თეა ახვლედიანი - კრიტიკულად მნიშვნელოვანია სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაცია, რათა გაიზარდოს წნეხი საოკუპაციო რეჟიმზე, შეწყდეს საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებები

კრიტიკულად მნიშვნელოვანია სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაცია, რათა გაიზარდოს წნეხი საოკუპაციო რეჟიმზე, შეწყდეს საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებები, - ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა თეა ახვლედიანმა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ქვეყანა განაგრძობს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში კონსტრუქციულ მონაწილეობას, საერთაშორისო პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერით რუსეთის მიერ საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება იქნას მიღწეული.

„კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში, კრიტიკულად მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობის როლი და ჩვენს გაძლიერებულ ძალისხმევასთან ერთად, სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაცია, რათა გაიზარდოს წნეხი საოკუპაციო რეჟიმზე, შეწყდეს საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებები, მოხდეს ამჟამად უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა მოქალაქის დაუყოვნებელი გათავისუფლება; მიეცეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას თავისუფალი გადაადგილების და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მომსახურებებზე წვდომის საშუალება; აღდგეს ადამიანების ღირსეული ცხოვრების პირობები - მშობლიურ ენაზე განათლების მიღების და საკუთრების უფლების აღდგენის ჩათვლით; შეწყდეს ეთნიკურ ნიადაგზე დისკრიმინაცია და ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტების შევიწროება; უზრუნველყოფილ იქნას ადამიანის უფლებების მონიტორინგის განმახორციელებელი საერთაშორისო ორგანიზაციების წვდომა ოკუპირებულ რეგიონებზე; ასევე, აღდგეს გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი.

ჩვენ განვაგრძობთ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში კონსტრუქციულ მონაწილეობას, რათა, ისევდაისევ საერთაშორისო პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერით მივაღწიოთ რუსეთის მიერ საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. სხვა უწყებებთან ერთად, სახელმწიფო მინისტრის აპარატმა აღნიშნულ და შერიგების პოლიტიკის ყველა სხვა მიმართულებაზე, ბოლო ორი თვის განმავლობაში, კიდევ უფრო განსაკუთრებით გააძლიერა მუშაობა საერთაშორისო პარტნიორებთან - ჟენევის თანათავმჯდომარეების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩათვლით, რაც შემდგომშიც გაგრძელდება.

ხაზგასასმელია, რომ აღნიშნულ პროცესში, და ზოგადად კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოს უპრეცედენტო გადაწყვეტილებას. რწმენას გამოვთქვამ, რომ ამ უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი ბერკეტით, არსებულ პოლიტიკურ მხარდაჭერასთან ერთად, კიდევ უფრო გაძლიერდება საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდირებული ძალისხმევა, რომელიც მიმართულია რუსეთის მიერ საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ“, - აღნიშნა ახვლედიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო