაწილეობ?! ამიტომაც ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ “ენმ” ადგილობრივ არჩევნებისას საკამოდ მძიმე მდგომარეობაში იქნება ჩავარდნილი. ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” საარჩევნო ბარიერის დაწევა ან საერთოდ გაუქმება არაფერში აწყობს, ამიტომაც პარლამენტში ამის მხარდასაჭერად არ შევა. საყვარელიძის თქმით, ისინი ამის შესახებ ღიად არ საუბრობენ, რადგანაც არაკოლეგიალური იქნება და ამით ოპოზიცისიის განაწყენებას გამოიწვევნ, თუმცა ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ბარიერის დაწევას ხელი შეუშალონ”, - წერს სტატიის ავტორი.

“ენმ რამდენიმე კურდღლის დაჭერას ცდილობს. ერთი მხრივ ყველანაირად ეცდება, რომ ბოიკოტის მუხტი არ დავარდეს და მეორე მხრივ საარჩევნო ბარიერის დაწევის საკითხის პედალირებას მოახდენს. “ნაციონალური მოძრაობის” ელექტორატი ძალიან ბევრ ოპოზიციურ პარტიას კვებავს. ბევრი ადამიანი, ვინც ადრე “ენმ”-ს ხმას აძლევდა, დღეს “სტარტეგია აღმაშენებელს”, “ევროპელებს”, “გირჩს” და “ლელოს” აძლევს. ასე რომ, “ენმ” დაჩაგრულ მდგომარეობაში გამოვა, თუკი საარჩევნო ბარიერი დაიწევს. მისი ამომრჩევლის ხარჯზე რიგი პარტიები პარლამენტში შევლენ, მას კი ეს ხმები დააკლდება. ამიტომ არ აწყობს, რომ ბარიერმა დაიწიოს. როცა ბარიერი მაღალია, ასეთი პატარა პარტიები ცდილობენ, რომ “ენმ”-ის წევრები გახდნენ, ანუ ბლოკებად გაერთიანდნენ და პარლამენტში შევიდნენ. ეს კი “ნაციონალებს” აძლიერებს და კვლავ პირველ ოპოზიციურ პარტიად ტოვებს. ამიტომაც იხმარა ხელისუფლებამ ეშმაკობა, როცა საარჩევნო ბარიერი დაუწია. როცა დაბალია ბარიერი, ამ პარტიებს “ენმ” აღარ სჭირდებათ“, - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

ევროპარლამენტარის მკაცრი განცხადება რიგგარეშე არჩევნებზე - “შესაძლოა ოპოზიციას გარკვეულ დათმობებზე მოუწიოს წასვლა”

“დასავლური მხარის არაერთი მოწოდების შემდეგ, ოპოზიციის პარლამენტში შესვლის თაობაზე, რომელიც ამ ეტაპისთვის უშედეგოა, ახლა უკვე ევროპარლამენტიც მკაცრად ეწინააღმდეგება ოპოზიციის მოთხოვნას საქართველოში რიგგარეშე არჩევნების ჩატარების თაობაზე. თუმცა, ამის მიუხედავად, ოპოზიცია ისევ ბოიკოტის რეჟიმში რჩება. ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა “ტელეკომპანია” პირველის ეთერში განაცხადა, რომ ის რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას მკაცრად ეწინააღმდეგება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ევროპარლამენტარის მკაცრი განცხადება რიგგარეშე არჩევნებზე - “შესაძლოა ოპოზიციას გარკვეულ დათმობებზე მოუწიოს წასვლა”.

“მართალი რომ გითხრათ, რიგგარეშე არჩევნებს მხარს არ ვუჭერ. ჩატარდა არჩევნები საქართველოში, დადგა შედეგი და მე რომ ვიყო ქართველი ამომრჩეველი, მაქვს მოლოდინი, რომ ჩემი ხმა არ დაიკარგება. ამიტომ პარლამენტის ყველა არჩეულ წევრზეა დამოკიდებული, შევიდნენ პარლამენტში, აიღონ მანდატები და იმუშავონ 4 წლის განმავლობაში საუკეთესო შედეგის მისაღწევად. ჩვენ არ გვჭირდება ახალი არჩევნები საქართველოში, მაშინ, როცა ვხედავთ, ქართველი ხალხი ელოდება, რომ პოლიტიკოსები პარლამენტში მუშაობას დაიწყებენ”, - განაცხადა ფონ კრამონმა. ანალიტიკოს ნიკა ჩიტაძის თქმით, ევროპარლამენტს არ აწყობს თავის პარტნიორ ქვეყანაში დესტაბილიცაციის ნიშნები იხილოს და ამიტომ ურჩევნია ოპოზიცია ხალხს პარლამენტიდან ესაუბრებოდეს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“გაზაფხულიდან შესაძლებელია უფრო მასშტაბურ აქციებს ჰქონდეს ადგილი, თუმცა ფაქტია, რომ ევროპარლამენტი მხარს არ უჭერს რიგგარეშე არჩევნებს და სურს პოლიტიკური დებატები გაიმართოს პარლამენტიდან. ეს იმიტომ, რომ მათ არ აწყობთ საქართველოში, როგორც მათ პარტნიორ ქვეყანაში, დესტაბილიზაციის ნიშნების არსებობა. ფაქტია, რომ ოპოზიცია გააგრძელებს პროტესტს, მე არ მგონია რომ ისინი შევიდნენ პარლამენტში, ან ხელისუფლებასთან რაიმე სახის გარიგებაზე წავიდნენ, ყოველ შემთხვევაში უმრავლესობა, თუმცა შესაძლებელია დროთა განმავლობაში ოპოზიციის მოთხოვნები შერბილდეს. მაგალითად, ერთ-ერთი ინიციატივა “ლელოს” მხრიდან იყო ის, რომ არჩევნები დაინიშნოს არა 2021 წელს, არამედ 2022 წელს. გააჩნია ოპოზიციის საპროტესტო აქციებში რამდენი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. თუ გაიზრდება ხალხის რიცხვი, ამ შემთხვევაში, შესაძლებელია, რომ ხელისუფლება წავიდეს დათმობაზე, მაგრამ თუ ხალხი გარეთ არ გამოვა, მაშინ ოპოზიციას მოუწევს დათმობებზე წასვლა. მართალია ისინი არ დათანხმდებიან პარლამენტში შესვლას, თუმცა შეიძლება გარკვეული მოთხოვები შეარბილონ”, - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.

რა სამხედრო ალიანსს ქმნიან საქართველო, უკრაინა და მოლდოვა

“საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ შესაძლოა სამხედრო კავშირი შექმნან. პოლონურ მედიაში გავრცელებული ეს ინფორმაცია უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრი კულებამ ფაქტიურად დაადასტურა და აღნიშნა, რომ სამივე ქვეყანა ამ მიმართულებით მუშაობს და კონსულტაციები მიმდინარეობს. ამავე წყაროების ცნობით, ახალი სამხედრო ალიანსის შექმნა შავ ზღვაში ნატოს გააქტიურებასთან არის კავშირი. თუმცა, ამ ეტაპზე უცნობია რა ტიპის კავშირზე მიდის საუბარი და რა ვალდებულებებს აიღებენ ერთმანეთის წინაშე ახალი ალიანსის წევრები”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით საქართველო, უკრაინა და მოლდოვა სამხედრო ალიანსს ქმნიან.

“რუსი სამხედრო ექსპერტის ალექსეი ლეონკოვის თქმით, ასეთი ალიანსის შექმნა ნატოს მიერ შემუშავებული რუსეთის შეკავების გეგმის ნაწილია. მისივე შეფასებით, დასავლეთი საქართველოს მოლდოვას და უკრაინის სამხედრო კონტინგენტებს აძლიერებს, ნატოს კი შეუძლია, რომ ამ ქვეყნებს გარკვეული სახის იარაღიც მიაწოდოს, რათა გლობალური ომის შემთხვევაში გარკვეული მინიმალური სარგებელი მაინც მიიღოს. ექსპერტის თქმით, უკრაინის, საქართველოს და მოლდოვას სამხედრო ალიანსის შექმნა მიზნად კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხს ისახავს - ასეთი ინიციატივის განხორციელების შემთხვევაში, რეგიონში ტერიტორიული დავები შეიძლება ძალის გამოყენებით მოგვარდეს. მანამდე კიდევ ერთმა რუსმა სამხედრო ექსპერტმა იგორ კოროტჩენკომ განაცხადა, რომ “რუსეთს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მოულოდნელი პროვოკაციების არ უნდა ეშინოდეს”, რადგან რუსეთის შეიარაღებულ ძალებს აქვთ შესაძლებლობა, რომ სწრაფად მოიგერიონ ნატო-ს შეტევა ნებისმიერი მიმართულებით. როგორც სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისია “რეზონანსთან” ამბობს, ეს ახალი, რეგიონალური ალიანსის ტიპის გაერთიანება არ იქნება, რადგან მოლდოვას კონსტიტუციაში სამხედრო მიუმხრობლობის დათქმა აქვს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ეს იდეა არახალია, ეს სუამ-ის ფორმატის მსგავსია. მგონია, რომ ეს სამხედრო კავშირი ალბათ უფრო არაფორმალური იქნება, იმიტომ, რომ ეს ნატოს ეგიდით შავი ზღვის აუზის უსაფრთხოების განზომილების ფორმატში მოხდება, რადგანაც აქ რამდენიმე სერიოზული სამხედრო წვრთნაა დაგეგმილი. მაგალითად, უკრაინაში ამ წელს ნატოსა და აშშ-ის ფორმატში ექვსი სამხედრო წვრთნა ჩატარდება, ასევე საქართველოში. მოლდოვაში ალბათ უფრო ტაქტიკური წვრთნები იქნება. არაა გამორიცხული ქართულ-უკრაინულ-მოლდოვური ერთიანი სამხედრო ფორმირება შეიქმნას, რომელმაც შეიძლება ნატოს ეგიდით იმოქმედოს, მაგრამ ეს ალბათ უფრო შეეხება ისეთ ოპერაციებს, რომელიც ნატო-ს წესდების მე-5 მუხლს არ უკავშირდება, ანუ ესაა კრიზისების მართვა, ჰუმანიტარული და სამშვიდობო ოპერაციები. არ მგონია, რომ საქართველოს წინააღმდეგ რაიმე საფრთხე რომ იყოს, მოლდოვის სამხედრო ძალები დაგვეხმარონ. მოლდოვის კონსტიტუციის მე-11 მუხლში წერია, რომ ის ფაქტიურად ნეიტრალური სახელმწიოფოა. არ მგონია, რომ ამ ფორმატში შექმნილი არაფორმალური კოალიცია-სამხედრო გაერთიანება ჩვენს დასახმარებლად წამოვიდეს, სანამ საქართვლო და უკრაინა ნატოს წევრი არ გახდება და მოლდოვა ამ კონსტიტუციურ დათქმას არ შეცვლის”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

“სამხედრო ურთიერთდახმარების მომენტი მდგომარეობს იმაში, თუ სამი ქვეყნის ლიდერების შეხვედრის დროს ამ ალიანსის არსს როგორ განსაზღვრავენ. თუ ეს ახალი რეგიონალური სამხედრო ალიანსია, როგორც აზერბაიჯანმა, თურქეთმა და პაკისტანმა გააფორმეს, და ჩაიდება, რომ თითოეულ ქვეყანაზე თავდასხმა აღიქმება, როგორც მათ ქვეყანაზე თავდასხმა, კი, ბატონო, ამ შემთხვევაში ურთიერთდახმარება მოხდება. თუმცა ეჭვი მეპარება, რომ ამ ფორმატში მოლდოვის სამხედრო ძალები ჩაერთონ იმიტომ, რომ მას ნეიტრალიტეტის დათქმა აქვს. ეს უფრო საქართველო-უკრაინას შორის შეიძლება, თუმცა, დღევანდელი ურთიერთობებიდან გამომდინარე, ეჭვი მეპარება”, - დასძენს მაისაია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა