ლია მუხაშავრია - სიძულვილს, დაპირისპირებას და ძალის უკანონო დემონსტრირებას არასოდეს მოუტანია სიკეთე არავისთვის, განსაკუთრებით მოძალადისთვის

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე “ინტერპრესნიუსი“ უფლებადამცველს, არასამთავრობო ორგანიზაციის "ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი" აღმასრულებელ დირექტორ ლია მუხაშავრიას ესაუბრა.

-ქალბატონო ლია, მას შემდეგ რაც პარლამენტმა დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის შესახებ, სასამართლომ მელიას მიმართ პროკურატურის მიერ წაყენებულ ბრალდებაზე იმსჯელა და მას პატიმრობა მიუსაჯა.

დამკვირვებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მელიას დაკავებისთვის საფუძველი არ არსებობდა და ამ მიმართულებით ნებისმიერი გადაწყვეტილება პოლიტიკური იქნებოდა. მეტიც, ბრალდება თითიდან იყო გამოწოვილი და აღმკვეთი ღონისძიებისთვის საფუძველი არ არსებობდა.

თქვენ როგორ შეაფასებდით ნიკა მელიას საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას? იგი უფრო სამართლებრივი იყო, პოლიტიკური, თუ ორივე ერთად?

- ნიკა მელიას წინააღმდეგ წარმოებული საგამოძიებო და სასამართლო პროცესი მთლიანობაში, შეიძლება ვთქვათ, რომ არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურად მოტივირებული.

შემიძლია სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს როგორც ნიკა მელიას ბრალდების კუთხით, ისე მის მიმართ აღკვეთი ღონისძიების გამოყენების თვალსაზრისით.

შემიძლია სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს როგორც ნიკა მელიას ბრალდების კუთხით, ისე მის მიმართ აღკვეთი ღონისძიების გამოყენების თვალსაზრისით

ჩვენ ხომ იმ ქვეყნის და ამასთან ყოფილი საბჭოეთის მოქალაქეები ვართ და ძალიან კარგად ვცნობთ ხოლმე, როდესაც სასამართლო გამოყენებულია პოლიტიკურ იარაღად ოპონენტის, ოპოზიციონერის ან მოწინააღმდეგის წინააღმდეგ. აქ კი ერთბაშად პოლიტიკური დევნის რამდენიმე ცხადი ნიშანი გვაქვს - ნიკა მელია არის ოპოზიციონერი, ამასთან გამოკვეთილი და საყოველთაოდ ცნობილი ოპოზიციონერი, რომელიც იმავდროულად არის მთავარი ოპოზიციური პარტიის პირველი პირი, ლიდერი.

ამასთან, ბრალდება, რომელიც სრულიად დაუსაბუთებელია, პირდაპირ პოლიტიკურია და ეხება 2020 წლის 20 ივნისის პოლიტიკურ საპროტესტო გამოსვლას და სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტის სასესიო დარბაზში მის მიერ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან სხდომის თავმჯდომარეობის გამო გამოწვეულ საერთო სახალხო მღელვარებას და აღშფოთებას.

უნდა გითხრათ, რომ როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოში მოვიგე საქმე საქართველოს კანონის "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" რამდენიმე დებულების ანტიკონსტიტუციურობის თაობაზე, რომელმაც ერთხელ და სამუდამოდ დაადგინა, რომ ჩვენ, მოქალაქეებს გვაქვს უფლება ყოველგვარი ნებართვის გარეშე გავმართოთ შეკრება და მანიფესტაცია, რომელიც, სხვათა შორის, შეიძლება დაიწყოს სრულიად არაორგანიზებულად, სპონტანურად და გამოწვეული იყოს ისეთი მოვლენით ან ამბით, რამაც ათასობით მოქალაქე ქუჩაში ერთდროულად, სრულიად არაორგანიზებულად გამოიყვანა, როდესაც უბრალოდ ფიზიკურად შეუძლებელია არსებობდეს ორგანიზატორი, ან მოთავე და როდესაც სრულიად შესაძლებელია მოხდეს არა მარტო ტრანსპორტის სავალი ნაწილის, არამედ მთელი ქალაქის პარალიზებაც კი.

მაშინ ძალიან ძნელი იყო ამ თეორიული არგუმენტის გასამყარებელი მაგალითის მოყვანა, ახლა კი ყველას შეუძლია 20 ივნისის მაგალითი მოიყვანოს, როგორც სწორედ სპონტანური, დაუგეგმავი და ათასობით ადამიანის ერთდროულდ ქუჩაში პროტესტით გამომყვანი, როდესაც დაინახეს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში მოკალათებული ოკუპანტი სახელმწიფოს წარმომადგენელი.

ამ სპონტანური და საყოველთაო საპროტესტო აქციისადმი ხელისუფლების მხრიდან უგუნური დაპირისპირება, რომელიც, რაღა თქმა უნდა, რომ ხელისუფლების ბრალით იყო გამოწვეული და რომელიც უდანაშაულო ადამიანების ძალის გადამეტებული გამოყენების გამო სრულიად უკანონო გახდა, კიდევ უფრო დანაშაულებრივი ხდება იმით, თითქოსდა მას ჰყავდა ხელმძღვანელები, რომელთაც ჰქონდათ პარლამენტის შტურმით აღების მცდელობა.

ამასთან, არც ერთი პირი ხელისუფლებას არ გამოუვლენია და არ დაუსჯია სისხლის სამართლის წესით იმათგან, ვინც მიიღო საპროტესტო აქციის ძალით და იარაღით დაშლის გადაწყვეტილება, რომელსაც რამდენიმე პირის უმძიმეს ფიზიკური ზიანი და რამდენიმე ათეული ჟურანლისტის დაზიანება მოჰყვა.

ამიტომ, რომ შევაჯამოთ, სპონტანური საპროტესტო პოლიტიკური აქციის წარმოშობისათვის, მისი უკანონო და გადამეტებული ძალით დაშლისათვის, საპროტესტო აქციის მშვიდობიანი მონაწილეებისა და ჟურნალისტების დაზიანებისთვის მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლებაა პასუხისმგებელი და იმის ნაცვლად, რომ მათ მართლაც მოეხდინა ამ ისტორიული და მასობრივი დანაშაულის სწორი კვალიფიკაცია და თუნდაც ყველაზე დაბალი რგოლის წარმომადგენლების გასამართლება, მათ იერიში ნიკა მელიაზე მიიტანეს და შეეცადნენ საკუთარი დანაშაულებრივი ქმედებების მთელი კასკადის ოპოზიციის ლიდერებზე გადაბრალებას.

საუბარია საყოველთაოდ ცნობილ მოვლენებზე, რომლებიც ათასობით კეთილი ნების აღშფოთებული ადამიანის თვალწინ გაიმართა და რომელსაც ათასობით მოწმე და დაზარალებული ჰყავს, რომელთაგან არც ერთი, ვიმეორებ არც ერთი, ოფიციალურ საგამოძიებო და სასამართლო ორგანოებს დაზარალებულად არ უცვნია.

ბუნებრივია, ასეთ ვითარებაში, საზოგადოებას, დაზარალებულებს და კონკრეტულ უდანაშაულოდ ბრალდებულ პირებს აქვთ სრული უფლება არ დაემორჩილონ უსამართლო სისტემის უკანონო გადაწყვეტილებებს და წინ აღუდგნენ მას.

ასეთ ვითარებაში, საზოგადოებას, დაზარალებულებს და კონკრეტულ უდანაშაულოდ ბრალდებულ პირებს აქვთ სრული უფლება არ დაემორჩილონ უსამართლო სისტემის უკანონო გადაწყვეტილებებს და წინ აღუდგნენ მას

- სასამართლოს რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიეღო, ვხედავთ, რომ ქართული მართლმსაჯულების აღარც ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელსაც აღარ სჯერა.

მან ჩვენს „რეფორმირებულ სასამართლოზე“, განაცხადა - სასამართლო სისტემის მიმართ უნდობლობა და პოლარიზაციის მაღალი ხარისხი - ეს ორი ფაქტორი ერთად დამანგრეველი კომბინაცია და სახიფათო ტრაექტორიაა.“

თუ სამაჯურის მოხსნა არ იყო მტკიცებულება, რომ ბრალდებული მელია გაიქცეოდა, გამოძიებას ხელს არ შეუშლიდა, რაღა საჭირო იყო გირაოს გადაუხდელობის თემის გააქტიურება, ანაც თუნდაც მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნა, რამაც საშინაო პოლიტიკაში ვითარება დაძაბა?

- ჩემი აზრით, ამჟამად საქართველოს ჰყავს სრულიად უგუნური პოლიტიკური ხელისუფლება, რომელიც ვერ ხედავს საკუთარი უგუნური გადაწყვეტილებების შედეგებს ვერც დღეს, ვერც ხვალ და საუბარი ზედმეტია იმაზე, რომ ვერ ხედავს შორეულ პერსპექტივაში იმ მოვლენებს, რაც მათ უგუნურებას მოჰყვება.

იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლება პირველ რიგში ზრუნავდეს ქვეყანაში არსებული რადიკალური დაპირისპირების გარემოს შეცვლაზე, ისინი პირიქით, ყველაფერს აკეთებენ ვითარების ესკალაციისათვის. შეიძლება ვთქვათ, რომ ცეცხლზე ნავთს ასხამენ და არ ფიქრობენ, რა მძიმე შედეგები მოყვება ამგვარ ქმედებას პირველ რიგში მათთვის.

იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლება პირველ რიგში ზრუნავდეს ქვეყანაში არსებული რადიკალური დაპირისპირების გარემოს შეცვლაზე, ისინი პირიქით, ყველაფერს აკეთებენ ვითარების ესკალაციისათვის. შეიძლება ვთქვათ, რომ ცეცხლზე ნავთს ასხამენ და არ ფიქრობენ რა მძიმე შედეგები მოჰყვება ამგვარ ქმედებას პირველ რიგში მათთვის

სრულიად ცხადია, რომ ეს ადამიანები ვერ აცნობიერებენ როგორ ანგრევს და აქცევს ქვეყანას და სახელმწიფოს მათი პოლიტიკა - ძალადობის, შეუსმენლობის, საზოგადოების პოზიციისა და აზრის გაუთვალისწინებლობა.

მეორეს მხრივ, ვფიქრობ, ხელისუფლების უგუნური და ძალადობრივი პოლიტიკა ოპოზიციური პარტიებისა და არსებული ვითარებით უკმაყოფილო ძალების უფრო მეტ კონსოლიდაციას გამოიწვევს, გაამთლიანებს მათ, შეკრავს ერთ მუშტად, რაც უახლოეს მომავალში მათ მიერ ხელისუფლების დამარცხების წინაპირობაა.

ახლა, ხელისუფლება უკვე საშიში ხდება ყველასთვის და არა მხოლოდ მისი პოლიტიკური ოპონენტებისთვის, რაც ყველას უბიძგებს თავდაცვის, გაერთიანებისა და ოპოზიციის გამთლიანებისკენ. ასეთ ერთიანობას, როგორც წესი და ეს საყოველთაოდ ცნობილია, ვერც ერთი პოლიტიკური ხელისუფლება ვერ უძლებს.

ხელისუფლება უკვე საშიში ხდება ყველასთვის და არა მხოლოდ მისი პოლიტიკური ოპონენტებისთვის, რაც ყველას უბიძგებს თავდაცვის, გაერთიანებისა და ოპოზიციის გამთლიანებისკენ. ასეთ ერთიანობას, როგორც წესი და ეს საყოველთაოდ ცნობილია, ვერც ერთი პოლიტიკური ხელისუფლება ვერ უძლებს

-ხელისუფლების მტკიცებით, ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის გადაწყვეტილება იმიტომ იქნა მიღებული, რომ არავის მისცემოდა შესაძლებლობა, კანონზე მაღლა დაეყენებინა თავი.

ხელისუფლება აცხადებს, რომ მელიამ შეგნებულად მოუწყო პროვოკაცია სახელმწიფო ინსტიტუტებს და მთელი ოპოზიციური სპექტრი შეეცადა მელიას საქმის პოლიტიკური გეგმებისთვის გამოყენებას.

დამკვირვებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ საუკეთესო გადაწყვეტილება იქნებოდა თუ იგი პროკურატურის არც ერთ შუამდგომლობას არ დააკმაყოფილებდა.

სავარაუდოდ, როგორი შეიძლება ყოფილიყო ამ ვითარებაში ერთი მხრივ ხელისუფლების, მეორე მხრივ პროკურატურის, ხოლო მესამე მხრივ სასამართლოს რეაგირება მელიას მიერ გირაოს გადაუხდელობის გამო უარის თქმაზე?

- ნიკა მელიასთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საქმეს აქვს ერთი მეტისმეტად ცხადი მხარე, კერძოდ ის, რომ აღკვეთის ღონისძიების საკითხის დაყენება პროკურატურის მხრიდან ახლა, ამ ვითარებაში, სავარაუდო დანაშაულის ჩადენიდან ამდენი ხნის შემდეგ, როცა გამოძიების დასრულებას არ დაადგა საშველი, სრულიად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია და ნიშნავს მხოლოდ და მხოლოდ ძალის დემონსტრირების მცდელობას ხელისუფლების მხრიდან.

ხელისუფლება ცდილობს იმის ჩვენებას, რომ მათ შეუძლიათ ძალის გამოყენებით ნებისმიერ პირის, მათ შორის მთავარი ოპოზიციური ძალის გამოკვეთილი ლიდერის დაპატიმრება და ამგვარად მისი განეიტრალება.

სიძულვილს, დაპირისპირებას და ძალის უკანონო დემონსტრირებას არასოდეს მოუტანია სიკეთე არავისთვის, განსაკუთრებით მოძალადისთვის

თუ მათ ეს გამოუვათ, ეს ნიშნავს მთელი საზოგადოების, ამ ქვეყნის ყველა მოქალაქის ან ამ ქვეყნის ტერიტორიაზე მდებარე ნებისმიერი პირის დატერორებას და იძულებით დამორჩილებას, რაც შეუძლებელია განახორციელოს „ქართულმა ოცნებამ“ თუ გავითვალისწინებთ მათ ადამიანურ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სხვა რესურსს.

ასეთი რამ საქართველოში მხოლოდ და მხოლოდ რუსეთს ან სხვა იმპერიებს გამოსდიოდათ და ისიც ძველ დროში, როცა არ არსებობდა დემოკრატია და სამყაროს ამ ნაწილის დემოკრატიული განვითარების საერთაშორისო მხარდაჭერა.

როცა ასეთი მკაფიო და ცხადი რამ არ ესმის ქვეყნის პოლიტიკური ხელისუფლების ლიდერებს, ასეთი ადამიანებისათვის, ჩემი აზრით, უგუნური კომპლიმენტი შეიძლება იყოს.

- საუბრებმა იმის შესახებ, რომ თუ მელია არ გადაიხდიდა, შეიძლება გირაოს თანხა სხვას გადაეხადა, ირიბად მიანიშნებდა იმაზე, რომ ხელისუფლებას არ სურდა ამ საკითხებზე ვითარების გამწვავება.

მას შემდეგ, რაც სხვების მიერ გირაოს გადახდაზე მელიამ ხმაურიანი განცხადებები გააკეთა, მმართველმა გუნდმა მოქმედების სხვა გზა აირჩია და ამ საქმეზე როგორც თავად თქვეს - „პარტიამ კოლექტიური გადაწყვეტილება მიიღო.“

ასე იმოქმედა მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური დიალოგისთვის წერტილის დასმა არც „ქართულ ოცნებას“ აწყობდა. თუმცა, როგორც მმართველი ძალა „ნაცმოძრაობაზე“ აცხადებდა რომ „დაასრულებდა,“ ისე „ნაცმოძრაობა“ აცხადებდა, რომ „ოცნების“ ხელისუფლების მმართველობა უნდა დასრულდეს.“

მოკლედ, მხარეებს ერთმანეთისთვის ხელთათმანები აქვთ ნასროლი. ახლა მთავარია ძალადობაზე არ გადავიდნენ. ოპოზიცია პოლიტიკური პროცესების ქუჩაში გადანაცვლებას აანონსებს. „ოცნება“ იმედოვნებს რომ „ნაციონალების“ ირგვლივ გაერთიანებული ოპოზიცია ხალხის საკმარის რაოდენობას ქუჩაში ვერ გამოიყვანს.

იმის ფონზე, რაც მელიას საქმის ირგვლივ ხდება, სავარაუდოდ, როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები?

- მიმაჩნია, რომ "ქართული ოცნების" მხრიდან ოპონენტების და ერთი კონკრეტული ოპოზიციური პარტიის საქმიანობის "დასრულებაზე" მათი განცხადებები სიძულვილის ენის მკაფიო გამოვლინებაა, რომ არაფერი ვთქვათ ამ განცხადებების აღსრულების უდღეურ მცდელობებზე.

სიძულვილს, დაპირისპირებას და ძალის უკანონო დემონსტრირებას არასოდეს მოუტანია სიკეთე არავისთვის, განსაკუთრებით მოძალადისთვის. ჩვენ ხომ მოარული ფრაზაც კი გვაქვს - "რაც მტრობას დაუნგრევია....".

საყოველთაო, სამოქალაქო დაუმორჩილებლობა არის გამოსავალი წინ აღვუდგეთ ძალმომრეობას და ჩვენი სახელით განხორციელებულ უგუნურ დანაშაულებრივ პოლიტიკას

ჩვენი პოლიტიკური ლიდერები ჯვარს ატარებენ და თავს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლად მიიჩნევენ, პოლიტიკურ საქმიანობასა და ცხოვრებაში კი საწინააღმდეგოს აკეთებენ.

ასეთი შინაგანი წინააღმდეგობა, ჩემი აზრით, პირველ რიგში ანგრევს მას, ვინც ასეთ წინააღმდეგობაშია საკუთარ თავთან და მერე სამყაროსთან, ვერ ხვდება ელემენტარულ ჭეშმარიტებას, რომ წუთისოფელში ვცხოვრობთ, რომ ამ წუთისოფელში წამის მოვლენაა ამ კონკრეტული უგუნური ადამიანის დროებითი აღზევება და რომ ძალაუფლება იმისთვის მოგეცა სიკეთეს და საზოგადოების კეთილდღეობას მოახმარო ის და არა პირიქით.

ასეთი უგუნურება არ შეიძლება დაუსჯელი დარჩეს, მაგრამ დასჯით არა მარტო ის კონკრეტული უგუნური ისჯება, არამედ მთელი ქვეყანა და მრავალი უდანაშაულო. თუმცა, რატომ უდანაშაულო, ჩვენ ყველამ მივეცით უფლება და შესაძლებლობა ამ უგუნურებს, მივეცით მანდატი, რომ თავს მოგვახვიონ უკანონო, უსამართლო, ძალადობრივი პოლიტიკა, რომელსაც ვითმენთ და არ ვაპროტესტებთ.

ამიტომ, მგონია, რომ ახლა დროა ჩვენი ხმა შევუერთოთ ერთმანეთს და გავერთიანდეთ საყოველთაო ბოროტებისა, უგუნურებისა და ძალადობის წინააღმდეგ.

ამის გაკეთება სრულიად საქართველოს ძალიან მარტივად, ყოველგვარი ძალადობისა და უკანონობის გარეშე შეუძლია სამოქალაქო დაუმორჩილებლობის გზით, თუმცა, თუ ჩვენს პანდემიაში გამოკეტილ რეალობას გავითვალისწინებთ, ვფიქრობ, დაუმორჩილებლობის მხოლოდ განცხადებაა საჭირო, სხვა მხრივ არანაირი ქმედებას არ ვსაჭიროებთ.

საყოველთაო, სამოქალაქო დაუმორჩილებლობა არის გამოსავალი წინ აღვუდგეთ ძალმომრეობას და ჩვენი სახელით განხორციელებულ უგუნურ დანაშაულებრივ პოლიტიკას.

2021 წელი შეიძლება ვაქციოთ შემობრუნების წლად, რომ საქართველოში დამთავრდეს კანონის სახელით განხორციელებული უკანონობა და ძალადობა

ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა გაგვაერთიანოს მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის, ჩვენი სამშობლოს, ჩვენი სახელმწიფოს გადარჩენის სურვილმა, რადგან სახელმწიფო ეს ჩვენ - მისი ხალხი და მისი მოქალაქეები ვართ და ის ჩვენ გვინდა იყოს ძლიერი, ერთიანი და განვითარებული ხვალ, ზეგ, უსასრულოდ და არ მივცეთ უფლება უგუნურ მედღეურებს გაანადგურონ ის, რაც ჩვენთვის ყველაზე ძვირფასია.

მთელი გულით მინდა ეს საშინელი რეალობა ჩავანაცვლოთ ამ სასიკეთო პერსპექტივის განცდით და სურვილით, რომლის საფუძველი არის სამშობლოს მიმართ საკუთრების განცდა, როგორც არავის მივცემთ უფლებას უკითხავად, თავხედურად და ძალადობრივად დაიკავოს ჩვენი საკუთარი ოჯახი, სახლი და ბინა, ისე არ უნდა მივცეთ უფლება არავის დაიკავოს ჩვენი სამშობლო-საქართველო და ხელისუფლების სახელით დაგვაპირისპიროს, გაგვთიშოს, შეგვაძულოს ერთმანეთი.

- მელიას დასაცავად ოპოზიცია გაერთიანდა, რითაც უფრო დაუახლოვდა „ნაცმოძრაობას“. მეტიც, ოპოზიციის ლიდერები ხაზგასმით შენიშნავენ, რომ განსხვავებული პარტიების ერთობა მომავალი ხელისუფლების მოდელი შეიძლება იყოს.

ევროკავშირის ელჩმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მმართველ ძალასა და ოპოზიციას დიალოგისა და მეხუთე რაუნდისკენ, მაგრამ არა ვარ დარწმუნებული, ოპოზიციის სცენარით მეხუთე რაუნდის გამართვა „ქართულ ოცნებას“ არ მოუნდება.

ფაქტია, რომ ვითარების დეესკალაციისგან აშკარად შორსა ვართ. შესაძლოა ვცდებოდე, მაგრამ რჩება შთაბეჭდილება, რომ როგორადაც არ უნდა განვითარდეს პროცესები, მოგებული ვერც ხელისუფლება, ვერც ოპოზიცია, ვერც ქვეყანა და საზოგადოება დარჩება, რადგან ეკონომიკური რეცესიის გამოქვეყანა და საზოგადოება უკიდურესად მძიმე ვითარებაში არიან.

თუ თქვენ ასე არ ფიქრობთ, გაუგებარია დაპირისპირებული მხარეები რისთვისღა იღწვიან?

- მინდა ოპტიმისტად დავრჩე, რეალისტ ოპტიმისტად. მე ვხედავ სასიკეთო არა მარტო პოლიტიკური, არამედ სრულყოფილი და ყოველმხრივი განვითარების პერსპექტივას დღეს შექმნილ ვითარებაში.

ჩემთვის ეს არის ყველას გაერთიანება ძალადობის, უკანონობისა და უსამართლობის წინააღმდეგ. მჯერა, რომ თუკი ჩვენ, კეთილი ნების ადამიანები, რომლებიც, დარწმუნებული ვარ გაცილებით მეტნი ვართ, ვიდრე უგუნური, მოძალადე მედღეურები, გავაერთიანებთ ჩვენს ძალისხმევას, რისი უპირობო ნიშნები უკვე სახეზე გვაქვს ოპოზიციური პარტიების გაერთიანებისა და უსამართლო არჩევნების ბოიკოტის სახით, საზოგადოების გაერთიანების სახით მელაშვილისა და ილიჩოვას გირაოს საკითხზე.

დარწმუნებული ვარ, რომ ამ პატარა ქვეყნის, ჩვენი სამშობლოს საკეთილდღეოდ მობრუნება ორიოდე წლის საქმეა. უმთავრესია, ჩვენ, ამ ქვეყნის კეთილი ნების მოქალაქეებმა შევქმნათ და მოვითხოვოთ განხორციელდეს პოლიტიკური ნება, რომელიც მომდინარეობს ჩვენი ნებიდან ამ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, სიკეთე და კეთილდღეობა.

ქართველებმა და ამ ქვეყნის ყველა მოქალაქემ ეს არა ერთხელ დავამტკიცეთ ისტორიულ წარსულში და უახლოეს წლებში. ჩვენ შეგვიძლია და უნდა შევცვალოთ ის, რაც მიუღებელია, ჩვენ ეს შეგვიძლია, ჩვენ ეს გვინდა, ჩვენ ეს ძალგვიძს, უბრალოდ, ჯერ ჩვენ თვითონ უნდა დავიჯეროთ ეს.

შეუძლებელი არაფერია. 2021 წელი შეიძლება ვაქციოთ შემობრუნების წლად, რომ საქართველოში დამთავრდეს კანონის სახელით განხორციელებული უკანონობა და ძალადობა.

ინტერპრესნიუსი

კობა ბენდელიანი

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა