ქართული პრესის მიმოხილვა 24.02.2021

დიალოგის ახალი მცდელობა ვითარების უკიდურესად გამწვავების ფონზე - რა სცენარით განვითარდება მოვლენები

როგორ შეიძლება დააღწიოს ციხეს თავი ნიკა მელიამ? - არსებობს 4 გზა და ახლა მთავარია, რომელს აირჩევს პოლიტიკოსი

ოთხშაბათს შეიძლება შეზღუდვების უმრავლესობა გაუქმდეს - რა იგეგმება საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე

* * *

დიალოგის ახალი მცდელობა ვითარების უკიდურესად გამწვავების ფონზე - რა სცენარით განვითარდება მოვლენები

“როგორი იქნება ნიკა მელიას დაკავების შემდეგ ხელისუფლებისა და ოპოზიციის შემდგომი ნაბიჯები, სავარაუდოდ, ფასილიტატორ ელჩებთან შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი. ოპოზიციამ საპროტესტო აქციების სერია უკვე დააანონსა და იმედი აქვს, რომ ეს, დასავლეთის ზეწოლასთან ერთად, ხელისუფლებას დათმობაზე წასვლას აიძულებს. ხელისუფლება კი ოპოზიციას დიალოგის სთავაზობს, ოღონდ “არა იმაზე, თუ რა გვყოფს, არამედ იმაზე, თუ რამ უნდა გაგვაერთიანოს”. სამშაბათს რამდენიმე საათის განმავლობაში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის რეზიდენციაში, ევროკავშირის და აშშ-ის ელჩები ოპოზიციის ლიდერებს ხვდებოდნენ. ოთხშაბათს, სავარაუდოდ, ისინი მმართველი პარტიის წარმომადგენლებსაც შეხვდებიან. აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ოპტიმისტურად არის განწყობილი ამბობს, რომ ორივე მხარემ ამ კრიზისიდან გამოსავალი უნდა იპოვონ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით დიალოგის ახალი მცდელობა ვითარების უკიდურესად გამწვავების ფონზე - რა სცენარით განვითარდება მოვლენები.

“ძალიან შეშფოთებული ვარ. ჩვენ ვსაუბრობთ მთავრობასთან და ოპოზიციასთან. ახლა ვიცით, რომ ყველა მხარე მზადაა, იპოვოს გამოსავალი”, - განაცხადა დეგნანმა. ანალიტიკოსთა შეფასებით კი, ხელისუფლებამ აუტკივარი თავი აიტკივა - თუკი აქამდე დასავლეთი ოპოზიციას აკრიტიკებდა და პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებდა, ნიკა მელიას დაკავებამ მათი განწყობა შესაძლოა რადიკალურად შეცვალოს. დასავლეთთან “ქართული ოცნების” ურთიერთობის გაფუჭება კი პირველ რიგში ქვეყანას აზიანებს. ოპოზიციამ აქციების სერია დაგეგმა, რომლის კულმინაციაც, სავარაუდოდ, 26 თებერვალს პარლამენტთან დანიშნული მიტინგი უნდა გახდეს. რაც შეეხება მმართველ პარტიასთან მოლაპარაკებას, ოპოზიციაში აცხადებენ, რომ თუკი ნიკა მელია პატიმრობაში დარჩება, ისინი მოლაპარაკების აზრს ვერ ხედავენ. “ნაცმოძრაობის” წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, სამშაბათს საღამოს გამართული შეხვედრა სამუშაო ხასიათის იყო და ფასილიტატორ ელჩებს სურთ, დაადგინონ მხარეთა პოზიციები. მისივე ინფორმაციით, ელჩები “ქართულ ოცნებასაც” შეხვდებიან. “ევროპული საქართველოს” ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით კი, დიალოგის სივრცე იქნება მაშინ, როცა “ხელისუფლება აზრზე მოვა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“დიალოგის სივრცე იქნება, როცა აზრზე მოვიყვანთ საზოგადოებრივი პროტესტით და წნეხით და სანქციების საფრთხით, რაც ივანიშვილს დაემუქრება”, - თქვა ბოკერიამ. იგი მიიჩნევს, რომ კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთ გზად ისევ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები რჩება. “ყველა ჩვენს პარტნიორთან საკითხი დასმული გვაქვს ასე, რომ კრიზისიდან გამოსავალი არსებობს მხოლოდ ამ გზით: სასწრაფოდ ნიკა მელიას და რურუას გათავისუფლება, დევნის შეწყვეტა და ტექნიკურად მომზადება ახალი, ნორმალური ვადამდელი არჩევნებისთვის”, - აცხადებს ბოკერია. პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მუქარების შემდეგ სამშაბათს ტონი შეარბილა და საგანგებო მიმართვით იგი პოლიტიკურ ძალებს უკვე დიალოგისკენ მოუწოდებს”, - განაგრძობს გამოცემა.

“დღეს, როდესაც აღსრულდა კანონი და სახელმწიფო დადგა თავის სიმაღლეზე, მინდა, მოვუწოდო ყველა პოლიტიკურ ძალას, ვისთვისაც ძვირფასია ქვეყანა, გავხსნათ ნამდვილი დიალოგი, ვისაუბროთ არა იმაზე, თუ რა გვყოფს, არამედ იმაზე, თუ რამ უნდა გაგვაერთიანოს. ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევების ფონზე, არა დაპირისპირების, არამედ დიალოგის დროა. ვთავაზობ ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ოპოზიციურ ძალას, შევიდნენ პარლამენტში და ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო გამოვიყენოთ მთავარ პლატფორმად დისკუსიისთვის. როგორც გუშინაც აღვნიშნე, ჩვენ მზად ვართ ნამდვილი დიალოგისთვის ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ფორმატში. ერთად ვიზრუნოთ ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და დამოუკიდებლობის განმტკიცებაზე, დემოკრატიული სისტემის შემდგომ გაძლიერებაზე, ეკონომიკური და სოციალური პრობლემების დაძლევაზე, ევროკავშირსა და ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციაზე. ჩვენს სამშობლოს დასაკარგი დრო არ აქვს. დღეს არა დაყოფის, არამედ გაერთიანების დროა. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი”, - ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის საგანგებო განცხადებაში. “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ქადაგიშვილი კი “რეზონანსთან” ამბობს, რომ ოპოზიციას თუ მიტინგების მოწყობა უნდა, ეს მათი კონსტიტუციური უფლებაა და ამაში ხელს არავინ შეუშლის. თუმცა, მისივე თქმით, პატივი უნდა ვცეთ სახელმწიფოს და ყველა პოლიტიკოსმა საკუთარ ქმედებაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს”, - დასძენს გამოცემა.

“თვითონ მელიამ გააკეთა ყველაფერი, რათა პროვოკაციაზე წასულიყო. სახელმწიფო იძულებული გახდა, რომ კანონი აღესრულებინა. მელიამ პირდაპირ განაცხადა, რომ მისი მიზანია საქართველოს არც ერთ სახელმწიფო ინსტიტუტს პატივი არ სცეს. რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას, “ქართულმა ოცნებამ” ამასთან დაკავშირებით 2 თვის წინ განაცხადა, რომ მის დანიშვნაზე თანახმაა, ოღონდ დაგვიმტკიცეთ, რომ არჩევნები გაყალბდა. ჩვენი კონსტიტუციით, პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნაა დაშვებული, სადაც ოპოზიციის მხრიდან სულ მცირე ნახევარი მაინც უნდა იყოს წარმოდგენილი. თუკი ეს კომისია დაამტკიცებს, რომ “ოცნებამ” 1%-იანი გაყალბება მაინც დაუშვა, ჩვენ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაზე თანახმა ვართ. სხვაგვარად ეს საკითხი არ განიხილება. “ოცნებამ” მოლაპარაკების მაგიდაზე რა შეთავაზებებიც გააკეთა, ის ძალაში რჩება და თუ ვინმეს მოლაპარაკება უნდა, უარს არ ვამბობთ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ქადაგიშვილი.

“რა თქმა უნდა, როდესაც პარლამენტში მელიას იმუნიტეტის შეჩერებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ვიღებდით, ჩვენ ყველა შესაძლო სცენარზე ვიმსჯელეთ. რა თქმა უნდა, ვხედავდით იმას, რომ თავად დაკავების პროცესიც უმტკივნეულო არ იქნებოდა. ისიც ვიცოდით, რომ ამას ჩვენი პარტნიორები გარკვეულწილად მწვავედ აღიქვამდნენ. ამასთან დაკავშირებით ჩვენი მხრიდან მათთან კომუნიკაცია იყო და კვლავ გრძელდება. მელიამ რა სიტუაციაშიც ხელისუფლება და სახელმწიფო ჩააყენა, აქ არჩევანის გაკეთების საშუალება აღარ იყო. ან სახელმწიფო აღარ არის, ან სახელმწიფო ინსტიტუტები უნდა შენარჩუნდეს და ჩვენს პარტნიორებთან მუშაობა გავაგრძელოთ იმასთან დაკავშირებით, თუ “ნაციონალებმა” ქვეყანა რ გამოწვევის წინაშე დააყენეს. რომ არა ამის პრევენცია, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ დემოკრატია არ გვექნება და მხოლოდ ანარქია იქნება”, - დაასკვნის ქადაგიშვილი.

“ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ პოლიტიკური პროცესი ახლა უკვე სრულიად სხვა ჭრილში გადავიდა. თუ ადრე მელიას დაკავება მხოლოდ სამართლებრივი პროცესი იყო, ახლა მას ოპოზიცია პოლიტიკურ კონტექსტს მისცემს და მას შემდეგი პროცესებისთვის გამოიყენებს. ამიტომაც ხელისუფლებას უნდა გაეანალიზებინა მელიას დაკავება უფრო უღირდა პოლიტიკურად თუ არდაკავება, უნდა შეეფასებინა რისკები, რომელიც ამ პროცესს მოჰყვებოდა და გადაწყვეტილება ამის შემდეგ მიეღო”, - წერს სტატიის ავტორი.

“ზოგადად, ძალიან სახიფათო მდგომარეობა შეიძლება შეიქმნას. თუ ჩვენი პარტნიორები მხოლოდ განცხადებებით არ დაკმაყოფილდებიან, არაა გაამორიცხული, რომ ხელისუფლება სერიოზული პრესის ქვეშ აღმოჩნდეს. ეს კი საზიანო იქნება, როგორც მათთვის, ასევე ქვეყნისთვის. არის ვარიანტებიც, რომ მხოლოდ ამ განცხადებებით შემოიფარგლონ. თუმცა, გაუგებარია რატომ გახდა ეს მელია ასეთი თავის ტკივილი, როცა მთელი დასავლეთი ხელისუფლებას მხარს უჭერდა და პირიქით, ოპოზიციას მოუხმობდნენ, რომ პარლამენტში შესულიყვნენ. ამიტომაც არ მესმის მელიას დაკავების ლოგიკა რაში მდგომარეობს. რასაც ვუყურებ, ჯერჯერობით არ ველი, რომ ქვეყანაში დიდი საპროტესტო ტალღა იქნება. კი გამოვა ქუჩაში “ნაციონალური მოძრაობის” ამომრჩეველი და გააპროტესტებენ, მაგრამ ეს არ იქნება მასშტაბური და მასობრივი აქციები. ხვალ რა იქნება, აქ უკვე რაიმე პროგნოზის გაკეთება გაჭირდება. ხელისუფლება აქამდე სწორად მოქმედებდა, მელიას დაკავებით კი აუტკივარი თავი აიტკივა. ვერ ვხედავ, რომ ხელისუფლებას ჩვენს პარტნიორებთან რაიმე სახით ნამუშევარი აქვს. ამიტომაც ეს მათ განწყობებს “ოცნების” მიმართ შეცვლის. ოპოზიცია რა თქმა უნდა შეეცდება, რომ სიტუააცია დაძაბოს, მაგრამ ხალხი თუ არ აჰყვა, ქვეყნის შიგნით ვერაფერს იზამს. უბრალოდ ცუდი ისაა, რომ თუ ხელისუფლებამ რადიკალური ქმედებები გააგრძელა და რაიმე მოლაპარაკებაზე არ წავიდა, სიტუაცია კიდევ უფრო სავალალო იქნება. ეს კი ქვეყანას ჩიხში შეიყვანს და დიდი ალბათობით დასავლეთიდან შეცვლილი რიტორიკა ძალიან დაგვაზიანებს“, - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

როგორ შეიძლება დააღწიოს ციხეს თავი ნიკა მელიამ? - არსებობს 4 გზა და ახლა მთავარია, რომელს აირჩევს პოლიტიკოსი

“ქართველ ანალიტიკოსთა და უცხოელ პარტნიორთა უმეტესობა ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ ქვეყანაში შექმნილი დაძაბულობის განმუხტვისათვის ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლების სამართლებრივი გზები მოძებნოს. იურისტები კი კონკრეტულ სამართლებრივ მექანიზმებს ასახელებენ, რომლის გამოყენებაც ამ შემთხვევაში შესაძლებელია. ამ მექანიზმებს თავად მმართველ პარტიაშიც განიხილავენ. “ქართული ოცნების” საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ნიკა მელიას მიერ საპატიმროს დატოვების ორი გზა არსებობს - ენმ-ს თავმჯდომარემ ან ბრალი უნდა აღიაროს, ან გირაოს თანხა გადაიხადოს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით როგორ შეიძლება დააღწიოს ციხეს თავი ნიკა მელიამ? - არსებობს 4 გზა და ახლა მთავარია, რომელს აირჩევს პოლიტიკოსი.

“სამართლებრივი გზა ახლაც არსებობს, ეს არის ისევ და ისევ გირაოს გადახდა და ასევე, ნაწილობრივ, ნიკა მელიას მიერ ბრალის აღიარება. მას საჯარო გამოსვლებშიც აქვს ნათქვამი, რომ ის იჭრებოდა პარლამენტში - ის ამას თუ აღიარებს სასამართლოშიც, მე მგონი, გამოსავალი იქნება ყველასთვის ძალიან კარგი. ეს მის ხელშია, როგორც აქამდე იყო”, - განაცხადა სამხარაძემ “რუსთავი 2”-ის ეთერში. თუმცა, “ნაცმოძრაობის” ლიდერის წინა განცხადებებიდან და ოპოზიციის საერთო განწყობიდან გამომდინარე, თავად მელიასთვის ეს ნაბიჯები, სავარაუდოდ, მიუღებელი იქნება. იურისტი და უფლებადამცველი ლია მუხაშავრია კი “რეზონანსთან” საუბრისას აცხადებს, რომ გარდა ამისა სამართლებრივად არსებობს კიდევ ორი გზა, რომელთა შემთხვევაშიც ნიკა მელია საპატიმროდან ისე გამოვა, ოპოზიციაც და ხელისუფებაც მეტ-ნაკლებად შეძლებს სახის შენარჩუნებას. ერთი შეიძლება იყოს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, სადაც მელიას ადვოკატებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს და მეორე - ადვოკატების მიმართვა სტრასბურგის სასამართლოს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“აპელაციაში ხომ გასაჩივრებულია და კიდევ სტრასბურგს შეიძლება მიეწეროს, როგორც გადაუდებელი შემთხვევა 39-ე წესით დროებითი ღონისძიების გამოყენების თაობაზე და მათ შეუძლიათ 24 საათში საქართველოს ხელისუფლებას დაუკავშირდნენ და მისი პატიმრობიდან გათავისუფლება მოსთხოვონ. ჩვენ რომ ევროპულ კონვენციას მივუერთდით და ევროსაბჭოს წევრი გავხდით, ეს იმას ნიშნავს, რომ ევროპული სასამართლოს იურისდიქცია ჩვენზე ვრცელდება და მათი ყველა გადაწყვეტილება შესასრულებლად სავალდებულოა. წერილი ევროსასამართლოს პრეზიდენტის სახელით მოდის, რომელიც პირდაპირ იუსტიციის მინისტრს და ქვეყნის პირველ პირს ეგზავნება, სადაც ძალიან მკაფიოდაა ჩამოწერილი, თუ რა უნდა გაკეთდეს, ან რისი გაკეთებისგან უნდა შეიკავოს თავი მთავრობამ. ამიტომ მნიშვნელოვანია რას მოითხოვენ ადვოკატები, რომ ის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს. თუ არ დაკმაყოფილდა და ამ გადაწყვეტილების მიღება 24 საათში არ მოხდა, საქმის განხილვა მაინც გაგრძელდება და გადამოწმდება დაკავების ფორმა რამდენად იყო კანონიერი და ევროკონვენციის შესაბამისი, რომელიც განხორციელებული იქნა, რასაც დესტაბილიზაცია მოჰყვა. ევროსასამართლოში ამ საქმის განხილვის დაწყება იმის უტყუარი ნიშანი იქნება, რომ რაღაცა დროის შემდეგ გადაწყვეტილება დადგება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლია მუხაშავრია.

“რა თქმა უნდა, შესაძლებელია, ჯერ განხილვა არ დანიშნულა. ალბათ ხვალ ან ზეგ დაინიშნება. ეს ამ კვირაში უნდა მოხდეს, თუ უნდათ, რომ დროულად იმოქმედონ. ვნახოთ. იგივე შეიძლება ითქვას ევროსასამართლოზეც. ევროსასამართლოს აქვს განსაკუთრებული პროცედურა - ე.წ. დროებითი ღონისძიება, ქართულად ასე ითარგმნება. სასამართლო წესების 39-ე წესით დაუყოვნებლივ მიმართვა ხდება, ფაქსი იგზავნება პრეზიდენტის ოფისის ფაქსზე და 24 საათში გადაწყვეტილებას იღებენ, მიმართონ თუ არა მოთხოვნით მოპასუხე მთავრობას და მოსთხოვონ, რომ დაუყოვნებლივ მოხდეს გათავისუფლება და მერე გაგრძელდება განხილვა, ვიდრე ევროსასამართლოს გადაწყვეტილება არ გამოვა. მაგრამ პატიმრობაში რომ არ იყოს პირი, ეს შეიძლება. მე დღეს სულ ვცდილობდი მის ადვოკატებთან დაკავშირებას, რომ ეს მეთქვა, მაგრამ მე მგონი ბექამ იცის ეს პროცედურები. აქამდეც უნდა მიეწერათ სტრასბურგისთვის, როცა სასამართლოს გადაწყვეტილება გამოვიდა და ეგება ისინი ჩარეულიყვნენ და ეს ამბავი აქამდე არ მივიდოდა”, - დასძენს მუხაშავრია.

ოთხშაბათს შეიძლება შეზღუდვების უმრავლესობა გაუქმდეს - რა იგეგმება საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე

“ოთხშაბათს დანიშნულ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე შესაძლოა ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვების მასშტაბურად მოხსნის და შემსუბუქების გადაწყვეტილება გამოაცხადონ. ეს “რეზონანსთან” საუბარში არც ამირან გამყრელიძემ და პაატა იმნაძემ უარყვეს, თუმცა არც პირდაპირ დაადასტურეს. არაოფიციალური ინფორმაციით კი, ცვლილებები დღეს მოქმედ პრატიკულად ყველა შეზღუდვას შეეხება. ასეთი ოპტიმისტური პროგნოზები ბოლო დღეებში პერმანენტულად ვრცელდება. საუბარია იმაზე, რომ შემცირდება კომენდანტის საათის ხანგრძლივობა და ის ღამის 9 საათის ნაცვლად შუაღამის 12 საათიდან დაიწყება. ასევ დაშვებული იქნება თეატრების, კინოთეატრებისა და და სხვა კულტურულ-გასართობი დაწესებულებების მუშაობა. სრული დატვირთვით იმუშავებენ სასტუმროები და რესტორნები. საქალაქო ტრანსპორტისა და არასასურსათო მაღაზიების მუშაობა შაბათ-კვირასაც იქნება დაშვებული და ასევე ამუშავდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტი”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ოთხშაბათს შეიძლება შეზღუდვების უმრავლესობა გაუქმდეს - რა იგეგმება საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე.

“გარდა ამისა, ცნობილია ისიც, რომ ახალი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის პოზიცია ეპიდემიასთან ბრძოლის სტრატეგიასთან დაკავშრებით განხვავდება მისი წინამორბედის, გიორგი გახარიას შეხედულებებისაგან და ღარიბაშილი ეკონომიკის სრულად გახსნი დაჩქარებას ემხრობა. გარდა ამისა, საბჭოს გადაწყვეტილებაზე სავარაუდოდ ისიც მოახდენს გავლენას, რომ, მაგალითად, საქალაქო ტრანსპორტის ამუშავებიდან უკვე ორ კვირაზე მეტი გავიდა და ამას ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი ზრდა არ გამოუწვევია. თუ რა შეზღუდვების მოხსნა იგეგმება საკოორდინაციო საბჭოზე, ამაზე “რეზონანსი” დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ, ამირან გამყრელიძეს, მის მოადგილე პაატა იმნაძესა და პარლამენტის ჯანდაცის კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარე აკაკი ზოიძეს ესაუბრა. პაატა იმნაძე და ამირან გამყრელიძე ჩვენთან საუბარში არ უარყოფენ შეზღუდვების მასშტაბური მოხსნის ან შემსუბუქების შესაძლებლობას ოთხშაბათის საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, თუმცა კონკრეტული პასუხებისგან თავს იკავებენ”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ჯერ ვერაფერს გეტყვით, თუმცა განხილვის შემდეგ აუცილებლად მოგახსენებთ”, - ამბობს პაატა იმნაძე. “ყველაფერი გადაწყდება საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე”, - განუცხადა “რეზონანსს” ამირან გამყრელიძემ. აკაკი ზოიძე კი აცხადებს, შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს. “სამწუხაროდ, არ მაქვს ამ საკითხზე ინფრომაცია. პოზიცია კი მას შემდეგ მექნება, რაც სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება იქნება ცნობილი”, - ამბობს ზოიძე. ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ კი პრაქტიკულად დაადასტურა, რომ მთავრობა შეზღუდვების დაჩქარებული ტემპით მოხსნის შესაძლებლობებს განიხილავს. მისი თქმით, ინფიცირების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად დაწეულია და აქედან გამომდინარე კი შეიძლება მოკლე დროში მოხერხდეს ქვეყნის ეკონომიკური გახსნა. “მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ როგორც პირველი, ასევე მეორე ფაზის შემთხვევაში, ეპიდემიოლოგიურად მნიშვნელოვანია, რომ ყოველი ორი კვირის ინტერვალით მოხდეს გაანალიზება იმ არსებული შედეგების, რომელიც გამოწვეულია თითოეული ქმედებით. ამ ეტაპისთვის ჩვენ გვაქვს გახსნები და თითოეულ გახსნას უნდა დავაკვირდეთ ორი კვირის ინტერვალით და ვიმოქმედოთ შესაბამისად”, - განაცხადა ტიკარაძემ, - წერს სტატიის ავტორი.

ტოომას ჰენდრიკ ილვესი - არ გჭირდებათ ევროკავშირის დროშების ყველგან აღმართვა, თუ მის ღირებულებებს არ იზიარებთ - სიტყვების თქმით: ”ჩვენ ევროპელები ვართ“, ევროკავშირში ავტომატურად ვერ შეხვალთ
ქართული პრესის მიმოხილვა 12.04.2021
ლევან დოლიძე - რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ვაშინგტონსა და ბრიუსელში ჩვენს შიდა პრობლემებზე მსჯელობა, მით უფრო გაგვიჭირდება მათთან იმ საკითხებზე საუბარი, რასაც ქვეყნის ინტერესები მოითხოვს
კახა ოქრიაშვილი - 15 მაისის აქციის სამზადისში აქტიურად ვარ ჩართული