გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას

რა ისწავლა საქართველომ 1992-1993 წლებში აფხაზეთსა და 2008 წლის აგვისტოში ცხინვალის რეგიონში მომხდარი ომებისაგან და რა ვერ ისწავლა, ასევე იმაზე, რამდენად საფუძვლიანია ხელისუფლების ოპონენტების მტკიცება რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსებსა და ოსებს ეხმარება ცხინვალის რეგიონებში მათი მიზნების რეალიზაციაში, რამდენად დიდია იმის ალბათობა რომ საქართველოს ხელისუფლებამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხებში შეასრულოს მოსკოვის-სოხუმისა და ცხინვალის ერთობლივი მოთხოვნები, თუ ამგვარი რამ მართლაც მოხდა, ეს რას შეიძლება ნიშნავდეს, „ინტერპრესნიუსი“ საერთაშორისო უსაფრთხოებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტს, Eurasia Analyst-ის დამფუძნებელ გიორგი კაჭარავას ესაუბრა.

- ბატონო გიორგი, 27 სექტემბერს 33 წელი შესრულდება იმ დღიდან, როცა 1993 წლის ივლისის სოჭში ხელმოწერილი სამშვიდობო შეთანხმების დარღვევის შემდეგ, რომლის გარანტორი რუსეთის ფედერაცია იყო, იმავე წლის 16 სექტემბერს აფხაზურმა მხარემ შეთანხმება დაარღვია და დაიწყო აფხაზეთის დედაქალაქის - სოხუმის შტურმი დასავლეთიდან გუმისთის მხრიდან და აღმოსავლეთიდან ოჩამჩირის მხრიდან.

11 დღიანიანი წინააღმდეგობის შემდეგ მძიმე ტექნიკის გარეშე დარჩენილ საქართველოს სამხედრო შენაერთებს, რომელთა ხელში მხოლოდ ავტომატური იარაღი იყო შეიარაღებაში, მოუწიათ სოხუმის დატოვება. რასაც შემდეგ მოჰყვა, საქართველოს სამხედრო ნაწილების მიერ მთელი აფხაზეთის ტერიტორიის დატოვება.

საქართველოს უახლოესი ისტორიის ამ ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ ისტორიას კიდევ ერთი 2008 წლის აგვისტოს ომი დაემატა.

მიუხედავად იმისა, რომ დღემდე კამათობენ იმაზე თუ ვინ დაიწყო ომი, ვისაც ის წლები ახსოვს, ყველამ კარგად იცის, რომ როგორც ქართულ-აფხაზურ, ისე ქართულ-სამხეთ ოსური კონფლიქტებში შუამავლის როლი ჰქონდა რუსეთს, რომლის დანაშაულებრივი უმოქმედობის შედეგად აფხაზეთის ტრაგედია კიდევ ერთხელ, ამჯერად ცხინვალის რეგიონში განმეორდა.

„შუამავალ“ რუსეთს, „კოლექტიური დასავლეთის“ წაყრუების ფონზე საშუალება მიეცა 2008 წლის აგვისტოს ბოლოს ეღიარებინა აფხაზეთისა და სამხეთ ოსეთის „დამოუკიდებლობა“.

ახლა როცა, ბევრს საუბრობენ უკრაინა-რუსეთის ომში ჩართულ რუსეთთან საქართველო-რუსეთის ურთიერთობების მოგვარებაზე, ბევრს ხშირად ავიწყდება, რომ ამ ორივე კონფლიქტში აფხაზური და სამხრეთ ოსური მხარეები რუსეთის ხელში ინსტრუმენტები იყვნენ, თუმცა, უნდა ითქვას ისიც, რომ სოხუმსაც და ცხინვალსაც ქართველების მიმართ ჰქონდათ „ანგარიშები და წყენები“ და გეგმები.

მეტიც, მათი რეალიზება მხოლოდ იმის გამო გახდა შესაძლებელი, რომ მოსკოვის გეგმებს დაემთხვა აფხაზებისა და სამხრეთელი ოსების გეგმები.

საქართველოს ამ ტრაგიკული მოვლენებიდან რა უნდა გვესწავლა? რა ვისწავლეთ და რა ვერა?

  • 1993 წლის 27 სექტემბერი საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული თარიღია, თუმცა ის არა მხოლოდ ტრაგედიის სიმბოლოა, არამედ იმ პატერნის ერთ-ერთი პირველი და ყველაზე ნათელი გამოვლინებაა, რომელსაც ადგილი ჰქონდა შემდეგ 2008 წელს და როგორც ვხედავთ დღემდე გრძელდება. აქედან გამომდინარე სამი გაკვეთილი მაქვს გამოსაყოფი.

პირველი - რუსეთი არასდროს ყოფილა ნეიტრალური „გარანტორი" ან „შუამავალი" პოსტსაბჭოთა სივრცის კონფლიქტებში, ის ყოველთვის წარმოადგენდა მხარეს, რომელსაც საკუთარი გეოსტრატეგიული ინტერესი ამოძრავებდა.

რუსეთი არასდროს ყოფილა ნეიტრალური „გარანტორი" ან „შუამავალი" პოსტსაბჭოთა სივრცის კონფლიქტებში, ის ყოველთვის წარმოადგენდა მხარეს, რომელსაც საკუთარი გეოსტრატეგიული ინტერესი ამოძრავებდა

1993 წლის სოჭის შეთანხმების დარღვევა, თავისი არსით, ზუსტად განმეორდა 2008 წლის ე.წ. მედვედევ-სარკოზის შეთანხმების მიმართ ცალმხრივი ინტერპრეტაციით რუსეთის მიერ, ანუ რუსეთი მუდამ თანხმდება ერთზე, და ფაქტობრივად აკეთებს საწინააღმდეგოს.

1993 წლის სოჭის შეთანხმების დარღვევა, თავისი არსით, ზუსტად განმეორდა 2008 წლის ე.წ. მედვედევ-სარკოზის შეთანხმების მიმართ ცალმხრივი ინტერპრეტაციით რუსეთის მიერ, ანუ რუსეთი მუდამ თანხმდება ერთზე, და ფაქტობრივად აკეთებს საწინააღმდეგოს

ამ გაკვეთილის დასკვნა კი ყველასთვის ცნობილია - მესამე მხარის, მათ შორის დასავლური ინსტიტუტების მხარდაჭერისა და გარანტიების გარეშე რუსეთთან „ორმხრივი" შეთანხმებები სისტემურად საფრთხის შემცველია საქართველოსთვის.

მესამე მხარის, მათ შორის დასავლური ინსტიტუტების მხარდაჭერისა და გარანტიების გარეშე რუსეთთან „ორმხრივი" შეთანხმებები სისტემურად საფრთხის შემცველია საქართველოსთვის

მეორე: ეთნიკური და ტერიტორიული კონფლიქტები, რომლებსაც შიდა საკუთრივ „ანგარიშსწორება და წყენები" ამოძრავებთ, ყოველთვის იქცევა ინსტრუმენტად გარეშე ძალისთვის, როცა ცენტრალურ ხელისუფლებას არ აქვს გრძელვადიანი, თანმიმდევრული და ინსტიტუციური სტრატეგია კონფლიქტების დარეგულირებისთვის - არა მხოლოდ რეაგირება კრიზისული სიტუაციების მოსაგვარებლად.

სამწუხაროდ, საქართველომ დღემდე ვერ მოახდინა ასეთი თანმიმდევრული და ქმედითი, შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკის შემუშავება.

რაც ჯერ კიდევ არ გვისწავლია, მაგრამ ნათლად ვხედავთ და ვგრძნობთ, ესაა ჰიბრიდული და საინფორმაციო ომის ფაქტორის საწინააღმდეგოდ სისტემური მუშაობა.

მოწინააღმდეგის მიზანია საზოგადოებაში ჩამოაყალიბოს განწყობა, რომ დასავლეთთან დაახლოება „ჩვენ დაგვიჯდა ძვირად", ხოლო რუსეთთან შერიგება - „ბუნებრივი და გარდაუვალია". ეს ნარატივი, სამწუხაროდ, დღეს ხშირად ისმის

1993-ში ეს იყო პროპაგანდა და დეზინფორმაცია ბეჭდვით და სატელევიზიო მედიაში გავრცელებით. დღეს ეს გახლავთ ციფრული გავლენის ოპერაციები, ნარატივების საწინააღმდეგო ინსტრუმენტალიზაცია.

მაგრამ არსი იგივეა: მოწინააღმდეგის მიზანია საზოგადოებაში ჩამოაყალიბოს განწყობა, რომ დასავლეთთან დაახლოება „ჩვენ დაგვიჯდა ძვირად", ხოლო რუსეთთან შერიგება - „ბუნებრივი და გარდაუვალია". ეს ნარატივი, სამწუხაროდ, დღეს ხშირად ისმის.

თვით რუსეთის ბოლო ისტორიული პერიოდის მანძილზე საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებები, განაპირობებს მისი პოლიტიკისადმი მკვეთრად უარყოფით დამოკიდებულებას. ეს ალბათ უფრო იმ გაკვეთილს ჰგავს, რომელიც ჩვენმა ჩრდილოეთ მეზობელმაც უნდა შეისწავლოს

თუმცა, თვით რუსეთის ბოლო ისტორიული პერიოდის მანძილზე საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებები, განაპირობებს მისი პოლიტიკისადმი მკვეთრად უარყოფით დამოკიდებულებას. ეს ალბათ უფრო იმ გაკვეთილს ჰგავს, რომელიც ჩვენმა ჩრდილოეთ მეზობელმაც უნდა შეისწავლოს.

საერთაშორისო სამართლის მიხედვით ეს ტერიტორიები, საერთაშორისო სამართლის ყველა არსებული ნორმით, რჩება საქართველოს ტერიტორიებად, რომლებიც იმყოფება რუსეთის ოკუპაციის რეჟიმში

- 2008 წლის შემდეგ მოსკოვი ოფიციალური თბილისისაგან სამხრეთ კავკასიაში, კერძოდ კი საქართველოში „ახალი რეალობის“, ანუ სოხუმისა და ცხინვალის „დამოუკიდებლობის“ აღიარებას მოითხოვს.

ვიცით, რომ არც ერთ საერთაშორისო ორგანიზაციას და ქვეყნას, გარდა იმ ქვეყნებისა, რომლებიც რუსეთის გავლენის სფეროში არიან, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული დე-ფაქტო ხელისუფლებები, მათ მიერ რუსეთთან გაფორმებული შეთანხმებები არ უღიარებია. ასევე არ უღიარებია ამავე ტერიტორიებზე ჩატარებული არც ერთი არჩევნები და არც სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო-ხელისუფლებები. მათ შორის, არც ამას წინათ ცხინვალის რეგიონში ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები.

ევროკავშირმა და ევროპულმა სტრუქტურბმა ეს არჩევნებიც არ ცნეს. მეტიც, ევროკავშირმა კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთს ამ რეგიონებიდან გაიყვანოს თავისი სამხედრო შენაერთები.

იმ პროცესების გათვალისწინებით, რისი გახსენებაც მოკლედ მეტ-ნაკლებად შევძელით, თქვენ როგორ შეაფასებდით აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების სამართლებრივ და პოლიტიკური ასპექტებს, რომელშიც ახლა ისინი იმყოფებიან?

  • სამართლებრივად სურათი უცვლელია და ცალსახაა: საერთაშორისო სამართლის მიხედვით ეს ტერიტორიები, საერთაშორისო სამართლის ყველა არსებული ნორმით, რჩება საქართველოს ტერიტორიებად, რომლებიც იმყოფება რუსეთის ოკუპაციის რეჟიმში.

ამას აგრეთვე ადასტურებს გაეროს გენერალური ასამბლეის განმეორებითი რეზოლუციები დევნილთა და მათი დაბრუნების უფლების შესახებ, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს 2021 წლის გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)", სადაც ცალსახად დადგინდა რუსეთის ეფექტური კონტროლი ამ ტერიტორიებზე 2008 წლის შემდეგ, და ის ფაქტი, რომ დამოუკიდებლობა მხოლოდ რუსეთმა და მისი რამდენიმე კლიენტ-სახელმწიფომ სცნო.

ეს, ჩემი შეფასებით, არის „მართვადი დე-ფაქტოობის" კლასიკური მოდელი, რომელსაც საერთაშორისო სამართალი კვლავაც აღიარებს როგორც ოკუპაცია და არა სუვერენულ გადაწყვეტილებად

პოლიტიკურად კი სურათი წლიდან წლამდე უარესდება. ვხედავთ არა გაყინულ კონფლიქტს, არამედ თანდათანობით, „მცოცავ" ანექსიას, რაც გამოიხატება: ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობის პასპორტიზაციაში, სამხედრო ბაზების და „მოკავშირეობის ხელშეკრულებების" გაღრმავებაში, სოხუმის აეროპორტისა და რკინიგზის გახსნაში რუსეთის მიმართულებით, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს და საპრეზიდენტო არჩევნების სინქრონულ ჩატარებაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე, და ბოლოს, ისეთი ფიგურის დანიშვნა/„არჩევა" ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. “ხელმძღვანელად”, რომელსაც არასოდეს ჰქონია არავითარი კავშირი ამ რეგიონთან და კარიერის უდიდესი ნაწილი გაატარა რუსეთის ფედერალურ სტრუქტურებში.

ამის ხელმოწერა ნიშნავს ორი რამის აღიარებას: ერთი - რომ ეს დე-ფაქტო რეჟიმები არიან საერთაშორისო სამართლის დამოუკიდებელი სუბიექტები, რომლებთანაც შესაძლებელია ხელშეკრულების დადება, და მეორე - რომ პასუხისმგებელი მხარე კონფლიქტში არის არა რუსეთის ფედერაცია, როგორც ეს დაფიქსირებულია 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაში, არამედ თავად ეს ტერიტორიები. ამით რუსეთის ფედერაცია პრაქტიკულად იხსნის პასუხისმგებლობას 2008 წლის ომზეც და მის შედეგებზეც, რასაც საქართველოს ხელმოწერა დაადასტურებს

ეს არის არა სუვერენული გადაწყვეტილება, არამედ მოსკოვის მიერ პირდაპირი საკადრო დანიშვნის ლეგიტიმაცია ე.წ. “არჩევნების” ფორმით.

ეს, ჩემი შეფასებით, არის „მართვადი დე-ფაქტოობის" კლასიკური მოდელი, რომელსაც საერთაშორისო სამართალი კვლავაც აღიარებს როგორც ოკუპაცია და არა სუვერენულ გადაწყვეტილებად.

მისი შესრულება ავტომატურად გამოიწვევდა საქართველოს კონსტიტუციური პრინციპის - ტერიტორიული მთლიანობის და ამ ტერიტორიების საერთაშორისო სამართლებრივი სტატუსის ფაქტობრივ გადასინჯვას, თუნდაც ფორმალურად „აღიარების" გარეშე

- ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა და პუტინის მიერ ცხინვალის რეგიონში მივლენილმა მარატ კამბოლოვმა გაიმარჯვა.

24 სექტემბერს, ანუ, ცხინვალის რეგიონში ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნებისა“ და აფხაზეთში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში ჩატარებული არჩევნების შემდეგ, მოსკოვმა, ცხინვალმა და სოხუმმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას მოთხოვნები წაუყენეს.

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ „კონფლიქტის მოგვარება შეუძლებელია იურიდიულად სავალდებულო გარანტიების შემუშავების გარეშე, რომ თბილისი არ გამოიყენებს ძალას ორი რესპუბლიკის წინააღმდეგ.“

გარდა ამისა, მოსკოვი-ცხინვალი და სოხუმი ოფიციალური თბილისისაგან საქართველოსა და აფხაზეთს, საქართველო სამხრეთ ოსეთისა შორის სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციას, მოითხოვს, რასაც უნდა მოჰყვეს მათი დემარკაცია.

სამწუხაროდ, ამ ტიპის განცხადება მოსალოდნელი რომ იყო ცხადია. იგულისხმება ის, თუ რა განცხადებები უძღოდა წინ სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტის გაგლოევის გადადგომას და მისი პუტინის მრჩევლად დანიშვნას, ხოლო მის ადგილზე ჯერ მარატ კუმბულობის დანიშვნას, ხოლო შემდეგ მის არჩევას პრეზიდენტად.

თუ თბილისმა ეს მოთხოვნების შეასრულა, მათი შესრულება სამართლებივად და პოლიტიკური თვალსაზრისით, სავარაუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდეს?

- აქ ორი ცალკე მოთხოვნაა და ორივე ერთნაირად პრობლემურია სამართლებრივი თვალსაზრისით.

პირველი — „იურიდიულად სავალდებულო გარანტია ძალის გამოუყენებლობის შესახებ" თბილისსა და ე.წ. სოხუმსა და ცხინვალს შორის.

ამის ხელმოწერა ნიშნავს ორი რამის აღიარებას: ერთი - რომ ეს დე-ფაქტო რეჟიმები არიან საერთაშორისო სამართლის დამოუკიდებელი სუბიექტები, რომლებთანაც შესაძლებელია ხელშეკრულების დადება, და მეორე - რომ პასუხისმგებელი მხარე კონფლიქტში არის არა რუსეთის ფედერაცია, როგორც ეს დაფიქსირებულია 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაში, არამედ თავად ეს ტერიტორიები. ამით რუსეთის ფედერაცია პრაქტიკულად იხსნის პასუხისმგებლობას 2008 წლის ომზეც და მის შედეგებზეც, რასაც საქართველოს ხელმოწერა დაადასტურებს.

ეს არის კარგად გათვლილი, თანმიმდევრული სტრატეგია, რომლის მიზანია საერთაშორისო საზოგადოებისთვის თანდათან შეაპარონ ე.წ. „ნორმალიზება" იმ იდეისა, რომ აღნიშნული პროცესი წარმოადგენს ორმხრივ დავას საქართველოსა და სოხუმსა და ცხინვალს შორის, და არაფერი აქვს საერთო რუსეთ-საქართველოს შორის არსებულ კონფლიქტურ ურთიერთობებთან

ეს არის მოთხოვნა, რომელიც უკვე წლებია მეორდება კრემლის მიერ მომზადებული „საბუთების" დონეზე, და მისი შესრულება ავტომატურად გამოიწვევდა საქართველოს კონსტიტუციური პრინციპის - ტერიტორიული მთლიანობის და ამ ტერიტორიების საერთაშორისო სამართლებრივი სტატუსის ფაქტობრივ გადასინჯვას, თუნდაც ფორმალურად „აღიარების" გარეშე.

ობიექტურად, ეფექტის დონეზე, ეს გადაწყვეტილება ემსახურება მოსკოვი/ცხინვალის ინტერესებს, მიუხედავად იმისა, თუ რა იყო მისი ნამდვილი მოტივი. განზრახვის საკითხი კი რჩება პოლიტიკური კამათის საგნად, რომელზეც საბოლოო პასუხს მხოლოდ დრო და შემდგომი მტკიცებულებები გასცემენ

მეორე — „სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაცია" საქართველოსა და ხსენებული ოკუპირებული ტერიტორიებს შორის. ეს კიდევ უფრო შორს მიმავალი მოთხოვნაა: სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენა შესაძლებელია მხოლოდ ორ სუვერენულ სახელმწიფოს შორის.

ამ პროცესის სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან დაწყება გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას - ანუ ზუსტად იმას, რასაც საქართველოს კონსტიტუცია და 2008 წლის შემდგომი ყველა მთავრობის ოფიციალური პოზიცია კატეგორიულად გამორიცხავს.

ჩემი შეფასებით, ეს ორივე მოთხოვნა არ არის შემთხვევითი - ეს არის კარგად გათვლილი, თანმიმდევრული სტრატეგია, რომლის მიზანია საერთაშორისო საზოგადოებისთვის თანდათან შეაპარონ ე.წ. „ნორმალიზება" იმ იდეისა, რომ აღნიშნული პროცესი წარმოადგენს ორმხრივ დავას საქართველოსა და სოხუმსა და ცხინვალს შორის, და არაფერი აქვს საერთო რუსეთ-საქართველოს შორის არსებულ კონფლიქტურ ურთიერთობებთან.

ერის მეხსიერება ღრმა და ბევრის მომცველია, ამიტომ ის ზიანი და მტრული დამოკიდებულება რომელიც რუსეთმა გამოამჟღავნა საქართველოს მიმართ არავის დავიწყებია. ამიტომ ასეთი მოთაფლური რიტორიკისადმი ნდობა საქართველოს საზოგადებაში ძალიან დაბალია

- „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ოპონენტების მტკიცებით, ოფიციალური თბილისი მოსკოვს და ცხინვალს ამ მოთხოვნების შესრულებაში ეხმარება და ამის დასტურად ჩორჩანის საგუშაგოსთან დაკავშირებით ექს-პრემიერ გიორგი გახარიასთან დაკავშირებით გამოძიება სახელდება.

ვიცით რომ ქართული სასამართლო დაჩქარებული წესით ცდილობს ექს-პრემიერ გახაიასთვის 13 წლიანი სასჯელის გამოტანას.

გარდა ამისა, ვიცით რომ გახარიას მიერ სოფელ ჩორჩანაში გახსნილი ქართული საგუშაგოს გაუქმებას ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტობის კანდიდატი მარატ კამბულობი ამომრჩევლებს დაპირდა და არჩევნებამდე შეასრულა კიდეც.

რამდენად საფუძვლიანად გამოიყურება „ქართული ოცნების“ ოპონენტების მტკიცება რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს ეხმარება იმ გეგმების რეალიზაციაში, რა მოთხოვნებიც ამჯერად მოსკოვმა ცხინვალმა და სოხუმმა ოფიციალურ თბილისს წაუყენეს?

- აქ ორი ცალკეული საკითხის გარჩევა დაგვჭირდება - ერთია დამტკიცებული ფაქტები, მეორეა პოლიტიკური ინტერპრეტაცია, რომელზეც სიფრთხილით უნდა ვისაუბროთ.

ფაქტობრივი მხარე ასეთია: მრავალი დამკვირვებლისა და პროცესის მონაწილეების თქმით, 2019 წელს ჩორჩანასთან საგუშაგოს გახსნა იყო ერთ-ერთი იშვიათი შემთხვევა, როცა ცენტრალურმა ხელისუფლებამ ფაქტობრივად შეაჩერა რუსეთის მხარდაჭერილი ე.წ. „ბორდერიზაცია” ერთ კონკრეტულ მონაკვეთზე. დღეს ამ გადაწყვეტილებისთვის ყოფილი პრემიერი სისხლისსამართლებრივი დევნის საგანია.

ეს ფაქტი, შესაძლოა, ობიექტურად წარმოშობდეს პრეცედენტს, რომელიც აქცენტს აკეთებს არა ბორდერიზაციაზე, არამედ ქართველი მოხელის გადაწყვეტილების მიღებაზე და ამ პროცესის სახელმწიფოებრივ და სამართლებრივ მექანიზმებზე.

ამავე დროს, პირდაპირი მტკიცებულება იმისა, რომ ეს არის შეგნებული კოორდინაცია მოსკოვთან და არა შემთხვევითობა თუ შიდაპოლიტიკური მოტივი ჯერჯერობით სასამართლო თუ დამოუკიდებელი გამოძიების დონეზე დადასტურებული არ არის, და ხელისუფლება კატეგორიულად უარყოფს ამგვარ კავშირს.

ამიტომ პასუხისმგებელი პოზიცია ასეთია: ობიექტურად, ეფექტის დონეზე, ეს გადაწყვეტილება ემსახურება მოსკოვი/ცხინვალის ინტერესებს, მიუხედავად იმისა, თუ რა იყო მისი ნამდვილი მოტივი. განზრახვის საკითხი კი რჩება პოლიტიკური კამათის საგნად, რომელზეც საბოლოო პასუხს მხოლოდ დრო და შემდგომი მტკიცებულებები გასცემენ.

თუ ქვეყანას უნდა წინსვლა და ეკონომიკური კეთილდღეობა, დასავლეთთან მჭიდრო და ეფექტური თანამშრომლობის გარეშე ეს შეუძლებელია

- მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ აქტიურად დაიწყო ევროპული და ამერიკული სტრუქტურებისაგან დისტანცირება, ხშირად გვესმის მოსკოვიდან საქართველოს ხელისუფლების ქება.

აქაოდა, „ქართველები დაჭკვიანდნენო“, „ერეკლე მეფის გზას დაადგნენო“. იგულისხმება ერეკლე მეფის მიერ 1783 წელს რუსეთთან გეორგიევსკის ტრაქტატის გაფორმება, რომლის არც ერთი პუნქტი რუსეთს არ შეუსრულებია.

არა თუ არ შეუსრულებია, 1801 წელს ქართლ-კახეთის სამეფო გააუქმა, 1811 წელს კი საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია და თბილისში რუსეთის ეკლესიის ეგზარხოციც დასვა.

მიუხედავად იმისა, რომ ქართული საზოგადოების დიდ ნაწილს ქართული- რუსული ურთიერთობების ეს ფურცლები საკმაოდ კარგად ახსოვს, ხელისუფლება ხშირად საუბრობს „გეორგიევსკის ტრაქტატი-2“-ის მსგავსი შეთანხმების გაფორმები აუცილებლობაზე.

ვხედავთ, რომ უკრაინა-რუსეთის ომის გამო საერთაშორისო პოლიტიკაში დიდი გაურკვევლობაა. მიუხედავად იმისა რომ აშშ ისევე არ თუ ვერ ეხმარება უკრაინას დაიცვას თავი რუსული აგრესიისაგან, მას ამაში ევროკავშირი და ევროპის წამყვანი ქვეყნები ეხმარებიან.

აშშ-მ თავისი ინტერესები სამხრეთ კავკაშიაში თუ შეიძლება ასე ითქვას „მონიშნა“. იგულისხმება პრეზიდენტ ტრამპის ჩართულობა აზერბაიჯანისა და სომხეთის შერიგებაში, მაგრამ, ჯერ არ ჩანს, ვაშინგტონს რა დამოკიდებულება აქვს რეალურად საქართველოს მიმართ.

თუ იმ დინამიკას დავაკვირდებით, რასაც ახლა ვადევნებთ თვალს საქართველოსთან დაკავშირებით, რომელიც აქვს ევროკავშირსა და აშშ, უახლოეს მომავალში საქართველოს რა მოლოდინი შესაძლოა ჰქონდეს?

  • 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატი თანამედროვეობის ენაზე რომ გადავიტანოთ, იყო რუსეთთან სამოკავშირეო ხელშეკრულება, რომელსაც უნდა დაეცვა ქართლ-კახეთის სამეფო საჭიროების შემთხვევაში და უზრუნველყო მისი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი.

სამწუხაროდ, ტრაქტატის არც ერთი პუნქტი არ შესრულებულა, კერძოდ: 1801 წელს გაუქმდა თვით ქართლ-კახეთის სამეფო; 1811 წელს კი ავტოკეფალია ჩამოერთვა საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას.

ისტორიულად, რუსეთის „გარანტიები" კავკასიაში სისტემურად გამოიყენებოდა როგორც გარდამავალი ეტაპი სუვერენიტეტის სრული მოსპობისთვის, და არა მისი განმტკიცებისთვის.

რაც შეეხება დასავლეთთან დაკავშირებულ მოლოდინებს. არსებული საერთაშორისო დინამიკა და ჩვენს რეგიონში განვითარებული მოვლენები, აშკარად მიუთითებენ, რომ ჩვენი ქვეყნის ირგვლივ გეოპოლიტიკური ცვლილებები ძალიან სწრაფად მიმდინარეობს. ეს ცვლილებები კავკასიის და ფართო ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მიმდინარეობს რუსეთის როლის და გავლენის შემცირების ფონზე.

მოგეხსენებათ, კავკასიაში, კერძოდ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე სამშვიდობო პროცესების დინამიკამ გამოაშკარავა მოსკოვისგან დისტანცირების ტენდენციები, რამაც მისი გავლენები ამ ორ მეზობელ ქვეყანაში მკვეთრად შეამცირა.

გარდა ამისა, ის რიტორიკული ვითომ კარგი დამოკიდებულება საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც გახშირებულად ისმის ბოლო დროს მოსკოვიდან, არანაირ ნდობას არ იმსახურებს საქართველოს მოსახლეობაში და ამას ყველა სოციოლოგიური გამოკითხვა ადასტურებს.

რატომ? პასუხი ამ შემთხვევაში მარტივია, გადავხედოთ თუნდაც გეორგიევსკის ტრაქტატის და ბოლო 35 წლის საქართველოს ისტორიას და რუსეთის როლს ამ ისტორიაში, რითაც ყველაფერი ნათელი ხდება.

ერის მეხსიერება ღრმა და ბევრის მომცველია, ამიტომ ის ზიანი და მტრული დამოკიდებულება რომელიც რუსეთმა გამოამჟღავნა საქართველოს მიმართ არავის დავიწყებია. ამიტომ ასეთი მოთაფლური რიტორიკისადმი ნდობა საქართველოს საზოგადებაში ძალიან დაბალია.

რაც შეეხება ევროკავშირსა და აშშ-ს, ამ მიმართულებით საქართველოს მოძრაობის გაჩერება ჩემი აზრით შეუძლებელია. შეჩერება/დაყოვნება კი, ეს ეტაპიც ალბათ უკვე კარგად დავინახეთ და გავიაზრეთ.

რატომ ვფიქრობ ასე, ელემენტარულად თუ ქვეყანას უნდა წინსვლა და ეკონომიკური კეთილდღეობა, დასავლეთთან მჭიდრო და ეფექტური თანამშრომლობის გარეშე ეს შეუძლებელია.

ამიტომ ადრე თუ გვიან, ყველა ის არხი და მიმართულება რომელიც რაღაც მომენტამდე იყო გახსნილი და ეხლა უმოქმედოა, დროთა განმავლობაში აუცილებლად ამოქმედდება და ქვეყნის კეთილდღეობაზე იმუშავებს.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები