“4 ბარიერგადალახულ პარტიას +1 _ რა რეაქცია ექნება დასავლეთს, თუ საქართველოში ოპოზიციური პოლიტიკური ძალები აიკრძალა”
საწვავის გამუდმებული გაძვირების გამო, სურსათისა და ძირითადი მოხმარების პროდუქტის ფასი გაიზრდება
“რას გულისხმობს ახალი სამოქმედო გეგმა კანდიდატი ქვეყნებისთვის - “მათი მომავალი ჩვენს კავშირშია”
* * *
“4 ბარიერგადალახულ პარტიას +1 _ რა რეაქცია ექნება დასავლეთს, თუ საქართველოში ოპოზიციური პოლიტიკური ძალები აიკრძალა”
“საქართველოში ოპოზიციური პარტიების შესაძლო აკრძალვის საკითხი კვლავ პოლიტიკური დღის წესრიგის ერთ-ერთ მთავარ თემად რჩება. მმართველი გუნდი აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს და სურს, საკითხის განხილვა იანვარში დასრულდეს. ოპოზიციაში კი მიიჩნევენ, რომ პარტიების აკრძალვა ქვეყანაში პოლიტიკური სივრცის კიდევ უფრო შეზღუდვას ნიშნავს და მიაჩნიათ, რომ ასეთ გადაწყვეტილებას დასავლეთის მხრიდან მძაფრი რეაქცია მოჰყვება. ოპოზიციონერთა თქმით, აშშ-სთან ურთიერთობის დალაგების პარალელურად, პოლიტიკური პარტიების გაუქმება შესაძლოა სწორედ ის საკითხი გახდეს, რომელიც საქართველოსა და დასავლეთს შორის ურთიერთობაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს. პარტიების აკრძალვის თაობაზე პირველი სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში “ქართულმა ოცნებამ” 2025 წლის 31 ოქტომბერს შეიტანა და 3 პარტიის აკრძალვა მოითხოვა - ენმ, „ახალი" და „ლელო". სასამართლოს სარჩელის განხილვისთვის 9 თვე ჰქონდა და შესაბამისად, გადაწყვეტილება ამა წლის ივლისის ბოლომდე უნდა გამოცხადებულიყო”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “4 ბარიერგადალახულ პარტიას +1 _ რა რეაქცია ექნება დასავლეთს, თუ საქართველოში ოპოზიციური პოლიტიკური ძალები აიკრძალა”.
“2026 წლის 20 აპრილს მმართველმა პარტიამ ძველი სარჩელი უკან გამოითხოვა და მეორე დღეს სასამართლოში ახალი შეიტანა, სადაც იმავე სამ პარტიას “ფედერალისტები” დაემატა. განხილვის ვადამაც 2027 წლის იანვრამდე გადაიწია. ამჯერად კი “ოცნებას” ისევ გამოაქვს სარჩელი და მასში პარტიას “გახარია საქართველოსთვის” ამატებს, განხილვის ვადა უკვე 2027 წლის ივლისამდე გადაიწევს. აქვე უნდა ითქვას, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 5%-იანი ბარიერი 5-მა საარჩევნო სუბიექტმა გადალახა - “ქართული ოცნება” - 54,93%. 89 მანდატი; "კოალიცია ცვლილებისთვის: ახალი, დროა, “გირჩი - მეტი თავისუფლება” - 10, 92% 19 მანდატი; “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა” - 10.1% 16 მანდატი; “ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის” - 8.8%. 14 მანდატი; “გახარია საქართველოსთვის” - 7.7%. 12 მანდატი. “ქართული ოცნება” ახალ საკონსტიტუციო სარჩელში ამატებს “გახარია საქართველოსთვის” და სიაშია ის ოთხივე ოპოზიციური ძალა, რომლებმაც ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერი გადალახეს და 150 კაციან პარლამენტში ჯამში 61 მანდატი შეხვდათ. წინა განახლებულ სარჩელზე კი “ფედერალისტებია” დამატებული”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე ოპოზიციური პარტიების შესაძლო აკრძალვასთან დაკავშირებით დასავლეთის მხრიდან მოსალოდნელ რეაქციებზე საუბრისას აცხადებს, რომ სანქციებისა და სხვა სახის რეაგირების რისკი არსებობს, თუმცა, პროცესის უკან დასავლეთის გარკვეული პოლიტიკური ძალები - ე.წ. დიპ სტეიტის წარმომადგენლები დგანან. ასევე აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შემთხვევაში, მოსალოდნელია ქუჩის პროტესტისა და დესტაბილიზაციის მცდელობები. “რეაქცია მოსალოდნელია "დიპ სტეიტისგან" - დასავლეთის იმ ჩრდილოვანი მმართველობისგან, რომელმაც ევროპა ომში ჩაითრია და რომლის მიზეზითაც დღეს ევროპის ტერიტორიაზე ომი მიმდინარეობს. იმ "დიპ სტეიტისგან", რომელმაც ფაქტობრივად უკრაინელი ერი გაჟლიტა და საკუთარი სამშობლოდან მთელი მსოფლიოს მასშტაბით ლტოლვილად აქცია”, - განაგრძობს გამოცემა.
"მათგან რეაგირება მოსალოდნელია იმიტომ, რომ ეს პარტიები, რომელთა აკრძალვაზეც სარჩელია შეტანილი საკონსტიტუციო სასამართლოში, წარმოადგენენ მათ მეხუთე კოლონას საქართველოში. ესენი ჩვეულებრივი პარტიები არ არიან, მათ არაერთხელ დაადასტურეს, რომ საქართველოში ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლისა და სახელმწიფო გადატრიალებისთვის იბრძვიან. “ამის უკანასკნელი მაგალითი თვალწინ გვქონდა გასული წლის 4 ოქტომბერს - მალე ერთი წელი შესრულდება მას შემდეგ, რაც ის ოდიოზური ფიგურები, რომლებიც დღეს “დიპ სტეიტის” კარნახით მოქმედებენ, მათ შორის ზოგიერთი პრეზიდენტიც, მაგალითად, მაია სანდუ, რომელიც “ტვიტერთან” იყო ჩამჯდარი, ღიად ანონსებდნენ და მხარს უჭერდნენ გადატრიალებას, რომელიც სწორედ ამ მეხუთე კოლონის მიერ იყო დაგეგმილი. ამიტომ ისინი ძალიან შეწუხდებიან, მაგრამ “ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის”. ამბობს გვენეტაძე, რომლის აზრით, “რაც შეეხება ამერიკას, ასეთი ნაბიჯები მოსალოდნელია “დიპ სტეიტისგან” და არა ტრამპისა და ვენსის ხელისუფლებისგან”, - დასძენს გამოცემა.
“კვლავ მოსალოდნელია ქუჩაში “ნაცაკაცუკებისა” და სხვადასხვა ანტისახელმწიფოებრივი ელემენტების გამოყვანა და ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობა, თუმცა ვფიქრობ, ამას ვერ მიაღწევენ. რაც შეეხება სანქციებს, ვფიქრობ, ესეც შესაძლებელია, განსაკუთრებით ბრიუსელის ევრობიუროკრატიის მხრიდან. თუმცა, უარესებისთვისაც გაგვიძლია და ამასაც გავუძლებთ, ოღონდ ეს ძალები ჩამოშორდნენ პოლიტიკურ ველს”, - თვლის გვენეტაძე. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე ოპოზიციური პარტიების შესაძლო აკრძალვას საქართველოს დემოკრატიული პროცესებისა და საერთაშორისო ურთიერთობებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევად აფასებს. მისი თქმით, მსგავსი გადაწყვეტილება ქვეყნის იზოლაციასა და ავტორიტარული მმართველობის გაძლიერებას გამოიწვევს, რასაც, მისი ვარაუდით, შესაძლოა ევროკავშირის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მხრიდან პერსონალური სანქციებიც მოჰყვეს”, - წერს სტატიის ავტორი.
“ოპოზიციური პარტიების შესაძლო აკრძალვა საქართველოს იზოლაციას შეუწყობს ხელს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საქართველო ამ შემთხვევაში ფაქტობრივად ავტორიტარულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდება. რაც შეეხება მოსალოდნელ რეაქციას, შესაძლებელია, როგორც ევროკავშირისა და აშშ-ის, ისე დიდი ბრიტანეთის მხრიდან დაწესდეს პერსონალური სანქციები სხვადასხვა პოლიტიკური მოღვაწისა, თუ იმ მოსამართლეების მიმართ (მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების), რომლებიც მსგავს გადაწყვეტილებას მიიღებენ. პარტიების აკრძალვის შემთხვევაში მივიღებთ ტიპურ ავტორიტარულ სახელმწიფოს ერთპიროვნული მმართველობით, სადაც ფორმალურად, შესაძლოა, იფუნქციონირონ გარკვეულმა ჯგუფებმა, თუმცა მთავარი ოპოზიციური ძალები გაუქმებული იქნება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.
“ეს მიანიშნებს იმაზე, რომ „ქართული ოცნების" ლეგიტიმურობის ხარისხი ძალიან დაბალია და მათ ეშინიათ, რომ დემოკრატიული არჩევნების პირობებში შესაძლოა დამარცხდნენ. სწორედ ამიტომ სურთ წამყვანი ოპოზიციური პარტიების ჩამოშორება. დემოკრატიულ სამყაროში მსგავსი პრაქტიკა არ არსებობს. პარტიის აკრძალვა მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში ხდება - მაგალითად, ესპანეთში აიკრძალა ბასკური პარტია, რომელიც ექსტრემისტულ საქმიანობას ეწეოდა. თუმცა, მსგავსი მასშტაბით ოპოზიციის აკრძალვა მხოლოდ ტოტალიტარულ რეჟიმებს ახასიათებდათ - ასე მოხდა საბჭოთა რუსეთში ბოლშევიკების მიერ ლენინის დეკრეტით, ან 1930-იან წლებში ნაცისტურ გერმანიაში. შესაბამისად, თუ ეს პროცესი ბოლომდე მივიდა, თანამედროვე დემოკრატიულ მსოფლიოში ეს უპრეცედენტო შემთხვევა იქნება”, - დაასკვნის ჩიტაძე.
“ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხზე აღნიშნავს, რომ “ივანიშვილი ბოლომდე ვერ ბედავს ამის გაკეთებას - “როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებთან დალაგებაზეა საუბარი, აქვე ხაზი უნდა გავუსვათ, რას ამბობენ აშშ და თეთრი სახლი. ისინი ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში თუ საქართველოში გაუქმდება საბოლოოდ ყველანაირი პოლიტიკური პარტია ან ორგანიზაცია და აღარ იქნება ქართველი ხალხის გამომხატველი ორგანიზაციები, პოლიტიკოსებს ისევ დაიჭერენ და გააგრძელებენ მათ ციხეში ჩასმას, იქნება მათთვის წითელი ხაზი. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ხან ერთხელ შეიტანეს სარჩელი, ხან მეორეჯერ და მესამეჯერ სულ განადგურებით ემუქრებიან ამ პარტიებს, მაგრამ მაინც ვხედავთ, რომ ივანიშვილი ბოლომდე ვერ ბედავს ამის გაკეთებას და სულ ვადის გახანგრძლივებაზეა ორიენტირებული”, - განმარტავს დეკანოიძე, რომლის აზრით, “ ესეც იმის მანიშნებელია, რომ მას აქვს გარკვეულწილად შიში”, - განაგრძობს სტატიის ავტორი.
“საკონსტიტუციო სასამართლო “ოცნების” გავლენის ქვეშ არის, მითითებებს იძლევიან კობახიძე და პაპუაშვილი ივანიშვილთან ერთად საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართულებით, რომ აკრძალოს პარტიები. ეს მაინც ვერ მოსპობს იმ იდეას, რის გარშემოც შემოკრებილები არიან საქართველოს მოქალაქეები. ეს არის თავისუფალი საქართველოს იდეა, რუსეთისგან თავისუფალი, დემოკრატიული, კეთილდღეობით, მშვიდობიანი, განვითარებული. ამიტომ ვწვალობთ ძალიან. ვხედავთ, ამ ვადის გახანგრძლივებაც ამის მანიშნებელია, მაგრამ უნდა ესმოდეთ, რომ ამას ექნება ძალიან სერიოზული შედეგები, რომლებიც აისახება იმ პირობებზე, რა პირობებსაც ის უყენებს ქართველ ხალხს. პარტიების ფურცელზე აკრძალვა „ქართული ოცნების" და ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, რაც არ უნდა მოიგონონ და გააფორმონ ფურცელზე, ვერ შეცვლის იმ იდეას, რის გარშემოც ვართ გაერთიანებულები და ეს ძალიან კარგად იცის” - ამტკიცებს გამოცემის კორესპონდენთთან საუბრისას ხატია დეკანოიძე.
საწვავის გამუდმებული გაძვირების გამო, სურსათისა და ძირითადი მოხმარების პროდუქტის ფასი გაიზრდება
“საქართველოში მოკლე დროში ბენზინი 10 თეთრამდე, ხოლო დიზელი - 16 თეთრამდე გაძვირდა. არასახარბიელო მდგომარეობაა საერთაშორისო ბაზარზეც, სადაც ნავთობის ფასი მკვეთრად გაიზარდა და საერთაშორისო სააგენტოების ინფორმაციით, ეს ვითარება მომავალშიც გაგრძელდება. როგორც იმპორტიორები და მწარმოებლები აცხადებენ, მყისიერად არა, მაგრამ ეტაპობრივად, სხვადასხვა სახის პროდუქციის გაძვირება გარდაუვალი იქნება. ნავთობის საერთაშორისო ბაზარზე არასახარბიელო მდგომარეობაა, რადგან საწვავზე პლატსის ფასი ისტორიულ მაქსიმუმზე - 1400 დოლარი ერთ ტონა ბენზინის შემთხვევაში. დიზელის ფასი ბევრად უფრო სწრაფად იზრდება და დღესდღეობით 1550 დოლარის ფარგლებშია. ცხადია, ნავთობის საერთაშორისო ბაზარზე არსებული არასახარბიელო მდგომარეობა ნეგატიურად აისახება საქართველოს ბაზარზეც. ეს უარყოფითი გავლენა უკვე გამოიხატა დიზელისა და ბენზინის გაძვირებაში, მაგრამ ახალი პრობლემა ის არის, რომ საწვავის გაძვირებას სხვა სამომხმარებლო პროდუქტის ფასის ზრდაც მოჰყვება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით საწვავის გამუდმებული გაძვირების გამო, სურსათისა და ძირითადი მოხმარების პროდუქტის ფასი გაიზრდება / “შეიძლება, ეს მყისიერად არ მოხდეს, მაგრამ ეტაპობრივად მაინც გაძვირდება”.
“დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელის, ლაშა რიჟამაძის განცხადებით, ნებისმიერ შემთხვევაში, საწვავის ღირებულების ცვლილება ზეგავლენას ახდენს პროდუქციის ფასის ფორმულირებაზე. “დავიწყოთ იქიდან, რომ პროდუქცია ჯერ მწარმოებელ ქვეყანაში ძვირდება, შემდეგ საერთაშორისო გადაზიდვის ფასი იცვლება და ბოლოს უკვე შიდა ბაზარზე, შიდა ლოგისტიკური მომსახურების ფასიც იზრდება. მთლიანი ეს ჯაჭვი თავის ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს ფასზე, უბრალოდ, მაქსიმალურად ცდილობენ კომპანიები ფასების შენარჩუნებას და ეს უკავშირდება დროის ფაქტორს, რომ მნიშვნელოვანი ცვლილება არ იყოს, ვინაიდან მოსახლეობის დაბალი მსყიდველუნარიანობიდან გამომდინარე, პირდაპირ “ურტყამს” რეალიზაციას. ნებისმიერი ცვლილება ნავთობზე, საერთაშორისო ფასები იქნება, თუ ადგილობრივ ბაზარზე, რა თქმა უნდა, მთლიან ჯაჭვში უარყოფითად მოქმედებს ფასებზე”, - ამბობს რიჟამაძე, რომლის აზრით, “შეიძლება, ეს მყისიერად არ აისახოს, მაგრამ ეტაპობრივად მაინც გაძვირდება“, - აღნიშნავს გამოცემა.
“პროდუქციის ფასის ზრდა, რაც გარდაუვალია საწვავის გაძვირების ფონზე, კითხვის ნიშნის ქვეშ ხომ არ დააყენებს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინიციატივას სურსათის ფასის გაიაფებასთან დაკავშირებით? ლაშა რიჟამაძემ დარწმუნებულია, რომ სურსათის ფასთან მიმართებით, მნიშვნელოვანი კომპონენტია სამართლიანი სავაჭრო პირობების არსებობა ადგილობრივ ბაზარზე. მისივ თქმით. “წლების განმავლობაში, სწორედ ამას ითხოვს სადისტრიბუციო სექტორიც და ადგილობრივი მწარმოებელიც. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, რაც შეიძლება არსებობდეს ფასის ფორმულირების კუთხით, მაგრამ ბაზრის სწორად განვითარებისა და შედარებით უფრო სტაბილური ფასის არსებობისთვის პროდუქციაზე, მისი რეგულირების საერთაშორისო პრაქტიკის შემოღება ერთმნიშვნელოვნად კარგია. კომისიამ პირდაპირ მიუთითა, რომ ძალთა დისბალანსი არსებობს ურთიერთობაში, ხოლო სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრომ უკვე დაარეგისტრირა და პარლამენტს წარუდგინა ამ რეგულირების აქტი”, - განაგრძობს გამოცემა.
“ყველა მიმწოდებლისთვის მთავარია, სამართლებრივ ჩარჩოში მოექცეს ურთიერთობა, რათა ჯერ საკუთარი თავი დაიცვან და საბოლოოდ, მომხმარებლებიც. ეს იმიტომ, რომ მიმწოდებელი, რომლის უფლებებიც ილახება, საბოლოოდ, ყველა ფინანსურ ზარალს ასახავს პროდუქციის ღირებულებაში, რის გამოც ზარალდება მომხმარებელი”, - დაასკვნის ლაშა რიჟამაძე. ბენზინისა და დიზელის საწვავის გაძვირების გამო, სურსათისა და სხვა ტიპიის პროდუქციის გაძვირებას არ გამორიცხავს კომპანია “ჩირინას” მმართველი პარტნიორი და დამფუძნებელი რევაზ ვაშაკიძე. „ ძირითადად, ქათმის ხორცის წარმოებით ვარ დაკავებული, სადაც ლოგისტიკა ერთ-ერთი განმსაზღვრელია. ბენზინისა და დიზელის საწვავის გაძვირების გარდა, ტრანსპორტირების გადასახადიც იზრდება. მაგალითად, თურქეთიდან ტრანსპორტირების საშუალო ფასი იყო 2 300 დოლარი, ახლა კი 4 500 დოლარი გახდა, ხოლო უკრაინიდან - 7 000 დოლარი. რუსეთიდან ტრანსპორტირებაც პრობლემურია, რადგან იქ საწვავი თითქმის აღარ არის. ცხადია, ეს ყველაფერი პროდუქციის ფასში ფორმირდება და, რა თქმა უნდა, გაძვირდება”, - ამბობს ვაშაკიძე, რომლის თქმით, “ახლაც მნიშვნელოვნად გაზრდილია ფასი და მომავალშიც კიდევ უფრო მოიმატებს. პრობლემა ის არის, ხალხი როგორ შეიძენს გაძვირებულ პროდუქციას, რადგან მომხმარებლების უმრავლესობა დაბალშემოსავლიანია“, - დასძენს გამოცემა.
“რას გულისხმობს ახალი სამოქმედო გეგმა კანდიდატი ქვეყნებისთვის - “მათი მომავალი ჩვენს კავშირშია”
“ჩვენ მალე წარვადგენთ სამოქმედო გეგმებს იმ კანდიდატი ქვეყნებისთვის, რომლებმაც ყველაზე მეტ პროგრესს მიაღწიეს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. “ჩვენ რწმენა უნდა შევქმნათ იმისა, რომ ევროპელები, ერთმანეთს გვერდით ყოველთვის დავუდგებით. საკმარისია ჩვენს საზღვრებს მიღმა გავიხედოთ და დავინახავთ, რომ ეს ევროპული იდეა ჯერ კიდევ ცოცხალია. საკმარისია, უკრაინასა და მოლდოვას შევხედოთ. შევხედოთ დასავლეთ ბალკანეთს. საკმარისია ყველა იმ ქვეყანას შევხედოთ, რომლებიც ჩვენს კავშირთან ახლოს არიან და რადგან მათი მომავალი ჩვენს კავშირშია, ჩვენ მალე წარვადგენთ სამოქმედო გეგმებს იმ კანდიდატი ქვეყნებისთვის, რომლებმაც ყველაზე მეტ პროგრესს მიაღწიეს”, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “რას გულისხმობს ახალი სამოქმედო გეგმა კანდიდატი ქვეყნებისთვის - “მათი მომავალი ჩვენს კავშირშია”.
“ევროკომისიის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირის ღირებულებების პატივისცემა განხილვის საგანი არ არის - “ეს პროცესი კვლავ დამსახურებაზე დაფუძნებული იქნება. ასევე, ვიმეორებ: ჩვენი ღირებულებების პატივისცემა განხილვას არ ექვემდებარება”, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა. ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადება ანალიტიკურ წრეებში აღიქმება როგორც მკაფიო გეოპოლიტიკური და პრინციპული სიგნალი. ექსპერტების შეფასებით, ურსულა ფონ დერ ლაიენის მიერ უკრაინის, მოლდოვისა და დასავლეთ ბალკანეთის გამოყოფა აჩვენებს, რომ რუსეთის აგრესიის ფონზე ევროკავშირის გაფართოება უსაფრთხოების მთავარ ინსტრუმენტად იქცა, თუმცა, ეს არ ნიშნავს სტანდარტების დაწევას”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ანალიტიკოსები განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ “დამსახურებაზე დაფუძნებულ” პრინციპსა და ევროპული ღირებულებების უზენაესობაზე. სამოქმედო გეგმების წარდგენა მხოლოდ იმ ქვეყნებისთვის, რომლებმაც რეალურ პროგრესს მიაღწიეს, პრაქტიკაში ნიშნავს პროცესის დიფერენცირებას - რეფორმატორი ლიდერები მიიღებენ დაჩქარებულ ინტეგრაციასა და კონკრეტულ სარგებელს, ხოლო ის ქვეყნები, სადაც დემოკრატიული უკუსვლა შეინიშნება, პროცესს ჩამოშორდებიან”, - დასძენს გამოცემა.