ხათუნა ლაგაზიძე - ოპოზიცია განახლების აუცილებლობის წინაშე დგას, ცალკეულ პირებსა თუ პარტიებს მოუწევთ ჩაბარდნენ ისტორიას - დროა, ისინი სხვებმა ჩაანაცვლონ

ჩვენ ვდგავართ სასიცოცხლო აუცილებლობის წინაში ოპოზიციური სპექტრის თვისობრივი განახლების, თანაც არა ისე, რომ ფერუმარილისთვის ერთი ორი ადამიანი შეიყვანონ ამა თუ იმ ოპოზიციურ პარტიაში ასაკობრივი ცენზის მიხედვით,- ამის შესახებ ექსპერტმა ხათუნა ლაგაზიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს ოპოზიციამ მსგავსი შედეგი იმიტომ მიიღო, რომ ლიდერობას ვერ ელევა ზოგიერთი ისეთი ადამიანი, რომელსაც საზოგადოებაში აღარ აქვს ისეთი მხარდაჭერა და რეიტინგი, რომელიც მათ პარტიებს განვითარების საშუალებას მისცემს.

ლაგაზიძის განცხადებით, ქართული პოლიტიკური ველი ცარიელი არ დარჩება, უბრალოდ, ეს თავად ლიდერებისთვის იქნება მტკივნეული, რადგან მოუწევთ ცალკეულ პიროვნებებსა თუ პარტიებს, ისტორიას ჩაბარდნენ.

„პრობლემები, რომლებიც „ევროპულ საქართველოშია“, დიდწილად იდენტურია თითქმის ყველა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიაში. დღეს ეს შედეგი ოპოზიციამ იცით რატომ მიიღო? იმიტომ, რომ ლიდერობას ვერ ელევა ბევრი ისეთი ადამიანიც კი, რომელსაც საზოგადოებაში აღარ აქვს იმ ტიპის მხარდაჭერა და რეიტინგი, რომელიც მათ პარტიას განვითარების საშუალებას მისცემდა.

მე გვარებზე აქცენტს არ ვაკეთებ, იმიტომ, რომ თითქმის ყველა პარტიაში არის იდენტური პრობლემები და პირველ რიგში, უნდა შეიცვალონ ის ადამიანები, რომლებმაც, ზოგმა ძალიან დადებითი, ზოგმა უარყოფითი წვლილი შეიტანა თავისი ყოფნით პოლიტიკაში, მაგრამ ის ცოცხალი ორგანიზმია და დროა სხვებმა ჩაანაცვლონ. ეს რესურსი ამოიწურა და ამას თუ ობიექტურად ფართოდ გახელილი თვალებით არ შეხედეს, არაფერი არ ეშველება. ეს მათი პრობლემაა, თორემ გლობალურად, ქართული პოლიტიკის პრობლემა არ არის და არც საზოგადოების, წავლენ ისინი და მოვლენ სხვები, ცარიელი ქართული პოლიტიკური ველი არ დარჩება, უბრალოდ ეს მათთვის იქნება ძალიან მტკივნეული, რომ მოუწევთ ცალკეულ პიროვნებებს თუ პარტიებს მთლიანად ჩაბარდნენ ისტორიას, ამიტომ ეს პირველი რიგის ამოცანაა, რაც მათ უნდა გაითვალისწინონ,“ - განაცხადა ლაგაზიძემ.

პოლიტოლოგმა ოპოზიციური სპექტრის მიერ დაშვებულ შეცდომებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ერთ-ერთია ის, რომ დღეს ოპოზიცია აცდენილია მოსახლეობის რეალურ საჭიროებებს და ამომრჩეველი მარტოა დარჩენილი. ლაგაზიძის განცხადებით, ამ უზარმაზარი პრობლემის მოსაგვარებლად „პარტიები ტელევიზიის ჩარჩოებიდან უნდა გავიდნენ“.

„არასწორი კომუნიკაციაა საზოგადოებასთან - წარმოუდგენელი რამეა, ოქტომბერში არჩევნები გქონდეს და სექტემბერში კამპანია არ გქონდეს დაწყებული. ერთ-ერთი გამოძახილი ეს არის.

ქართულ პოლიტიკას სჭირდება თვისობრივი განახლება. ახალ სახეებს საზოგადოება მიიღებს ისე, როგორებიც იქნებიან ის ახალი სახეები და როგორებადაც მოახერხებენ პოზიციონირებას. ახალი სახე, თავისთავად, არაფრის მთქმელი არ არის, თუკი არ შეიცვლება საზოგადოებასთან ურთიერთობის ფორმატი. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ტელევიზიის ჩარჩოებში ჩარჩენილი პოლიტიკოსები რამდენად მომხიბვლელია სადღაც ჩხოროწყუში თუ თელავში მყოფი ამომრჩევლისთვის, რომელიც თავის პრობლემებთან მარტოა დარჩენილი. აცდენილია დღეს ოპოზიცია იმ რეალურ საჭიროებებს და ამომრჩეველი დატოვებულია მარტო. ეს უზარმაზარი პრობლემაა - უნდა გავიდნენ ტელევიზიის ჩარჩოებიდან.

მესამე, დღეს სხვა ტიპის პარტიებზეა აქცენტი გასაკეთებელი. უზარმაზარი ფული დაიხარჯა და უკუგება ამ არჩევნებზე იყო წარმოუდგენლად დაბალი.

ასევე, ავიღოთ დასავლეთის მხარდაჭერა. ქართულ პოლიტიკაში არჩევანს აკეთებდა ლამის თანაბარწილად როგორც ქართველი ამომრჩეველი, ასევე დასავლეთიც. რატომ არ აქვს ამ პოლიტიკურ სპექტრს დასავლეთის მხარდაჭერა? მოდი ეს საკითხიც დავსვათ. მარტო იმიტომ კი არა, რომ ივანიშვილმა ფული გადაიხადა და ლობისტები დაიქირავა (რაღაც დირე საკუთარ თვალშიც დაინახონ) არამედ, იმიტომ, რომ დასავლეთის გადმოსახედიდან დაქსაქსულია პოლიტიკური სპექტრი პატარ-პატარა პარტიებით, რომლებმაც ვერ შეძლეს საკუთარი მიღებული ხმების დაცვა, რომლებმაც ვერ შეძლეს საკუთარი ამომრჩევლების ინტერესების სწორად აკუმულირება და დღეს დასავლეთს ისე სჭირდება საქართველო, როგორც არასდროს, როგორც ამერიკას, ასევე ევროკავშირს. რადიკალურად იცვლება მათი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ, რადიკალურად იცვლება მათი მოთხოვნილება, რომ დემოკრატიებს დაუჭირონ მხარი, უპირატესად მათ პარტნიორ ქვეყნებში, მაგრამ დემოკრატია აბსტრაქცია ხომ არ არის, ვიღაც პარტნიორი მათ ხომ სჭირდებათ. არის დღეს ქართული ოპოზიცია იმდენად ძლიერი და მომხიბვლელი პარტნიორი, რომ დასავლეთმა თამამად გადმოდგას ნაბიჯი მათკენ?!” - განაცხადა ლაგაზიძემ.

ამასთანავე, ექსპერტმა აღნიშნა, რომ არცერთ პარტიას არ ჰქონდა გამაერთიანებელი პროგრამა, ისეთი ხედვა, რომელიც საზოგადოებას ათქმევინებდა, რომ ასეთი სახელმწიფოს ასაშენებლად რიგით ჯარისკაცად თუ გენერლად დადგომა სურდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო