ემილ ავდალიანი - დიდი ალბათობით, აფხაზეთის რკინიზგის მონაკვეთზე მიმოსვლის აღდგენაზე თბილისის პოზიცია უცვლელი დარჩება

ყარაბაღში რუსული სცენარით მიმდინარე სამშვიდობო პროცესზე, ყარაბაღთან დაკავშირებით რუსულ ხედვებსა და გეგმებზე, თუ რა გავლენას ახდენს იქ მიმდინარე პროცესები სომხეთის შიდა პოლიტიკაზე, ასევე სამხრეთ კავკასიაში ირანის გააქტიურების მიზეზებზე, სავარაუდოდ, როგორი პოლიტიკა ექნება ვაშინგტონს სამხრეთ კავკასიის, კერძოდ, საქართველოს მიმართ, „ინტერპრესნიუსი“ ევროპის უნივერსიტეტის პროფესორს, ჯეოქეისის არარეზიდენტ მკვლევარს, ემილ ავდალიანს ესაუბრა.

- ბატონო ემილ, მას შემდეგ რაც აზერბაიჯანმა რუსეთის თანხმობითა და პროცესში თურქეთის მონაწილეობით ყარაბაღის ნაწილზე ბაქოს კონტროლი აღადგინა, დამკვირვებელთა უმრავლესობამ მომხდარი სამხრეთ კავკასიაში „დიდ ცვლილებად და ახალ რეალობად“ შეაფასა.

მართალია, ყარაბაღის საკითხზე მოსკოვში 10 ნოემბერს მიღწეულ შეთანხმებაზე დიდი დრო არ გასულა, მაგრამ საკმარისი დროა გასული იმისათვის, რომ ვიმსჯელოთ იმაზე, თუ რა ვითარებაა ამჟამად ყარაბაღში და რამდენად გამართლდა ბაქოს, მოსკოვის, ანკარის მოლოდინები და რა ვითარებაშია აღმოჩენილი ერევანი.

როგორ შეაფასებდით ყარაბაღში რუსული სცენარით მიმდინარე სამშვიდობო პროცესს? რა ხედვა აქვს ყარაბაღის საკითხზე რუსეთს? და რა გავლენას ახდენს ეს ყველაფერი სომხეთში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესზე?

- თავიდანვე უნდა ითქვას, რომ რუსეთი ნაკლებად არის დაინტერესებული ყარაბაღის კონფლიქტის საბოლოო მოგვარებაში. კრემლის ეს პოლიტიკა ეფუძნება იმ ტრადიციულ გეოპოლიტიკურ ინტერესებს, რომელიც 1990-იანი წლებიდან მოსკოვს ამოძრავებდა სამხრეთ კავკასიაში - რეგიონის მაქსიმალური დანაწევრება საკუთარი გავლენის შესანარჩუნებლად.

წმინდა გეოპოლიტიკური კუთხით რუსეთის ქმედებები საკმაოდ ლოგიკური პოლიტიკის ნაწილს წარმოადგენს. ყარაბაღში დაახლოებით 2000-მდე სამშვიდობოს ჩაყენებით რუსეთმა პირდაპირი გავლენის ბერკეტი მოიპოვა აზერბაიჯანზე. ამავდროულად, სომხური მოსახლეობა დღეს რუსეთს ხედავს, როგორც საშუალებას თავისი პოზიციები შეინარჩუნოს ყარაბაღის დარჩენილ ტერიტორიებზე.

ყარაბაღში დაახლოებით 2000-მდე სამშვიდობოს ჩაყენებით რუსეთმა პირდაპირი გავლენის ბერკეტი მოიპოვა აზერბაიჯანზე

აღნიშნულიდან გამომდინარე, რუსეთი შეეცდება 2025 წელს, როდესაც ყარაბაღში სამშვიდობოების განთავსების პირველი ვადა ამოიწურება, თავისი ყოფნა კონფლიქტის ზონაში კიდევ ერთი ვადით გაახანგრძლივოს.

თუმცა რუსეთს ყოველთვის მოუწევს გარკვეული ბალანსის დაჭერა. საქმე იმაშია, რომ ბაქოში ვერ იქნებიან სრულად კმაყოფილები იმით, რომ რუსული ჯარი დგას აზერბაიჯანის საერთაშორისოდ აღიარებულ ტერიტორიაზე. ეს გარკვეულ დაძაბულობას გამოიწვევს მოსკოვსა და ბაქოს შორის.

ამასთან ერთად, ერევნისთვის მხარის არდაჭერით, მოსკოვმა მართალია მოახერხა თავისი თავის პოზიციონირება, როგორც სომხური მოსახლეობის მხსნელის, მაგრამ დაძაბულობის განმუხტვა ორმხრივ ურთიერთობებში სრულად ვერ მოხერხდება.

შესაბამისად, მოსკოვს მოუწევს ისევ ლავირება, თამაში, რომლითაც ის შეეცდება ნაწილობრივ დააკმაყოფილოს როგორც ბაქოსი, ასევე ერევნის მოთხოვნები და სურვილები. მოსკოვს ასევე მოუწევს ყოველ ხუთ წელიწადში დაუსაბუთოს ბაქოს, რომ სამშვიდობოების განთავსება უნდა გახანგძლივდეს.

მოსკოვს მოუწევს ისევ ლავირება, თამაში, რომლითაც ის შეეცდება ნაწილობრივ დააკმაყოფილოს როგორც ბაქოსი, ასევე ერევნის მოთხოვნები და სურვილები... მოსკოვს ასევე მოუწევს ყოველ ხუთ წელიწადში დაუსაბუთოს ბაქოს, რომ სამშვიდობოების განთავსება უნდა გახანგძლივდეს

ამისთვის მოსკოვმა შეიძლება მოიშველიოს სომხეთში სამომავლო კონფლიქტისთვის სამხედრო მზადება, ხელისუფლებაში აზერბაიჯანთან ხისტი პოლიტიკის გამტარებელი პოლიტიკოსების მოსვლა და მრავალი სხვა მიზეზი.

- ყარაბაღის ომის შედეგები და სამხრეთ კავკასიაში თურქეთის გავლენის ზრდა ჩვენს რეგიონში გააქტიურების საბაბი გახდა თეირანისთვის. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის თბილისში ვიზიტი სხვაგვარად არ იკითხება. დამკვირვებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ირანის სურვილია, თავი დააღწიოს საერთაშორისო იზოლაციას.

თეირანისთვის მისაღებია 3+3 ფორმატი, რომლითაც ის სავარაუდოდ შეეცდება კავკასიაში საკუთარი ყოფნის დაფიქსირებას და სიტყვის თქმის უფლების მოპოვებას. მიუხედავად იმისა, რომ დამკვირვებელთა აზრით, ერდოღანის მიერ ინიციირებული 3+3-ის ფორმატი თბილისისთვის მიუღებელია, ირანი საქართველოსთვის ყველაზე ნაკლებად პრობლემური ქვეყანაა, „რადგან ირანთან პრობლემების მოგვარება მოლაპარაკებების გზით შესაძლებელია“.

თქვენი დაკვირვებით რა როლის შესრულებას შეცდება თეირანი სამხრეთ კავკასიაში და სავარაუდოდ, როგორი იქნება მისი პოლიტიკა საქართველოს მიმართ მას შემდეგ, რაც თბილისმა ერდორანის ინიციატივის რეალიზაციაში მონაწილეობაზე უარი აქვს ნათქვამი?

- აქ მცირე შესავლის გაკეთება იქნება საჭირო - ყარაბაღის კონფლიქტის დროს ირანის დიპლომატიურ მცდელობებს არ მოყვა განსაკუთრებული შედეგი, ომის შემდეგ კი ირანმა თავისი ჩრდილოეთ საზღვრის გასწვრივ სრულად შეცვლილი გეოპოლიტიკური სურათი მიიღო. გაძლიერებული აზერბაიჯანი, რომელთანაც ირანს 1990-იანი წლებიდან პერიოდულად რთული ურთიერთობები ჰქონდა, დღეს ირანისთვის სხვაგვარ სახელმწიფოს წარმოადგენს.

შესაძლებელია რომ თეირანმა ზუსტად ამის გამო შეცვალა თავისი რიტორიკა ბაქოსადმი, როდესაც 2020 წლის ომის დროს სხვადასხვა განცხადება გაკეთდა აზერბაიჯანის მხარდასაჭერად. გარკვეულწილად გადახვევა მოხდა იმ პრაგმატული მოდელიდან, რომელიც 1990-იანი წლებიდან თეირანს ამოძრავებდა სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტისადმი, როდესაც ირანის მიერ რამდენიმე ნაბიჯი გადაიდგა სომხეთის სასარგებლოდ.

2020 წლის შემოდგომაზე აზერბაიჯანის გამარჯვებებმა შეცვალეს არსებული ვითარება. ირანი იძულებული იყო მორგებოდა ახალ რეალობას. ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ ომის დასრულების შემდეგ ირანის მედია შედარებით პრო-აზერბაიჯანულ პოზიციას იკავებს. მეტიც, ზარიფმაც რამდენიმე განცხადება გააკეთა, სადაც მან ბაქოს პირდაპირ მოულოცა დაბრუნებული ტერიტორიების ამბავი.

2020 წლის შემოდგომაზე აზერბაიჯანის გამარჯვებებმა შეცვალეს არსებული ვითარება. ირანი იძულებული იყო მორგებოდა ახალ რეალობას

ამ ყველაფრის ფონზე ზარიფის ტურნე ნამდვილად მცდელობა იყო რეგიონისთვის ეჩვენებინა ირანის გეოპოლიტიკური მნიშვნელობა. ირანს უნდა წარედგინა მსგავსი ინიციატივა, რადგან ის ხედავს, რომ რუსეთის და თურქეთის როლი სამხრეთ კავკასიაში მატულობს და საჭიროა გარკვეულ ნაბიჯების გადადგმა, იქნება ეს სამშვიდობო ინიციატივების მეშვეობით თუ სხვა რამის სახით.

საქართველოსთან მიმართებაში, ირანის საგარეო პოლიტიკაში ჩვენ განსაკუთრებულ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ. ის ისეთივე პრაგმატული ხასიათის იქნება, როგორც აქამდე. ირანი დაინტერესებულია ქართული პორტებით და დანარჩენი ინფრასტრუქტურით, რომლითაც ის შავ ზღვამდე მიაღწევს. ირანი ასევე დაინტერესებულია რუსეთთან პირდაპირი სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენით.

საქართველოსთან მიმართებაში, ირანის საგარეო პოლიტიკაში ჩვენ განსაკუთრებულ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ. ის ისეთივე პრაგმატული ხასიათის იქნება, როგორც აქამდე. ირანი დაინტერესებულია ქართული პორტებით და დანარჩენი ინფრასტრუქტურით, რომლითაც ის შავ ზღვამდე მიაღწევს. ირანი ასევე დაინტერესებულია რუსეთთან პირდაპირი სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენით

დღეს საუბრებია აზერბაიჯანიდან სომხეთზე გამავალი რკინიგზის აღდგენაზე, რაც ირანს პირდაპირ დააკავშირებს რუსეთთან. მაგრამ ირანს უფრო სწრაფი მიმართულება აინტერესებს. ეს არის ჯერ კიდევ განვითარების პროცესში არსებული ირანიდან აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით რუსეთამდე გამავალი ხაზი.

მეორე ვარიანტია სომხეთიდან საქართველოს გავლით, რაც იწვევს აფხაზეთის სარკინიგზო მონაკვეთზე საუბრის განახლებას. თუმცა, ეკონომიკური მდგრადობა ამ პროექტის კითხვის ქვეშ დგას.

- მას შემდეგ რაც აშშ-ს ახალი პრეზიდენტი ჰყავს, ჩვენთვის ყველაზე აქტუალური თემაა თუ როგორი მიდგომა ექნება ვაშინგტონს სამხრეთ კავკასიის რეგიონისა და კერძოდ, საქართველოს მიმართ.

ყარაბაღისათვის ბოლო ომში კავკასიის საკითხებში ვაშინგტონი არც ჩარეულა. დამკვირვებელთა უმრავლესობამ მომხდარი შეაფასა, როგორც ანკარისა და მოსკოვის ერთობლივი მოქმედება სამხრეთ კავკასიაში აშშ-სა და დასავლეთის გავლენების შესამცირებლად.

ხშირ შემთხვევაში წინააღმდეგობრივი ტრამპის საგარეო პოლიტიკის გამო აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას ურთულესი საკითხები აქვს გადასაწყვეტი. ობიექტური მიზეზების გამო საქართველო ვერ იქნება აშშ-ს საგარეო პოლიტიკისთვის მთავარი პრიორიტეტი. მაგრამ ვფიქრობ, რომ სტრატეგიის შემუშავებისას საქართველოს ფაქტორსაც დაეთმობა თავისი ადგილი.

იმის გათვალისწინებით თუ ურთიერთობების რა გზას აირჩევს ვაშინგტონი მოსკოვთან და პეკინთან, ბევრად იქნება დამოკიდებული იმაზე, საქართველოს მიმართ რა მიზნების და ამ მიზნების მიღწევის რა სტრატეგია ექნება აშშ-ს.

პრეზიდენტ ბაიდენს უკვე ჰქონდა სატელეფონო საუბრები რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტებთან. კარგია, რომ სენატმა საქართველოსთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მიიღო ორპარტიული მხარდაჭერის აქტი, მაგრამ ფაქტია, რომ მას აზერბაიჯანთან და სომხეთთან დაკავშირებით განსხვავებული დამოკიდებულება აქვს.

მსოფლიოსა და ჩვენს რეგიონში არსებული ვითარების გათვალისწინებით საბოლოოდ როგორი მიდგომა შეიძლება ჰქონდეს ვაშინგტონს საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის მიმართ?

- საქართველოს სახით აშშ-ს რეგიონში მნიშვნელოვანი პარტნიორი ჰყავს. ეს მხოლოდ ჩვენი ქვეყნის პროდასავლურობით არ აიხსნება, არამედ იმითაც, რომ საქართველოს ადგილმდებარეობა ისეთია, რაც ამერიკას საშუალებას აძლევს კასპიისკენ მიმავალ დერეფანზე ჰქონდეს გავლენა. სხვა სიტყვებით, ვაშინგტონში ესმით, რომ საქართველოს გარეშე ამერიკა პრაქტიკულად დაკარგავს ევრაზიის შუაგულში შეღწევადობას.

ამავდროულად, არ შემიძლია არ დაგეთანხმოთ თქვენს მოსაზრებაში, რომ სხვადასხვა მიზეზის გამო საქართველოს როლი ამერიკის საგარეო პოლიტიკაში ჯერ არ არის მთავარ პრიორიტეტად გამოყოფილი. ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს ჩასატარებელი ამ მიზნის მისაღწევად, რასაც უნდა დაემატოს რეგიონში მნიშვნელოვანი ცვლილებები.

თითქოს ყარაბაღის კონფლიქტმა აჩვენა, რომ კოლექტიურმა დასავლეთმა მეტი აქტიურობა უნდა გამოაჩინოს საქართველოსთან მიმართებაში. თუმცა აღსანიშნავია, რომ ამ კონფლიქტის შედეგები დაემთხვა აშშ-ში სარპეზიდენტო არჩევნების პერიოდს, შემდეგ კი ადმინისტრაციის შეცვლას, რამაც გაწელა სამხრეთ კავკასიისადმი პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმა.

ის სიგნალები რომელიც ამ მომენტისთვის ვაშინგტონიდან მოდის განსხვავებულია იმისაგან, რაც ჩვენ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში გვქონდა - მომდევნო წლებში საქართველო უფრო ხშირად იქნება ნახსენები იმ საერთო პოლიტიკურ თამაშში, რომელიც რუსეთსა და აშშ-ს შორის მიმდინარეობს.

ბაიდენის ხელისუფლება ბევრად პრინციპული იქნება რუსეთის მიმართ. ეს პირველ რიგში გამოხატული იქნება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლების საკითხის წინ წამოწევით. შესაძლებელია უფრო მჭიდრო სამხედრო და ეკონომიკური კონტაქტების დამყარების მცდელობაც ვიხილოთ.

თუმცა მცდარი მოლოდინებისგან თავის დასაღწევად უნდა ითქვას, რომ ისევე როგორც ტრამპის დროს, ბაიდენის საგარეო პოლიტიკა უფრო ჩინეთზე იქნება ფოკუსირებული. რუსეთის როლი ამ მსოფლიო მასშტაბის პაექრობაში მნიშვნელოვანი იქნება იმდენად, რამდენადაც ორივე ძალა - ჩინეთი და აშშ - შეეცდება მოსკოვის “გადმობირებას”. დასავლეთთან არსებული წინააღმდეგობების ფონზე, ეს უკეთესად გამოსდის ჩინეთს.

ამას უნდა დაემატოს რუსეთის მულტი-ვექტორული საგარეო პოლიტიკის გატარების სურვილი, რომელიც 1990-იანი წლებიდან მოდის. ამის ფონზე, აშშ-ის ინტერესშია ჩინეთ-რუსეთის დაახლოება შეასუსტოს/შეანელოს, რისი გაკეთებაც პოტენციურად შესაძლებელი იქნება რუსეთთან სხვადასხვა საკითხზე საერთო ენის გამონახვით.

აშშ-ის ინტერესშია ჩინეთ-რუსეთის დაახლოება შეასუსტოს/შეანელოს, რისი გაკეთებაც პოტენციურად შესაძლებელი იქნება რუსეთთან სხვადასხვა საკითხზე საერთო ენის გამონახვით

საქმე იმაშია, რომ ამერიკის ანალიტიკურ წრეებში არიან რუსეთთან დაახლოების მომხრენი. გამოითქმის მოსაზრება, რომ გათამაშდეს ის მოდელი, რომელიც ჰენრი კისინჯერმა შეასრულა 1970-იან წლებში ჩინეთ-სსრკ ნომინალური ალიანსის დასაშლელად.

რა თქმა უნდა, დღეს აშშ-სა და რუსეთს შორის მრავალი ფუნდამენტური წინააღმდეგობაა, რაც ამ ორი ქვეყნის მცირე ზომით დაახლოებასაც კი ეჭვის ქვეშ აყენებს. მაგრამ ანალიტიკაში, ჩვენ უნდა ვეცადოთ და გამოვნახოთ ის სავარაუდო ტენდენციები, რომელმაც შეიძლება გვავნოს/გვარგოს, თუნდაც ამ კონკრეტული მომენტისთვის ეს ნაკლებად სავარაუდო იყოს.

საინტერესოა საქართველოს ადგილი ამ დიდ გათამაშებაში როგორი იქნება. შესაძლებელია, რომ ამერიკამ არ ეცადოს რუსეთთან ურთიერთობების დამატებით დაძაბვას საქართველოს ნატოში გაწევრიანებით დაჩქარებით. თუმცა მარტივად შესაძლებელია, რომ ამერიკამ ამის სანაცვლოდ ეცადოს საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება დადოს, გააძლიეროს სამხედრო კავშირები წვრთნებისა და მნიშვნელოვანი სამხედრო ტექნიკის გადაცემით.

შესაძლებელია, რომ ამერიკამ არ ეცადოს რუსეთთან ურთიერთობების დამატებით დაძაბვას საქართველოს ნატოში გაწევრიანებით დაჩქარებით. თუმცა მარტივად შესაძლებელია, რომ ამერიკამ ამის სანაცვლოდ ეცადოს საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება დადოს, გააძლიეროს სამხედრო კავშირები წვრთნებისა და მნიშვნელოვანი სამხედრო ტექნიკის გადაცემით

აშშ-ის საქართველოსადმი პოლიტიკის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება ჩინეთი. ბოლო წლების განმავლობაში საქართველო ამერიკელების მიერ სულ უფრო მეტად განიხილება ჩინეთთან გლობალური პაექრობის ჭრილში. ვაშინგტონი შეეცდება მინიმუმდე დაიყვანოს ჩინეთის მცდელობები საქართველოს ინფრასტრუქტურას დაეუფლოს, იქნება ეს პორტები თუ სხვა რამ.

აშშ-ის საქართველოსადმი პოლიტიკის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება ჩინეთი. ბოლო წლების განმავლობაში საქართველო ამერიკელების მიერ სულ უფრო მეტად განიხილება ჩინეთთან გლობალური პაექრობის ჭრილში. ვაშინგტონი შეეცდება მინიმუმდე დაიყვანოს ჩინეთის მცდელობები საქართველოს ინფრასტრუქტურას დაეუფლოს, იქნება ეს პორტები თუ სხვა რამ

ცოტა ხნის წინ აშშ-სა და საქართველოს შორის დადებული შეთანხმება მეხუთე თაობის ინტერნეტის გაყვანისთვის საჭირო წინაპირობების გათვალისწინებაზე ერთ-ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ მნიშვნელობას ანიჭებს აშშ საქართველოს ჩინეთთან გეოპოლიტიკურ პაექრობისას.

- დამკვირვებელთა უმრავლესობა თანხმდება მოსაზრებაში, რომ საქართველოს მთავარი საგარეო პოლიტიკური ამოცანაა, ერთი ერთზე არ დავრჩეთ რუსეთთან. მეტიც, თუ არ ვიაქტიურეთ, მტერი, რომელიც არც თუ ისე შორსაა, მოვა და მარტივად გადაგყლაპავს.

ბაიდენის განცხადებები რუსეთზე, ასევე ევროკავშირში კონსოლიდირებული მოსაზრება თუ როგორი უნდა იყოს მათი პოლიტიკა მოსკოვის მიმართ, კი იძლევა იმის საშუალებას, რომ ერთ ერთზე რუსეთთან არც ვაშინგტონი და არც ბრიუსელი არ დაგვტოვებს.

მაგრამ, მიუხედავად შიდა პრობლემებისა, ვხედავთ რომ კრემლი პოსტსაბჭოთა სივრცეში სულ უფრო აქტიურობს. რაც მეტი დრო გადის, მით მეტად, ხან ხილულად და ხანაც ეკონომიკური-პროპაგანდისტული-ფინანსური ჰიბრიდული ომის საშუალებებით.

აშშ-ში ბაიდენის გაპრეზიდენტებამ მსოფლიო პოლიტიკაში ახალი მოლოდინები კი გააჩინა, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ კრემლმა საქართველოზე წეზოლა კიდევ უფრო გააძლიერა, თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ რა ტიპის ნაბიჯები შეიძლება გადადგას ვაშინგტონმა საქართველოსთან მიმართებაში, რაც კრემლის შესაკავებლად ეფექტური აღმოჩნდება?

- აქ ბევრ საკითხზე სპეკულირება შეიძლება, თუმცა, ვფიქრობ, რამდენიმე მეტ-ნაკლებად რეალისტური სცენარის გამოსახვა შესაძლებელია. საქართველოს საკითხი უფრო აქტიურად იქნება განხილული საერთაშორისო დონეზე.

რუსეთის პოლიტიკა ოკუპირებული ტერიტორიებისადმი ხშირად იქნება გაკრიტიკებული. ასევე შესაძლებელია აშშ-სა და საქართველოს შორის მჭიდრო სამხედრო თანამშრომლობა დამყარდეს. შესაძლებელია საუბარი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზეც.

- ყარაბაღის ომის დასრულებიდან სულ ცოტა ხანში გაქტიურდა საუბრები ტრანს-კასპიურ გაზსადენზე. იმის გათვალიწინებით, რომ ამ ტიპის თემებზე ტრამპის ადმინისტრაცია ინტერესს არ იჩენდა, არაა გამორიცხული ტრანს-კასპირი გაზსადენის თემი ახლა გააქტიურება აშშ-ში პრეზიდენტის ცვლილებებსაც უკავშირდებოდეს.

თემა კი გააქტიურდა, მაგრამ ფაქტია, რომ ისევ საუბარია იმ პრობლემურ საკითხებზე, რომელიც აზერბაიჯანსა და თურქმენეთს შორის გარკვეულ საკითხებში შეუთანხმებლობას ეხება.

თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ რა შედეგით შეიძლება დასრულდეს ტრანს-კასპიურ გაზსადენზე გააქტიურებული საუბრები?

- აზერბაიჯანმა და თურქმენეთმა 21 იანვარს საინტერესო შეთანხმებას მიაღწიეს, რითაც კასპიის ზღვაში მნიშვნელოვანი სადავო საკითხი გადაწყვიტეს. ამიერიდან ორი ქვეყანა დოტლუკის გაზის საბადოს ერთიანად დაამუშავებს.

აზერბაიჯანმა და თურქმენეთმა 21 იანვარს საინტერესო შეთანხმებას მიაღწიეს, რითაც კასპიის ზღვაში მნიშვნელოვანი სადავო საკითხი გადაწყვიტეს. ამიერიდან ორი ქვეყანა დოტლუკის გაზის საბადოს ერთიანად დაამუშავებს

ეს, სხვა საკითხებთან ერთად, იყო ის ერთ-ერთი მიზეზი თუ რატომ ვერ წაიწია წინ ტრანს-კასპიური გაზსადენის გაყვანის საკითხი. შევახსენებთ, რომ რამდენიმე წლის წინ კასპიის ზღვის შეთანხმებაც დაიდო, რაც ასევე საკმაოდ პოზიტიური ნაბიჯია ტრანს-კასპიური გაზსადენის პროექტის განსახორციელებლად.

მაგრამ რუსეთის და ირანის პოზიციები აქ ამ მომენტისთვის ჯერ კიდევ გადამწყვეტია - არცერთს სურს თურქმენული გაზი ევროპამდე მივიდეს. საჭიროების შემთხვევაში ორივე ძალა შეეცდება ამ პროექტის განხორციელებას ხელი შეუშალოს.

რუსეთის და ირანის პოზიციები აქ ამ მომენტისთვის ჯერ კიდევ გადამწყვეტია - არცერთს სურს თურქმენული გაზი ევროპამდე მივიდეს. საჭიროების შემთხვევაში ორივე ძალა შეეცდება ამ პროექტის განხორციელებას ხელი შეუშალოს

თურქმენეთი ეძებს ახალ ბაზრებს გაზის ექსპორტისთვის. ჩინეთს ის გაზს დაბალ ფასად ყიდის, რუსეთთან თანამშრომლობა აშხაბათისთვის მარტივი არ არის, ხოლო ევროპაში ექსპორტი კი სტაბილური და მომგებიანი იქნება. ამასთან ერთად, სამხრეთ კავკასიის ენერგო-დერეფანი სულ უფრო მძლავრი ხდება ბოლო წლებში ახალი პროექტების ჩაშვების ფონზე.

ტრანს-კასპიური გაზსადენის განხორცილების იდეაში მნიშვნელოვან როლს ევროპელებიც უნდა თამაშობდნენ. ამ მომენტისთვის მათგან განსაკუთრებული დაინტერესება არ მოდის.

შესაძლებელია, თურქმენული გაზით თურქეთი დაინტერესდეს, მიუხედავად იმისა, რომ თურქებმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადეს შავ ზღვაში მსხვილი გაზის საბადოების აღმოჩენა, რაც სამხრეთ კავკასიაში ანკარის გეოპოლიტიკური გავლენის გაზრდის ფონზე ლოგიკური გაგრძელება იქნება.

- იმის პარალელურად რომ მოსკოვმა შეძლო ანკარიდან საქართველო-აზერბაიჯანის გავლით თურქული ტვირთების მიღება, ვხედავთ რუსეთის მცდელობას მოსკოვი ერევანს რკინიგზით დაუკავშირდეს.

თუ მანამდე სოხუმი არ იჩენდა ინტერესს აფხაზეთის რკინიგზის მონაკვეთის აღდგენაზე, ახლა აფხაზური მხარე მზადაა ჩაერთოს ამ პროცესში. გარდა ამისა, მოსკოვი აფხაზეთში გარკვეულ ნაბიჯებს დგამს აფხაზეთში ენერგოსექტორში ფეხის მოსაკიდებლად. თუმცა, ეს პროცესი კარგა ხანია დაწყებულია.

საქართველოს რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთზე მიმოსვლის აღდგენა მხოლოდ ტვირთების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული თემაა არაა, როგორც თბილისში, ისე სოხუმში და მოსკოვში კარგად იციან, მაგრამ ფაქტია, იგი ამჯერადაც მოსკოვის ინტერესების შესაბამისადაა გააქტიურებული.

გვახსოვს, ადრე თბილისი რკინიგზის მონაკვეთის ადღგენას აფხაზეთში დევნილთა დაბრუნებას უკავშირებდა. ახლაც ისმის მოსაზრებები, რომ კარგი იქნებოდა თუ რკინიგზის ადღგენის სანაცვლოდ თბილისი მოსკოვსა და სოხუმს დევნილების ოჩამჩირის რაიონში დაბრუნებას, ასევე გალის რაიონში ქართული სკოლებში ქართულ ენაზე სწავლების უფლებას თუ მოითხოვდა და ასე შემდეგ.

ვითარებაში, როცა თბილისი აფხაზეთს რუსეთის მეირ ოკუპირებულად მიიჩნევს, გაუგებარია, ჯერ როგორ უნდა მოითხოვის, და მერე როგორ უნდა დათანხმდეს იგივე თბილისი დევნილების ოკუპირებულ ტერიტორიაზე დევნილების დაბრუნებას. თუ დევნილთა ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაბრუნებაზეა საუბარი, რატომ არაა თუნდაც მსჯელობის დონეზე დევნილების გაგრასა და სოხუმში დაბრუნებაზე.

რას შეიძლება ნიშნავდეს აფხაზეთის რკინიგზის მონაკვეთზე სოხუმსა და მოსკოვში დაწყებული საუბრები და ამ თემაზე სავარაუდოდ, როგორი შეიძლება იყოს თბილისის სახელმწიფოებრივი პოზიცია?

- აფხაზი პოლიტიკოსები ცდილობდნენ ჩაერთონ იმ საერთო პროცესში, რომელიც მოსკოვის მიერ იქნა წამოწყებული და ეხება სამხრეთ კავკასიაში ძველი სარკინიგზო კავშირების აღდგენას. სოხუმი ასევე დაინტერესებულია პოტენციური ეკონომიკური სარგებლით.

აფხაზეთში რთული ეკონომიკური მდგომარეობაა, რომელიც პანდემიის შედეგებით და რუსეთის მიერ დახმარების დაგვიანებით არის გამოწვეული. დე-ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია და რამდენიმე სხვა პოლიტიკოსი, მათ შორის სერგეი შამბა, თბილისთან ეკონომიკური ურთიერთობების დარეგულირებას ღიად უჭერენ მხარს. როგორც ჩანს, აფხაზეთში ფიქრობენ სარკინიგზო მიმოსვლა შეამსუბუქებს რეგიონის მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას.

დავუბრუნდეთ რუსეთს, რომელსაც კარგად ესმის, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით სომხეთამდე სარკინიგზო მიმოსვლა არ შეიძლება იყოს უსაფრთხო ერევანსა და ბაქოს შორის არსებული ანტაგონიზმის გამო. ამიტომაც, მოსკოვიც აქტიურადაა დაინტერესებული აფხაზური რკინიგზის აღდგენით.

აქ კიდევ ერთი რამაა გასათვალისწინებელი. გარდა ირანამდე აზერბაიჯანზე გამავალი ასტარას სარკინიგზო ხაზისა, რუსეთს სურს ირანს სხვა მიმართულებებითაც დაუკავშირდეს.

ზოგადად, მეორე ყარაბაღის ომის შემდეგ რუსეთის მიერ გადადგმული ნაბიჯები მიანიშნებს იმაზე, რომ კავკაშიაში აღმოსავლეთ-დასავლეთის და ჩრდილოეთ-სამხრეთის სარკინიგზო მიმართულებებს შორის ბრძოლა მიმდინარეობს. აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებებს დასავლეთი და თურქეთი უჭერს მხარს, ხოლო ჩრდილოეთ-სამხრეთის კი რუსეთი. ირანი ორივე მიმართულებას უჭერს მხარს იმდენად რამდენადაც ისინი თეირანის ინტერესებში შედის.

კავკაშიაში აღმოსავლეთ-დასავლეთის და ჩრდილოეთ-სამხრეთის სარკინიგზო მიმართულებებს შორის ბრძოლა მიმდინარეობს. აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებებს დასავლეთი და თურქეთი უჭერს მხარს, ხოლო ჩრდილოეთ-სამხრეთის კი რუსეთი. ირანი ორივე მიმართულებას უჭერს მხარს იმდენად რამდენადაც ისინი თეირანის ინტერესებში შედის

თბილისის პოზიცია აქ საინტერესოა. ზოგადად, ტრანზიტი საქართველოზე მნიშვნელოვანია და მისასალმებელი. თუმცა აფხაზეთის რკინიგზის ამუშავება ბევრ სახელმწიფოებრივ, ასე ვთქვათ, ლეგალურ საკითხთან არის დაკავშირებული.

დიდი ალბათობით, აფხაზეთის რკინიზგის მონაკეთზე მიმოსვლის აღდგენაზე თბილისის პოზიცია უცვლელი დარჩება და რკინიგზის აღდგენის საკითხის მკვდარი ადგილიდან დაძვრა მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ საქართველოს ყველა რეგულაცია იქნება დაცული - მატარებლების გაკონტროლება, საჭირო დოკუმენტები მხოლოდ ქართული სახელმწიფოებრივი ატრიბუტიკის მატარებელი იქნება და ა. შ.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

კორნელი კაკაჩია - ხელისუფლებამ უნდა შეძლოს ქვეყნის გადაყვანა დაპირისპირების რელსებიდან კონსტრუქციულობის ფორმატში, თუმცა ამის რესურსს მმართველ გუნდში ვერ ვხედავ
დიმიტრი შველიძე - რუსული ოკუპაციის 100 წლისთავზე მთავარია გვახსოვდეს - ყოფილი მეტროპოლია ფარული ჩარევით, მშვიდად უყურებს საქართველოში პოლიტიკური ბანაკების გაუთავებელ ომს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.02.2021
კომპანია "სილქნეტი" განცხადებას ავრცელებს
როგორ შეუძლიათ ბიზნესებს თანამშრომელთა სამუშაო საათები ავტომატურად აღრიცხონ?
ბაკურიანის მსოფლიო თასის ეტაპებისთვის რეგისტრაცია დასრულებულია
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან არსებულმა დაზარალებულთა ნდობის ფონდმა საქართველოსთვის დახმარების პროგრამა დაამტკიცა
ლაბორატორია „მეგალაბში“ კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული შტამის დადგენაა შესაძლებელი