„მცოდნე პირთა“ წვლილი საქართველოს 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციის შემუშავებაში

შესავალი

ბოლო პერიოდში ბევრი დაიწერა საქართველოს 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციის შემუშავებისა და მისი მნიშვნელობის შესახებ, რომლებშიც გაანალიზებულია საქართველოს პირველი კონსტიტუციის პოლიტიკური და სამართლებრივი ასპექტები. ასეთი დიდი ინტერესის მიუხედავად, მცირე ინფორმაცია არსებობს პირველი კონსტიტუციის ტექსტის შემუშავების პროცესში ცალკეული ადამიანების მონაწილეობის თაობაზე. მართალია, ზოგიერთი ავტორის მიერ ხაზგასმულია კონსტიტუციის ტექსტის შექმნაში „მცოდნე პირთა“ მონაწილეობის თაობაზე, თუმცა უმეტესად მათი როლი მაინც არ არის ცნობილი ფართო საზოგადოებისათვის. ამიტომ ამ საკითხზე კიდევ ერთხელ ყურადღების გამახვილება აუცილებელია.

კანონშემოქმედების საქმეში ცალკეული პერსონების როლი დღევანდელობისთვისაც არ არის უცხო. როგორც ცნობილია, საქართველოს უახლოეს პერიოდშიც სწორედ კონკრეტული ადამიანების მონაწილეობით იქმნებოდა ისეთი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო აქტები, როგორიცაა საქართველოს 1995 წლის კონსტიტუცია, სამოქალაქო კოდექსი, ზოგადი ადმინისტრაციული და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსები და სხვა. სპეციალისტების ჩართულობის გარეშე, ცხადია, მხოლოდ ისტორიული წინაპირობა და პოლიტიკური ნება ვერ იქნებოდა საკმარისი რადიკალური ცვლილებებისათვის.

ამჯერად, საარქივო მასალების კვლევის საფუძველზე მინდა წარმოვაჩინო პროფ. გიორგი ნანეიშვილისა და კონსტანტინე მიქელაძის, როგორც „მცოდნე პირების“, როლი საქართველოს პირველი კონსტიტუციის შემუშავების საქმეში. ამავე დროს, საკონსტიტუციო კომისიაში მათი მუშაობის ამბავი ნათლად გვიჩვენებს ზოგადად დოკუმენტის შექმნის სხვა მნიშვნელოვან დეტალებს, იმას, თუ რა პრინციპით ყალიბდებოდა ცალკეული თავები და მუხლები, რა სახის დისკუსიები იმართებოდა კომისიის წევრებს შორის, როგორ მიიღებოდა გადაწყვეტილება და ა.შ., რაც, ვფიქრობ, საინტერესო იქნება მკითხველისთვის.

2. მოკლედ 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციის მნიშვნელობის შესახებ

საქართველოს 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციას უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია ქართველის ერის სახელმწიფოებრივი და სამართლებრივი აზროვნების ისტორიაში. საყოველთაოდაც აღიარებულია, რომ „იმდროინდელი კონსტიტუციის ტექსტი ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული იყო ევროპის კონტინენტზე. უკვე მაშინ აღიარებდა იგი ისეთ ღირებულებებს, როგორიცაა თავისუფლება, დემოკრატია და სამართლებრივი სახელმწიფო, რომელსაც დღევანდელი ევროპა ეყრდნობა.“ ამავე დროს, კონსტიტუციის ავტორებმა მოახერხეს, მსოფლიო კონსტიტუციონალიზმის განვითარების მდიდარი პრაქტიკა „...იშვიათი სისადავით შეეთავსებინათ ქართველი ერის კულტურასთან, მის ტრადიციებთან და შეექმნათ ნამდვილი ეროვნული კონსტიტუცია“.

პირველი კონსტიტუციის შექმნის ფაქტი იმთავითვე უაღრესად დიდ ისტორიულ მოვლენად იყო მიჩნეული. დამფუძნებელი კრების ერთ-ერთ სხდომაზე ა. ჩხენკელი აღნიშნავდა: „ჩვენ ყველანი დაინტერესებული ვართ, რაც შეიძლება ჩქარა მივცეთ ხალხს კონსტიტუცია. ეს მისთვის საჭიროა, ეს არის ერთ-ერთი მძლავრი იარაღი მის ხელში, რომლის დახმარებითაც ის გაიკაფავს თავის გზას, რომლითაც ის უზრუნველყოფს თავის დამოუკიდებლობასა და მომავალს“. პოლიტიკური მნიშვნელობის გარდა, გააზრებული იყო ასევე დოკუმენტის წმინდა იურიდიული მნიშვნელობა. დამფუძნებელი კრების საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარის პ. საყვარელიძის მიერ წარმოთქმული მოსაზრება ამის ნათელი მაგალითია. მისი თქმით, „კონსტიტუცია არის უმაღლესი, ხელშეუხებელი კანონი და არ შეიძლება ისეთი კანონის გამოქვეყნება, რომელიც მის დედააზრს ეწინააღმდეგება. ყველა მორიდებით უნდა ეპყრობოდეს კონსტიტუციას, ყველას უნდა ჰქონდეს შიში მისი დარღვევისათვის და სჯისა, რადგან დაუშვებელია უმაღლესი კანონის დარღვევა. აქ ხალხის გარანტიაა, ხალხი გაიგებს, რომ მის ბატონობას ხელს ვერავინ ახლებს“.

მიუხედავად იმისა, რომ 1921 წლის კონსტიტუციამ მხოლოდ 4 დღე იმოქმედა, მან განსაზღვრა მომავალში ჩვენი ქვეყნის განვითარების ორიენტირი და, ალბათ, ისტორიული ბედისწერაც. აღსანიშნავია, რომ საბჭოთა კავშირის დაშლისა და დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, 1992 წლის 21 თებერვალს პირველი კონსტიტუციის ძირითადი პრინციპები სამოქმედოდ იქნა შემოღებული, რომელმაც, მართალია, ასევე მოკლე ხანს იმოქმედა, თუმცა მისი მოკლეხნიანი „გაცოცხლებით“ საქართველოს დემოკრატიზაციის ნებისმიერი სახის სურვილი და ამ პროცესების წამოწყება სამუდამოდ დაუკავშირდა პირველი კონსტიტუციის სახელს. ამის მყარი ფიქსაცია კი 1995 წლის დღეს მოქმედ კონსტიტუციაში მოხდა, რომელიც სწორედ „ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობისა ტრადიციებსა და საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით“ იქნა გამოცხადებული.

3. საკონსტიტუციო კომისიების შექმნა

საქართველოს 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციის პროექტის შემუშავება უზრუნველყო საკონსტიტუციო კომისიამ, რომელიც ორჯერ შეიქმნა - პირველი ეროვნული საბჭოს, ხოლო მეორე დამფუძნებელი კრების მიერ. პირველი საკონსტიტუციო კომისია შეიქმნა 1918 წლის 6 ივნისს „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საკონსტიტუციო საფუძვლების შესადგენად“. კომისიამ მუშაობა მეორე დღესვე დაიწყო. პირველ კრებას ხელმძღვანელობდა ნ. ჟორდანია, სადაც საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარედ არჩეული იქნა ს. ჯაფარიძე, ხოლო მდივნად პ. საყვარელიძე. მეორე საკონსტიტუციო კომისიის შექმნის საჭიროება 1919 წლის 12 მარტიდან გაჩნდა, როდესაც არჩეულ იქნა დამფუძნებელი კრება, რომელმაც, თავის მხრივ, იმავე თვის 18 რიცხვში ჩამოაყალიბა საკონსტიტუციო კომისიის ახალი შემადგენლობა.

4. საკონსტიტუციო კომისიებში „მცოდნე პირთა“ მოწვევა

როგორც ეროვნული საბჭოს, ისე დამფუძნებელი კრების საკონსტიტუციო კომისიების მუშაობაში აქტიურად იყვნენ ჩართულები ე.წ. „მცოდნე პირები“, რომლებიც არქივში დაცულ ჩანაწერებში ზოგჯერ „დამხმარე პირთა“ სახელითაც არიან მოხსენიებული. საარქივო მასალებში გამოყენებული ორივე ტერმინი, მისი შინაარსობრივი დატვირთვის გათვალისწინებით, დღევანდელი გაგებით შეიძლება გავუთანაბროთ ტერმინ „ექსპერტს“ ან „მოწვეულ ექსპერტს“.

საარქივო მასალებიდან ირკვევა, რომ ეროვნული საბჭოს საკონსტიტუციო კომისიის პირველსავე სხდომას, გარდა მისი ოფიციალური წევრებისა, ესწრებოდნენ საგანგებოდ მოწვეული „მცოდნე პირები“ - ივ. ჯავახიშვილი, ზ. ავალიშვილი და ი. გამბაროვი. თუმცა ირკვევა, რომ ამ ადამიანებს კომისიის შემდგომ მუშაობაში არ მიუღიათ მონაწილეობა. საკონსტიტუციო კომისიამ „მცოდნე პირების“ მორიგი მოწვევის საკითხი მხოლოდ ერთი თვის შემდეგ გადაწყვიტა. კომისიის 2018 წლის 6 ივლისის დადგენილებაში ვკითხულობთ, რომ „მოწვეულ იქნენ კომისიის სხდომებზე დასასწრებად მცოდნე პირები: გიორგი ნანეიშვილი, ლაზარე შურღაია, ივანე ზურაბიშვილი, იური ფაღავა.“ მათგანაც ეროვნული საბჭოს საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში აქტიურად მხოლოდ გიორგი ნანეიშვილი ჩაერთო. ამიტომ მოგვიანებით, კომისიის 1918 წლის 5 ოქტომბრის სხდომაზე პ. საყვარელიძემ წარმოადგინა წინადადება საკონსტიტუციო კომისიაში დამხმარე წევრად „მცოდნე“ კონსტანტინე მიქელაძის (მაშინდელი გზათა სამინისტროს იურისკონსულტი) მოწვევის შესახებ, რომელსაც კონსტიტუციის სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით საინტერესო შეხედულებები გამოთქმული ჰქონდა მის მიერ გამოქვეყნებულ წიგნში „დემოკრატიული სახელმწიფოს კონსტიტუცია და პარლამენტარული რესპუბლიკა“. ეს უკანასკნელიც აქტიურად ჩაერთო კომისიის მუშაობაში.

გიორგი ნანეიშვილისა და კონსტანტინე მიქელაძის აქტიური მუშაობის გამო, დამფუძნებელი კრების საკონსტიტუციო კომისიის წინაშეც დაისვა მათი ხელმეორედ მოწვევის საკითხი. ეს წინადადება 1919 წლის 26 მარტს კომისიის სხდომაზე შემოიტანა პ. საყვარელიძემ. კომისიამ მოიწონა წინადადება და დაადგინა, რომ „მოწვეულ იქნენ ბ-ნი გ. ნანეიშვილი და კ. მიქელაძე, როგორც დამხმარე წევრები სათათბირო ხმით და გაეგზავნოთ მოსაწვევი ბარათები“. მართალია, დამფუძნებელი კრების საკონსტიტუციო კომისიამ თავიდან დაიწყო კომისიის თითოეულ თავზე მუშაობა, თუმცა მემკვიდრეობით მან ბევრი მიიღო ეროვნული საბჭოს კომისიისაგან, ერთი მხრივ, კონსტიტუციის უკვე შემუშავებული დებულებების, ხოლო, მეორე მხრივ, გ. ნანეიშვილისა და კ. მიქელაძის კომისიის შემადგენლობაში კვლავ მოწვევის თვალსაზრისით.

5. დებულება „რესპუბლიკის ჯარის შესახებ“

გიორგი ნანეიშვილი მოწვევის დღიდანვე (ანუ 1918 წლის 6 ივლისიდან) აქტიურად ჩაერთო ეროვნული საბჭოს საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში. მაშინ იხილებოდა სამსონ დადიანის მიერ წარმოდგენილი დებულების პროექტი „რესპუბლიკის ჯარის შესახებ“. პროექტის მე-14 მუხლის თანახმად, „მოქალაქის ემიგრაციას (ქვეშევრდომობიდან გასვლას) ხელს ვერ შეუშლიდა სამხედრო ბეგარის შეუსრულებლობა“. ამ ჩანაწერთან დაკავშირებით, გიორგი ნანეიშვილმა საკითხი სხვაგვარად დააყენა. მისი თქმით, „ვინც სარგებლობს ყველა უფლებით, მოვალეა აასრულოს ყველა ვალდებულებაც. თუ მოქალაქეებს ისეთი შეღავათი დაუწესდა, როგორც მე-14 მუხლშია მოცემული, ჩვენ ბევრს ქვეშევრდომობიდან გასვლის შესაძლებლობას მივცემთ, რითაც დაირღვევა 1%-ის გაყვანის მუხლი. ომიანობის დროს ეს კანონი ცუდ გავლენას იქონიებს ჩვენს საომარ მდგომარეობაზე“.

განსაკუთრებით მწვავე იყო გიორგი ნანეიშვილის შენიშვნა „რესპუბლიკის ჯარის შესახებ“ დებულების მე-4-მე-8 მუხლების მიმართ. ამ მუხლების თანახმად, მთელი ჯარი ხმელეთზე და ზღვაზე მხოლოდ პარლამენტის განკარგულებაში უნდა ყოფილიყო. აგრეთვე, მთავარსარდლებისა და ციხესიმაგრეების უფროსების დანიშვნის უფლება მხოლოდ პარლამენტის პრეროგატივაში იქნებოდა, ხოლო სამხედრო ბიუჯეტი ყოველწლიურად საკანონმდებლო ორგანოს უნდა დაემტკიცებინა. ეროვნული საბჭოს საკონსტიტუციო კომისიის 1918 წლის 27 ივლისის სხდომაზე გ. ნანეიშვილის მიერ წარმოთქმული სიტყვა ზემოთ მოცემულ ყველა დებულებას ეწინააღმდეგებოდა. ის აცხადებდა, რომ „არც ერთი ქვეყნის კონსტიტუციით პარლამენტს მინიჭებული არა აქვს ადმინისტრაციული მიზნის განხორციელების უფლება. ამიტომაც, საბჭოს მხოლოდ მაშინ შეეძლება მოსთხოვოს პასუხი მთავრობას, თუ ამ უკანასკნელს თავის განკარგულებაში ეყოლება შეიარაღებული ძალები. იგი მიუღებლად თვლიდა სამხედრო ბიუჯეტთან დაკავშირებულ დებულებასაც, „ვინაიდან სახელმწიფოში ბიუჯეტი ერთიანია, რომელშიც სამხედრო ხარჯები შედის როგორც ერთი ნაწილი“. მისი თქმით, „ცალკე სამხედრო ხარჯები იმ სახელმწიფოშია, სადაც იგი ჯავშანგადაკრულად ითვლება“. ამ უკანასკნელის საილუსტრაციოდ კი მას გერმანიის მაგალითი მოჰქონდა.

ამ და სხვა მსგავსი შენიშვნების შემდეგ ეროვნული საბჭოს საკონსტიტუციო კომისიამ დაადგინა, რომ „მომხსენებელს დაევალოს შემდეგი სხდომისთვის წარმოადგინოს გადამუშავებული რედაქცია განხილული მუხლების მიმართ გამოთქმული აზრების თანახმად“. ეროვნული საბჭოს საკონსტიტუციო კომისიამ ამ პროექტების საბოლოო რედაქცია, გ. ნანეიშვილის მიერ შემოთავაზებული ყველა წინადადების გაზიარებით, 1918 წლის 7 აგვისტოს სხდომაზე დაამტკიცა. ნათელია, რომ ამ დოკუმენტს „...თავისებური დაღი დაასვა უაღრესი დემოკრატიისაკენ სწრაფვამ“. ეს იყო იურიდიულად გამართული დოკუმენტი, სადაც კარგად აისახა ხელისუფლების დანაწილების პრინციპის იდეა, ბიუჯეტის ფორმირების მეთოდი, სახელმწიფოში კანონშემოქმედებისა და ადმინისტრაციული ნაწილის გამიჯვნის პრინციპი და მთავრობის მიერ სამხედრო საკითხების უფრო სწრაფად და ეფექტურად გადაწყვეტის მნიშვნელობა.

6. დებულება „მოქალაქეთა უფლება-მოვალეობების შესახებ“

როგორც ცნობილია, 1921 წლის კონსტიტუციას საფუძვლად დაედო ერისა და პიროვნების თავისუფლება. ამიტომ იმას, თუ როგორი იქნებოდა დებულება „მოქალაქეთა უფლება-მოვალეობების შესახებ“, გადამწყვეტი სიტყვა უნდა ეთქვა საერთაშორისო საზოგადოების მიერ კონსტიტუციის დადებითად შეფასებისა და შიდაპოლიტიკური ცხოვრების ლეგიტიმაციის საქმეში. ამ საკითხის მიმართ ეროვნული საბჭოს საკონსტიტუციო კომისია განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდა. 1918 წლის 13 ივლისის სხდომაზე კომისიამ ამ დებულების მომზადება პ. საყვარელიძეს დაავალა, მაგრამ ამ უკანასკნელმა, სულ რაღაც სამი დღის შემდეგ, 17 ივლისის სხდომაზე განაცხადა, რომ მას დიდი შრომა დააწვა გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ გამოცემის გამო და ამიტომაც ითხოვა „სამოქალაქო უფლებების“ შემუშავება მის მაგიერ დაევალოს გ. ნანეიშვილს. შესაბამისად, კომისიამ გ. ნანეიშვილის სახელზე შეადგინა ბარათი: „საკონსტიტუციო კომისიამ დაადგინა, გთხოვოთ თქვენ, იკისროთ კომისიის დახმარება და შეიმუშაოთ საქართველოს კონსტიტუციის ერთ ნაწილი „სამოქალაქო უფლებანი“.

კანონპროექტში, რომელიც გ. ნანეიშვილმა 1918 წლის 17 აგვისტოს წარუდგინა ეროვნული საბჭოს საკონსტიტუციო კომისიას, გარანტირებული იყო ადამიანის ყველა კატეგორიის (პირადი, პოლიტიკური, სოციალური, გარდა სიცოცხლისა) უფლება. მასში დაცული იყო პიროვნების ხელშეუხებლობა, სიტყვისა და შეკრების თავისუფლება, კერძო საკუთრების უფლება, რწმენის თავისუფლება, განათლების მიღების უფლება და ა.შ. ამასთანავე, მოქალაქეები ვალდებული იყვნენ, მოეხადათ სამხედრო ბეგარა, გადაეხადათ კანონით დაწესებული გადასახადი და სხვა. საკონსტიტუციო კომისიამ ამ კანონპროექტის ჩვიდმეტივე მუხლი უმნიშვნელო შესწორებით 1918 წლის 17 აგვისტოს მიიღო. ნიშანდობლივია, რომ ასეთივე უმნიშვნელო ცვლილებით იქნა მიღებული გ. ნანეიშვილის მიერ შემუშავებული დებულება „სახელმწიფო ფინანსების შესახებ“, რომელიც 1918 წლის ნოემბერ-დეკემბრის თვეში იხილებოდა.

7. დებულება „სასამართლო ხელისუფლების შესახებ“

მწვავე დისკუსია გამოუწვევია გ. ნანეიშვილის მიერ შემუშავებული დებულების პროექტს „სასამართლო ხელისუფლების შესახებ“. კანონპროექტი ათი მუხლისაგან შედგებოდა. მისი განხილვა 1919 წლის 8 იანვარს გაიმართა. დავა გამოიწვია მე-8 მუხლის დანაწესმა, რომლის თანახმად, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი არსებობდა ყოველგვარი სისხლის სამართლის, პოლიტიკური და აგრეთვე ბეჭდვითი დანაშაულისათვის“. ამ დებულებას წინააღმდეგობა გაუწია ს. ჯაფარიძემ. მისი აზრით, ეს მექანიზმი თეორიულად დასაშვებია, მაგრამ „პრაქტიკულად შეუძლებელია ამ მოთხოვნის განხორციელება“. გ. ნანეიშვილი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ამ მუხლის გამოტოვებას, ვინაიდან მას დიდ სახელმწიფოებრივ მნიშვნელობას“ ანიჭებდა. თუმცა, საბოლოოდ ამ ნორმის მოქმედების არეალი შემცირდა, გადაწყდა, რომ სიტყვა „ყოველგვარი“ შეცვლილიყო სიტყვით „მძიმე“.

დისკუსია გამოიწვია აგრეთვე „სასამართლო ხელისუფლების შესახებ“ დებულების პროექტის მე-10 მუხლმა, რომელიც ეხებოდა მსაჯულის თანამდებობრივ ხელშეუხებლობას. აღსანიშნავია, რომ მაშინდელი მოქმედი კანონმდებლობით, მინისტრს შეეძლო, დროებით რომელიმე მსაჯულის ადგილი გაეუქმებინა ან დაეხურა, ხოლო კვლავ განახლების შემთხვევაში სხვა პირი დაენიშნა მ თანამდებობაზე. მე-10 მუხლი სწორედ ამ წესს ეწინააღმდეგებოდა. ეროვნული საბჭოს საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ წამოაყენა წინადადება, რომ ეს მუხლი გამოეტოვებინათ, „ვინაიდან მომრიგებელ მოსამართლეს ვადით არ ირჩევენ და საჭიროება არ მოითხოვს ამგვარ კონსტიტუციურ რეგლამენტაციას“. გ. ნანეიშვილი პრინციპულად იცავდა ამ დებულებას და ამბობდა, რომ „მოსამართლეს უნდა შეექმნას ისეთი გარემოება, რომ მას გულდამშვიდებულად შეეძლოს მუშაობა ვადის გასვლამდე. არ უნდა იყოს მუდმივი შიში, რომ დღეს ან ხვალ მას დაითხოვენ და უჯამაგიროდ დარჩება“. მან მისი გამოსვლა შემდეგნაირად დაამთავრა: „მოსამართლეს გარანტირებული უნდა ჰქონდეს რიგიანი და გულიანი შრომის შესაძლებლობა“. კენჭისყრაზე მიღებული გადაწყვეტილებით „მსაჯულის დათხოვნა ან დროებით გადაყენება თანამდებობიდან მისი სურვილის საწინააღმდეგოდ აიკრძალა, თუ ამის შესახებ არ იქნება სასამართლოს სათანადო დადგენილება.“

„სასამართლო ხელისუფლების შესახებ“ დებულების პროექტის საბოლოო რედაქცია 1919 წლის 19 იანვარს მიიღეს. გამოტოვეს პირველი და მეორე მუხლები, რომელშიც კონკრეტულად იყო ჩამოყალიბებული მართლმსაჯულების განხორციელების ინსტანციები და კომპეტენცია. იგი შეიცვალა ზოგადი დებულებით: „სასამართლოს ორგანიზაციას, ფორმებს, კომპეტენციას და იურისდიქციას საზღვრავს ცალკე კანონი“.

8. დებულება „ეკლესიისა და სახელმწიფოს შესახებ“

ეროვნული საბჭოს საკონსტიტუციო კომისიის წინაშე მწვავე დისკუსიის საგანს წარმოადგენდა ეკლესიის სახელმწიფოსაგან გამოყოფის საკითხი. კომისიამ „ეკლესიისა და სახელმწიფოს შესახებ“ დებულების შემუშავებაც გ. ნანეიშვილს დაავალა. აშშ-ისა და საფრანგეთის კონსტიტუციების გამოცდილების გათვალისწინებით, „ეკლესიისა და სახელმწიფოს შესახებ“ დებულების გ. ნანეიშვილის მიერ შემოთავაზებულ პროექტს საფუძვლად დაედო სამი ძირითადი პრინციპი: 1) ეკლესია ჩამოშორებულია სახელმწიფოს; 2) სახელმწიფო ხარჯს არ გასწევს ეკლესიის შესანახად; 3) არცერთი რელიგიური კულტი არ სარგებლობს უპირატესობით. კომისიაში დავა გამოიწვია ფინანსური დახმარების საკითხმა. ს. ჯაფარიძე აღნიშნავდა, რომ „თუ სახელმწიფო ხარჯს არ გაიღებს ეკლესიის შესანახად, შიში აჯანყებისა და უკმაყოფილებისა ყოველთვის იქნება.“ მართალია, კომისიის წევრებს კარგად ჰქონდათ გაცნობიერებული, რომ მოცემულ მომენტში ეკლესიას ფინანსური მხარდაჭერის გარეშე გაუჭირდებოდა და ამას შეიძლება მძიმე შედეგებიც მოჰყოლოდა, თუმცა მათ გააზრებული ჰქონდათ ისიც, რომ უამისოდ სახელმწიფოსა და ეკლესიის საბოლოო განცალკევება (სეკულარიზაცია) მიუღწეველი იქნებოდა. ამიტომაც კომისიის წევრთა უმრავლესობის მხარდაჭერით, ეკლესიისათვის სახელმწიფო ხაზინიდან ყოველგვარი ფინანსური დახმარება აიკრძალა. უცვლელად იქნა დატოვებული კანონპროექტის სხვა პუნქტებიც.

9. დებულება „მოხელეთა უფლება-მოვალეობათა შესახებ“

კონსტანტინე მიქელაძის ავტორობით მომზადდა დებულება „მოხელეთა უფლება-მოვალეობანი“ შესახებ. ამ თავზე მუშაობა კ. მიქელაძემ ჯერ კიდევ ეროვნული საბჭოს საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის ფარგლებში დაიწყო. კომისიის 1918 წლის 27 ნოემბრის სხდომაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება კომისიის წევრებს შორის „კონსტიტუციის დებულებათა შემუშავების განაწილების“ თაობაზე, რომლის თანახმად, „კორპორაციული უფლებების“ შემუშავება დაევალა მ. ჩხეიძეს, ხოლო „მოხელეთა უფლება-მოვალეობანი“-ის თაობაზე დებულების შემუშავება - კ. მიქელაძეს.

საქართველოს 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციის საბოლოო რედაქციაში მოხელეთა უფლებებთან დაკავშირებული დებულებები მოიცავს 4 მუხლს. მიქელაძის მიერ შემუშავებული პროექტი კი 7 მუხლს მოიცავდა. დისკუსიების შედეგად მოხდა მისი საბოლოო ვერსიის სახით ფორმულირება. პროექტის განხილვის საკითხი მხოლოდ დამფუძნებელი კრების საკონსტიტუციო კომისიის 1920 წლის 24 მაისის სხდომაზე მოხდა.

დისკუსია გამოიწვია დებულების პროექტის პირველმა მუხლმა, რომლის თანახმად, „სახელმწიფო მოხელეს ნიშნავს და ცვლის მთავრობა და კანონში აღნიშნული თანამდებობის პირები.“ თუმცა აღნიშნული რედაქცია შეიცვალა გ. ნანეიშვილის წინადადეის, რომლის თანახმად, „ყოველ თანამდებობაზე შეიძლება მიღებული იქნეს ყოველი მოქალაქე, თუ იგი ამ კანონში აღნიშნულ მოთხოვნილებებს აკმაყოფილებს“. რ. არსენიძისა და გ. ნანეიშვილის წინადადებით, დებულებიდან ამოღებული იქნა მე-3-მე-5 მუხლები, რომელიც ეხებოდა „უვარგისობისათვის“ მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და მისი „სამართალში“ მოცემის საკითხებს. დებულების პროექტის მე-6 და მე-7 მუხლების საბოლოო რედაქცია კომისიის მიერ მიღებული იქნა გ. გვაზავასა და გ. ნანეიშვილის წინადადებისა და მოსაზრებების გათვალისწინებით.

10. სხვა დებულებათა პროექტები

როგორც უკვე აღინიშნა, საკონსტიტუციო კომისიის მეორე ეტაპი დაიწყო 1919 წლის 18 მარტს, როცა დამფუძნებელმა კრებამ აირჩია კომისიის ახალი შემადგენლობა. კომისიამ თავიდან დაიწყო კონსტიტუციის თითოეულ თავზე მუშაობა. დამფუძნებელი კრების საკონსტიტუციო კომისიაში გ. ნანეიშვილმა შეიმუშავა სამი მნიშვნელოვანი დებულება, კერძოდ, „სახელმწიფო და ეკლესია“, „სახელმწიფო ფინანსები“, „კონსტიტუციის გადასინჯვა“. კონსტიტუციის ეს თავები დამფუძნებელმა კრებამ ცნობილი მიზეზების გამო დაჩქარებულად მიიღო. ამიტომ მათი ის ვარიანტები, რომელიც დაცულია არქივში, იდენტურია 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციის საზოგადოებისათვის კარგად ცნობილ ტექსტთან. საბოლოო ტექსტის შესაბამის თავებს საფუძვლად დაედო აგრეთვე ეროვნული საბჭოს საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში მის მიერ შექმნილი სხვა თავები (სამოქალაქო უფლებები და სასამართლო ხელისუფლება).

11. კონსტიტუციის მიღება

საქართველოს 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციის მიღების დაგვიანება თავად კომისიის მუშაობის მიზეზითაც იყო განპირობებული. საარქივო მასალებიდან ირკვევა, რომ დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმმა 1920 წლის 7 თებერვალს მიმართა საკონსტიტუციო კომისიას და შეახსენა კონსტიტუციის პროექტის წარმოდგენის ვადა, რომელიც მას უკვე დარღვეული ჰქონდა. მიმართვაში საუბარი იყო იმაზე, რომ „იანვარმაც განვლო, მაგრამ კონსტიტუციის დამფუძნებელ კრებისათვის წარდგენისა არავითარი ნიშანი არა სჩანს, არც ის იცის პრეზიდიუმმა, - სახელდობრ როდოს უნდა მოველოდეთ მის შემოტანას“. ამ მიმართვის შემდეგ, საკონსტიტუციო კომისიის მიერ გადაწყდა, მომხდარიყო უკვე მომზადებული დებულებების სისტემატიზაცია. პ. საყვარელიძის ინიციატივით, „ბუნდოვანების თავიდან აცილების“ მიზნით, კონსტიტუცია უნდა დაყოფილიყო თავებად და მუხლებად. კონსტიტუციის პირველი ვერსია სწორედ ამ პრინციპით დალაგდა. 1920 წლის ივნისს საკონსტიტუციო კომისიის მიერ დამფუძნებელი კრებისათვის გაგზავნილი კონსტიტუციის პროექტის ნაბეჭდი ვერსია შედგებოდა 17 თავისა და 166 მუხლისაგან. ამ ტექსტის ხანგრძლივი განხილვის შემდეგ, საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ 1921 წლის 21 თებერვალს მის საგანგებო სხდომაზე, თბილისის მისადგომებთან რუსეთის წითელი არმიის წინააღმდეგ ბრძოლის პირობებში მიიღოს საქართველოს პირველი კონსტიტუცია. აღსანიშნავია, რომ კონსტიტუციის საბოლოო ტექსტის გამოქვეყნებაც არაორდინალურად მოხდა. საქართველოს ოკუპაციის გამო, მისი გამოცემა, ცხადია, საქართველოს დედაქალაქში ვერ მოხერხდებოდა. ამიტომ მისი დასტამბვა მოხდა 1921 წლის მარტის შუა რიცხვებში, ქ. ბათუმში, ამავე ქალაქის პორტიდან საქართველოს მთავრობის ემიგრაციაში წასვლამდე.

დასკვნა

საქართველოს 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციის შემმუშავებელმა კომისიებმა, იმ დროს ქვეყანაში სათანადო გამოცდილების არარსებობის მიუხედავად, მოახერხეს პირველი კონსტიტუციისთვის უმთავრეს სარჩულად დაედოთ დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოს პრინციპები. ეს მიღწევა, ერთი მხრივ, განპირობებული იყო მაშინ არსებული ხელსაყრელი ისტორიული და პოლიტიკური წინაპირობებით, ხოლო, მეორე მხრივ, საკონსტიტუციო კომისიის წევრების განათლებულობით და ევროპული ღირებულებებისა და გამოცდილების უაღრესად კარგი ცოდნით. ვფიქრობ, ეს კარგად გამოჩნდა „მცოდნე პირების“ კომისიაში მუშაობის მაგალითზე. მათ მიერ შეიქმნა პირველი კონსტიტუციის რამდენიმე მნიშვნელოვანი თავი. ამავე დროს, ამ თავის შემუშავების გარდა, ისინი აქტიურად იყვნენ ჩართული საკონსტიტუციო კომისიების სხდომების ფარგლებში კონსტიტუციის სხვა დებულებათა განხილვასთან დაკავშირებით გამართულ დისკუსიებში, რომლის ფარგლებშიც ხდებოდა მათი მოსაზრებებისა და წინადადებების გაზიარება. ამ თვალსაზრისით, კომისიის ოფიციალურ (პარტიულ) და მოწვეულ წევრებს შორის რაიმე განსხვავება არ იგრძნობოდა. კომისია იზიარებდა ყოველგვარ იურიდიულად არგუმენტირებულ წინადადებას, მიუხედავად იმისა, იქნებოდა იგი შემოთავაზებული ოფიციალური წევრებისა თუ მოწვეული პირებისაგან. სამართლის დოქტორი, თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი

კობა ყალიჩავა

სამართლის დოქტორი, თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა