სახელმძღვანელო სტარტაპერებისთვის - როგორ ხდება კადრების აყვანა კომპანიებში და რა ბენეფიტებს იღებენ დასაქმებულები

პროფესიონალი კადრებით საკუთარი გუნდის დაკომპლექტება ნებისმიერი ბიზნესისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რაც კომპანიის სიძლირეს განსაზღვრავს, სწორედ ეს ადამიანები არიან. ნებისმიერი დამწყები, თუ მცირე ბიზნესისთვის საინტერესოა, როგორ უნდა შეარჩიონ ასეთი კადრები, რას მიაქციონ ყურადღება თანამშრომლის აყვანისას და როგორ შეინარჩუნონ უკვე დასაქმებული თანამშრომლის ლოიალობა. სწორედ ამ საკითხებთან დაკავშირებით „ბიზნესპრესნიუსი“ საქართველოში ერთ-ერთ უმსხვილეს დამსაქმებელს „ნიკორას“ გაესაუბრა. ცნობისათვის, სს „ნიკორაში“ გაერთიანებულ კომპანიებში ჯამურად, ამ დროისთვის დასაქმებულია 8000-მდე ადამიანი, უშუალოდ, საწარმოო მიმართულებით არსებულ შვილობილ კომპანიებში კი ორიათასამდე ადამიანი.

დღეს, გვესაუბრება სს „ნიკორას“ HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ქეთი ორმოცაძე, რომელიც წარმოების მიმართულებით სხვადასხვა შვილობილი კომპანიების თანამშრომლების შერჩევაზეა პასუხისმგებელი და გვიამბობს რა ეტაპებს გადიან ამ კუთხით.

რა პრინციპით არჩევს სს „ნიკორათანამშრომლებს?

კომპანიის წარმატებას ადამიანური კაპიტალი განსაზღვრავს. დღეს, ნებისმიერი ორგანიზაციისთვის მთავარ გამოწვევას პროფესიონალი კადრის საჭიროება წარმოადგენს. ამიტომ ჩვენს კომპანიაშიც თანამშრომელთა სწორად შერჩევა უმნიშვნელოვანესია და განსაკუთრებული ყურადღება ექცევა.

სს ნიკორა მულტიფუნქციური კომპანიაა, რომელიც აერთიანებს მრავალფეროვან მიმართულებებს (ადმინისტრაციული, საწარმოო, ლოგისტიკური, გაყიდვები...). შესაბამისად განსხვავებულია შერჩევის პრინციპებიც, მაგრამ საერთოა ის პრინციპი, რომ ნებისმიერი ვაკანსიის გამოცხადებამდე ნათლად გვაქვს განსაზღვრული, თუ რისთვის ცხადდება ვაკანსია მოცემულ პოზიციაზე, რას ვითხოვთ კადრისგან, შესაბამისად, რა კრიტერიუმებით ვაფასებთ, რომ სწორად იყოს შერჩეული კანდიდატი ამა თუ იმ პოზიციაზე.

შერჩევის მნიშვნელოვანი პრინციპია ორგანიზაციულ კულტურასთან თავსებადობა.

ჰოლდინგი 20 წელზე მეტია არსებობს, ჰყავს ძალიან ბევრი ლოიალური თანამშრომელი, რომლისთვისაც ორგანიზაცია ოჯახურ გარემოდ აღიქმება. შესაბამისად, კომპანიაში ჩამოყალიბებულია გარკვეული ღირებულებები, ფასეულობები და პრინციპები, რასაც ჩვენი თანამშრომლები იზიარებენ. მნიშვნელოვანია, რომ ეს ღირებულებები ახალი თანამშრომლისთვისაც ფასეული იყოს. ეს არ უნდა გავიგოთ, რომ არსებული გუნდი არ იღებს სიახლეებს და განსხვავებულ ადამიანებს, აქ საუბარია ისეთი ღირებულებების გაზიარებაზე, როგორიცაა გუნდურობა, ურთიერთპატივისცემა, ღია და ჯანსაღი ურთიერთობები და ა.შ.

რა საფეხურებს გადის ადამიანი, ვიდრე ის ნიკორაშიდაიწყებს სრულფასოვან მუშაობას?

პირველ ეტაპზე ხდება კონკრეტული პოზიციის სამუშაოს ანალიზი, თანამდებობრივი ინსტრუქციის შექმნა და იმ ძირითადი პიროვნული უნარ-ჩვევებისა თუ საკვალიფიკაციო მოთხოვნების განსაზღვრა, რის მიხედვითაც უკვე უშუალოდ იწყება შემოსული რეზიუმეების გადარჩევა და შერჩევის პროცესი.

თანამშრომლების შერჩევის პროცესი განსხვავებულია პოზიციებიდან გამომდინარე. არის რიგი პოზიციები, სადაც პირველი ეტაპი მოიაზრებს ტესტირებას პროფესიული, უნარების თუ პიროვნული კუთხით, ხოლო შემდეგი ეტაპია გასაუბრება HR რეკრუტერთან ან უშუალო ხელმძღვანელთან. მაგალითად, საწარმოში დასაქმების შემთხვევაში, კანდიდატები წინასწარ ეცნობიან სამუშაო გარემოს. საბოლოო შეთანხმების შემდეგ კი კანდიდატი წარმოადგენს გარკვეული საბუთების ნუსხას, ფორმდება ხელშეკრულება და იწყებს სრულფასოვან მუშაობას.

აქვე დავამატებ იმას, რომ საწარმოო და სასაწყობე მიმართულებების შემთხვევაში კანდიდატები მუშაობის დაწყებამდე აუცილებლად გადიან შრომის უსაფრთხოებისა და სან-ჰიგიენის ტრეინინგს. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროდუქციასთან მიმართებაში. ზოგადად, ყველა პოზიცია გადის საორიენტაციო ტრენინგს, რაც ონბორდინგის, ახალი თანამშრომლის ადაპტაციის პროცესის აუცილებელი ნაწილია.

სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები მუდმივად იმაზე საუბრობდნენ, რომ საქართველოში პროფესიონალი კადრები ჭირს. „ნიკორასშემთხვევაში ეს როგორაა, გიჭირთ პროფესიონალი კადრების მოძიება?

ჩვენს შემთხვევაშიც არის გარკვეული მიმართულებები, სადაც შედარებით რთულია შესაბამისი კადრის მოძიება, კერძოდ გამოვყოფდი კვების ტექნოლოგიის სპეციალისტების ნაკლებობას. ზოგადად, ბაზარზე, საკმაოდ დეფიციტურია ეს სფერო. კვალიფიციური კადრის აყვანა ამ კუთხით მნიშვნელოვან სირთულეებთანაა დაკავშირებული. ამიტომ ვცდილობთ შიდა არსებული რესურსის გამოყენებით გავზარდოთ ამ მიმართულებით კადრები და ხელი შევუწყოთ მათ პროფესიონალებად ჩამოყალიბებას.

გარდა ამისა, ჩვენი პასუხისმგებლობის ფარგლებში, ხელს ვუწყობთ ამ სფეროს განვითარებას ქვეყანაში. ამიტომ წლებია, აგრარული უნივერსიტეტის კვების პროდუქტების ტექნოლოგიების ფაკულტეტის წარმატებულ სტუდენტებს, ყოველთვიურად, წახალისებისა და სტიმულირებისთვის სტიპენდიას გადავცემთ.

რაც შეეხება ზოგად ფონს კადრების მოზიდვის კუთხით, ნიკორას შემთხვევაში პროფესიონალების აყვანა ნამდვილად არ არის რთული, იქიდან გამომდინარე, რომ ჰოლდინგი ერთ-ერთი მსხვილი, სტაბილური და მზარდი მასშტაბის მქონე დამსაქმებელია.

21-ე საუკუნე გამორჩეულია მუდმივი ტექნოლოგიური ცვლილებებით. იცვლება წარმოებისთვის განკუთვნილი ტექნიკა. როგორ ხდება „ნიკორაში“ კადრების გადამზადება/სწავლება?

„ნიკორა“ ყოველთვის ხელს უწყობს თანამშრომლების განვითარებას. პროფესიული საჭიროებიდან გამომდინარე გვაქვს როგორც შიდა ტრეინინგებისა და სწავლების პრაქტიკა, ასევე გასვლითი ვორქშოფები რამდენიმე წამყვან საწარმოში, ძირითადად ავსტრიასა და გერმანიაში, სადაც ტექნოლოგები ეცნობიან მათ გამოცდილებას და ხდება შესაბამისი გადამზადებაც. ასევე ჰოლდინგის მასშტაბით ხშირად ვიწვევთ უცხოელ ტექნოლოგებს, რომლებიც უზიარებენ თანამშრომლებს საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას.

ნებისმიერ ადამიანისთვის მნიშვნელოვანია და ასევე დადებითი ფაქტია, როდესაც მას სამსახურში აწინაურებენ. რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს თანამშრომელი, რომნიკორაშიდაწინაურდეს?

„ნიკორას“ შემთხვევაში ნამდვილად შეგვიძლია გამოვყოთ შიდა დაწინაურების ტენდენცია, რაც აპრობირებული პრაქტიკაა და ძალიან კარგად მუშაობს. კომპანია მიესალმება თანამშრომლების განვითარებას, დაწინაურებისთვის მნიშვნელოვანია შესრულებული სამუშაოს ხარისხი, პიროვნული უნარ-ჩვევები, პოტენციალი და რაც მთავარია მოტივაცია და მზაობა მუდმივი განვითარებისკენ. ჰოლდინგის მასშტაბით როგორც საწარმოო, ასევე ადმინისტრაციულ პოზიციებზე, ბევრი თანამშრომელია, რომელმაც საწყის ეტაპზე დაბალი პოზიციით დაიწყო მუშაობა, თუმცა დღეს წამყვან პოზიციებზე მუშაობენ, ამა თუ იმ მიმართულებას ხელმძღვანელობენ და ბრენდის დირექტორის პოზიციაზე გვევლინებიან, რაც ჰოლდინგისთვის ნამდვილად საამაყოა.

რა არის ის დამატებითი სარგებელი რასაც ნიკორა სთავაზობს თავის თანამშრომლებს?

„ნიკორა“ თანამშრომლებს სთავაზობს სხვადასხვა თიმბილდინგ აქტივობებს, ტრენინგებსა და გასვლით ღონისძიებებს, ასევე კორპორატიული საჩუქრები გვაქვს გათვალისწინებული პროფესიული დღეების, მნიშვნელოვანი დღესასწაულებისა და დაბადების დღეების აღსანიშნავად. თანაშრომლებს დაბადების დღეზე დამატებით ვჩუქნით day off-ს, საწარმოში დასაქმებულებისთვის კვება უფასოა. გარდა ამისა კომპანიის თანამშრომლები კომპანიის აქციონერები არიან. რამდენიმე წელია, რაც მათ აქციები საჩუქრად გადაეცათ. ჩვენ ვე­ცა­დეთ, თი­თო­ე­ულ თა­ნამ­შრო­მელს ჰქონოდა განცდა, რომ ის არა მხო­ლოდ რი­გი­თი თა­ნამ­შრო­მე­ლი, არა­მედ კომ­პა­ნი­ის მე­პატ­რო­ნე­ცაა.

თქვენი, როგორც გამოცდილი კომპანიის რჩევები ძალიან მნიშვნელოვანი იქნება დამწყები მეწარმეებისთვის. რას ურჩევთ მცირე დამსაქმებლებს, მათ ვისაც არ ჰყავთ ძლიერი კადრების განყოფილება. რას მიაქციონ პირველ რიგში ყურადღება დასაქმებულის შერჩევისას, როგორ შეინარჩუნონ თანამშრომლები, ან გააძლიერონ გუნდი?

ახალი თანამშრომლების შერჩევისას ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი, თუმცა ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია კანდიდატის საქმისადმი დამოკიდებულების, მოტივაციისა და პოტენციალის განსაზღვრა. მცირე დამსაქმებლების შემთხვევაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ ფაქტორების ერთობლიობა, რადგან სწორედ რომ ძალისხმევითა და ენთუზიაზმით ვფიქრობ, რომ შესაძლებელია სასურველ შედეგამდე მისვლა.

ასევე მნიშვნელოვანია ორგანიზაციული კულტურის ჩამოყალიბებაზე ზრუნვა, სწორედ ეს ფონი განაპირობებს შემდგომში პოტენციურად სასურველი თანამშრომლების მოზიდვას, განვითარებას და კომპანიისადმი ლოიალურობას;

ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია კომუნიკაცია, რომელიც თანამშრომლებს შორის არის ის ძირითადი დამხმარე ძალა, რისი საშუალებითაც კომპანია გუნდურად აყალიბებს თავის მიზნებს, განვითარების გეგმას და ჯაჭვური მექანიზმის პრინციპით ცდილობს ბიზნეს პროცესების უფრო მასშტაბურ ფორმატში გადატანას.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სხვადასხვა რგოლს შორის დროული და სწორი უკუკავშირი, შედეგზე ორიენტირებული feedback აუცილებლად მოუტანს კომპანიას წარმატებას.

დღესდღეობით მცირე ზომის კომპანიებს ეძლევათ საშუალება მიმართონ HR აუთსორსინგს, რაც გულისხმობს მცირე დანახარჯებით HR ადამიანური კაპიტალის მოძიებასთან, დაქირავებასთან, მართვასთან, შენარჩუნებასა და განვითარებასთან დაკავშირებული საკითხების გარე კომპანიისთვის სრულად ან ნაწილობრივ გადაბარებას. ეს საკმაოდ მოქნილი მეთოდია და ითვალისწინებს საწყის ეტაპზე ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა HR სტრატეგიის გაწერა, რეკრუტინგული მომსახურება თუ HR ადმინისტრირების კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა, ასევე შემდგომშიც, საჭიროებისამებრ ინტენსიურ ჩართულობას მცირე მეწარმეების განვითარების მოთხოვნებიდან გამომდინარე.

ტოომას ჰენდრიკ ილვესი - არ გჭირდებათ ევროკავშირის დროშების ყველგან აღმართვა, თუ მის ღირებულებებს არ იზიარებთ - სიტყვების თქმით: ”ჩვენ ევროპელები ვართ“, ევროკავშირში ავტომატურად ვერ შეხვალთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2021
ლევან დოლიძე - რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ვაშინგტონსა და ბრიუსელში ჩვენს შიდა პრობლემებზე მსჯელობა, მით უფრო გაგვიჭირდება მათთან იმ საკითხებზე საუბარი, რასაც ქვეყნის ინტერესები მოითხოვს
კახა ოქრიაშვილი - 15 მაისის აქციის სამზადისში აქტიურად ვარ ჩართული