ადამიანებს სურთ ჰყავდეთ შვილები. ადამიანები ამას განიხილავენ როგორც ერთ-ერთ ყველაზე დიდ ბედნიერებას, თუმცა ისინი აცნობიერებენ, რომ იმისთვის, რომ მათ შეძლონ სასურველი ზომის ოჯახის ყოლა, საჭიროა ეკონომიკური სტაბილურობა დღეს და ასევე, ფინანსური უსაფრთხოება გრძელვადიან პერსპექტივაში. როდესაც ისინი ყველა ამ ფაქტორს უყურებენ, აცნობიერებენ, რომ რთულია ოჯახის უზრუნველყოფა იმ ხარისხითა და სტანდარტებით, რომლებიც მათ თავისი შვილებისთვის სურთ, - ამის შესახებ გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) წარმომადგენელი თურქეთში და ორგანიზაციის დირექტორი აზერბაიჯანსა და საქართველოში მარიამ ხანი „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში საუბრობს.
მარიამ ხანის განცხადებით, საქართველო იმ ქვეყნების რიცხვს განეკუთვნება, სადაც შობადობა ჩანაცვლების დონეზე დაბალია, ასეთ ქვეყნებში კი, მისი თქმით, უსაფრთხო დედობაზე ყურადღების გამახვილება ძალიან მნიშვნელოვანია.
რა დემოგრაფიული გამოწვევების წინაშე დგას საქართველო, რამდენად აქტიურად თანამშრომლობს ხელისუფლება გაეროს მოსახლეობის ფონდთან დადებითი დემოგრაფიული ტენდენციების მისაღწევად და რა არის ყველაზე ეფექტური სტიმულები დემოგრაფიული სტაბილურობისთვის, ვრცლად ინტერვიუში...
- პირველ რიგში, მსურს დემოგრაფიულ ტენდენციებზე გკითხოთ, რა დინამიკაა მსოფლიოში, სად არის დემოგრაფიის თვალსაზრისით დადებითი დინამიკა და რომელი რეგიონი და უფრო კონკრეტულად, რომელი ქვეყნები დგას დემოგრაფიული გამოწვევის წინაშე ?
- დემოგრაფიასთან დაკავშირებით სამი ფაქტორია, რომლებსაც უნდა შევხედოთ. შობადობა, სიკვდილიანობა და მიგრაცია. მსოფლიოს თითქმის ყველა ნაწილში, ვიცით, რომ ცხოვრების ხანგრძლივობა იზრდება და ყველა ვთანხმდებით, რომ ეს კარგია. რაც შეეხება შობადობასა და მიგრაციას, ისინი პოლიტიკურად უფრო მეტად კომპლექსური საკითხებია. განსაკუთრებით შობადობის მხრივ შესამჩნევია არაპროპორციული ჩამორჩენა. მოცემულ მომენტში მსოფლიო მოსახლეობის 66% ცხოვრობს რეგიონებში, სადაც ზოგადად შობადობა ჩანაცვლების დონეზე დაბალია და ამას ხაზგასმით ვამბობ. ჩვენ ვაკვირდებით ზრდას საჰარის სამხრეთით მდებარე აფრიკაში. იქ უახლოეს მომავალში მოსახლეობის საერთო რაოდენობა კვლავ გაიზრდება, რადგან შობადობა აღემატება თაობათა განახლების დონეს და იზრდება სიცოცხლის ხანგრძლივობაც; ამასთან, აღსანიშნავია, რომ მიგრაციის მაჩვენებლები ქვეყნების მიხედვით განსხვავდება.

ის, რასაც ვაკვირდებით საქართველოში, ძალიან დამახასიათებელია ევროპული მოდელისთვის, სადაც შობადობა თაობათა განახლების დონეს ქვემოთაა, არის გარკვეული დონის მიგრაციაც და აქ უნდა შევხედოთ, ვინ მიგრირებს ქვეყანაში და ვინ მიდის ემიგრაციაში ქვეყნიდან. შესაბამისად, მონაცემთა დეზაგრეგაცია ძალიან მნიშვნელოვანია ანალიზისთვის. ჩვენ, გაეროს მოსახლეობის ფონდი, ერთობლიობაში ვუყურებთ ყველა ამ განზომილებას, რათა გავიგოთ ახლა არსებული დემოგრაფიული რეალობა და ასევე ის, თუ რა ტენდენციები და პროგნოზებია და დეზაგრეგაციული მონაცემები რას გვეუბნება ამაზე.
- მოდით, იმ ქვეყნებზე ვკონცენტრირდეთ, რომლებსაც განსაკუთრებით მწვავედ უდგათ დემოგრაფიული გამოწვევები - მათთვის თქვენი მიგნებები და რეკომენდაციები განსაკუთრებით საყურადღებო იქნება. აღნიშნულ კონტექსტში მსურს გკითხოთ, რა ძირითად მიზეზებს გამოყოფდით, რის გამოც აღნიშნულ ქვეყნებსა და რეგიონებში შობადობა მცირდება?
- პრაქტიკა, ქცევა და ტენდენცია, რომ გყავდეს ძალიან დიდი ოჯახი, იცვლება. როდესაც მშობლებს აქვთ რწმენა, რომ მათი შვილი ჯანსაღი ცხოვრებით იცხოვრებს, პარალელურად კი იცვლება ცხოვრების წესი (სოფლიდან ქალაქში გადასვლა), გარდაიქმნება საცხოვრებელი პირობები და ეკონომიკა, ხოლო განათლება უფრო ხელმისაწვდომი ხდება - ვხედავთ, რომ ოჯახის ზომა მცირდება. ეს დემოგრაფიული გარდამავალი პროცესის ნორმალური ნაწილია და მას ყველა ქვეყანა გადის. აღმოსავლეთ ევროპაში, ცენტრალურ აზიასა და ზოგადად ევროპაში, განვითარებულ ქვეყნებში ვხედავთ, რომ განათლებაზე წვდომა გაუმჯობესდა, ურბანიზაცია ბევრად მაღალია და უფრო მეტი სამუშაო ძალაა, როგორც მამაკაცების, ასევე ქალების. ამ ფაქტორთა ერთიანობა იწვევს იმას, რომ წყვილები ირჩევენ ჰყავდეთ უფრო მცირე ზომის ოჯახები, რათა მათ უზრუნველყონ ცხოვრების ხარისხი თავისი შვილებისთვის, ურბანულ გარემოში, ხშირად ორივე დასაქმებული მშობლის პირობებში. და ამ ტენდენციას ჩვენ ვხედავთ თითქმის ყველა ქვეყანაში.

- კონკრეტულად საქართველოზეც მსურს ჩაგეკითხოთ, აქ უკვე რამდენიმე წლის განმავლობაში სიკვდილიანობა შობადობას აჭარბებს. მაგალითად, 2026 წლის იანვარ-ივნისში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 17 509 ბავშვი შეადგინა, 22 224 ადამიანი კი გარდაიცვალა. რას ამბობს ეს რიცხვები და აქვე გკითხავთ, საშუალოდ რამდენი შვილის ყოლა და რამდენწლიან პერსპექტივაში შეცვლის აღნიშნულ ვითარებას დადებითი დემოგრაფიული სალდოს სასარგებლოდ საქართველოში?
- საქართველოს შემთხვევაში ვხედავთ, რომ შობადობა მოცემულ მომენტში ჩანაცვლების დონეზე დაბალია, ასევე ვაკვირდებით იმიგრაციის მაჩვენებელს, ხალხი ტოვებს ქვეყანას - ახალგაზრდები და ასევე, რეპროდუქციული ასაკის ქალები. შობადობის ასპექტების გააზრებისას ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია იმის აღიარება, რომ ეს არის გადაწყვეტილება, რომელსაც წყვილი დამოუკიდებლად და თავისუფლად იღებს, იმის მიხედვით, რა სურთ მომავლისთვის. როდესაც ამას უფრო ფართო პერსპექტივიდან ვუყურებთ, ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს პოზიცია და მიზეზები თუ რატომ ირჩევს წყვილი ოჯახის კონკრეტულ ზომას. გაეროს მოსახლეობის ფონდმა ახლახან ჩაატარა დემოგრაფიული მომავლის კვლევა. ჩვენ შევისწავლეთ და გამოვკითხეთ, დაახლოებით, 100 ათასი ახალგაზრდა 73 ქვეყანაში მათ შორის, საქართველოში, იმის გასაგებად თუ რა პერსპექტივებია და რა არის ადამიანთა განზრახვა თავის ოჯახებთან და მომავალთან დაკავშირებით. ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ადამიანებს სურთ ჰყავდეთ შვილები. ადამიანები ამას განიხილავენ როგორც ერთ-ერთ ყველაზე დიდ ბედნიერებას. თუმცა ისინი აცნობიერებენ, რომ იმისთვის, რომ მათ შეძლონ სასურველი ზომის ოჯახის ყოლა, საჭიროა ეკონომიკური სტაბილურობა დღეს და ასევე, ფინანსური უსაფრთხოება გრძელვადიან პერსპექტივაში. როდესაც ისინი ყველა ამ ფაქტორს უყურებენ, აცნობიერებენ, რომ რთულია ოჯახის უზრუნველყოფა იმ ხარისხითა და სტანდარტებით, რომლებიც მათ თავისი შვილებისთვის სურთ. შესაბამისად, შესამჩნევია, მათ შორის, საქართველოში, რომ მაშინ როდესაც ოჯახის სასურველი ზომა, ანუ სასურველი ბავშვების რაოდენობა 2-ს აღემატება - ეს მონაცემი დაახლოებით 2,6-ია, რეალური შობადობა 2-ს ქვემოთ არის, დაახლოებით 1,5-ია. აქ მთავარი კითხვებია, რა არის ამ სხვაობის გამომწვევი მიზეზი?! როგორ შეგვიძლია მათ დავეხმაროთ მაკროეკონომიკური პოლიტიკის პერსპექტივიდან, სოციალური პოლიტიკის პერსპექტივიდან, მშობიარობის პოლიტიკის პერსპექტივიდან, ბავშვზე ზრუნვის პოლიტიკის პერსპექტივიდან, განათლების პოლიტიკის, თანასწორობის პოლიტიკის პერსპექტივიდან, რომელიც მხარს უჭერს როგორც ქალებს, ასევე მამაკაცებს და როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ წყვილებს განახორციელონ მათი ამბიცია, ჰყავდეთ სასურველი რაოდენობის შვილები?!

- მაინც მსურს გაგაცნოთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის მოსაზრება დემოგრაფიულ ტენდენციებთან დაკავშირებით. კერძოდ, პარლამენტის სპიკერი მიიჩნევს, რომ კეთილდღეობის ზრდასა და დემოგრაფიული გამოწვევების ზრდას შორის პირდაპირი კორელაციაა და „ამის არაღიარება იგივეა, რომ მეცნიერება არ ვაღიაროთ“. “სტატისტიკა ასე იქნება: კეთილდღეობა რაც უფრო გაიზრდება, დემოგრაფიული გამოწვევებიც გაიზრდება - კეთილდღეობის ზრდასთან ერთად, ადამიანები დაკავებული არიან კარიერით და ოჯახები შვილების გაჩენისგან თავს იკავებენ” - ამ განცხადების ავტორიც შალვა პაპუაშვილია. რამდენად ეთანხმებით ამ განმარტებას და ზოგადად, რა უფრო დიდ გავლენას ახდენს შობადობის ტენდენციებზე, იგივე კეთილდღეობა, რაზეც პარლამენტის სპიკერი მიუთითებს, ახალგაზრდების კარიერული სწრაფვები, ოჯახის დაგეგმვისთვის მეტი ყურადღების მიქცევის კულტურის დანერგვა თუ სხვა ეკონომიკური მდგენელები?
- როდესაც ტენდენცია იცვლება და ქვეყანა ხდება მეტად ურბანული, დაინახავთ, რომ ოჯახის ზომა შეიცვლება. ჩვენ ვიცით, რომ სახლები სოფლის ტიპის დასახლებაში უფრო დიდია, ვიდრე სახლები ურბანულ დასახლებაში,ვიცით, რომ საცხოვრებლის და განათლების ღირებულება განსხვავებულია სოფლის ტიპისა და ურბანულ დასახლებებში. ვიცით, რომ, რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი უმაღლეს განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც უფრო გვიან იძენს. ეს ნორმალური ტენდენციაა, როდესაც საზოგადოება კეთილდღეობას აღწევს, ხდება მეტად განათლებული, ურბანული და განვითარებული. ამაში გასაოცარი არაფერია. საკითხი მდგომარეობს შემდეგში, რომ ჩვენ უკეთ გავიგოთ და პროგნოზირება მოვახდინოთ მომავალში როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად - ვფიქრობ, სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა. ძალიან ბევრია იმ ქვეყნების მაგალითი, რომლებიც წინ არიან დემოგრაფიულ გარდამავალ პროცესში, საკმაოდ ბევრია მაგალითები სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში- იაპონია, კორეა, ჩინეთი და მაგალითები გვაქვს, ასევე სკანდინავიის ქვეყნების სახით, სადაც განსხვავებული ინვესტიციები და პოლიტიკა ხორციელდება. ჩვენ უნდა დავინახოთ ყველა ქვეყნის შემთხვევაში, კულტურისა და კონტექსტის გათვალისწინებით, რა სახის პოლიტიკა იქნება მიზანშეწონილი იქ, რათა თითოეული დოლარი, რომელსაც ვდებთ, გონივრულად დახარჯული დოლარი იყოს.

- კვლავ პარლამენტის თავმჯდომარის არგუმენტი უნდა მოვიყვანო, რომლის თქმითაც, საქართველოში მესამე და მომდევნო შვილის სტატისტიკა არის სტაბილურად მაღალი, ხოლო დაბალია პირველ და მეორე შვილის შეძენის სტატისტიკა. თქვენ თუ დაჰკვირვებიხართ საქართველოში ამგვარ ტენდენციას და რით შეიძლება იყოს ეს ახსნილი. ასევე, საინტერესოა, როგორია ეს სტატისტიკა ევროპის სხვა ქვეყნების შემთხვევაში?
- მესამე და შემდეგი ბავშვის შემთხვევა, ძალიან საინტერესო ფენომენია, რაც ხდება საქართველოში. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია იმის გაანალიზება, ვინ არიან ის ოჯახები, რომლებსაც ჰყავთ მესამე შვილი - არიან ისინი სოფლად თუ ქალაქად მცხოვრები, არიან თუ არა დასაქმებულები, მათ შორის, ორივე მშობელი და რა არის მათი სოციალურ-ეკონომიკური სტანდარტები. ჩვენ ვესაუბრებით წყვილებს და როგორც მსოფლიო მოსახლეობის ფონდი, რა თქმა უნდა, ხელს ვუწყობთ ინდივიდებსა და წყვილებს, რომ იყვნენ კარგად ინფორმირებულები, კარგად ესმოდეთ ის ინვესტიცია, რომელიც საჭიროა ბავშვის ყოლისთვის, პასუხისმგებლობა, არჩევანის თავისუფლება, რაც მხარდაჭერილი უნდა იყოს სახელმწიფო პოლიტიკით, რათა ყველა დაბადებული ბავშვი ცხოვრობდეს კეთილდღეობაში.
- ცხადია, როდესაც ვსაუბრობთ დემოგრაფიულ გამოწვევებზე, არ შეიძლება ყურადღება არ გავამახვილოთ თავად დემოგრაფიულ პოლიტიკაზე, რომელიც ქვეყანას აქვს. როგორ აფასებთ საქართველოს ხელისუფლების დემოგრაფიულ პოლიტიკას, რაში მდგომარეობს მისი სიძლიერე და რა ყველაზე დიდ ხარვეზებს ხედავთ?
- ვხედავთ, რომ განათლების სფეროში განხორციელებული ინვესტიციები ძალიან კარგია საქართველოში - განათლების მაჩვენებლები ქალებში, მამაკაცებში, უმაღლესი განათლება. ვხედავთ, რომ ქალების შრომით ძალაში მონაწილეობის კუთხით არის შესაძლებლობა გარემოს შემდგომი გაძლიერების, რაც ქალებს დაეხმარება იყვნენ დასაქმებულები. მნიშვნელოვანია იმის გააზრება, როგორ შეგვიძლია ადამიანების დახმარება, რათა ისინი ქვეყანაში დარჩნენ, ოპტიმისტურად და იმედიანად შეხედონ მომავალს ეკონომიკური და სოციალური კეთილდღეობის თვალსაზრისით. ამისთვის კი საჭიროა პოლიტიკას მთლიანობაში შევხედოთ. აქ შემიძლია რამდენიმე მაგალითი დაგისახელოთ, რომელიც, ვიცით, რომ გლობალურად და რეგიონულად გამოცდილია. პირველ რიგში ეს არის დედისა და მამის დეკრეტული შვებულება, რათა უსაფრთხოება იყოს იმის ცოდნაში, რომ შვილის გაჩენის შემდეგ მათ კვლავ ექნებათ სამსახური, რომელსაც დაუბრუნდებიან, ექნებათ შესაძლებლობა, იზრუნონ შვილზე და პარალელურად იმუშაონ კიდეც. ეს არის ეკონომიკური განზომილება და ამასთანავე, არის მნიშვნელოვანი ადამიანური განზომილებაც, რაც გულისხმობს, რომ დედებსა და მამებს ჰქონდეთ ბედნიერების განცდა, შვილთან დროის გატარების საშუალება, მისი გაზრდის, და ხარისხიანი განათლების მიცემის საშუალება, ასევე გულისხმობს იმას, რომ მშობლებს ჰქონდეთ შესაბამისი ხარისხის ცხოვრება როგორც სახლში ასევე სამსახურში, რათა მათ მუშაობის და ცხოვრების დაბალანსება შეძლონ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი განზომილებებია. ქალებისთვის ეს ნიშნავს ოდნავ განსხვავებულ რაღაცას, ვიდრე მამაკაცებისთვის. რადგან ვხედავთ, რომ მოვლისა და ზრუნვის ტვირთი ხშირად არაპროპორციულად ქალებს აწევთ. შესაბამისად, უნდა შემუშავდეს პოლიტიკა, რომელიც მათ ეხმარება - ეს არის ადრეული ასაკის ბავშვთა განათლება, მოქნილი სამუშაო პირობების დაბალანსება და ჯამში ოჯახზე ორიენტირებული პოლიტიკა. ზოგადად მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ როდესაც ქალი მშობიარობის შემდეგ სამუშაო ძალას აკლდება, მხოლოდ მისი კარიერა არ დგება კითხვის ნიშნის ქვეშ, არამედ ეს არის საპენსიო სისტემა, რომელიც სარგებელს აღარ იღებს, ეს არის გადასახადები, რომლებსაც აღარ გადაიხდის, ანუ უდიდესი ეკონომიკური განზომილებას აწყდები, როდესაც აანალიზებ იმ დიდი რაოდენობის ქალების შემთხვევას. რომლებსაც შეიძლება მოუწიოს სამუშაო ძალას გამოაკლდეს იმ შემთხვევაში თუ არ გვექნება ერთიანი მიდგომა. პოლიტიკის დაგეგმვისას ასევე მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებაც, რომ მამებისთვის მშობლობის და მამობის ბედნიერების განცდის შესაძლებლობა იყოს ის, რაშიც მათ თანაბრად შეეძლებათ მონაწილეობა.

- საინტერესოა, რა სახის თანამშრომლობა გაქვთ საქართველოს ხელისუფლებასთან დემოგრაფიული პოლიტიკის კუთხით. რამდენად გქონდათ შესაძლებლობა, თქვენი ექსპერტული ცოდნით წვლილი შეგეტანათ საქართველოს დემოგრაფიული პოლიტიკის განხილვასა და შემუშავებაში და რომელ საკვანძო რეკომენდაციებს მიიჩნევდით განსაკუთრებით აქტუალურად ქვეყნისთვის ამ ეტაპზე?
- გაეროს მოსახლეობის ფონდი საქართველოში, დაახლოებით, 30 წლის განმავლობაში მუშაობს და ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობს როგორც საქართველოს ხელისუფლებასთან, ასევე სამოქალაქო საზოგადოებასთან და კერძო სექტორთან. ამას კვლავ ვაკეთებთ. 2026 წელი ჩვენი თანამშრომლობის მე-5 ციკლის პირველი წელია. თითოეული ციკლი 5 -წლიანია და პროგრამა შემუშავებულია სხვადასხვა სექტორთან - სახელმწიფო აქტორებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, მჭიდრო კოლაბორაციით. საქართველოს ხელისუფლებისთვის დემოგრაფიაზე მუშაობა მოცემულ მომენტში ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ რეგულარული დისკუსიები გვაქვს და ნამდვილად ვაფასებთ იმ მნიშვნელობას, რაც ამ სამუშაოს აქვს მინიჭებული. პარლამენტში შექმნილია დემოგრაფიის საკითხებზე მომუშავე ჯგუფი და მოხარული ვარ, რომ გაეროს მოსახლეობის ფონდი მისი წევრია. ტექნიკური დიალოგი გვაქვს და ჩვენი, გაეროს საქმეა, რომ გავაზიაროთ სხვა ქვეყნების გამოცდილება, რათა საქართველოს ინვესტიცია ქვეყნის დემოგრაფიულ მომავალში განხორციელდეს იმ მაგალითებზე დაფუძნებით, რომლებმაც თავისი ეფექტიანობა აჩვენა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძალიან აქტიური წვლილი შეგვაქვს ამ დიალოგში. ამას ვაკეთებთ ჩვენი რეგიონული ოფისის საშუალებითაც, რადგან რეგიონის ძალიან ბევრი ქვეყანა გადის იმავე გარდამავალ პერიოდს.

- აქვე მსურს გკითხოთ, ზოგადად, რა ითვლება ყველაზე ეფექტურ გრძელვადიან და მოკლევადიან სტიმულებად შობადობის გაზრდის თვალსაზრისით. ამ ნაწილში ალბათ, ყველაზე თვალსაჩინო რისი გახსენებაც შემიძლია, საქართველოს კათალიკოს - პატრიარქ ილია მეორის ინიციატივას უკავშირდება, მოენათლა ყოველი მესამე და შემდგომი ბავშვი. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ აღნიშნულმა ინიციატივამ მნიშვნელოვნად გაზარდა შობადობა საქართველოში. თქვენ როგორ აფასებთ მსგავსი ინიციატივების ეფექტურობას?
- ძალიან ღირებულია, რომ საზოგადოების კულტურა მხედველობაშია მიღებული ინვესტიციების, გადაწყვეტილებებისა და სტიმულების განსაზღვრაში, რომელიც მიმართულია წყვილებისკენ, რომლებმაც ოჯახის ზომასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. ცალსახაა, რომ ეს ის რაღაცაა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქართული საზოგადოებისთვის. თუმცა, ამავდროულად, თანაბრად მნიშვნელოვანია იმის გაგება, რომ დემოგრაფიულ ტენდენციებს გრძელვადიანი ხასიათი აქვს. წელს შესაძლოა შობადობის ზრდა გქონდეს და ეს ფანტასტიკურია, ეს ის არის, რაც წყვილებს სურთ და ის არის, რასაც სახელმწიფო პოლიტიკა ახალისებს, მაგრამ ზრდა ამ წელს, არ ნიშნავს, რომ ეს აუცილებლად გავლენას მოახდენს შობადობაზე მომავალ წელს. სწორედ ამიტომ ვუბრუნდები დემოგრაფიული მომავლის კვლევას, სადაც ჩვენ ვკითხეთ ახალგაზრდებს, რა დაეხმარებოდათ მათ? აქ დავასახელებ 4 თუ 5 ძირითად რაღაცას, რაც ახალგაზრდებმა მსოფლიო მასშტაბით ჩამოთვალეს და არც ქართველი ახალგაზრდების პოზიციაა განსხვავებული - ეს არის ფინანსური სტაბილურობა დღეს და ფინანსური უსაფრთხოება ხვალ; საცხოვრებელზე ხელმისაწვდომობა; ბავშვისთვის დაბალანსებული და ყოვლისმომცველი ზრუნვის შესაძლებლობები, სხვაგვარად 0-დან 3 წლამდე ვინ მოუვლის მათ; განათლების სისტემის პოლიტიკა, ადრეული ასაკის ბავშვთა განათლება; მოქნილი სამუშაო შესაძლებლობები. აქვე გამოიკვეთა იმედის განზომილება მშვიდობის, კეთილდღეობის, სტაბილურობის კუთხით. ჩვენ ვხედავთ, რომ მსოფლიოში მეტი დაძაბულობაა, მეტი შფოთვაა კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებით, ეს არის ის რაღაცები, რაზეც ახალგაზრდები და წყვილები ფიქრობენ და რაც გავლენას ახდენს მომავლის პერსპექტივებზე. ჩვენ, როგორც პარტნიორი, რომელიც მხარს უჭერს ხალხს, მიაღწიოს სასურველ შესაძლებლობებსა და ამბიციებს მომავლისთვის, მათ შორის, ოჯახის ზომასთან დაკავშირებულ ამბიციებს, უნდა შევხედოთ, გავიგოთ, მოვუსმინოთ და ვუპასუხოთ ამ საკითხებს და სწორედ ამაში მდგომარეობს შობადობის სტაბილურობის გრძელვადიანი გადაწყვეტა. მე ვახსენე სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია, სადაც მილიარდობით ინვესტიცია ჩაიდო ფინანსურ სტიმულებში, შობადობის მაჩვენებლებზე სასურველი გრძელვადიანი გავლენის მოხდენის გარეშე, ჩვენ ასევე გვაქვს სკანდინავიური მაგალითი, სადაც ძალიან კარგადაა დაბალანსებული მშობიარობის პოლიტიკა, ზრუნვა, ადრეული განათლება, თანასწორობა, გენდერული თანასწორობის და ამ მიმართულებებით ხორციელდება ინვესტიციები. შესაბამისად, ვხედავთ, რომ მათ შემთხვევაში შობადობის მაჩვენებელი სტაბილურდება. ძალიან იშვიათია, რომ ეს მაჩვენებელი ზემოთ წავიდეს, თუ ვიწრო ფოკუსი გვექნება.

- ბოლოს გკითხავთ, რამდენად მწვავედ დგას საქართველოში რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხი და როგორი უნდა იყოს აქ სახელმწიფოს თანადგომის როლი?
- გლობალურად, მსოფლიო შეთანხმდა, რომ ჯანმრთელობის უფლება აბსოლუტური უფლებაა და, რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლებამაც იცის ეს. რაც შეეხება რეპროდუქციულ ჯანმრთელობას, ის ჯანმრთელობის უფლების მნიშვნელოვანი ელემენტია. ეს ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან რეპროდუქციული ჯანმრთელობა ეხება უსაფრთხო მშობლობას, მენსტრუალურ კეთილდღეობას, ეს ასევე ეხება სექსუალური გზით გადამდები დაავადებებისა და იმუნოდეფიციტის ვირუსის პრევენციას, ეს ეხება იმის უზრუნველყოფას, რომ ახალგაზრდა გოგოებსა და ბიჭებს ესმოდეთ, რა მოსდის მათ სხეულს, როგორ იბადება ბავშვი და რა არის პასუხისმგებლიანი რეპროდუქციული და სექსუალური ქცევა. ვფიქრობ, საკმაოდ დიდი ინვესტიციები ხორციელდება ამ ნაწილში. მიმაჩნია, რომ უსაფრთხო დედობაზე ყურადღება ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში, სადაც მოსახლეობა ამჟამად სწრაფად არ იზრდება. იქ, სადაც ჯანდაცვის მაჩვენებლები სტაბილურია, ყოველთვის ხორციელდება დამატებითი ინვესტიციები. სწორედ ამიტომ უჭერს მხარს UNFPA (გაეროს მოსახლეობის ფონდი) მეანობის სფეროს გაუმჯობესებასა და გაძლიერებას; მოხარული ვარ, რომ საქართველო მონაწილეობდა UNFPA-ს მიერ მეანთა საქმიანობისა და მათი როლის გაძლიერების საკითხებზე გამართულ ბოლოდროინდელ რეგიონულ სემინარში. მეანები თავად თემს წარმოადგენენ და ეხმარებიან ქალებსა და წყვილებს მშობლობის გზაზე და ბავშვის აღზრდის პროცესში - სწორედ ასეთი ინვესტიციებია მნიშვნელოვანი. ასევე, აუცილებელია, ახალგაზრდებს ჰქონდეთ წვდომა მეცნიერულად დასაბუთებულ ინფორმაციაზე, რათა შეძლონ პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილებების მიღება საკუთარ თავთან, სხეულსა და მომავალთან დაკავშირებით; ეს მათ საშუალებას აძლევს, იყვნენ დაცულნი და ჯანმრთელნი ურთიერთობების დამყარებისა თუ მშობლობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას - ეს ყველაფერი რეპროდუქციული ჯანმრთელობის ნაწილიცაა. რასაკვირველია, „უსაფრთხო დედობის“ კუთხით ჩვენ სისტემურ მიდგომაზე ვმუშაობთ; ვგეგმავთ დედათა ჯანმრთელობისა და დედათა სიკვდილიანობის მონაცემთა სისტემატურ აღრიცხვასა და ანალიზს, რათა თითოეულ ქალს ორსულობის პერიოდში უმაღლესი ხარისხის მომსახურება და სათანადო ყურადღება მიეწოდოს. ამ მიზნით ჩვენ შესაბამის უწყებებთან ვთანამშრომლობთ და მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, უზრუნველვყოთ უსაფრთხო დედობისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის (როგორც ქალებისა და მამაკაცებისთვის, ისე ახალგაზრდებისთვის) რეალობად ქცევა.
სალომე აბულაშვილი
“ინტერპრესნიუსი”