გიგი წერეთელი - პარტიის წარმატება და წარუმატებლობაც ყველა ლიდერის პასუხისმგებლობაა

პარტიის წარმატება და წარუმატებლობაც ყველა ლიდერის პასუხისმგებლობაა, - ამის შესახებ “ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი წერეთელმა “პალიტრანიუსის“ გადაცემა “360 გრადუსში“ განაცხადა.

წერეთლის შეფასებით, თუკი პარტიას განახლება არ შეუძლია, ესე იგი მას არა აქვს პერსპექტივა, უფრო წონიანი სიტყვა თქვას პოლიტიკაში, “ევროპულ საქართველოს“ კი, თავისი რესურსით, პოლიტიკური წონით, ინტელექტით, ხედვითა და სტატეგიით დიდი და მნიშვნელოვანი როლის თამაშის შესაძლებლობა გააჩნია.

“არაფერი არაჩვეულებრივი და ექსტრაორდინალური არ უნდა იყოს იმაში, რომ არჩევნების შემდეგ ნებისმიერი პოლიტიკური პარტია რაღაცას აჯამებს, აანალიზებს და თუ ეს შედეგი იმგვარი არ არის, როგორიც მას უნდოდა, ფიქრობს, რა გააკეთოს სამომავლოდ. ნორმალურ ქვეყნებში პროგრესული სტანდარტია, როცა პარტიის ხელმძღვანელობა ამ პასუხისმგებლობას აღიარებს და გადაწყვეტილებას იღებს. უმეტეს შემთხვევაში, ეს გადაწყვეტილება იმდაგვარია, რომ პარტიის ხელმძღვანელობა იცვლება. პარტია თვლის, რომ საჭიროა ახალი სტრატეგია. იმის მიუხედავად, რომ საპარლამენტო არჩევნები ზეწოლისა და მანიპულირების პირობებში წარიმართა, “ევროპულ საქართველოს“ ჰქონდა სამჯერ მეტის მოლოდინი. ვთვლით, რომ იყო შიდა პარტიული პრობლემები კამპანიის წარმართვაში. ბუნებრივია ადამიანები, ვინც წინა პლანზე იყვნენ, თვლიან, რომ პასუხისმგებლობა უნდა აიღონ“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

როგორც გიგი წერეთელმა აღნიშნა, ანალიზმა შესაძლოა აჩვენოს, რომ სადღაც პიროვნულმა ფაქტორმა არ იმუშავა, სადღაც რთული იყო ფინანსების ორგანიზება “ქართული ოცნების“ წნეხის პირობებში, ხოლო ზოგიერთი გზავნილი თუ სარეკლამო რგოლი არ იყო ეფექტური.

მისივე თქმით, პარტიის ლიდერთა დისტანცირება ხდება არა პარტიისაგან, არამედ პარტიის მართვისგან. წერეთელს მიაჩნია, რომ თუკი განახლებაზეა საუბარი, შესაძლებელია პარტიაში ახალი ლიდერები მივიდნენ, ვინც პარტიის მართვას განახორციელებენ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო