ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026

ირაკლი მელაშვილი - “ეს უზნეო გზა ხელისუფლებისთვის ცუდად მთავრდება ხოლმე“

მორიგი განხეთქილება და შესაძლო ორხელისუფლებიანობა “ნაცმოძრაობაში”

მირიან მირიანაშვილი - “ოქტომბრისთვის საქართველოსთვის “ორ სკამზე ჯდომის” შესაძლებლობა შეიძლება დასრულდეს”

* * *

ირაკლი მელაშვილი - “ეს უზნეო გზა ხელისუფლებისთვის ცუდად მთავრდება ხოლმე“

“ასეთი სტრუქტურები ყველა ხელისუფლების დროს ძალოვანების მონაწილეობით ჩნდებოდა და როგორც კი მათ მხარდაჭერას დაკარგავდა, მაშინვე ქრებოდა. თუნდაც “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი” და ასეთი ბევრი იყო ისტორიაში. ახლა ჯერ ერთი შეიქმნა, მეორე დღეს - მეორე… ეს ძალოვანების პოლიტიკური თამაშია მოსახლეობის დასაშინებლად, რომ შეიქმნას განცდა, ხელისუფლებას თუ არ მოეწონები, ფიზიკურად გაგისწორდებიან. საქართველოში ხელისუფლებები კუნთების თამაშს და ასეთი პერსონაჟების წინა პლანზე გამოყვანას მაშინ იწყებენ, როცა საზოგადოების მხარდაჭერაში დარწმუნებული არ არიან. ეს უზნეო და მცდარი გზაა, რომელიც ხელისუფლებებისთვის საწინააღმდეგო შედეგით მთავრდებოდა. ამჯერადაც ასე იქნება... ბიძინა ივანიშვილის გარეშე ხშირად ხდება ხოლმე რაღაცები, ის ყველაფერს ყოველწუთიერად ვერ აკონტროლებს. ასე რომ, შესაძლებელია ესეც მის გარეშე მომხდარიყო, ოღონდ პასუხისმგებლობა მაინც მასზეა. ის არის პასუხისმგებელი იმ ხალხზე, ვინც მოიყვანა ხელისუფლებაში და ვინც გადაწყვეტილებებს იღებს...” - აცხადებს ანალიტიკოსი ირაკლი მელაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში სათაურით “ეს უზნეო გზა ხელისუფლებისთვის ცუდად მთავრდება ხოლმე”.

“შსს მოწოდების სიმაღლეზე რომ იყოს, ამ ხალხის ძალადობის ნებისმიერი ცდა ციხით დამთავრდებოდა, მაგრამ ძალოვნები ამას არ აკეთებენ, პირიქით, წამახალისებლები არიან. სამი მუტრუკი ერთ კაცს 10 წუთი ურტყამდა და მხოლოდ ერთი კაცია ძიებაში, ისიც გირაოთი გამოუშვეს. აი, ასეთ “სამართალს” ამყარებენ და სწორედ ამის გამო უკრავს ტაშს ხელისუფლებას საზოგადოების უზნეო ნაწილი... თუ პირველი ჯგუფი პირდაპირ დახვრეტას ითხოვს, მეორე ჯგუფი კანონის ინიციატივას შეიტანს, რომ ჩამოგვახრჩონ. აი, ეს არის განსხვავება - ერთნი ფიზიკურ ძალაზე არიან ორიენტირებული, მეორენი კი კანონების შექმნაზე, რითაც ზუსტად იმავეს მიაღწევენ, ოღონდ კანონის საფუძველზე. რამდენი კაცია დაჯარიმებული სოცქსელებში უცენზურო ლექსიკის გამო, ოღონდ ამ დაჯარიმებულებს შორის ვერ ვხედავთ, მაგალითად, დიტო სამხარაძეს, რომელიც მთელ ოპოზიციას დედას აგინებს. “ქართული ოცნების” მიდგომა ასეთია - კანონი არის ოპონენტებისთვის, დანარჩენებისთვის კი “გაგება”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი მელაშვილი.

“დაშინების პოლიტიკა ასეთია - რაკი ფიზიკური ძალის არ შეგეშინდათ, ახლა სხვა გზით წავალთ და ციხეში ჩაგსვამთო. ამათ ჰგონიათ, ასეთი ნაბიჯებით ხალხის განწყობა შეიცვლება. პირიქით, რაც უფრო მეტს გააკეთებენ, მით უარესი იქნება მათი მომავალიც. ყველა ხელისუფლებაში ასე ეგონათ. გახსოვთ ადეიშვილისა და ვანო მერაბიშვილის ჩანაწერები? როგორი ტონალობით ლაპარაკობდნენ ოპონენტებზე, როგორ ზევიდან უყურებდნენ ყველაფერს? მერე როგორ დამთავრდა ეს ამბავი? მათაც ეგონათ, ეს მათ არ შეეხებოდათ და ისტორია თვალს დახუჭავდა. ვერც შარმანაშვილები გადაურჩებიან პასუხისმგებლობას, როგორც შევარდნაძის ხალხი ვერ გადაურჩა და როგორც “ნაცმოძრაობის” ის საქმოსნები ვერ გადაურჩნენ, რომლებიც ამ ბოროტებებს სჩადიოდნენ”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“რაც შეეხება მდინარაძის ახალ თანამდებობას სინამდვილეში იმას, რისთვისაც ეს სახელმწიფო მინისტრის აპარატი შეიქმნა, რეგიონულ განვითარებასთან საერთო არაფერი აქვს. ამის საუკეთესო დამადასტურებელი ფაქტია ის, რომ მთავარი ინსტრუმენტები - რეგიონული განვითარებისა და მუნიციპალური განვითარების ფონდები, სოფლის მხარდაჭერის პროგრამები, ანუ რითაც მთავრობა რეგიონებში ოპერირებს, ისევ ინფრასტრუქტურის სამინისტროში დარჩა. აბა, როგორ შეიძლება შექმნა უწყება, რომელმაც საკითხს უნდა მოუაროს და ამ დროს გადაწყვეტისთვის საჭირო ყველა მექანიზმი სხვა სამინისტროში გქონდეს? ეს დაახლოებით ისეა, საგარეო საქმეთა სამინისტრო გქონდეს და საელჩოები სხვა უწყებას დაუქვემდებარო. სინამდვილეში მამუკა მდინარაძის უწყება სულ სხვა რამისთვის შეიქმნა”, - ამტკიცებს ანალიტიკოსი.

“ჯერ ერთი, არჩევნები ახლოვდება. წინა არჩევნებმაც აჩვენა, რომ მაჟორიტარების გაუქმების შემდეგ რეგიონებში პოლიტიკური ფიგურების დეფიციტი შეიქმნა და ხელისუფლებას პროცესების წარმართვა გაუჭირდა. ამიტომ შემოიღეს დელეგატების ინსტიტუტი, თუმცა მაინც მძიმე საარჩევნო კამპანიას ელიან. გარდა ამისა, ოპოზიცია აქტიურად გავიდა რეგიონებში - ბევრი პარტია უამრავ შეხვედრას მართავს. ამან ხელისუფლებაში შიში გააჩინა, რადგან რეგიონები მათი “ხმების ბეღელი” იყო. ამიტომ შეიქმნა ეს სტრუქტურა, რომლის ამოცანაც იქნება ძალაუფლების აბსოლუტური ცენტრალიზაცია, ადგილობრივი ხელისუფლებების სრული დაქვემდებარება და მათი ინტეგრირება “ოცნების” საარჩევნო მანქანაში, აგრეთვე ადგილებზე სიტუაციის პოლიტიკური ოპონენტებისგან მაქსიმალურად “მოსუფთავება”. აი, ეს არის მდინარაძის ძირითადი ამოცანები - პირდაპირ რეგიონების მთავარ “პოლიციელად” დანიშნეს. გენერალ-მაიორია კაცი, ძალოვანებში ნამუშევარი და მის გამოცდილებასა და “პოზიტიურ საქმიანობას” კარგი გამოყენება მოუძებნეს”, - დასძენს ირაკლის მელაშვილი და შეკითხვაზე - “არჩევნები ახსენეთ და, ეს თემა ბოლო პერიოდში ვიქტორ ყიფიანმა გაააქტიურა...” პასუხობს:

“ოპოზიციას პოლიტიკური პროცესის გაცოცხლება და საარჩევნო საკითხებზე ერთიანი, სამართლებრივად გამართული პოზიციის ჩამოყალიბება სჭირდება. მათ უნდა შექმნან რეალური დოკუმენტი, თუ რა ცვლილებებია საჭირო მეტ-ნაკლებად სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად. თუ ხელისუფლება ამაზე უარს იტყვის, მასზე საგარეო ზეწოლა უნდა გაძლიერდეს და პოლიტიკური ფასი გადაახდევინონ. რაც შეეხება “ნაცმოძრაობას”, ის ამ პროცესში ვერ იქნება, რადგან სააკაშვილი არ მიიღებს მონაწილეობას იქ, სადაც მის პირველობას არ აღიარებენ. ამიტომ დანარჩენი ოპოზიცია უნდა შეეშვას მასთან ერთიანობის ფიქციას, გაემიჯნოს უსაგნო კამათს და დამოუკიდებლად დაამტკიცოს საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვების უნარი. რაც უფრო მეტი პარტია შეუერთდება ამ ინიციატივას და დროულად შექმნის დოკუმენტს, მით უკეთესი, საბოლოო შეფასება კი ამომრჩეველმა უნდა გააკეთოს”.

მორიგი განხეთქილება და შესაძლო ორხელისუფლებიანობა “ნაცმოძრაობაში”

“ენმ-ის მოქმედი თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა პარტიის პოლიტსაბჭოს 30 ივლისის სხდომასა და მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს არალეგიტიმურად აცხადებს. ეს ნიშნავს, რომ იგი წინასწარ არალეგიტიმურად მიიჩნევს პოლიტსაბჭოს მიერ 5 აგვისტოს დანიშნულ ყრილობას და ამ ყრილობაზე მიღებულ გადაწყვეტილებებს, რაც არ გამორიცხავს სცენარს, რომ 5 აგვისტოს შემდეგ პარტიაში ორხელისუფლებიანობა ვიხილოთ - ერთი მხრივ ბოკუჩავა ძველი პოზიციით და მეორე მხრივ პარტიის მმართველი დროებითი საბჭო. თუმცა, ანალიტიკოსთა ნაწილის აზრით, ბოკუჩავა ამაზე არ წავა. უფრო მოსალოდნელია, რომ მან თავის გუნდთან ერთად პარტია დატოვოს. ბოკუჩავა პასუხისმგებლობას პარტიის გენერალურ მდივანს პეტრე ცისკარიშვილს აკისრებს და ამტკიცებს, რომ პოლიტსაბჭოზე ქვორუმის არარსებობის პირობებში მიიღო გადაწყვეტილებები, რითაც პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დავალება შეასრულა. ცისკარიშვილმა კი თქვა, რომ ქვორუმი იყო და პოლიტსაბჭოს სხდომას უფლებამოსილებები ჰქონდა გადაწყვეტილებები მიეღო”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით მორიგი განხეთქილება და შესაძლო ორხელისუფლებიანობა “ნაცმოძრაობაში” / მოქმედმა თავმჯდომარემ პოლიტსაბჭოს სხდომა და მისი გადაწყვეტილებები არალეგიტიმურად გამოაცხადა.

“30 ივლისს თბილისში პოლიტსაბჭოს სხდომას ბოკუჩავა არ დასწრებია, ოჯახთან ერთად ქობულეთში იმყოფებოდა. პარტიიდან მიანიშნეს, რომ რეგიონებიდან ბევრი ადამიანი ჩამოვიდა და ბოკუჩავასაც ეს შეეძლო იგივე გაეკეთებინა, მით უმეტეს, რომ მისთვის პოლიტსაბჭოს სხდომის თარიღი წინასწარ ცნობილი იყო. სხდომაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ 5 აგვისტოს ჩატარდება ენმ-ის ყრილობა, რომელსაც 300-მდე დელეგატი დაესწრება. პარტიის ლიდერთა განცხადებით, ეს იქნება ტექნიკური ყრილობა, რომელმაც ახალი თავმჯდომარის არჩევამდე 6-თვიან გარდამავალ პერიოდში დროებითი მმართველობითი ორგანო უნდა დაამტკიცოს, რომელიც “რეფორმების საბჭოსთან”, პარტიის ე.წ. გარეთა ორგანოსთან ერთად იმუშავებს. ამავე სხდომაზე შეიქმნა ყრილობის საორგანიზაციო ჯგუფიც... ბოკუჩავამ მედიასთან განაცხადა, რომ პოლიტსაბჭოს სხდომა ლეგიტიმური არ იყო, რადგან ენმ-ის პოლიტსაბჭო 130 ადამიანისგან შედგება, სხდომას კი 40-მდე ადამიანი ესწრებოდა და შესაბამისად, გადაწყვეტილებების მისაღებად საჭირო ქვორუმი არ იყო, ცისკარიშვილმა სააკაშვილის დავალებები შეასრულა, რომ რაც შეიძლება მალე ჩატარებულიყო სხდომა და ხელმოწერები გააყალბა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“პოსტფაქტუმ ხელმოწერების შეგროვება და იმის მტკიცება, თითქოსდა ქვორუმი სხდომაზე ფიზიკურად არმყოფი და დისტანციურად ჩართული ადამიანებით შედგა, ეს ძალიან ჰგავს “ქოცურ” მეთოდებს. სავარაუდოდ, ამგვარი დავალება იყო, სხვა საფუძველს ვერ ვპოულობ. პეტრე ცისკარიშვილმა მიიღო დავალება პრეზიდენტ სააკაშვილის მხრიდან... ეს მისი გადასაწყვეტია. ყოველთვის ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ, რომ დიახ, ეს ყოველთვის იყო მიშას პარტია და ყოველთვის იქნება, ამიტომ მას სრული ლეგიტიმური უფლება აქვს, რომ ის ცვლილებები გაატაროს, რაც სურს, მაგრამ ამ შემთხვევაში, მან თუ გასცა ასეთი დავალება, როგორც მინიმუმ, მთავარ პასუხისმგებელ პირს იმის უზრუნველყოფა უნდა მოეხდინა, რომ წესის, რიგის და კანონის დაცვით მომხდარიყო ეს და არა გაყალბებული ხელმოწერების ხარჯზე”, - განაცხადა ბოკუჩავამ. საპასუხოდ ცისკარიშვილმა განაცხადა, რომ პოლიტსაბჭოში არა 130, არამედ 119 ადამიანია. ქვორუმიც იყო და პოლიტსაბჭოსაც ჰქონდა გადაწყვეტილებების მიღების უფლებამოსილება. მისი თქმით, თბილისში თინა ბოკუჩავას ჩამოსვლასთან დაკავშირებით პარტიამ ყრილობა გადადო”, - განაგრძობს გამოცემა.

“მანამდე ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა ანა წითლიძემ ბოკუჩავას განცხადებას “თანამდებობის შენარჩუნების უბადრუკი მცდელობა” უწოდა. როგორც წითლიძე აღნიშნავს, პოლიტიკოსს ღირსეულად წასვლა უნდა შეეძლოს. “ამ ჩემს მრავალჭირგამოვლილ, ნაბრძოლ პარტიას ბევრი რამ უნახავს, მაგრამ თანამდებობის შენარჩუნების ასეთი უბადრუკი მცდელობა ნამდვილად პირველად ვნახე - როდესაც ზღვაზე დასვენება უფრო დიდი პრიორიტეტია, ვიდრე პოლიტიკური პატიმრები, მიხეილ სააკაშვილის მოწოდება და ბრძოლა, ან პოლიტიკური საბჭოს სხდომა, ხოლო მთელი ენერგია პოლიტიკური საბჭოს სხდომის ქვორუმის დათვლაზე იხარჯება, ეს ბევრ რამეზე მეტყველებს. სამწუხაროა. ძალიან არ მინდა უფრო მეტის თქმა და ნუ მაიძულებთ, თორემ ესეც შეგვიძლია. ღირსეულად უნდა შეგეძლოს პოლიტიკოსს წასვლაც”, - წერს წითლიძე. ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე არ გამორიცხავს, რომ ყველაზე უარესი სცენარის შემთხვევაში, ბოკუჩავამ და მისი გუნდის რამდენიმე წევრმა პარტია დატოვოს”, - დასძენს გამოცემა.

“დაველოდოთ მოვლენები როგორ განვითარდება. ფაქტია, რომ 5 აგვისტოს ყრილობას გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი გაუძღვება. იმედია, რომ ენმ ერთიანობას მაინც შეინარჩუნებს, თუმცა ვნახოთ, არაა გამორიცხული, რომ თინა ბოკუჩავამ დატოვოს პარტია და მისი გუნდის რამდენიმე წევრი გაჰყვეს. ბოკუჩავას თავმჯდომარეობის ვადა 8 ივლისს ამოეწურა, თუმცა მოვალეობის შემსრულებელია. არაა გამორიცხული, რომ ყრილობაზე გადაწყდეს და პარტიას რამდენიმე თანათავმჯდომარე ჰყავდეს, თუმცა, ამას ბოკუჩავა რამდენად დათანხმდება, არ ვიცი. პარტიაში ე.წ. ორხელისუფლებიანობა არ იქნება. ბოკუჩავასაც შესთავაზებენ რამეს. ერთიანობისთვის კარგი იქნება, რომ არანაირი განხეთქილება არ მოხდეს”, - აცხადებს გამოცემის კორრსპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე და შეკითხვაზე - “რამდენად დასაშვებია ის სცენარი განმეორეს, როგორც ნიკა მელიას შემთხვევაში მოხდა - რომ ბოკუჩავამ და მისმა ჯგუფმა პარტია დატოვონ განხეთქილების ფონზე?” - პასუხობს:

“უარეს შემთხვევაში - კი, შესაძლებელია ეგ მოხდეს”.

მირიან მირიანაშვილი - “ოქტომბრისთვის საქართველოსთვის “ორ სკამზე ჯდომის” შესაძლებლობა შეიძლება დასრულდეს”

“ძალთა ბალანსი სწრაფად იცვლება უკრაინისა და მისი დასავლელი მოკავშირეების სასარგებლოდ. რუსეთის ეკონომიკასა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმები სულ უფრო მასშტაბური ხდება. უკვე დაზიანებულია რუსეთის ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პოტენციალის 7-8%. თუ ეს მაჩვენებელი 15-17%-მდე გაიზრდება, შესაძლოა რუსეთის ეკონომიკას, მათ შორის სამხედრო წარმოებასა და ლოჯისტიკას სისტემური პრობლემები შეექმნას. თუ დასავლეთის მხარდაჭერით უკრაინა ამ ნიშნულს მიაღწევს, შესაძლოა რუსეთში უკვე შემოდგომიდან განვითარდეს მძიმე შიდაკრიზისული პროცესები. ეს საქართველოსთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რადგან სამხრეთ რუსეთში, კავკასიონის ქედის ჩრდილოეთით მდებარე არაერთ პრობლემურ ეთნიკურ რეგიონში, შესაძლოა ძალაუფლების ვაკუუმი შეიქმნას. პრობლემა ის არის, რომ საქართველო, როგორც ჩანს, მეზობელ რეგიონებში შესაძლო პოლიტიკური და უსაფრთხოების კრიზისებისთვის სათანადოდ მომზადებული არ არის” - აცხადებს ექსპერტი მირიან მირიანაშვილი გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით “ოქტომბრისთვის საქართველოს არჩევანის გაკეთება მოუწევს - “ორ სკამზე ჯდომის” შესაძლებლობა შეიძლება დასრულდეს”.

“ამასთან, უკრაინის ფრონტზე ძალთა ბალანსი რუსეთის საწინააღმდეგოდ იმდენად სწრაფად შეიცვალა, რომ ამ ცვლილებების მასშტაბი საქართველოში ჯერ სრულად არც საზოგადოებას აქვს გააზრებული და, სავარაუდოდ, არც პოლიტიკურ ელიტას. არადა, არ არის გამორიცხული, უახლოეს პერიოდში რეგიონში ძალიან დრამატული მოვლენების მომსწრე გავხდეთ… რაც შეეხება ირანს, უკრაინას ირანთან პრობლემები ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან აქვს, როდესაც ფრონტზე ირანული წარმოების “შაჰედების” გამოყენება დაიწყო. ამ პროცესში ირანელი სპეციალისტებიც მონაწილეობდნენ, რომლებიც რუსულ მხარეს `შაჰედების~ გამოყენებასა და მართვაში ეხმარებოდნენ. რატომ აყენებს დარტყმებს უკრაინა კასპიის ზღვის რეგიონში ირანთან დაკავშირებულ ობიექტებს? ამის მიზეზი შეიძლება ის იყოს, რომ უკრაინამ სამხედრო შესაძლებლობები გააფართოვა და ცდილობს ირანთან დაკავშირებული რესურსები, რომლებიც რუსეთის სამხედრო შესაძლებლობებს ემსახურება, შეასუსტოს. ამასთან, უკრაინას შესაძლოა ჰქონდეს სტრატეგიული ინტერესი, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირების ფონზე აშშ უფრო აქტიურად ჩაერთოს რუსეთის წინააღმდეგ პროცესებში. უკრაინა ცდილობს საკუთარი ინტერესები უფრო ფართო გეოპოლიტიკურ კონტექსტში მოათავსოს”, - აღნიშნავს გამოცემის კორეპონდენტთან საუბრისას მირიან მირიანაშვილი.

“გეოგრაფიულად ჩვენი ქვეყანა იმ სივრცეში მდებარეობს, რომელიც ირანიდან უკრაინის მიმართულებით სამხედრო ესკალაციის შემთხვევაში შესაძლოა რისკის ზონაში აღმოჩნდეს. თუ რეგიონში სარაკეტო დაპირისპირება გაფართოვდა, ეს საქართველოს ცას პირდაპირ შეეხება. თუმცა მსგავსი სცენარის განვითარების შემთხვევაში, არ არის გამორიცხული, საქართველოს საჰაერო უსაფრთხოება ამერიკამ უზრუნველყოს. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არ არის ტრივიალური საფრთხეები. გეოგრაფიულად ჩვენ ამ მოვლენების ეპიცენტრთან ძალიან ახლოს ვართ. რაც შეეხება რუსეთის მიერ ჩრდილოკორეული რაკეტების გამოყენებას, ცხადია, ეს პროცესი ჩინეთის ფაქტორის გარეშე ძნელად წარმოსადგენია. ამ რაკეტების წარმოებაში გამოყენებული კომპონენტების ნაწილი ჩინურ ბაზას უკავშირდება, ხოლო ჩრდილოეთ კორეის შესაძლებლობები დიდწილად დამოკიდებულია პეკინთან ურთიერთობაზე”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“რუსეთმა ეს რაკეტები გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში მიიღო, ხოლო კონტრაქტი, სავარაუდოდ, უფრო ადრე, გაზაფხულზე გაფორმდა. თავიდანვე არსებობდა ვარაუდი, რომ რუსეთი ამ შეიარაღებას გამოიყენებდა იმ მომენტში, როდესაც ჩინეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობა შედარებით დათბობის ფაზაში შევიდოდა და პეკინზე ზეწოლა გაიზრდებოდა. ახლა რუსეთი ცდილობს ამ რაკეტების გამოყენებით აჩვენოს, რომ ჩინეთის ფაქტორი კვლავ მნიშვნელოვანია და პეკინს შეუძლია გავლენა მოახდინოს დასავლეთთან ურთიერთობაზე. თუმცა ჩინეთი ცდილობს ასეთი ნაბიჯების მასშტაბი მაქსიმალურად შეზღუდოს. ეს საკითხი განსაკუთრებით საინტერესო გახდა მას შემდეგ, რაც “დიდი შვიდეულის” ფარგლებში ჩინეთის წარმომადგენლებთან კომუნიკაციის დროს რუსეთთან დაკავშირებულ საკითხებზე საკმაოდ მკაცრი პოზიციები დაფიქსირდა. ამიტომ შესაძლებელია მოსკოვი ცდილობს ჩინეთის ფაქტორი სწორედ ამ დაპირისპირების კონტექსტში გამოიყენოს”, - განმარტავს ექსპერტი.

“უკრაინის ხელისუფლებას ამბიციური გეგმები გაუჩნდა რუსეთის შემადგენლობაში შემავალი არაერთი ეთნიკური რეგიონის მიმართ. ბოლო თვეებში უკრაინაში შეიქმნა შეიარაღებული ფორმირებები, რომლებშიც არიან რუსეთის სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები, მათ შორის ბაშკირები, მორდვები, დაღესტნელები, თათრები და სხვები, რომლებიც თავიანთ მიზნად რუსეთში არსებული სეპარატისტული ტენდენციების მხარდაჭერას ასახელებენ. ამ საკითხში მთავარი ინტრიგა სწორედ ის არის, ვაშინგტონი უჭერს ამას მხარს თუ უკრაინის ინიციატივაა? თუ ამერიკის მხარდაჭერა არსებობს, ეს შეიძლება მიუთითებდეს, რომ ვაშინგტონი რუსეთის შიდასტრუქტურულ სისუსტეებზე ზემოქმედების უფრო ფართო სტრატეგიას განიხილავს. თუმცა ამ ეტაპზე დასკვნის გაკეთება ნაადრევია. საჭიროა დრო, რათა უფრო ნათელი გახდეს, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა ამ შეიარაღებული ფორმირებების შექმნაზე. საინტერესოა ისიც, რომ უკრაინის ფრონტზე რუსეთის წინააღმდეგ მოქმედ ჩეჩნურ დაჯგუფებებთან, მათ შორის აჰმედ ზაკაევის მხარდამჭერ ჯგუფებთან დაკავშირებული პირების ოჯახის წევრებზე ჩეჩნეთში ზეწოლა ბოლო დროს შეწყდა. ეს მნიშვნელოვანი სიგნალია... უკვე შეინიშნება, რომ კადიროვი აღარ აკეთებს ადრინდელივით ინტენსიურ პრორუსულ გზავნილებს”, - დაასკვნის მირიან მირიანაშვილი.

“ამ ეტაპზე საქართველო პირდაპირი სამხედრო საფრთხის ზონაში ნამდვილად არ არის, თუმცა მზარდი ანტირუსული ეკონომიკური ტალღის პირობებში შესაძლოა სერიოზული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდეს. არ მახსენდება პერიოდი, მსოფლიოში რუსეთის წინააღმდეგ ასეთი მასშტაბის პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლა ერთდროულად ყოფილიყოს. აქამდე ამერიკის პოლიტელიტა არ საუბრობდა რუსეთის დასუსტებაზე ან მისი გეოპოლიტიკური პოზიციების ჩამოშლაზე. ისინი უფრო რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში ძალთა ბალანსის შენარჩუნებას უჭერდნენ მხარს. ახლა კი სანქციებთან დაკავშირებულ საკითხებზე ამერიკელი სენატორების განცხადებებში აშკარად ჩანს, რომ ვითარება მნიშვნელოვნად შეიცვალა. საქართველოსთვის მთავარი გამოწვევაა, თუ როგორ უნდა შეინარჩუნოს ერთდროულად რუსეთთან არსებული ბალანსი და ამავე დროს როგორ შეძლებს შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული ურთიერთობების აღდგენას. თუმცა პერსპექტიული პროცესების გათვალისწინებით, ეს შესაძლოა პრაქტიკულად შეუძლებელი გახდეს”, - ამტკიცებს რესპონდენტი.

“ჩემი შეფასებით, დაახლოებით ოქტომბრისთვის შეიძლება დადგეს მომენტი, როდესაც საქართველოს არჩევანის გაკეთება მოუწევს. “ორ სკამზე ჯდომის” შესაძლებლობა შეიძლება დასრულდეს. არა მგონია, ხელისუფლებაში ვერ აცნობიერებდნენ იმ საფრთხეებს, რაც ამ კურსის გაგრძელებას შეიძლება მოჰყვეს. ვფიქრობ, ივანიშვილი პოლიტიკურ მანევრს არ დაიწყებს მანამ, სანამ ტრამპის ხელმოწერა არ იქნება რუსეთის ეკონომიკის წინააღმდეგ მიმართული მძიმე სანქციების პაკეტზე. უნდა გავითვალისწინოთ, რომ კონგრესში ამ გადაწყვეტილების მხარდასაჭერად სენატორების ნაწილი განსაკუთრებულ პირობებში მივიდა, ზოგი სხვა ქვეყნიდან, ზოგი კი პირდაპირ საავადმყოფოდან. საბოლოოდ 86-მა სენატორმა მისცა ხმა, რაც აჩვენებს, რომ ამ საკითხზე პოლიტიკური კონსენსუსი ძალიან ძლიერია. ამ ხელმოწერით დასრულდება ყველა ის გაურკვევლობა, რომელიც შესაძლოა საქართველოს ხელისუფლებამდე სხვადასხვა არხით, მათ შორის მოსკოვიდან მიდიოდეს, თითქოს ტრამპი სანქციების პაკეტს ხელს არ მოაწერს ან პროცესს შეაჩერებს. როგორც კი ეს გადაწყვეტილება გაფორმდება, სწორედ ამის შემდეგ უნდა ველოდოთ ბიძინა ივანიშვილის ფრთხილ, ეტაპობრივ პოლიტიკურ ნაბიჯებს”, - ამბობს მირიან მირიანაშვილი.

ირაკლი  მელაშვილი - დღეს ქვეყანაში პოლიტიკურად პატური სიტუაციაა შექმნილი - შიშიდან გამომდინარე ორივე მხარე უარყოფს დიალოგს, როგორც პოლიტიკური პრობლემის გადაჭრის ქვეყნისათვის ყველაზე უმტკივნეულო და სასურველ ფორმას
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
ტოიოტა კავკასიამ სრულიად ახალი Toyota Hilux და ისტორიაში პირველი Land Cruiser 300 Hybrid წარადგინა
Buknari Resort - ერთი ჩასვლით შეყვარების ადგილი
ხელოვნური ინტელექტის ახალი ეპოქა: Samsung-მა 2026 წლის ტელევიზორების სრული ხაზი წარადგინა
კოლეჯი Skillwill  ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში სამი პროფესიული პროგრამით იქნება წარმოდგენილი
ახალმა თაღლითურმა სქემამ მიზანში სამუშაოს მაძიებლები ამოიღო
სილქნეტი რჩეულ მობილურ პაკეტებზე საზაფხულო შეთავაზებებს იწყებს
დამუხტე და დაისვენე - „ვისოლმა“ ბათუმში ელექტრომობილების ახალი, მრავალფუნქციური ჰაბი გახსნა
Haier ტექნიკა ექსკლუზიურად „ელიტში“
თბილისი-ბათუმის მიმართულებით მატარებლით მგზავრობის დრო 4 საათამდე შემცირდა - დამატებულია ახალი რეისებიც