გიგი უგულავა - ღარიბაშვილის გუშინდელი განცხადება ფარისევლობაა! - ცხოვრებაში ბევრი რამე მინახავს, მაგრამ მსგავსი დროსა და სივრცეში აცდენილი გზავნილი, ვერ წარმომედგინა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, დიალოგთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელი განცხადება ფარისევლობა, დროსა და სივრცეში აცდენილი გზავნილია.

„ღარიბაშვილის გუშინდელი განცხადება, ჩვეულებრივი ფარისევლობაა! მე ცხოვრებაში ბევრი რამე მინახავს, მაგრამ მსგავსი დროსა და სივრცეში აცდენილი გზავნილი, ვერ წარმომედგინა. მხოლოდ და მხოლოდ, ასეთ უტიფარ და უთავმოყვარეო ადამიანს შეეძლო გუშინდელის მერე, რაც მან ჩაიდინა, მსგავსი განცხადება გაეკეთებინა. თუ ივანიშვილს სურს სიტუაციის განმუხტვა, რამდენიმე რამ უნდა გააკეთოს, ყველაზე მთავარი - პოლიტპატიმრების გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი უნდა დაიწყოს. ივანიშვილი მხოლოდ და მხოლოდ სიძულვილის ენას იყენებს. ისაა ადამიანი, რომელიც თიშავს და არასდროს არ აერთიანებს. ისაა ადამიანი, რომელსაც შეუძლია ერთმანეთის ღვიძლი ძმები და მეგობრები ერთმანეთს გადაკიდოს“, - განაცხადა უგულავამ.

მისივე თქმით, დღევანდელი პოლიტიკური მოცემულობიდან გამოსავალი არა მარტო, ხელისუფლების ცვლილება, არამედ თითოეული იმ ადამიანის პირადი პასუხისმგებლობაა, „ვინც ველურობასა და ვანდალიზმს ხელს აწერს“.

„დღეს ჩვენ მივიღეთ, პოლიტიკურად „ჩმორი“ ბიძინა ივანიშვილის პირადი გვარდია, ყველა ხელისუფლების დროს ეს პრობლემა იყო, მაგრამ ასეთი რამ არავის არ გაუკეთებია. ამიტომაა გამოსავალი, არა მარტო, ხელისუფლების ცვლილება, არამედ თითოეული იმ ადამიანის პირადი პასუხისმგებლობაა, ვინც ველურობასა და ვანდალიზმს ხელს აწერს", - განაცხადა უგულავამ.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პოლიტიკური პარტიების მისამართით განცხადება გუშინ გააკეთა.

„დღეს, როდესაც აღსრულდა კანონი და სახელმწიფო დადგა თავის სიმაღლეზე, მინდა, მოვუწოდო ყველა პოლიტიკურ ძალას, ვისთვისაც ძვირფასია ქვეყანა, გავხსნათ ნამდვილი დიალოგი, ვისაუბროთ არა იმაზე, თუ რა გვყოფს, არამედ იმაზე, თუ რამ უნდა გაგვაერთიანოს“, - აცხადებს ღარიბაშვილი.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევების ფონზე, არა დაპირისპირების, არამედ დიალოგის დროა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა