არჩილ თალაკვაძე - პარტნიორების მოწოდებას, მოხდეს დაძაბულობის შემცირება და ვითარების დეესკალაცია, რადიკალურმა ოპოზიციურმა ჯგუფებმა, პოლიციასთან ქუჩაში ძალადობით და პროვოკაციებით უპასუხეს

აშკარაა, რომ პარტნიორების მოწოდებას - მოხდეს დაძაბულობის შემცირება და ვითარების დეესკალაცია, რადიკალურმა ოპოზიციურმა ჯგუფებმა, პოლიციასთან ქუჩაში ძალადობით და პროვოკაციებით უპასუხეს, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს.

როგორც თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, კანონის და სამართლებრივი წესრიგის ხელყოფა მიმართულია ვითარების დარეგულირების წინააღმდეგ და არა დეესკალაციისკენ. მისივე თქმით, ეს ყველაფერი იმ არგუმენტებს ადასტურებს, რაზეც ხელისუფლება მიუთითებდა.

“პოლიტიკური პროცესის დაბალანსება და დამშვიდება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყველა მხარე პატივს სცემს კანონს, ინსტიტუტებს და სამართლიანობის პრინციპებს. აქვე უნდა ვთქვა, რომ „ქართული ოცნება“ ყოველთვის ამ პრინციპების დაცვით მონაწილეობდა პოლიტიკურ დიალოგში და მოლაპარაკებებში. ჩვენ, გადავდგით ძალიან კონკრეტული და ხელშესახები ნაბიჯები არა მხოლოდ ახლანდელი პოლიტიკური დიალოგის არამედ, 8 მარტის პოლიტიკური დიალოგის ფარგლებშიც და ის ფუნდამენტური რეფორმები, რაზეც ჩვენ ავიღეთ პასუხისმგებლობა და დავდეთ პირობა, „ქართულმა ოცნებამ“ პასუხისმგებლიანად შეასრულა. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პოლიტიკური შეთანხმებისთვის და დიალოგისთვის იმას, თუ ვის ესაუბრები, რამდენად პასუხისმგებელია მეორე მხარე და რამდენად ასრულებს ის ვალდებულებებს, რომელიც აღებული აქვს ან შეიძლება აიღოს მომავალში პოლიტიკური დიალოგის ფარგლებში“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა ისიც, რომ კანონის უზენაესობის, დემოკრატიული ინსტიტუტების, მათ შორის, არჩევნების ხარჯზე, სუბიექტური შეთანხმებები ვერ მოხდება.

“ჩვენ, როგორც პოლიტიკური გუნდი, რომელიც დღეს ვატარებთ ძირითად პასუხისმგებლობას ქვეყნის მართვაზე, რასაკვირველია, ვართ იმ ფარგლებში როდესაც მოლაპარაკებების მაგიდასთან ვიმყოფებით, სადაც დაცულია კანონის უზენაესობა, დაცულია სახელმწიფო ინსტიტუტების და ჩვენი საზოგადოების ინტერესები.

ეს არის ის მნიშვნელოვანი ხაზები, რა ფარგლებშიც ჩვენ შეგვიძლია მოლაპარაკება ნებისმიერ პროგრესულ საკითხთან დაკავშირებით. საზოგადოებამ დაინახა, რომ ჯერ კიდევ დიალოგის მიმდინარეობის დროს, ჩვენ გამოვთქვით მზადყოფნა საარჩევნო რეფორმის განხორციელებაზე, რაც ასევე გახლდათ დიალოგის გარკვეულ მონაკვეთში ოპოზიციასა და ჩვენ შორის პრაქტიკულად პოზიციების სრული დაახლოების საკითხი. სამწუხაროდ, აქაც რადიკალურმა ოპოზიციამ, როგორც ეს მოხდა 8 მარტის შეთანხმების შემდეგ და მისი ხელმოწერის შემდეგ, როდესაც მათ მთავარ მოთხოვნებსაც კი, მხარი არ დაუჭირეს პარლამენტში სამწუხაროდ, დღესაც გვაქვს მსგავსი რეალობა, როდესაც ოპოზიციის რადიკალური ნაწილი არ ერთვება საარჩევნო რეფორმის განხორციელებაში თუმცა, რასაკვირველია, ჩვენ ყველა დავინახავთ, რომ ადგილობრივი არჩევნების დროს, თვეების შემდეგ, ისინი ისარგებლებენ იმ სიკეთეებით და პროგრესით, რასაც ეს საარჩევნო რეფორმა მოიტანს.

რა თქმა უნდა, ჩვენ ამ რეფორმას ვაკეთებთ არა იმიტომ, რომ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას ვასიამოვნოთ, არამედ ვაკეთებთ იმიტომ, რომ ეს შედის ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ინტერესებში“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა