ქართული პრესის მიმოხილვა 01.03.2021

გია ხუხაშვილი - “ვიცი, რომ რიგგარეშე არჩევნები აუცილებლად დაინიშნება, მაგრამ...”

ახალი მედიატორი - შეძლებს თუ არა ევროსაბჭოს პრეზიდენტი ხელისუფლებისა და ოპოზიციის დასმას მოლაპარაკების მაგიდასთან

კახა გოგოლაშვილი - ქუჩის პოლიტიკა და რუსული სცენარები?!

"ეს სიტყვები გაიგონა გახარიამ და მაშინვე გაიწია ირაკლი კობახიძეზე" - სკანდალური თათბირის დეტალები

მამუკა ხაზარაძე - “ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის!”

* * *

გია ხუხაშვილი - “ვიცი, რომ რიგგარეშე არჩევნები აუცილებლად დაინიშნება, მაგრამ...”

“პირველი, რაც აშკარად ჩანს, ის არის, რომ ხელისუფლებას, რომელიც შინაგანად სუსტად გრძნობს თავს, ყველაზე მეტად აშინებს ამ სისუსტის დემონსტრირება და ამის დასაფარავად იწყებს კუნთების თამაშს. ეს არის მომხდარის ირაციონალური მიზეზი, რადგან პოლიტიკური პრაგმატიზმის თვალსაზრისით, ეს ძალის დემონსტრირება არაეფექტიანი იყო სწორედ ხელისუფლებისთვის - მან ყველა მიმართულებით წააგო. წააგო, უპირველესად, იმით, რომ ოპოზიციას შეუქმნა დღის წესრიგი, რაც მას მანამდე არ ჰქონდა, ანუ მისცა ე.წ. სატოპკე პასი; მეორე - ხელისუფლებამ ამ ნაბიჯით მისდამი დასავლეთის ლოიალური დამოკიდებულება გააცამტვერა”, - აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ვიცი, რომ რიგგარეშე არჩევნები აუცილებლად დაინიშნება, მაგრამ...” / “ოპოზიცია ვერაფრით ახერხებს ამ ჯადოსნური წრიდან გამოსვლას და რეალური, პოზიტიური დღის წესრიგით მოქმედებას, რითაც დაარწმუნებდა საზოგადოებას, რომ მათ პრობლემებს ისინი უკეთესად გადაწყვეტენ. მხოლოდ ძალის დემონსტრირებით ცდილობენ შედეგის მიღებას”.

“თუ ვივარაუდებთ, რომ ხელისუფლების გარკვეულ ჯგუფს მართლაც ჰქონდა გახარიას მოშორების გეგმა, მაშინ მისი გადადგომა მათთვის, შესაძლოა, მნიშვნელოვანი შედეგი იყოს. ამ თეორიის თანახმად, შეიძლება დავუშვათ ისიც, რომ ყველაფერი სწორედ ამისთვის გაკეთდა. თუ ამ მსჯელობას გავყვებით, სცენარი შეიძლება ცოტა სხვანაირად ყოფილიყო დაგეგმილი, ანუ შესაძლოა ვიღაცას სურდა, ეს სპეცოპერაცია სწორედ გახარიას ჩაეტარებინა და მერე ჯერ 20 ივნისის ამბების და ახლა უკვე მელიას საქმის გამო მისი სრული დისკრედიტაცია მომხდარიყო, რასაც ის გადაჰყვებოდა კიდეც... ფაქტია, რომ გახარია არაკომფორტული ფიგურა იყო იმ მმართველობითი ფილოსოფიისთვის, რასაც ერთი ადამიანის ხელში კონცენტრირებული აბსოლუტური ძალაუფლება ჰქვია. არავისთვის არის დასამალი, რომ “ქართული ოცნების” საარჩევნო შედეგში ლომის წილი სწორედ გიორგი გახარიამ ითამაშა, ძალიან ბევრი ადამიანი აიკიდა ზურგზე, რომელთაც აჩუქა ძალაუფლება. არ ვამბობ, რომ მხოლოდ გახარია იყო მნიშვნელოვანი, მაგრამ მოდი, გულწრფელად ვთქვათ - “ქართული ოცნების” ამომრჩეველმა ორ ადამიანს - მას და ბიძინა ივანიშვილს მისცა ხმა, დღეს კი არც ერთი მათგანი ფორმალურად ხელისუფლებაში აღარ არის. პოლიტიკაში არიან თუ არა, ეს სხვა საკითხია...”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

“შესაძლოა, გახარიამ დაინახა ეს საფრთხე და ამიტომაც გადადგა, რასაც მოჰყვა მოვლენების სხვა გზით განვითარება. რადგან პირველი გეგმა ჩაიშალა, მერე უკვე განხორციელდა მეორე, ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით. ახალმა პრემიერმა ცნობილი გამოსვლის შემდეგ მოახერხა და ქვეყანა რამდენიმე წლით უკან გადააგდო... არ გამოვრიცხავ, რომ იმ ჯგუფს, რომელსაც ეს ხალიჩისქვეშა თამაშები ჰქონდა ჩაფიქრებული, ვერ წარმოედგინა, თუ ასეთ მძიმე შედეგებს მიიღებდა, თუმცა, ვიმეორებ - რაც გახარიასთან დაკავშირებით ვთქვი, მხოლოდ ვარაუდია... ბუნებრივია, დაწყებული გახარიას შავი პიარი მოდის ხელისუფლებიდან. ადამიანი, რომელიც გადის სისტემიდან, ამ სისტემისთვის პოტენციურ საფრთხედ იქცევა, მით უფრო, ისეთი ფიგურა, რომლის პოლიტიკური წონა დარჩენილი სისტემის პოლიტიკურ წონას აჭარბებს. ამიტომაც იწყება მისი პოლიტიკური მკვლელობის ოპერაცია. ნახეთ, რა ვითარება მივიღეთ - ადამიანის მიმართ, რომელმაც ამ გაუგებარ მასას ძალაუფლება აჩუქა, ელემენტარული მადლიერებაც არავის გამოუხატავს. ბუნებრივია, დღეს მისი დისკრედიტაცია “ქართული ოცნების” ამოცანაა, ამისთვის კი ყველა ბინძურ მეთოდს გამოიყენებენ. ისინი ამ ეტაპზე არაპირდაპირ იმოქმედებენ, არ გამოჩნდებიან და ამ ურაპატრიოტული, ანგაჟირებული ჯგუფების მეშვეობით წარმართავენ გახარიას გასაშავებელ" კამპანიას, რომ ემანდ არაფერი გაბედოს და პოლიტიკაში არ შემობრუნდეს. არ გამოვრიცხავ, რომ უფრო შორსაც წავიდნენ”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“დღევანდელი გადასახედიდან გახარიას გააქტიურება ნაკლებად სავარაუდო მგონია. მეეჭვება, ის ამას აპირებდეს, თუმცა პოლიტიკიდან წასვლა რთული პროცესია, საკუთარი გამოცდილებით ვიცი. თავიდანვე გადაწყვეტილი მქონდა, რომ 2012 წლის არჩევნების შემდეგ წავიდოდი პოლიტიკიდან, მაგრამ ვერ წავედი... ქართულ სისტემას აქვს ასეთი ფსიქოლოგია, შეიძლება ითქვას, ნახევრად კრიმინალურიც, როცა სისტემიდან გასვლა ღალატად ფასდება და სისტემა იწყებს შენ წინააღმდეგ მოქმედებას. სწორედ ეს ხდება ახლა გახარიას შემთხვევაში და ეს ძალიან სახიფათო პროცესია. სწორედ ამ მიზეზით მავანს უწევს პოლიტიკაში დარჩენა, რათა თავი დაიცვას. პოლიტიკიდან წასვლა ჩემი გადაწყვეტილება იყო, რომლის განხორციელება ძალიან რთული აღმოჩნდა. ბიძინა ივანიშვილმა რამდენჯერმე სცადა ჩემი შენარჩუნება, ბოლოს ურეკში ჩამიყვანა მეუღლესთან ერთად და კიდევ ერთხელ მოსინჯა ნიადაგი პოლიტიკაში ჩემი დარჩენისთვის... მოკლედ, ეს ადამიანურადაც ძალიან რთული იყო... ახლა გახარიაც ამ მდგომარეობაშია. მას აქვს სერიოზული პოლიტიკური კაპიტალი, რომლის რეალიზება შეუძლია, მაგრამ თუ ამ ნაბიჯს გადადგამს, მაინც მგონია, რომ ეს იძულებითი ნაბიჯი იქნება. მის პოლიტიკაში შემობრუნების შანსს ასე შევაფასებდი - 50/50”, - მიიჩნევს ექსპერტი.

“სამწუხაროდ, ოპოზიციაშიც მძიმე ვითარება გვაქვს. ძალიან მოძველებულია ის სტილი, რომლითაც დღეს ქართული ოპოზიცია მოქმედებს. ჩემი აზრით, ამას საზოგადოებაც კარგად ხედავს. ეს კარვები, რევოლუციური რიტორიკა და ა.შ. არ არის 21-ე საუკუნის სტილი. უფრო კრეატიულად შეიძლება ამ პროცესის წარმართვა, პოზიტიურ დღის წესრიგზე დაყრდნობით და რესპექტაბელურად. ხელისუფლებას დღეს აქვს ისეთი პრობლემები, რომ ოპოზიცია მდინარის პირას რომ დაჯდეს და დაელოდოს, მდინარე მისი ოპონენტის პოლიტიკურ გვამს აუცილებლად ჩამოატარებს. ვფიქრობ, რიგგარეშე არჩევნები გარადაუვალია არა იმიტომ, რომ ოპოზიცია შეძლებს და ხელისუფლებას ამას აიძულებს, არამედ იმიტომ, რომ თვითონ ხელისუფლება შეუწყობს ხელს მოვლენების ასეთ განვითარებას. ხელისუფლების მუდმივი შეცდომები, ობიექტური პრობლემები (ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მარტო იანვარში 11.5 %-იანი ეკონომიკური ვარდნა გვქონდა) და ის, რომ მმართველ ძალას ამ პრობლემებთან გამკლავების მწყობრი გეგმა არ აქვს, ბოლოს მიგვიყვანს ისეთ კრიზისამდე, რომლის გადასაჭრელადაც აუცილებელი იქნება ვადამდელი არჩევნები. დღეს ყველა მხარეს ერთადერთი საფიქრალი ის უნდა ჰქონდეს, რომ ვადამდელ არჩევნებამდე გზა ქვეყანამ მინიმალური სახელმწიფოებრივი დანაკარგით გაიაროს, ანუ იყოს რაც შეიძლება ნაკლები რადიკალური რყევა და ყველაფერი კონსტიტუციის შესაბამისად წარიმართოს, მაგრამ ამის ნაცვლად ერთი მხრიდან ვხედავთ მონოლოგების კაკაფონიას, მეორე მხრიდან კი - ისევ ძალადობაზე ლაპარაკს”, - ამბობს გია ხუხაშვილი.

“დღეს ადამიანებისთვის დომინანტური არის უმუშევრობა, რაც ყველა კვლევაში ჩანს. ისინი ხელისუფლებით უკმაყოფილონი არიან, მაგრამ რომ გააქტიურდნენ, ამისთვის უკეთესი ალტერნატივა უნდა დაინახონ, რომ ვინც ხელისუფლებას უპირისპირდება, უკეთესად გადაწყვეტს მათ პრობლემებს, მაგრამ ოპოზიცია ამ პრობლემებზე ან ძალიან ფრაგმენტულად, ან საერთოდ არ ლაპარაკობს. ისინი მხოლოდ პოლიტიკურ იწილობიწილოში არიან ჩართული. ვერ გაიგეს, რომ პოლიტპატიმრების თემა შეიძლება აწუხებდეს საზოგადოების ნაწილს, მაგრამ ეს არ არის მთელი საზოგადებისთვის პირველხარისხოვანი პრობლემა... ოპოზიცია ვერაფრით ახერხებს ამ ჯადოსნური წრიდან გამოსვლას და რეალური, პოზიტიური დღის წესრიგით მოქმედებას, მხოლოდ ძალის დემონსტრირებით ცდილობენ შედეგის მიღებას, არადა, ადამიანებს ყოველდღიურად გადარჩენის პრობლემა აქვთ. თუმცა შეიძლება ოპოზიციის მიმართ განწყობა უკეთესობისკენ არ შეიცვალოს, მაგრამ ხელისუფლებისადმი დამოკიდებულება იცვლება უარესობისკენ. აუცილებლად დადგება მომენტი, როცა პროცესი შეუქცევად ხასიათს მიიღებს. მით უფრო, რომ დღევანდელ ხელისუფლებას ლეგიტიმაცია, ფაქტობრივად, არ აქვს. უკვე ვთქვი, რომ ის ორი ადამიანი, რომელთაც მხარი დაუჭირა “ოცნების” ამომრჩეველმა, დღეს ხელისუფლებაში აღარ არის...”, - თვლის რესპონდენტი.

“ღარიბაშვილის უკან გამოჩნდა ივანიშვილის ხელი - არავის სჯერა, რომ ღარიბაშვილი თვითონ იღებს გადაწყვეტილებებს. შედეგად ისევ ჩრდილოვანი მმართველობის აქტუალიზაცია მოხდა, რაც “ქართული ოცნების” მხარდამჭერთა ნაწილისთვის შეიძლება პოზიტიური ნიშანი იყოს, მაგრამ მეტისმეტად ნეგატიურია დასავლეთთან ურთიერთობისა და ბიძინა ივანიშვილის სამომავლო უსაფრთხოების თვალსაზრისით. მან საჯაროდ განაცხადა პოლიტიკიდან დისტანცირების თაობაზე. დღეს მართლაც დგას თუ არა ის ღარიბაშვილის უკან, მაინცდამაინც მნიშვნელოვანი არც არის, რადგან პოლიტიკაში მთავარი ფაქტი კი არა, განცდაა, ჰოდა, დღეს ჩვენშიც და საზღვარგარეთაც ყველას აქვს განცდა, რომ ქვეყანას ჩრდილიდან ისევ ბიძინა ივანიშვილი მართავს, რაც კატეგორიულად მიუღებელია განსაკუთრებით დასავლეთისთვის. ისინი კიდევ ერთხელ მოტყუებულად გრძნობენ თავს. სამომავლოდ ეს შეიძლება ძალიან ძვირად დაუჯდეს ივანიშვილს. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ მას ხვალვე სანქციებს დაუწესებენ, რაც მე არ მჯერა, მაგრამ მომავლისთვის ეს ტენდენციები ივანიშვილისთვის ძალიან სარისკოა”, - განმარტავს ექსპერტი.

“ოპოზიციას შემოქმედებითობა აკლია, ისევ ძველებურად ცდილობენ ცეცხლის ხაზების გავლებას. რუსეთთან დაკავშირებით განცხადებების მოტივაცია კიდევ გასაგებია - დღეს მსოფლიოში ტრენდად არის ქცეული დასავლეთისა და რუსეთის დაპირისპირება და ისინი ამ “ტრენდზე დაჯდომას” ცდილობენ, რათა ხელისუფლების მიმართ დასავლეთის კითხვები გაამძაფრონ. ხოლო რაც შეეხება ახალ ეროვნულ მოძრაობას, კარვებს და ა.შ., ეს 21-ე საუკუნეში აბსოლუტურად მიუღებელი და გაუგებარია. ბარემ შიმშილობაც დაიწყონ და პირიც ამოიკერონ... კარგია, რომ პერმანენტული აქციები დააანონსეს და ძველებურად არ თქვეს, დღესვე უნდა დავამთავროთ ყველაფერიო, მაგრამ ახლა გააჩნია ამ აქციების ფორმას. იმედია, ეს ძიძგილაობად არ იქცევა. ასეთ შემთხვევაში ხელისუფლება ყოველთვის იგებს, რადგან კუნთები უფრო ძლიერი აქვს. სხვათა შორის, სწორად მოიქცნენ, რომ ნიკა მელიას დაპატიმრებისას აქტიურ წინააღმდეგობა არ გასწიეს. ასე უნდა გააგრძელონ. დღეს წითელი ხაზები სწორედ კანონის დაცვაზე გადის!” - დაასკვნის ხუხაშვილი და შეკითხვაზე - “შეიძლება ითქვას, რომ მელიას დაკავების შემდეგ დასავლეთის რეაქცია იყო უკიდურესად მძიმე...”, - პასუხობს:

“ისინი პროცესებს შორიდან უყურებენ და დეტალებს არც განიხილავენ... მათთვის ნავალნის და მელიას საქმეები ორი პარალელური ქეისია. თუ შეხედავთ რუსულ პროპაგანდისტულ არხებს, დაინახავთ, რომ ნავალნის საწინააღმდეგო არგუმენტები სრულად არის კოპირებული ქართულ სახელისუფლებო არხებზე. სტუდიებიც კი ერთნაირი აქვთ. ეჭვი მაქვს, სახელისუფლო სპიკერები რუსულ არხებს უყურებენ - ვინც რუსული იცის, რა თქმა უნდა, აშპარგალკებენ და ამას საკუთარ გამოსვლებში იყენებენ”.

“დასავლეთიდან ეს ყველაფერი ასე ჩანს - ერთი ადგილის გათბობა კი გვინდა დასავლეთში, მაგრამ მენტალობით ისევ რუსეთთან ვართ... მაგრამ ასე არ ხდება - ან ერთგან უნდა იყო, ან მეორეგან. სწორედ ეს აშფოთებთ დასავლეთში და ამაზე ლაპარაკობენ. მათ გაუჩნდათ განცდა, რომ საქართველოს, როგორც პარტნიორს, კარგავენ. დემოკრატიას სრულიად არ შეესაბამება ის, რაც მოხდა მელიასთან დაკავშირებით. კი ბატონო, კანონი უნდა აღსრულდეს, მაგრამ ოპოზიციური პარტიის შტურმი და სპეცოპერაცია ყოველგვარ ზღვარს სცილდება. არ ვიცი, იქნება თუ არა სანქციები. უფრო მგონია, რომ არა, თუმცა ისიც ცხადია, რომ დღეს ხელისუფლება აფექტის მდგომარეობაშია, არაპროგნოზირებადია, ამიტომ რა იქნება მომავალში, რთული სათქმელია... ვიცი, რომ რიგგარეშე არჩევნები აუცილებლად დაინიშნება, მაგრამ როდის და რა გზით მივალთ ამ არჩევნებამდე, არ ვიცი. ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, აქტიურად ჩაერთვება თუ არა დასავლეთი ამ პროცესში, გააძლიერებს თუ არა ზეწოლას და იპოვის თუ არა ეფექტიან მექანიზმებს როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან ცხელი თავების შესაკავებლად. ჩვენ დიდი რისკის წინაშე ვდგავართ. სამწუხაროდ, ისე ჩანს, რომ მხარეები მზად არ არიან, სახელმწიფოს ინტერესები საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებს ამჯობინონ, რაც კარგად არ წარმოაჩენს ჩვენს პოლიტიკურ ელიტას”, - დასძენს ექსპერტი.

ახალი მედიატორი - შეძლებს თუ არა ევროსაბჭოს პრეზიდენტი ხელისუფლებისა და ოპოზიციის დასმას მოლაპარაკების მაგიდასთან

“დღეს საქართველოში ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ორდღიანი ვიზიტი იწყება და ოპოზიციაში იმედი აქვთ, რომ ის ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვას ეცდება. მითუმეტეს, რომ ვიზიტის წინ მას ევროპარლამენტარებმაც მიმართეს თხოვნით, რომ საქართველოში მედიაციის შესაძლებლობა გამოიყენოს. ევროპის საბჭოს პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტს “რეზონანსთან” პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი საგარეო საქმეთა საკითხებში და “ჯიპას” ასოცირებული პროფესორი, თენგიზ ფხალაძე აფასებს. მისი თქმით, ამ ვიზიტისას დღის წესრიგში იგეგმება, როგორც ხელისუფლებასთან ასევე ოპოზიციასთან შეხვედრა და ქვეყანაში არსებულ კრიზისზე საუბარი”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ახალი მედიატორი - შეძლებს თუ არა ევროსაბჭოს პრეზიდენტი ხელისუფლებისა და ოპოზიციის დასმას მოლაპარაკების მაგიდასთან.

“პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ ევროსაბჭოს პრეზიდენტი რაიმე სახის ზეწოლით ღონისძიებებს არ მიმართავს საქართველოში კრიზისის განმუხტვისათვის. აღნიშნული ვიზიტი ნამდვლად იყო დაგეგმილი აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში, თუმცა, დღის წესრიგში შევიდა გარკვეული კორექტირება იმ ვითარებიდან გამომდინარე, რაც დღეს არის საქართველოში. გარდა ამისა, მიშელს მიმართეს ევროპარლამენტარებმაც თხოვნით, რომ საქართველოში მედიაციის შესაძლებლობა გამოიყენოს. მას ექნება შეხვედრა როგორც ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებთან, ასევე ოპოზიციასთან. აქედან გამომდინარე, თავისთავად ცხადია, რომ ეს ვიზიტი ჩვენი კრიზისის დღის წესრიგში თავის წვლილს შეიტანს. ვფიქრობ ნებისმიერი მედიაცია არის ძალიან კარგი, მაგრამ იმისათვის, რომ კრიზისი განიმუხტოს, საჭიროა პოლიტიკური ნება და იმედი მაქვს, რომ მხარეებს პოლიტიკური ნება აღმოაჩნდებათ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენთან საუბრისას თენგიზ ფხალაძე.

“ოპოზიციის ლიდერებს კი მიშელის ვიზიტის ფარგლებში იმედი აქვს, რომ მას ექნება მკაფიო გზავნილები ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის მოსაგვარებლად. “ევროპული საქართველოს” პოლიტსაბჭოს წევრი გიგი წერეთელი იმედოვნებს, რომ შარლ მიშელს ექნება მკაფიო გზავნილები, რადგან, მისი თქმით, ახლა ორაზროვანი გზავნილების დრო არ არის. პარტია “ლელოს” პოლიტიკური საბჭოს წევრი, გრიგოლ გეგელია კი აღნიშნავს, რომ მიშელის ვიზიტი საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური კრიზისის დროს. “შარლ მიშელის ვიზიტი ხორციელდება ძალიან მნიშვნელოვან დროს, ყველაზე სტრატეგიულ მომენტში, როდესაც წყდება საქართველო შეინარჩუნებს თუ არა დემოკრატიულ ხასიათს და როგორი იქნება საქართველოს საერთაშორისო იმიჯი, საშინაო სტაბილურობა და როლი ამ ძალიან რთულ მომენტში მთელი რეგიონისათვის”, - განაცხადა გეგელიამ. თენგიზ ფხალაძე კი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ოპოზიციის იმედები კრიზისის განმუხტვასთან დაკავშირებით ფუჭი არ არის, რადგან მიშელის ვიზიტმა შეიძლება დიალოგის ახალ ეტაპს შეუწყოს ხელი”, - დასძენს გამოცემა.

“ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს 28 თებერვალს ეწვია. 1-ელ მარტს შარლ მიშელი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შეხვდება, რის შემდეგაც მათი ერთობლივი განცხადებები გაკეთდება პრესისთვის. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ასევე შეხვდება პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკავძეს, ასევე პოლიტიკური პარტიების ლიდერებს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ეწვევა საოკუპაციო ხაზს, დაესწრება ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალი ოფისის გახსნას. შარლ მიშელი საქართველოს 2 მარტს დატოვებს”, - წერს სტატიის ავტორი.

კახა გოგოლაშვილი - ქუჩის პოლიტიკა და რუსული სცენარები?!

“ვფიქრობ, გამოსავალი არსებობს და მისი გამონახვა ორივე მხარეს შეუძლია, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ უკან დაიხია და განაცხადა, რომ პროკურატურა შეიტანს მელიას განაჩენის გადახედვის შესახებ ხელახალ განაცხადს, ოღონდ იმ პირობით, თუ საპროცესო გარიგებით დანიშნულ თანხას გადაიხდიან. ორივე მხარეს აქვს შესაძლებლობა ვითარება სტაბილური გახდეს, მაგრამ ამპარტავნობა არ აძლევთ უფლებას სიტუაციას ცივი გონებით შეხედონ. არადა, პოლიტიკურად მოიგებს ის მხარე, რომელიც სიტუაციის სტაბილიზაციისკენ პირველ ნაბიჯს გადადგამს”, - აცხადებს რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ქუჩის პოლიტიკა და რუსული სცენარები?!

“ნაციონალურმა მოძრაობამ” რომ თქვას, გადავიხდით გირაოს თანხას, ოღონდ იმიტომ, რომ კრიზისი არ გაღრმავდეს და მოლაპარაკება შევძლოთ, ჩვენი პოლიტიკური მოთხოვნები ძალაში რჩება და ნიკა მელიასაც ციხიდან გამოვიყვანთო, ბევრს მოიგებენ. ხელისუფლებასაც შეუძლია იპოვოს სხვა გზა, რომ მელიას გირაოს თანხა ბიუჯეტიდან ან სხვა ფორმით თავად გადაიხადოს (გამოსავლის პოვნა არ გაუჭირდება) და განაცხადოს, ამას უცხოელი პარტნიორებისა და საზოგადოების პატივისცემის გამო ვაკეთებთ, რომლებიც ქვეყანაში დაძაბულობის გამო ღელავენო. ახლა კანონის დარღვევასა და კონსტიტუციის ნორმების გადამეტებაზე კი არა, კომპრომისის ძებნაზეა საუბარი. მით უფრო, რომ ორ კვირაში ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ჩამოდის და თუ მას კომპრომისული სიტუაცია დახვდება, მხარეები ევროკავშირთანაც მეტ პლუსს დაიწერენ. გამოჩნდება, რომ ხელისუფლებას შეუძლია კრიზისის დაძლევა, ხოლო ოპოზიციას პოლიტიკური პასუხისმგებლობა აქვს ქვეყნის მშვიდობიანი მომავლისთვის”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კახა გოგოლაშვილი.

“მომავალზე ხომ უნდა ვიფიქროთ. ეს იქნება საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პერსპექტივისკენ გადადგმული ნაბიჯი. მით უფრო, 2024 წელს, როგორი ამბიციებისა და ამპარტავნობის დათმობადაც უნდა დაგვიჯდეს, ევროკავშირში შესვლაზე განაცხადი უნდა გავაკეთოთ. აი, ეს არის გამოსავალი. თუმცა ამ სცენარის განვითარება დამოკიდებულია პოლიტიკური მხარეების კეთილ ნებაზე, თვითშეგნებაზე, წინდახედულობაზე. ასევე უმნიშვნელოვანესია საზოგადოების აქტიურობა, ის უფრო მეტად უნდა ჩაერთოს ამ დაპირისპირებაში, ოღონდ სწორი გზით. ვფიქრობ, რაღაც მატერიალურის დათმობა ისეთი ღირებულისთვის, როგორიც მშვიდობა და სტაბილური მომავალია, ბევრად ღირსეული ნაბიჯია და მას ხალხი აუცილებლად დააფასებს. ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ ვიღაცას შეეშინდა ან სიმართლისთვის იბრძვის, ახლა ყველაზე დიდი სიმართლე ხალხის და ქვეყნის მომავალია”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“დასავლეთში არასდროს აკეთებენ კანონის საწინააღმდეგო განცხადებას, პოლიტიკურ მხარეებს დესტაბილიზაციისკენ არასდროს მოუწოდებენ. ქვეყნის მომავალზე ზრუნვა უმაღლესი ფასეულობაა. ამას ემსახურებოდა მათი განცხადებები, რადგან ბურთი ხელისუფლებას ჰქონდა - მელიას დაკავების არავითარი აუცილებლობა არ იყო, მეტი სიფრთხილე მართებდათ ბევრი რამის გამო, თუმცა პოლიტიკურადაც გაუმართლებელი ნაბიჯი არ არის. კარგია, რომ მალევე თავადვე იპოვეს გამოსავალი - თუ გირაოს გადაიხდის, მელიას გაათავისუფლებენ, მაგრამ ახლა ოპოზიციაა წინააღმდეგი, რომ გირაოს გადახდა უსამართლობაა. არადა, ახლა ქვეყნის სტაბილური მომავალი ძევს სასწორზე. კატეგორიული კილოთი საუბარი არც ერთი მხარისგან არ არის მოსაწონი. დასავლეთი რომ დაინახავს, ხელისუფლება დათმობაზე მიდის, ეს აუცილებლად იმოქმედებს მის პოლიტიკურ სპექტრზე. შესაბამისად, ოპოზიციისგანაც მოელიან შემხვედრ ნაბიჯებს. ოპოზიციას შეუძლია თქვას, არ გვიღირს ძალაუფლება იმად, რომ მოსახლეობა რისკის ქვეშ დავაყენოთო და ეს გადაწყვეტილება დაუფასდებათ. თუ ამას შეძლებენ, კრიზისიდან ბევრად ძლიერი გამოვლენ. ახლა ქვეყანაში პოლიტიკურ ამინდს ორი ძალა ქმნის - ხელისუფლება და წამყვანი ოპოზიცია, პირველ რიგში, “ნაცმოძრაობა”, ამიტომ პასუხისმგებლობაც მათზე ნაწილდება”, - მიიჩნევს ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი.

“სომხეთის მოვლენები ნამდვილად არ იძლევა სიმშვიდის საფუძველს - პრემიერ ნიკოლ ფაშინიანს უკვე სამხედროები დაუპირისპირდნენ. არის რაღაცები, რაც პროცესების შემთხვევით და იმპულსურად განვითარებაზე სრულებით არ მიანიშნებს. მაგალითად, გიუმრიში რუსული ბაზის გაფართოება რით არის ნაკარნახევი, აზერბაიჯანი დაესხმება სომხეთს თავს თუ რა?.. რატომ აძლიერებს რუსეთი სომხეთში ბაზას? სხვათა შორის, გიუმრიდან საქართველომდე 100 კმ-ზე ნაკლებია. იმავდროულად, აზერბაიჯანში, ყარაბაღშიც გააძლიერა თავისი კონტინგენტი... 1-ლი მარტიდან რუსეთთან უვიზო მიმოსვლის განახლება იგეგმება. თუ კრემლმა განიზრახა საქართველოში პროვოკაციის მოწყობა, ამას უპირველესად ქვეყნის სამხრეთით გადაწყვეტს. მე მჯერა, რომ იქაური მოსახლეობა სახელმწიფოებრივად აზროვნებს, მაგრამ რუსეთს ძალიან კარგად აქვს აპრობირებული პროვოკატორებისა და სხვადასხვა სახიფათო ძალის შემოყვანა. შესაძლოა სახიფათო ფანტასტიკურ სურათს ვხატავ, მაგრამ ჩვენს არაერთ მწარე გამოცდილებას თუ დავეყრდნობით, შეიძლება ერთ დღესაც გავიღვიძოთ და “მწვანე კაცუნები” ჯავახეთში დაგვხვდნენ...” - ამბობს კახა გოგოლაშვილი.

“რუსეთს საყრდენის პოვნა არასოდეს უჭირს. მას შეუძლია რამდენიმე მხრიდან დაგვარტყას: სომხეთიდანაც შეუძლია პროვოკატორების შემოყვანა და სხვა საზღვრებიდანაც გრუ-ს ძალების შემოყვანა სპეციალური დავალებებით. შეიძლება გიუმრიში გადასაყვანი ძალები საქართველოს რეგიონებში გაიფანტონ. ამ ძალიან სახიფათო სიტუაციაში კინკლაობას თავი უნდა დავანებოთ, რომ ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიყოთ. რუსეთს რამდენიმე მიზეზის გამო აძლევს ხელს რეგიონში ვითარების დაძაბვა - სომხეთი ყარაბაღის კონფლიქტის შემდეგ რუსეთისგან თავს დაჩაგრულად გრძნობს და ანტირუსული განწყობა უძლიერდება. ამიტომ შესაძლოა კრემლმა სომხეთის ხელისუფლებას კი არა, სულ სხვა ძალებს, რომლებიც ქვეყანაში გადატრიალებას აპირებენ, შესთავაზოს, ყარაბაღს ვერ დაგიბრუნებთ, მაგრამ თუ ფაშინიანს ჩამოაგდებთ, ჯავახეთის გადმოცემაზე ვიფიქრებთო. ხომ შეიძლება იქ აღმოჩნდნენ ძალები, რომლებიც ამ შემოთავაზებას აღფრთოვანებით შეხვდებიან. შესაძლოა მიზანს ვერ მიაღწიონ, მაგრამ ამით საქართველოს ხომ უფრო მეტად დაასუსტებენ?! რუსეთი შეეცდება თავისი ძალა დაგვანახოს, თავისკენ “დაგვქაჩოს”. რუსეთი ასე მუშაობს სამეზობლოში, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეშინია დასავლეთმა საქართველოს ნატოში გაწევრება არ დააჩქაროს”, - განმარტავს რესპონდენტი.

“დასავლეთმა დროულად უნდა იფიქროს საქართველოს სამხედრო უსაფრთხოებაზე, თორემ სამხრეთ კავკასიასა და შავ ზღვაზე პოზიციას დაკარგავს, ეს კი მისთვის გეოსტრატეგიული მარცხი იქნება. ამ თამაშში რუსეთს ბევრნაირი სცენარი ექნება. გვახსოვს, რაც გააკეთა აღმოსავლეთ უკრაინაში, ყირიმში, ყარაბაღში ან თუნდაც 2008 წელს საქართველოში... ახლა ე.წ. სამხრეთ ოსეთში მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს ატარებს. მის ნებისმიერ სამხედრო მოქმედებას მასშტაბური წვრთნა უძღოდა წინ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ან მეზობელი ქვეყნის საზღვარზე. ასე რომ, ფრთხილად უნდა ვიყოთ. ოპოზიციამ და ხელისუფლებამაც რისკები უნდა გააცნობიერონ. მწვავე პოლიტიკურ კრიზისსა და უჩვეულოდ რთულ საგარეო ვითარებაში საკმარისი არ არის მხოლოდ ერთმა მხარემ დაიხიოს უკან, რათა სწრაფი კონსოლიდაცია შევძლოთ”, - დასძენს კახა გოგოლაშვილი.

"ეს სიტყვები გაიგონა გახარიამ და მაშინვე გაიწია ირაკლი კობახიძეზე" - სკანდალური თათბირის დეტალები

“ჩვენი წყაროსვე ინფორმაციით, ოპოზიცია გამალებით ეძებს ისეთ ადამიანს, ვინც გირაოსაც გადაიხდის და თან არც იმის წინააღმდეგი იქნება, რომ ოპოზიციამ ლანძღოს და “ოცნების” მოგზავნილი ეძახოს. ოპოზიცია ელჩებს ვერ უხსნის, რატომ ზის მთავარი ოპოციზიონერი ციხეში მაშინ, როცა შეუძლია თავისუფლებაზე 9 ათას დოლარად გამოვიდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ ციხეში ჯდიმა მელიას თვითმიზანია და ამის გამართლებას დასავლეტში ოპოზიციონერები ვერ ახერხებენ. ის, რომ მელიას ციხეში ყოფნამ აზრი დაკარგა, ელჩენმა ოპოზიციას უკვე უთხრეს და იმის იმედი, რომ საქართველოში ევროსაბჭოს პრეზიდენტის ვიზიტი რამეს შეცვლის, უბრალოდ სისულელეა”, - გვეუბნება ჩვენი წყარო და რამდენად სარწმუნოა ეს ამბავი, დროს გვიჩვენებს”, - წერს გაზეთი “ალია” სტატიაში, სათაურით იმ სკანდალური თათბირის ექსკლუზიური დეტალები, რის შემდეგაც გახარია გადადგა! / "ეს სიტყვები გაიგონა გახარიამ და მაშინვე გაიწია ირაკლი კობახიძეზე”.

“საინტერესო ის არის, როგორ და რატომ წავიდა პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გიორგი გახარია. ამ ნაბიჯს არ ელოდა არავინ და რაც მთავარია, ამისთვის მზად არ იყო გუნდი. ყველაფერი მოულოდნელად დაიწყო და ელვის უსწრაფესად განვითარდა. ახლა მოგიყვებით იმ იმ სკანდალური თათბირის დეტალებს, რის შემდეგაც გახარია წავიდა. “იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მომხდარიყო მელიას დაპატიმრება, ლიდერები შეიკრიბნენ. გახარიამ დააგვიანა პარტიის ოფისში მისვლა და დანარჩენები მანამდე ერთმანეთში განიხილავდნენ ვარიანტებს, თუ როგორ და რა უნდა მომხდარიყო. ძალისმიერი მეთოდი როცა ახსენეს, ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, რომ ჰქონდა ამ თემაზე საუბარი პრემიერთან და გახარია კატეგორიული წინააღმდეგი იყო დარბევისა და მორიგი ძალადობის. გომელაურს კომახიძემ უპასუხა, ეგ შენი პრემიერი ჯიბეში მყავს და ნახავ როგორ როგორ დაგვთანხმდებაო. ამ დროს ისე, როგორც ფილმებში ხდება ხოლმე შევიდა გახარია ოთახში და კობახიძის სიტყვები გაიგონა. მან კობახიძეს უთხრა, ვის ეძახი ჯიბის პრემიერსო და შეაგინა. არც გახარიას გინებას ელოდა ვინმე და არც იმას, რომ გინების შემდეგ ის კობახიძეზე დასარტყმელად გაიწევდა”, - გვეუბნება ჩვენი წყარო, რომლის თქმით მუშტი-კრივამდე საქმე სხვებმა არ მიიყვანეს და შუაში ჩადგნენ”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ამის შემდეგ გახარიას პრაქტიკულად არ უსაუბრია - ის კობახიძეს უყვიროდა, უშვერი სიტყვებით ლანძღავდა, ლაწირაკ ბავშვს ეძახდა და სხდომაც დატოვა. არანაირი განხილვა მისი თანდასწრებით და რაიმე სცენარის შეთანხმება არ მომხდარა. ის სხდომიდან უბრალოდ წავიდა. ამის შემდეგ ბიძინა ივანიშვილთან ჯერ ღარიბაშვილმა დარეკა, შემდეგ გომელაურმა. როგორს წყარო ჰყვება, ღარიბაშვილს ზარს ივანიშვილმა არ უპასუხა, გომელაურს - კი.არავინ იცის რა უთხრა გომელაურმა ივანიშვილს, რადგან სასაუბროდ გვერდით გავიდა და საკმაოდ ჩუმად საუბრობდა. შემდეგ ის მოხდა, რაც მოხდა - გახარიამ მეორე დღეს გადადგომის შესახებ გააკეთა განცხადება და ერთადერთი ვისაც შეხვდა ამ განცხადებამდე მაია ცქიტიშვილი იყო. და მინისტრთა კაბინეტის წევრთაგან მხოლოდ მაია ცქიტიშვილი იყო, ვინც გახარიას გადადგომის შესახებ დაზუსტებით იცოდა. წყარო გვიდასტურებს იმასაც, რომ გახარიას გადადგომამდე რამდენიმე საათით ადრე ცქიტიშვილი ივანიშვილთან იმყოფებოდა”, - განაგრძობს გამოცემა.

“გახარიას წასვლის შემდეგ პრემიერობის ერთადერთი კანდიდატი ირაკლი კობახიძე იყო - გუნდი შეიკრიბა, რომ ის პრემიერად უნდა დაესახელებინათ, მაგრამ გამაწყვეტი სიტყვა სწორედ ცქიტიშვილმა თქვა. მან არაერთმნიშნვნელოვნად მიანიშნა, რომ კობახიძის გაპრემიერებას ივანიშვილი არ მიესალმება და ირაკლი ვერ შეძლებს ერთდროულად პარტიის გაძღოლასაც და პრემიერობასაც. რეალურად ეს იყო ბრძანება. რატომღაც ყველას ეგონა, რომ ამის შემდეგ ცქიტიშვილი პრემიერად საკუთარ თავს დაასახელებდა, მაგრამ მან მშვიდად თქვა ივანიშვილის მორიგი დანაბარები - ჯერჯერობით ქალი-პრემიერის დრო არ დამდგარაო, რითაც წულუკიანის გაპრემიერებაც გამორიცხა, რომელსაც პოლიტსაბჭოში რამდენიმე ადამიანი ღიად უჭერდა მხარს. ღარიბაშვილის პრემიერობაც მაია ცქიტიშვილის “მოსაზრება” იყო. რასაც დანარჩენები დაეთანხმნენ”, - დასძენს ჩვენი წყარო, რომლის თქმით, "კობახიძეზე როცა მიდგა ჯერი, მან ძლივ გასაგონად ჩაილაბარაკა - “ჩემთვის სულერთიაო”, - წერს სტატიის ავტორი.

მამუკა ხაზარაძე - “ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის!”

“დღემდე ვფიქრობ, რომ მოლაპარაკებას არა აქვს ალტერნატივა. დიალოგის მოწოდება ჩვენი პოზიციაა პირველივე დღიდანვე, როგორც კი არჩევნები გაყალბდა. ოთხი რაუნდი ჩატარდა, მეხუთე ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჩააგდეს თავიანთი ქმედებებით. ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის. საქმე არ ეხება პარტიებს შორის ან ძალაუფლებისთვის ბრძოლას. საქმე ეხება საქართველოს მომავალს. ჩვენი ქვეყანა ასე ვერ განვითარდება. ჩვენ უნდა მივეჩვიოთ ხიდების აშენებას, დიალოგს და საერთო მიზნის გარშემო გაერთიანებას. საერთო მიზანია ქვეყნის ჭაობიდან ამოყვანა, ვინც უნდა იყოს ეს - “ქართული ოცნების” თუ ოპოზიციის მხარე, ყველა ამ ქვეყნის შვილები ვართ. უნდა გამოვნახოთ ძალა, შევთანხმდეთ ევროატლანტიკურ სივრცეში გაერთიანებაზე, ევროპულ კურსსა და ქვეყნის ამ მძიმე მდგომარეობიდან გამოყვანაზე”, - აცხადებს `ლელო საქართველოსთვის” ლიდერი მამუკა ხაზარაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის!”

“სიმართლე გითხრათ, საერთაშორისო საზოგადოებრიობის მსგავსი არც მახსენდება. შორს რომ არ წავიდე, მხოლოდ ერთ გზავნილს დავასახელებ, რომელსაც თავისუფალი სამყაროს ათი წარმომადგენელი აწერს ხელს და რომლის საშუალებითაც ხელისუფლებას თავისუფლებაზე თავდასხმისა და ძალადობის შესახებ აფრთხილებენ. ხელისუფლება კი დღეს თავების დათვლით არის დაკავებული, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ან ძალიან კრიტიკულ ვითარებაშია, ან არაადეკვატური განცხადებებით და მიდგომებით სირაქლემის პოზიციაში ცდილობს ყოფნას, ან არ აინტერესებს დასავლელი პარტნიორების შეხედულება. თუ მოსწონთ სირაქლემას პოზიციაში ყოფნა, იყვნენ, ეს მათი არჩევანია. ჩვენ, დასავლური კურსის მატარებელი, დემოკრატიული ღირებულებების მქონე ადამიანები გავაგრძელებთ ბრძოლას მშვიდობიანი და კონსტრუქციული მეთოდებით”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა ხაზარაძე.

“პროკურატურის განცხადება გირაოს სანაცვლოდ მელიას პატიმრობიდან გათავისუფლების თაობაზე რაზეც უნდა ყოფილიყო ის გათვლილი, პირდაპირი აღიარება და თვითლუსტრაციაა იმისა, რომ ქვეყანაში არ არსებობს მართლმსაჯულება. ეს უკვე მეორე შემთხვევაა. პირველ ჯერზე გახარიამ თქვა, რომ გუნდში თათბირი ჰქონდათ და ვერ შეთანხმდნენ, დაეჭირათ თუ არა მელია. ეს ნიშნავს, პოლიტიკა წყვეტს სამართალწარმოებას და არა მართლმსაჯულება. პროკურატურის განცხადება ბოლო წერტილი იყო. პროკურორი საჯაროდ ამბობს, ოღონდ თქვენ ფული გადაიხადეთ და ჩვენ აქ საქმეს დავალაგებთო. სანამ თითოეული მოქალაქის ცნობიერებამდე არ დავა, რომ საქმეების ჩაწყობა-დალაგება ქვეყანას აზიანებს, მანამდე არაფერი გვეშველება”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ლელო” პროტესტის დაწყების პირველივე დღიდანვე ამბობდა და დღესაც იმავე აზრზეა, რომ ქვეყანას არჩევნების გარდა სხვა გამოსავალი არა აქვს. ქვეყანას გადატვირთვა სჭირდება, ყველაზე კარგი საშუალება კი ახალი, სამართლიანი არჩევნები იქნება, ახალი საარჩევნო სისტემით და ახალი ცესკოს შემადგენლობით. ამის შედეგი კოალიციური მთავრობა იქნება. ეს ერთადერთი სწორი გამოსავალია. მიზნის მისაღწევად ოპოზიცია კანონით დაშვებულ ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს, მათ შორის საპროტესტო აქციებს და უცხოელ პარტნიორებთან მუშაობას. სხვათა შორის, მგონი “ქართულ ოცნებაშიც” გამოიღვიძებენ ვიღაცები მაინც”, - ამბობს “ლელოს” ლიდერი და შეკითხვაზე - “მმართველი გუნდის ლიდერები დღემდე ამბობენ, რომ “ქართული ოცნების” დამარცხების შემთხვევაში ხელისუფლებაში სააკაშვილი მოვა და ამის სჯერა ხალხის დიდ ნაწილს. როგორ დაამტკიცებთ, რომ მაგალითად, “ლელო” სააკაშვილის თამაშის წესებით არ მოქმედებს?” - პასუხობს:

“ძალიან კარგი კითხვაა. სააკაშვილი მართლა რომ აპირებდეს ჩამოსვლას, აქამდე ჩამოვიდოდა, სასამართლოს წინაშე წარდგებოდა და ბრალდებებს, თუ ისინი უსაფუძვლოა, გააქარწყლებდა. არ მჯერა, რომ დაბრუნდება. “ლელოს” აქვს ძალიან მკაფიო ხაზი _ ქვეყანას კოალიციური მთავრობა სჭირდება. ძალიანაც რომ მოვინდომოთ, ვერც “ნაციონალების” მხარდამჭერებს გავაქრობთ და ვერც “ქართული ოცნების”.

“ჩვენ გვჭირდება ისეთი პარლამენტი, სადაც იქნება კოალიცია და არავის ექნება ქვეყნის ერთპიროვნულად მართვის შესაძლებლობა. თუ ამაზე არ შევთანხმდით, სულ ასეთ გაუგებრობაში ვიქნებით. რევანში უნდა დამთავრდეს! “ქართულ ოცნებას” 9 წელი ჰქონდა იმისთვის, რომ პასუხი ეგო “ნაციონალური მოძრაობის” ყველა იმ წევრს, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს და კანონი დაარღვიეს. რა ქნა “ოცნებამ”? გადაიბარა ყველა დამნაშავე, კანონდამრღვევი მოსამართლე, პროკურორები, ჩინოვნიკები და დღეს ისინი ანალოგიურ დანაშაულებს სჩადიან. ამიტომ გამუდმებით იმაზე ლაპარაკი, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” 9 წლის წინ დანაშაული ჩაიდინა, აღარ გვაინტერესებს, გავიგეთ. ახლა მხოლოდ ის გვაინტერესებს, ხვალ როგორ ვიცხოვრებთ, ჩვენს შვილებს რა პერსპექტივები ექნებათ. ვინც დასასჯელი იყო, აქამდე უნდა დასჯილიყო, ვინც აღარ არის პოლიტიკაში მოსაბრუნებელი, არ უნდა მოვაბრუნოთ, ჩვენ კი წინ წავიდეთ”, - დაასკვნის მამუკა ხაზარაძე.

“მთავარია, ადამიანებს ვაჩვენოთ, რომ წინააღმდეგობის ტალღა არ გაჩერდება. მართლა ძალიან დიდი საფრთხის წინაშე ვდგავართ, ჩვენი დასავლური ორიენტაცია, დამოუკიდებლობა დგას დღის წესრიგში. წყალში გვეყრება ყველაფერი, რასაც 30 წლის განმავლობაში ტანჯვა-წამებით მივაღწიეთ. არა მგონია, ასეთი ძვირფასი მონაპოვარი დათმოს ქართველმა ხალხმა... დიახ, ძნელია, არც გინდა ამის დაჯერება, მაგრამ ფაქტებს რა ვუყოთ? რუსული კურსის პირველი ნიშანი იყო ანაკლიის პროექტის ჩაგდება, შემდეგ გავრილოვის ვითომდა შემთხვევით პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაბრძანება და უამრავი სხვა ნელ-ნელა შემოპარებული ამბავი. მალე კიდევ გამოჩნდება რუსული კურსის სხვა ნიშნებიც და როცა ქართველი ხალხი ამას ცხადად დაინახავს, მაშინ იქნება ნამდვილი ბრძოლა”, - დასძენს “ლელოს” ლიდერი.

თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში