სოზარ სუბარი - თუ ვინმეს დაშლაზეა საუბარი, ამ პროცესს ყოველდღიურად ვხედავთ ოპოზიციურ პარტიებში - მგონი, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლამ „ქართულ ოცნებაზე“ კი არა, მათზე მოახდინა დამღუპველი გავლენა

თუ ვინმეს დაშლაზეა საუბარი, ამ დაშლის პროცესს ყოველდღიურად ვხედავთ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებში. მე მგონი, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლამ „ქართულ ოცნებაზე“ კი არა, მათზე მოახდინა დამღუპველი გავლენა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითიც პოლიტიკიდან გიორგი გახარიასა და მაია ცქიტიშვილის წასვლის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.

მისივე თქმით, ხშირ შემთხვევაში გულდასაწყვეტი და გაუგებარია, თუ რატომ მიდის გუნდის ზოგიერთი წევრი პოლიტიკიდან, თუმცა ბიძინა ივანიშვილმა შექმნა ისეთი პოლიტიკური კაპიტალი, ვისაც მუდამ შეუძლია წასულების ჩანაცვლება.

ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი დიდი დამსახურება „ქართული ოცნების“ გუნდის წინაშე არის ის, რომ ის წავიდა მაშინ, როდესაც შექმნა ძალიან გრძელი პოლიტიკური სკამი, ძალიან დიდი პოლიტიკური კაპიტალი დატოვა გუნდის იმ წევრების სახით, რომლებსაც ყოველთვის შეუძლიათ ჩაანაცვლონ ერთმანეთი და ეს ცვლილებები არის ძალიან ბუნებრივი. ხშირ შემთხვევაში, გული გვწყდება ხოლმე ზოგიერთი ჩვენი მეგობრის გამო, რომელიც დროებით გადის პოლიტიკიდან, ზოგჯერ ვერ ვიგებთ, რის გამო მიდიან, მაგრამ სხვაგვარად ეს არის ჩვეულებრივი, ბუნებრივი პროცესი“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

მან ამასთანავე უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მაია ცქიტიშვილი პოლიტიკიდან, რაიმე სახის დაპირისპირების მიზეზით წავიდა. სუბარის განმარტებით, ცქიტიშვილი და პრემიერობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი დიდი ხნის მეგობრები არიან.

მაია ცქიტიშვილთან 2011 წლიდან ერთად მოვდივართ, ერთად ვიბრძვით, ერთად ვიღვწოდით ქვეყნის საკეთილდღეოდ, ერთად ვიბრძოდით რეჟიმის წინააღმდეგ და შევცვალეთ რეჟიმი და იმის შემდგომ მრავალი წლის განმავლობაში, ის იყო ძალიან წარმატებული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და ყოველდღიური ურთიერთობა მქონდა მასთან როგორც მინისტრს, ისევე როგორც იყო ძალიან წარმატებული მინისტრი. ჩვენთან ერთად მოდიოდა, ასევე, ირაკლი ქარსელაძეც, ის იყო ადმინისტრაციაში მაია ცქიტიშვილის მოადგილე და შემდეგ იყო მინისტრის პირველი მოადგილე. ის პროექტები, რომლებსაც მაია ცქიტიშვილი ახორციელებდა, ირაკლი ქარსელაძესთან ერთად აკეთებდნენ, თუმცა არის ერთი პროექტი, რომელშიც ძალიან დიდი დამსახურება მიუძღვის ირაკლი ქარსელაძეს, რომ არა ის, დღეს საქართველოს არ ექნებოდა C ჰეპატიტის პროგრამა ან არ ექნებოდა იმ ფორმით და იმ მასშტაბით, როგორითაც ის არის ახლა.

მაია ცქიტიშვილი რჩება გუნდის წევრად, ის არის ჩემი მეგობარი, ისევე როგორც ირაკლი ღარიბაშვილის მეგობარია. ისინი არა მხოლოდ ერთად მოდიოდნენ, არამედ ერთ კაბინეტში ისხდნენ მრავალი წლის განმავლობაში ხელისუფლებაში მოსვლამდეც, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგაც, ცქიტიშვილი იყო ადმინისტრაციის უფროსი, როდესაც ღარიბაშვილი იყო პრემიერ-მინისტრი, ასე რომ რაიმე დაპირისპირებაზე ლაპარაკი ზედმეტია. მეწყინა მე პირადად მისი წასვლა, ველაპარაკე პოლიტსაბჭოზე, თუმცა მან თქვა, რომ უკვე დიდი ხანია არის ამ პოზიციაზე და ურჩევნია ახლა წავიდეს,“- განაცხადა სოზარ სუბარმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა