კარნეგის ფონდის რუსეთისა და ევრაზიის პროგრამების წამყვანი მკვლევარის, პოლ სტრონსკის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის დაკავება მკაფიოდ უარყოფითი მოვლენა, უფრო ხანგრძლივი საფუძვლების მქონე პრობლემების გამოვლინებაა.
ამის შესახებ ჯენსენმა „ამერიკის ხმასთან“ინტერვიუში განაცხადა.
„ვფიქრობ, საქართველოს დემოკრატიის იმიჯისთვის ეს ზიანი დიდი ხანია იხარშება. ეს არაა ის, რაც დღეს მოხდა. ზიანი საქართველოს დიდი ხნის წინ მიადგა - ძლიერ პოლარიზებული დემოკრატია პოლიტიკური ფრაქციებით, რომლებიც ერთმანეთის წინააღმდეგ იბრძვიან. ის დომინირებულია გაზვიადებული მნიშვნელობისა და ძალიან ძლევამოსილი პერსონალიებით. ესაა არსებითად ის, რაც ახლა დავინახეთ, ესაა ბოლო მოვლენა ამ ზოგად, ქართული პოლიტიკური კრიზისის დაღმავალ სპირალში“, - განაცხადა სტრონსკიმ.
მისივე თქმით, 23 თებერვლის დილა გამორჩეულად დამაზიანებელი იყო.
„ეს დღე ამ დრომდე ყველაზე უარესი იყო, მაგრამ ის ხაზს უსვამს ჩემთვის, რომ „ქართული ოცნება“ არის ხისტი და არის ძალიან შეშფოთებული საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნების თაობაზე, ასევე ოპოზიციასთან კომპრომისზე წასვლისა და იმის შესახებ, რომ არ დათმოს არც ერთი სანტიმეტრი. ვხედავთ, რომ ეს დაპირისპირება ორ მხარეს შორის გრძელდება ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. მაგრამ ვიტყოდი, რომ ის იქამდეც დაიწყო - ორ მხარეს შორის უნდობლობა, რაც საერთო ენის გამონახვას, შუაში შეხვედრას უფრო რთულს ხდის. დღევანდელი მოვლენები კი კიდევ უფრო ამცირებს, აქარწყლებს რაიმე ნდობას. ეს ძალიან მახინჯი დღე იყო ქართული დემოკრატიისთვის და სამწუხაროდ, ასეთი დღეები აქამდეც გვინახავს. როდესაც, ოდესღაც ძალიან იმედისმომცემი დემოკრატიული ძალა ცდილობს ძალაუფლების კონსოლიდირებას. ადრეც გვინახავს ეს ხანგრძლივი მახასიათებელი ქართული პოლიტიკისა. ვფიქრობ, ეს ნამდვილად გარდამტეხი მომენტია და საქართველოს მომავალი გაურკვეველია“, - აღნიშნა პოლ სტრონსკიმ „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში.
პოლ სტრონსკის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ შექმნილ ვითარებაზე აშშ-ის ელჩმა საქართველოში განცხადებები გააკეთა, შესაძლოა, ამერიკიდან უფრო მაღალი დონის ჩართულობა იყოს საჭირო.
„ობამას ადმინისტრაციისას სწორედ ვიცე-პრეზიდენტი ბაიდენი იყო ის, ვინც ასეთ გზავნილებს და ამ ტიპის განცხადებებს აკეთებდა საქართველოს, უკრაინის თუ იმ სხვა ქვეყნების მიმართ, რომლებიც უკან იხევდნენ დემოკრატიის კუთხით. ახლა კი არაა ნათელი ვინ შეასრულებს ამ როლს ახალ ადმინისტრაციაში. ამერიკის საელჩომ სცადა ხმამაღალი განცხადებების გაკეთება ამ თემაზე. შესაძლოა, ელჩზე 1-2 საფეხურით უფრო მაღალი დონის ჩართულობაა საჭირო. მაგრამ ახალ მთავრობაში ჯერ კიდევ არ არის დანიშნული სახელმწიფო მდივნის ყველა მოადგილე, არაა ყველა პოზიცია შევსებული“, - ამბობს სტრონსკი.
რაც შეეხება კიდევ უფრო მკაცრ ნაბიჯებს ამერიკის მხრიდან, ის სანქციების თაობაზე გადაწყვეტილებას ახლო მომავალში ნაკლებ სავარაუდოდ მიიჩნევს და ამბობს, რომ ეს უდიდესი და უარყოფითი სიმბოლური მნიშვნელობის განაცხადი იქნებოდა.
„კონგრესში საქართველოს მხარდამჭერი აქტის განახლებასა თუ ფინანსურ დახმარებაზე, ვფიქრობ, ქვეყანა ნამდვილად უნდა წუხდეს. ეს ამერიკელი გადასახადების გადამხდელთა თანხებია. საქართველოს ეს თანხა არ აქვს გარანტირებული. ამერიკელ ხალხს სურს პარტნიორების დასახმარებლად საერთაშორისო არენაზე უფრო მეტი ჩართულობა, მაგრამ არა დაუსრულებელი, ულიმიტო ჩეკის გამოწერა. მგონია, რომ უფრო მეტი კითხვა დაისმება და შეიძლება გადაიდგას კიდეც ამ დახმარების კუთხით ნაბიჯები. წლების განმავლობაში საქართველოს უდიდესი თანხები აქვს მიღებული ამერიკისგან და ჩვენ გვნიდა დავრწმუნდეთ, რომ ეს დახმარება შესაბამისად იხარჯება. სადაც ჩანს, რომ ეს ასე არ ხდება, არც იმის გარანტია არსებობს, რომ დახმარება გაგრძელდება. ამერიკა საქართველოს ძალიან ძლიერი პარტნიორია. მაგრამ ეს ძალიან სამწუხარო დღე იყო საქართველოსთვის, როდესაც ქვეყანამ კიდევ ერთხელ დაიხია უკან დემოკრატიულ ტრაექტორიაში და მას სჭირდება ამერიკისა და ევროკავშირის დახმარება. სჭირდება მტკიცე გაფრთხილებები, წინამძღოლობა და ძალისხმევა ამ ღრმა კრიზისის დე-ესკალაციისთვის. ეს ჩემთვის მიუთითებს იმაზე, რომ მიუხედავად იმ პროგრესისა, რომელიც საქართველოს რეფორმების ფრონტზე ჰქონდა, მან ჯერ კიდევ ვერ მოახერხა დემოკრატიის ინსტიტუტების დონეზე გამყარება. ის რჩება ძალიან აალებად, ქუჩის პროტესტის დონეზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია დემოკრატიისა, მაგრამ ვხედავთ ბორძიკს ერთი პოლიტიკური კრიზისიდან შემდეგ კრიზისამდე “, - განაცხადა პოლ სტრონსკიმ.